“კოალიციას და კოჰაბიტაციას „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ არ ვაპირებთ, არც არჩევნების შემდეგ” – ბექა ლილუაშვილი

62
spot_img

ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციას, რაც გულისხმობს ურთიერთვალდებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, „ნაცებთან“ და „ქოცებთან“ არ ვაპირებთ, არც არჩევნების შემდეგ , – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მისი პარტია არჩევნებამდე არც ერთ პარტიასთან საერთო სიაში გაერთიანებას არ აპირებს.

ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ ყველა პარტიამ თავის ამომრჩევლის გაზრდაზე უნდა იზრუნოს, რომ გაუნაწილებელი მანდატები არ დარჩეს. ასევე ის ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქართულმა ოცნებამ” ჯამში 50 პროცენტი ვერ აიღონ.

“გაერთიანება ნიშნავს საერთო სიის ფორმირებას, არანაირი საერთო სიის ფორმირებას ჩვენ არ ვაპირებთ. არჩევნების შემდეგ ხალხი გადაწყვეტს, როგორი კონფიგურაციით იქნება პარლამენტი წარმოდგენილი, მაგრამ კოალიციას და კოჰაბიტაციას “ნაცებთან” და “ქოცებთან” ჩვენ არ ვაპირებთ არც არჩევნების შემდეგ.

ძალიან ადრეა ვისაუბროთ რაიმე კოალიციაზე, როცა არ ვიცით, არჩევნების შედეგები როგორ დაჯდება, ვინ რამდენი პროცენტით იქნება პარლამენტში. ჩვენ ძალიან კარგი გამოცდილება გვაქვს არაერთ მუნიციპალიტეტში, სადაც არც “ქართული ოცნებაა” ერთპარტიულ მმართველობაში და არც “ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენი წარმომადგენელია თავმჯდომარე კონკრეტულ საკრებულოებში და კონკრეტულ საკითხებს, რომელიც ჩვენი შეფასებით არის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის, მხარს ვუჭერთ, მიუხედავად იმისა, “ნაცმოძრაობამ” დააყენა ის თუ “ქართულმა ოცნებამ”. კოალიციაზე საუბარი დღეს, როცა წარმოდგენა არ აქვს არავის, რა კონფიგურაცია იქნება, აზრს მოკლებულია. მაგალითად, ისეთ კონფიგურაციაში, სადაც “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” 50 პროცენტს ვერ ლახავს ჯამში, ეგ კითხვა აბსოლუტურად აზრს მოკლებულია და ისეთ კონფიგურაციაში, სადაც ჯამში მაღალ პროცენტს იღებენ, აბსოლუტურად სხვა მოცემულობა იქნება. თუმცა ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ კოალიციას რაც გულისხმობს ურთიერთვალდებულებებზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, არც ერთთან და არც მეორესთან არ ვაპირებთ, არც არჩევნების შემდეგ”- განაცხადა ლილუაშვილმა.