“მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”

76
spot_img

15 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან, ომი, რომელმაც დაგვაკარგვინა კიდევ უფრო მეტი ტერიტორია, ომის შედეგად დავკარგეთ უამრავი მშვიდობიანი მოქალაქე, ჩვენი გმირი ჯარისკაცები, პოლიციელები. ჩვენს მომავალ თაობებს, შვილებს უნდა ვუთხრათ და ბევრი ვესაუბროთ ამ გმირებზე, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველომ უნდა აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა, რაც ქვეყნის დიდი გამოწვევაა.

„დღეს, ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც გვაქვს, ეს არის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. შესაბამისად, ჩვენ არა მხოლოდ პასუხისმგებლობა, არამედ ვალდებულება გვაქვს, რომ მოვახდინოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, ტერიტორიების დაბრუნება. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ, ერთად მოვახერხებთ ერთმანეთის დაბრუნებას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას“, – განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კალაძეს კითხვა დაუსვეს, რატომ არის სადავო ომის დაწყების თარიღი.

„არ მინდა დღევანდელ დღეს ამ თემაზე საუბარი, თუმცა ნახეთ, 2013-2014 წლამდე მაშინდელი ხელისუფლება 8 აგვისტოს ამოდიოდა, რომ პატივი მიეგოთ ჩვენი გმირებისთვის. დავანებოთ თავი ამ სპეკულაციებს“, – აღნიშნა კალაძემ.

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა.