Home Blog Page 1672

“დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე – უშიშრად, უწუხილოდ” – აგვისტოს ომის გმირის უკანასკნელი წერილი დედას

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის  დედა სოციალურ ქსელში შვილის უკანასკნელ წერილს აქვეყნებს:

7 აგვისტოს დილით დაწერილი წერილი!

“ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. ვგრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრისა არ გვეშინია.

დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ.

დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.

თქვენ შეგიძლიათ ამაყად თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს. მადლობელი ვარ, დედა, შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე. ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.

,,მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით”.

08.08.2008

“მუდამ 20 წლის” – წერს მარინა გზირიშვილი სოციალურ ქსელში.

“მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”

15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, ომის შედეგად დავკარგეთ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს მომავალ თაობებს, შვილებს უნდა ვუთხრათ და ბევრი ვესაუბროთ ამ გმირებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც ქვეყნის დიდი გამოწვევაა.

„დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არის სადავო ომის დაწყების თარიღი.

„არ მინდა დღევანდელ დღეს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ნახეთ, 2013-2014 წლამდე მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს ამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის. დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს“, – აღნიშნა კალაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.

“მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!” – გუდაურის ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის შვილი ნიკოლოზ რაჭველს

მე რა შემიძლია, მაგრამ ყველგან ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებ და თქვენს ინტერესებს დავიცავ! ერთი ადამიანის გონებამდეც თუ მივიტან თქვენს ფიქრებს ბედნიერი ვიქნები!- ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში 2022 წელს გუდაურში მომხდარი ტრაგედიისას დაღუპული მფრინავის, ზაზა ლორიას შვილი ანა ლორია შოვში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით მფრინავი მაშველების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს.

როგორც ანი ლორია სოციალურ ქსელში წერს, ვერავის აპატიებს მათ მიმართ გადაკრულ სიტყვას და მათ ინტერესებს ყველგან დაიცავს.

„ამერიკის შეერთებული შტატები. 2 თვის წინ, ღამის 9 საათზე, ვაშინგტონში ჩამოწოლილი ღვარცოფის შედეგად 11 ადამიანი და ერთი ძაღლი ჩარჩა ტერიტორიაზე. ქარის ფაქტორის გამო, უსაფრთხოების მიზნით ვერ მოხერხდა ღამის ფრენებზე ვერტმფრენის გაგზავნა. 12 საათის შემდეგ, გამთენიისას მოხდა მათი ევაკუაცია.

ნეტა თუ ჩაქოლეს და „მაშველებს ეძინათ?“ ეძახეს?

ნეტა თუ მიწასთან გაასწორეს რატომ ერთ საათში არ მოფრინდნენო?

ნეტა მამაჩემს რომ შარშან გამოეცხადებინა უსაფრთხოების მიზნით ვერ გაფრინდება ვერტმფრენი და წამოსულიყო ჩემთან რას უზამდნენ?

ნეტავ, თუ ცოცხლად დამარხავდნენ იმ 7 ადამიანთან ერთად! ნეტავ, თუ კარგია რომ შეაკლა თავი?!

ბორჯომის ხანძრების დროს თურქეთის ავიაცია დაიქირავეს დასახმარებლად! 4 საათი იფრინეს და გააჩერეს ვერტმფრენები. ძლიერი დაკვამლიაანების გამო პილოტების უსაფრთხოების მიზნით მეტს ვერ ვიფრენთო.

მამაჩემი და მისი ეკიპაჟი გათენებიდან მზის ბოლო სხივამდე ენაგადმოგდებულები რომ დაფრინავდნენ, დღის ბოლოს ფეხზე რომ ვეღარ იდგნენ ისმენდნენ, რატომ შეაჩერეს ღამის ფრენებიო!

გაბრაზებულმა რომ ავდექი და ვუთხარი, ხოდა რა თავს იკლავთ, დაგესვენათ და გეთქვათ თქვენც უსაფრთხოების მიზნით ვეღარ გავფრინდებითო: „ჩემი ქვეყნის ტყე იწვის, მაგათ რა ადარდებთ“ მივიღე პასუხად!

მამაჩემის პანაშვიდებზე მოსულ ბიჭებს სულ გულის ფიცარში რომ ვურტყი მუჯლუგუნები, არ გაბედოთ მისხალი რისკის ფასად არსად გაფრენა-თქო, ორსიტყვიანი პასუხი გამცეს: „აბა როგორ?“.

მთელი ბავშვობა ყოველ დილით რომ შუბლზეკოცნით გვემშვიდობებოდა მამაჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, წასვლის  წინ კარზე გაკრულ „სახლიდან გასვლს წინ ლოცვას“ რომ კითხულობდა ოჯახის ტრადიცია მეგონა. მოზრდილმა რომ ვკითხე რატომ აკეთბდა ამას? „მე ისეთი პროფესია მაქვს კარს რომ მოვიხურავ უკან დავბრუნდები თუ არა არ ვიცი“ მივიღე პასუხად.

ნეტა რომელიმეს პირით ერთი გადაკრული წუწუნი მაინც თუ მოგისმენიათ წლებია, ნეტა რომელიმეს გულში თუ ჩაგიხედავთ „პილოტებს ეძინათ“ კომენტარებს რომ კითხულობენ.

ნეტა ადამიანების დაფასებას თუ ვისწავლით როდესმე?

დღეს ნიკოლოზ რაჭველი „ვერ პატიობს“ სიცოცხლეს. დღეს ტალახში ჩამხრჩვალი ადამიანების ბრალეულობა იპოვეს მფრინავებში. მიმიფურთხებია თქვენი სამართალისთვის ბატონო მაესტრო!

ჩემი გულის ფეთქვა ხართ ბიჭებო, მამაჩემი ხართ თითოეული თქვენგანი ბიჭებო!

არ გაბრაზდეთ, არ გეწყინოთ!

მე რა შემიძლია, მაგრამ ყველგან ხმის ჩახლეჩამდე ვიყვირებ და თქვენს ინტერესებს დავიცავ! ერთი ადამიანის გონებამდეც თუ მივიტან თქვენს ფიქრებს ბედნიერი ვიქნები!

გასკდა გული, განმიახლდა ჩემი მოუშუშებელი ტკივილები, სულის ყველა ნაწილში მტკივა ტალახში ჩამხრჩვალი ხალხი და მათი ოჯახის წევრების გულებში ვერჩამქრალი იმედის ნაპერწკალი. თავს შევაკლავ და არ ვაპატიებ არავის ერთ გადაკრულ სიტყვას!

მშვიდობა მოგცეთ ღმერთმა, გაკმაროთ თქვენც და სრულიად საქართველოს!“, – წერს ანი ლორია Facebook-ზე.

https://www.facebook.com/anuki.loria/posts/pfbid0XeA4VUcH7Powbwgaum4NghNozTggZErEpuiPSXFNqSJFnsK5G1ATmEQ9mQndA8a6l

15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა, კრემლს არ სურდა, ქართველებს საკუთარი მომავალი გადაეწყვიტათ – რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„15 წლის წინ რუსეთი საქართველოში შეიჭრა – აგრესიისა და ოკუპაციის მანკიერი ტაქტიკა. კრემლს არ სურდა, ქართველებს გადაეწყვიტათ საკუთარი მომავალი. ევროპული პარლამენტი განაგრძობს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას“, – წერს რობერტა მეცოლა Twitter-ზე.

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია -მეთიუ მილერი

რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აშშ გააგრძელებს თავისი მხარდაჭერის მკაფიოდ გამოხატვას ამ პოლიტიკის მიმართ.

„რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ძალები და შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი მხარდაჭერის მკაფიოდ გამოხატვას ამ პოლიტიკის მიმართ.

რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით უბრალოდ ვიტყოდი, რომ თუ გადავხედავთ იმ სანქციებს, რომლებიც ჩვენ რუსეთს უკრაინის ომის დაწყების შემდეგ დავუწესეთ – და დიახ, ეს არის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ – ამან დაასუსტა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები. მათ ზიანი მიაყენეს რუსეთის ეკონომიკას. მათ გამიზნული აქვთ რუსეთის შიგნით არსებული კრიტიკული სექტორები, რომლებსაც ის იყენებს საზღვარგარეთ ელექტროენერგიის დასაპროექტებლად.

ასე რომ, ვფიქრობ, რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი ჩანაწერი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა.

15 წელი გავიდა, რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე – ვოლოდიმირ ზელენსკი

7 აგვისტო, ყოველწლიურად ამ დღეს მსოფლიო იხსენებს რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვება ამ ომში გულისხმობს სხვა ქვეყნების გადარჩენას იმისგან, რასაც უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადიან. მან ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ მებრძოლებს, რომლებიც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან.

„15 წელი გავიდა. რუსული ოკუპაცია რჩება, ეს ჭრილობა ქართული სახელმწიფოს სხეულზე რჩება. უკვე ბევრი სიტყვა ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინ უკვე რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, რომ აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს იხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა. როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაფართოებას, არამედ გადაარჩენს სხვა ქვეყნებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ – უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურობას. ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას. უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას, განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვიან. გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება -ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს და აგვისტოს ომის 15 წლისთავს ეხმაურება.

პრემიერის თქმით, რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება.

“15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან; დღევანდელი დღე ყველა ჩვენგანისთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ატარებს – რუსულ სამხედრო აგრესიას მოჰყვა დიდი ადამიანური მსხვერპლი, მშვიდობიანი მოსახლეობის იძულებითი გადაადგილება და ჩვენი ტერიტორიების დროებითი ოკუპაცია, რაც ჯერაც მთავარ გამოწვევად რჩება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და შემდგომი განვითარებისთვის. დღეს კიდევ ერთხელ მივაგებთ პატივს ომში დაღუპული ჩვენი გმირი სამხედროებისა და მშვიდობიანი მოქალაქეების ნათელ ხსოვნას. ჩვენი ხელისუფლება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და ქვეყნის გაერთიანების მშვიდობიანი გზის ერთგული რჩება; ჩვენ გვამოძრავებს ურყევი რწმენა, რომ მშვიდობიანი, ერთიანი, ძლიერი, განვითარებული საქართველო – საუკეთესო პერსპექტივაა ქართველების, ოსების, აფხაზების, ჩვენს მიწაზე მცხოვრები ყველა ხალხისათვის, და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს მიზანი მალე იქცეს რეალობად”, – წერს ღარიბაშვილი.

უკრაინა “აბრამსის” ტანკებს შემოდგომაზე მიიღებს

შეერთებულმა შტატებმა უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების პირველი პარტიის გადაცემა ოფიციალურად დაამტკიცა. ტანკები უკრაინას შემოდგომის დასაწყისში მიეწოდება. მედიის ცნობით, ამის შესახებ შესყიდვის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, დუგლას ბუშმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ბუშის თქმით, ტანკები უკვე მზად არის უკრაინაში გადასაზიდად.

„ახლა ისინი უნდა მოხვდნენ ევროპაში, შემდეგ კი უკრაინაში, ყველაფერთან ერთად, რაც მათ მოჰყვება: საბრძოლო მასალა, სათადარიგო ნაწილები, საწვავის აღჭურვილობა, სარემონტო საშუალებები. ანუ ეს არ არის მხოლოდ ტანკები, ეს არის სრული პაკეტი, რომელიც მათ მოჰყვება“, – აღნიშნა დუგლას ბუშმა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ იანვარში განაცხადა, რომ ქვეყანა გეგმავდა „აბრამსის“ ტანკებს უკრაინისთვის გადაცემას.

შეერთებულმა შტატებმა უკრაინელების ტანკებზე წვრთნების პროცესი მაისში გერმანიაში დაიწყო. მედიის ცნობით, ტრენინგის დასრულება ზაფხულის ბოლომდე იგეგმება.

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის 

ვერძი

ნეპტუნის გავლენის გამო, დღეს შეიძლება ყველაზე ერთგულმა მეგობარმა მოგატყუოთ. ზოგჯერ ჩვენს სიახლოვეს არიან ადამიანები, რომელთა ნამდვილ ხასიათს ძალიან გვიან ვამჩნევთ. გახსოვდეთ, რომ ცრუ მეგობრები უფრო საშიშია, ვიდრე აშკარა მტრები. თქვენს სახლში ყველაფერი მშვენივრადაა. ეცადეთ ამით ისარგებლოთ, რომ ყოველდღიური საზრუნავი ცოტა ხნით დაივიწყოთ.

კურო

ამ დღეს ერთდროულად რამდენიმე საქმის კეთება მოგიწევთ, მაგრამ შეგიძლიათ თანამშრომლების მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. თუ ახალი, უფრო საინტერესო პროექტის დაწყებას გეგმავთ, გირჩევთ რამდენიმე დღე დაიცადოთ.

ტყუპები

ამ დღეს პლუტონის გავლენა სევდიან განწყობაზე დაგაყენებთ. ეცადეთ ბნელი აზრებისგან გათავისუფლდეთ და ცხოვრების ნათელი მხარე დაინახოთ. შესაძლოა, ახალი ცოდნის მიღების სურვილი გაგიჩნდეთ. არავის მისცეთ უფლება, რომ თქვენს პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და უპირველეს ყოვლისა, გრძნობებს ნუ აჰყვებით.

კირჩხიბი

ამ დღეს კრიტიკის მიმართ უფრო მგრძნობიარე ხართ, ვიდრე სხვა დროს. ეს კონსტრუქციული კრიტიკაა, ამიტომ ყურადღებით უნდა მოუსმინოთ და სამომავლოდ გაითვალისწინოთ.

ლომი

სამსახურში თქვენს შრომისმოყვარეობას და კეთილსინდისიერებას აფასებენ, თუმცა ამ დღეს შესაძლოა, უფროსის კრიტიკა დაიმსახუროთ. დაჯერება გიჭირთ, რომ მეგობარი თქვენზე ჭორებს ავრცელებს, მაგრამ ფაქტის წინაშე დადგებით. მას, ვინც ჭორებს ავრცელებს, სიმართლეზე მეტად პირადი ინტერესები ამოძრავებს. სცადეთ, დაელაპარაკოთ და მისი მოქმედების მოტივები გაიგოთ.

ქალწული

ფრთხილად იყავით და საკუთარ თავს სისუსტის უფლება არ მისცეთ, თორემ შეძლება გამოუსწორებელი შედეგები მიიღოთ. თუ დაოჯახებული ხართ და თქვენს ამჟამინდელ ურთიერთობაში ეჭვი გეპარებათ, ეცადეთ ეს რთული პერიოდი გულწრფელი დიალოგით გადალახოთ. დღის მეორე ნახევარში შეიძლება ბრწყინვალე იდეა გეწვიოთ და სანამ დაივიწყებთ აუცილებლად უნდა ჩაწეროთ.

სასწორი

უფრთხილდით ოჯახში ეჭვიანობას. გახსოვდეთ, ეს დროებითი სირთულეებია, რომლებსაც მალე დაძლევთ და აიცილებთ ნეგატიურ ენერგიას, რომელიც თქვენ გარშემო გროვდება. ეცადეთ, დრო გამონახოთ საკუთარ ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

მორიელი

თქვენს ნიშანზე მარსის გავლენა იმაზე მეტყველებს, რომ საინტერესო ამბები გელით. ოცნების სამუშაო იპოვეთ და ცდილობთ საკუთარ შესაძლებლობები სრულად გამოავლინოთ. არ მოდუნდეთ, ეს თქვენი მომავლისთვის მნიშვნელოვანია.

მშვილდოსანი

ჯანმრთელობის მხრივ პრობლემები მოსალოდნელი არაა. თავს მხნედ და ენერგიულად გრძნობთ, თუმცა კარგი იქნება, თუ მსუბუქად მაინც ივარჯიშებთ ან, თუნდაც, ფეხით ივლით. ამ დღეს შეძლება თქვენს ცხოვრებაში უცნაური ადამიანი შემოვიდეს, რომელიც საკუთარ თავს ნათელმხილველს უწოდებს, თუმცა ეს უბრალოდ დაბნეული ადამიანია და მისი პროგნოზები სერიოზულად არ უნდა მიიღოთ.

თხის რქა

მოერიდეთ ადამიანებს, რომლებიც თქვენით მანიპულირებას ცდილობენ – ისინი ამ დღეს უჩვეულოდ აქტიურდებიან. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ხალხის თავშეყრის ადგილებს მოერიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, თქვენი ნების საწინააღმდეგოდ რაღაც ინტრიგაში ჩაგითრიონ, რაც უამრავ პრობლემას მოგიტანთ.

მერწყული

ბოლოს და ბოლოს, მიიღებთ იმ აღიარებას, რომელსაც დიდი ხანია იმსახურებთ. ეცადეთ, ყველა შესაძლებლობა გამოიყენოთ, რომელიც საკუთარი შრომითა და გამოცდილებით მოიპოვეთ. გახსოვდეთ, რომ ეს შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდეს. შეიძლება სიზმარში რაღაც იდეა გეწვიოთ, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაივიწყოთ.

თევზები

თუ კიბეზე ასვლის ან ჩქარი სიარულის დროს გულისცემა გიხშირდებათ, დროა ექიმს მიმართოთ. მეგობრებმა შეიძლება რაღაც ინფორმაცია ან პრაქტიკული რჩევა გთხოვონ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ უახლოეს ადამიანებს იმედი არ გაუცრუოთ.

“მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ ვერტმფრენს ქვეყანა წლის ბოლოს მიიღებს”-მღებრიშვილი

ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის ყველა ღონისძიება შესრულებული, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

თემურ მღებრიშვილმა იმ ვერტმფრენებზეც გააკეთა კომენტარი, რომელთა შესყიდვის პროცედურებიც, მისი თქმით, უკვე დაწყებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, მომწოდებელ კომპანიასთან აქტიური კომუნიკაციის შედეგად გადაწყდა, რომ ერთ ახალ სამაშველო ვერტმფრენს ქვეყანა მიმდინარე წლის დეკემბერში მიიღეს.

„კიდევ ერთხელ მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ ვერტმფრენს რაც უნდა გაეკეთებინა და ვერტმფრენის საშუალებით რა ღონისძიებაც უნდა შეგვესრულებინა, კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 100 პროცენტით არის შესრულებული ყველა ღონისძიება. გარდა ამისა, მინდა, დავამატო, რომ ის ვერტმფრენები, რომელთა შესყიდვის პროცედურები უკვე დაწყებულია, აქტიური კომუნიკაციით მომწოდებელ კომპანიასთან და ქვეყანასთან გადაწყდა და ხერხდება, რომ წლის ბოლოს მოხდეს ერთი ახალი ვერტმფრენის მოწოდება, დაახლოებით დეკემბრის თვეში. ეს საკითხიც მეტ-ნაკლებად მოგვარდება“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ფოთში, ზღვაში 14 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, ორი მოზარდი დღის მეორე ნახევარში ზღვაში საცურაოდ გავიდა და გაუჩინარდა.

ამ წუთებში მიმდინარეობს მეორე მოზარდის სამძებრო სამუშაოები.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, სასწრაფო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.

7 აგვისტოს თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება

გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო ,7 აგვისტოს, თბილისის უბნების ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  დიღმის მასივის I, III, IV, V, VI  კვარტალების (ნაწილობრივ), აკაკი ბელიაშვილის, მიქელაძის, ახმეტელის, ლუბლიანას და ბორის პაიჭაძის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მესხიშვილის, ჟღენტის, თიგიშვილის, კონდოლის, ზაქარაიას, სამღებროს, კაჭრეთის, თამარაშვილის,  ინწკირველის და ურიდიას ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის  II რიგის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი 3  ზემო პლატოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), რომანოზ ხომლელის, მიხეილ გახოკიძის, მაისურაძის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების მოსახლეობას.

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ვაჟა ივერიელის, თელავის, წინანდლის, კასპის, კობარეთის, ახმეტის,  ავლიპ ზურაბიშვილის, ხახანაშვილის, აწყურის, დოესის და კასპის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება კრწანისის  ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება:  ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ლისის ტბის დასახლების, ზემო ვეძისის დასახლების  (ნაწილობრივ), კვაჭაძის, ერისთავის, შალვა ნუცუბიძის, ივანე ბერიტაშვილის, ივანე გვარამაძის, დგებუაძის, ლევან ჩარკვიანის, ინტენსიფიკაციის, მაჭავარიანი მუხრანის, უნივერსიტეტის, მიხეილ თამარაშვილის და ოთარ ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბარნოვის, ირაკლი აბაშიძის, კეკელიძის, ნაფარეულის, რაფიელ ერისთავის, შატბერაშვილის, შროშის, ჯანაშვილის, ქობულეთის, თაქთაქიშვილის და იოველ ქუთათელაძის ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო და აცხადებს, სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.