“დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე – უშიშრად, უწუხილოდ” – აგვისტოს ომის გმირის უკანასკნელი წერილი დედას

76
spot_img

აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. 5-დღიანი ომის შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.

აგვისტოს ომის გმირის, ვახტანგ გზირიშვილის  დედა სოციალურ ქსელში შვილის უკანასკნელ წერილს აქვეყნებს:

7 აგვისტოს დილით დაწერილი წერილი!

“ომი დაიწყო. დიდი ხანია ვიცოდი, რომ დაიწყებოდა. ვგრძნობდი. თქვენც, ალბათ, ასევე. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ თქვენ გეშინიათ ჩემი დაკარგვისა. ჩვენ კი არაფრისა არ გვეშინია.

დე, მე მინდა შენც ისე უყურებდე ამ ომს, როგორც მე ვუცქერი, უშიშრად, უწუხილოდ.

დე, თუ ჩემი ბედი ამ ომში დამთავრდება, თუ მე სიკვდილი მიწერია ამ ომში, ძალიან ძვირად დავუსვამ მტერს ჩემს სიცოცხლეს. დაე, თქვენ ნუ შეგრცხვებათ, რომ მე თქვენი სისხლი და ხორცი ვარ.

თქვენ შეგიძლიათ ამაყად თქვათ, რომ ვიცავ ჩემს სამშობლოს. მადლობელი ვარ, დედა, შენი, სიმართლე და ვაჟკაცობა რომ მასწავლე. ხომ გახსოვს, ქართველი დედები უცრემლოდ ისტუმრებდნენ შვილებს აუცილებელ სიკვდილთან, რადგან სამშობლოსათვის სიკვდილს არ უხდება ცრემლი.

,,მშვიდობით იყავით, ნუ დაღონდებით”.

08.08.2008

“მუდამ 20 წლის” – წერს მარინა გზირიშვილი სოციალურ ქსელში.