Home Blog Page 1671

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 2 სექტემბრისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6252 ლარი ეღირება, ევრო – 2.8478 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3282 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6293 ლარი ღირდა, ევრო – 2.8596 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3358 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 2 სექტემბერს ამოქმედდება.

„საქართველოს მმართველი პარტია ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ ერდოღანის სტრატეგიას იმეორებს“ – Carnegie-Europe

აშშ-ის საექსპერტო-ანალიტიკური ცენტრის – „კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის“ (Carnegie Endowment for International Peace) ევროპულმა ფილიალმა „კარნეგი-ევროპამ“ (Carnegie-Europe) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის თომას დე ვაალის სტატია სათაურით „საქართველოს ორგანიზაცია: ქვეყნის მმართველი პარტია ვიქტორ ორბანისა და რეჯეფ ერდოღანის სტრატეგიას იმეორებს“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

საქართველოში ცხელი ზაფხულია, თუმცა შემოდგომაც მალე დადგება და დაუსრულებელი პოლიტიკური კრიზისიც ისევ გაგრძელდება.

2023 წლის ბოლოსათვის ევროკავშირმა უნდა დაადგინოს – შეასრულა თუ არა საქართველომ 12 საკვანძო მოთხოვნა წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. თუ ევროკავშირი ჩათვლის, რომ შეასრულა, მაშინ თბილისი კიევისა და კიშინიოვის გვერდით დადგება.

დიდი ხანი არ გასულა მას შემდეგ, როცა საქართველოზე ამბობდნენ – „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროგრამის ხუთეულში თბილისს ევროინტეგრაციის ყველაზე მეტი შანსი აქვს და ყველაზე ახლოს დგას ევროკავშირთან, მათ შორის, მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებითაცო. საქართველოში ევროკავშირისადმი საზოგადოებრივი მხარდაჭერა დღესაც ძალიან მაღალია, მაგრამ შეშფოთებას იწვევს დემოკრატიიდან უკანდახევის ტენდენცია. იმის ნაცვლად, რომ ოფლი მოსდიოდეთ ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად, ქართველი ოფიციალური პირები კატეგორიულად აცხადებენ, რომ საქართველოს უკვე აქვს ევროკავშირში მიღების უფლება და რომ პროცესი ხელოვნურად ბრკოლდება. ამ დროს კი მმართველი პარტია ანტილიბერალურ პოლიტიკას აძლიერებს, აფართოებს პოლიტიკურ კონტროლს სასამართლო ორგანოებზე და კულტურის სფეროს რიგ დაწესებულებებზე, ზღუდავს ადამიანის უფლებებს… დასავლეთის დედაქალაქებს არ მოსწონთ აგრეთვე საქართველოს მიერ ჩინეთთან დადებული შეთანხმება სტრატეგიულ თანამშრომლობაზე… მაგრამ შეშფოთების ყველაზე მთავარ წყაროდ მაინც რჩება ის, თუ რა აქვს ჩაფიქრებული საქართველოს ხელმძღვანელობას რუსეთთან მიმართებით.

საერთაშორისო კოლექტიურ პოზიციების დაფიქსირების დროს, მაგალითად, გაეროსა და სხვა ორგანიზაციების რეზოლუციებში, თბილისი გმობს უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ რუსულ აგრესიას. საქართველო იცავს (თუმცა ზოგიერთი შესწორებით) დასავლურ ანტირუსულ სანქციებს, რომლებიც მის მეზობლებზე – თურქეთზე, აზერბაიჯანზე და სომხეთზე – არ ვრცელდება… მაგრამ იმავდროულად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც ჩანს, პათოლოგიურად ეშინია სიტყვების „უკრაინის“, „ზელენსკისა“ და „პუტინის“ წარმოთქმა. იგი იმ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს უკრაინისადმი უფრო აქტიური დახმარებისაკენ მოუწოდებენ, ბრალს სდებს იმაში, რომ ისინი „ომის მომხრეები“ არიან და აცხადებს, რომ რუსეთთან ვაჭრობის შეზღუდვა „საქართველოს ეკონომიკას დაანგრევს“.
უფრო მეტიც შეიძლება ითქვას: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიაზე ათი ათასობით რუსეთის რიგითი მოქალაქე შეუშვა, თბილისმა იმავდროულად საზღვარზე გადმოსვლა აუკრძალა ვლადიმერ პუტინის რეჟიმის კრიტიკოსებს… და ამ დროს საქართველო ნებას აძლევს რუსეთის ავიაკომპანიებს ავიამიმოსვლის განახლებაზე და რუს მოქალაქეებს ევროპაში გადაყვანას სთავაზობს.

რამდენად შორს წავა „რუსეთთან ცეკვა“ და რა დგას მის უკან?

გარდაუვალად ჩნდება ვარაუდი, რომ ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მილიარდერი, მმართველი პარტიის – „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, კრემლთან რაღაც გარკვეულ გარიგებას დებს. ვიმეორებ, ეს მხოლოდ ვარაუდია, მაგრამ… ბიძინა ივანიშვილი ძალიან იდუმალ ფიგურას წარმოადგენს, რომელმაც სიმდიდრე რუსეთში დააგროვა, 1990-იან წლებში, შემდეგ კი, უკვე პრემიერობის ჟამს, 2014 წელს, ხელი შეუწყო საქართველოს ინტეგრირებას ევროკავშირში – ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებით. როგორც პოლიტოლოგი გია ნოდია ამბობს, პრობლემა ის კი არ არის, რომ ბიძინა ივანიშვილი პრორუსი პიროვნებაა, არამედ იმაში, რომ ის რუსეთში მოღვაწეობდა და ფაქტობრივად რუსი გახდა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ ლიდერს მენტალიტეტი რუსეთში ჩამოუყალიბდა და შესაბამისად, ქართული მმართველი ელიტა რუსული ბიზნესის წესებით მოქმედებს – როგორც ამბობენ, მაფიოზური ტრადიციებით და არა ევროპული პრინციპებით.

თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმის ალბათობას, რომ რუსეთთან ივანიშვილს ფართო კავშირები შეიძლება მართლაც აღარ აქვს, უფრო საინტერესო იქნება ყურადღება მივაქციოთ თბილისის იმ კავშირებს ერთ-ერთ უცხოელ პარტნიორთან, რომლებიც მართლაც ღია სახით და ოფიციალურად არსებობენ – ვიქტორ ორბანის უნგრეთთან.

თბილისისა და ბუდაპეშტის ინტერესები

ირაკლი ღარიბაშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა, პრემიერ ვიქტორ ორბანის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც კონსერვატიულ პოლიტიკურ ფასეულობებს მიეძღვნა. ამბობენ, რომ უნგრეთის ლიდერი ვიქტორ ორბანი საქართველოსთვის მთავარ ევროპელ მეგობრად ითვლება. კონფერენციაზე გაიჟღერა ფრაზებმა, რომ „ჩვენი იარაღი ტრადიციული ქრისტიანული, კონსერვატიული და საოჯახო ფასეულობებია“ და რომ „ლგბტ-საზოგადოების პროპაგანდა „ცრუ თავისუფლებას“ წარმოადგენს“.

აი, თურმე სწორედ ასეთი ევროპისაკენ მიისწრაფვის საქართველო. მისი მთავარი მოკავშირე ვიქტორ ორბანია, მაგრამ არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ თბილისის მიმართ დადებითი განწყობა აქვს და მის გულშემატკივრად ითვლება ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ევროკომისარი ოლივერ ვარხელი – უნგრეთის წარმომადგენელი. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უნგრეთს უკრაინასთან მიმართებით პრობლემები აქვს, მაშინ, საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის მიუცემლობის შემთხვევაში, ამ ადამიანებს შეუძლიათ თქვან, რომ ევროკავშირს ორმაგი სტანდარტები აქვს: უკრაინას სტატუსს ანიჭებენ, საქართველოს კი არა.

ერთვება რა ვიქტორ ორბანისეულ კულტურულ ომში, ქართული ელიტა ერთიანდება ორ ავტორიტარულ მთავრობასთან, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებით მსგავს თამაშში არიან ჩაბმულნი – აზერბაიჯანისა და თურქეთის ხელისუფლებთან. რეჯეფ ერდოღანი და ილჰამ ალიევი ერთნაირად ამხელენ ჯორჯ სოროსის „მსოფლიო შეთქმულებას“, დასავლურ არასამთავრობო ორგანიზაციებს და „ლგბტ“ აქტივისტებს, რათა ქვეყანაში თავიანთი მკაცრი მმართველობა გაამართლონ.

ვიქტორ ორბანი და რეჯეფ ერდოღანი, რომლებიც ერთმანეთს ამას წინათ ბუდაპეშტში შეხვდნენ (თურქეთის ლიდერის ოფიციალური ვიზიტის დროს), მაგალითს აძლევენ და სტრატეგიას უზიარებენ „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციური ალიანსის წარმატებით განადგურების საქმეში. მთავარ იარაღს სიტუაციის პოლარიზება წარმოადგენს: თქვენ ეუბნებით ამომრჩეველს, რომ სტაბილურობისა და წესიერების ბასტიონს წარმოადგენთ, ოპოზიცია კი, რომელიც უცხოეთის გლობალისტურ და გადაგვარებულ ძალებთან არის დაკავშირებული, სწორედ ასეთ სტაბილურობას ემუქრება.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პოლარიზების პროცესის ერთ-ერთ მოქმედ მხარედ მოიაზრება ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი, ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია და მკურნალობს. გამოკითხვების მონაცემებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ პოპულარობა მცირდება, მმართველ პარტიას მაინც იმედი აქვს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ბრძოლას მოუგებს (აქვე უნდა ვთქვათ, რომ ვიქტორ ორბანის კავშირები საქართველოსთან ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს დაიწყო, როცა იგი 2012 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა და მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. უნგრელმა ლიდერმა მონაწილეობა მიიღო „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 27 სექტემბერს ქუთაისში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგში, სიტყვითაც გამოვიდა და „ნაციონალებს“ მხარი დაუჭირა. დღეს მიხეილ სააკაშვილი, ალბათ, ბრაზით არის შეპყრობილი, ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის ერთმანეთთან დაახლოების გამო).

სხვათა შორის, „ქართული ოცნების“ მოწოდებები ქართველი ამომრჩევლის ძირითად ნაწილს მოსწონს (ისინი ქუჩაში ევროპისა და უკრაინის დროშებით არ დადიან). გარდა ამისა, არალიბერალურ და „ლგბტ“-საზოგადოების წინააღმდეგ შექმნილ ნეგატიურ ფონს ხელს უწყობს მძლავრი ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მრავალრიცხოვანი მრევლიც. მოწოდებები „მშვიდობის დაცვაზე“ განსაკუთრებით მოქმედებს იმ ადამიანებზე, რომლებსაც ეშინიათ, რომ საქართველო რუსეთ-უკრაინის ომში არ იქნეს ჩათრეული. ამას წინათ აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ეგიდით ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ ქართველთა 55%-ს სურს რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოება (ან დღევანდელ დონეზე დარჩენა მაინც).

კანდიდატის სტატუსი: მიიღებს თუ არ მიიღებს?

ამრიგად, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს? დღევანდელი მდგომარეობით ისე ჩანს, რომ გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში იქნება მიღებული. 12-პუნქტიანი მოთხოვნიდან ზოგიერთი (დეპოლიარიზაცია და დეოლიგარქიზაცია) დიდ სტრუქტურულ პრობლემებთანაა დაკავშირებული და ბრიუსელის მხრიდან დამატებით გადაწყვეტილებას ითხოვს. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის ზოგიერთი ლიდერი თვლის, რომ ქვეყანამ, ბოლოსდაბოლოს, სტატუსი უნდა მიიღოს – იმის მიუხედავად, რომ ეს მთავრობის გამარჯვება იქნება. მათი აზრით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირს მეტ ბერკეტებს მისცემს რეაგირება მოახდინოს ქვეყნის ხელისუფლების მიერ დემოკრატიისაგან უკანდახევაზე. თუ ევროკავშირი საქართველოს უარს ეტყვის, მაშინ ამით საქართველოს ევროპული პერსპექტივა უფრო შორს გადაიწევს.

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილებას ისეთი შინაარსი უნდა ჰქონდეს, რომ ყველამ დაინახოს – ის არის არჩევანი ღრმა პარტნიორობის სასარგებლოდ მთლიან ქართულ საზოგადოებასთან და არა მხოლოდ მთავრობასთან, რომელიც, მიმდინარე პროგნოზების მიხედვით, უახლოეს პერიოდში ხელისუფლებას არ დათმობს.

წყარო

“პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ” – გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცესი ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის.

როგორც გიორგი გახარია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, პარტია „საქართველოსთვის“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს.

„ქართული ოცნების“ მიერ დღეს გამოცხადებული, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი, მიუხედავად იმისა, როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცედურა, ქართული საზოგადოებისთვის რამდენიმე რამეს ნიშნავს. პირველი, ეს გახლავთ გააზრებული ნაბიჯი ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ, ეს ნაბიჯი ფაქტობრივად საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს. მეორე, ეს გახლავთ მიზანმიმართული ნაბიჯი ქვეყანაში რადიკალიზაციის, დაპირისპირების, პოლარიზაციის გაღრმავებისკენ, რაც რა თქმა უნდა, ქართულ სახელმწიფოს სტაბილურობის სერიოზულ პრობლემას უქმნის. სწორედ ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“, რა თქმა უნდა, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მხარს არ დაუჭერს. გარდა ამისა, მინდა თხოვნით მივმართო ბევრ ღირსეულ ადამიანს, ვინც დარჩა ჯერ კიდევ „ოცნებაში“, მინდა მათ ვკითხო, როგორ ფიქრობთ, 2012 წელს გამარჯვების შემდგომ, რატომ არავის მოსვლია აზრად სააკაშვილის იმპიჩმენტის დაყენება და დღეს რატომ აყენებს ვიღაც საქართველოს იმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს, რომლის არჩევაშიც თქვენც და მეც პირადად დიდი წვლილი გვაქვს მიღებული?“, – აცხადებს გახარია.

სტარტაპ პრე-აქსელერატორი 2023 იწყება

Impact Hub Tbilisi-ს სტარტაპ პრე-აქსელერატორი იწყება. 12-კვირიანი პროგრამა, მიზნად ისახავს ადრეულ ეტაპზე მყოფი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას და მათთვის ინვესტიციის მოზიდვის შესაძლებლობის გაზრდას.

პრე-აქსელერატორში, წინასწარი განაცხადების საფუძველზე შერჩეული, 20 ადგილობრივი სტარტაპი ჩაერთვება. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებიც ქმნიან ან ეფუძნებიან ტექნოლოგიებს და მზად აქვთ პირველადი პროტოტიპი (MVP) ან ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმა მის შესაქმელად.

პრე-აქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 24 სექტემბრის ჩათვლით. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://shorturl.at/nGHX2

18 სექტემბერს, 17:00 საათზე გაიმართება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა, სადაც დაინტერესებულ პირებს ექნებათ შესაძლებლობა გაიგონ დეტალები პროგრამის შესახებ, გაიცნონ ორგანიზატორები და დასვან პროგრამასთან დაკავშირებული ნებისმიერი შეკითხვა. მეტი ინფორმაცია საინფორმაციო შეხვედრის შესახებ იხილეთ აქ: https://fb.me/e/3RElF8vZS

პრე-აქსელერატორი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (ონლაინ და ოფლაინ შეხვედრები), გაგრძელდება 12 კვირას (ოქტომბერი 2023 – იანვარი 2024) და შედგება 6 ძირითადი კომპონენტისგან:   

  1. საერთაშორისო ბუტკემპი
  2. თემატური სესიები (კვირაში 3 დღე, 2 საათი)
  3. ინდივიდუალური შეხვედრები მენტორთან (კვირაში 1 დღე, 1 საათი);
  4. ნეთვორქინგი – P2P შეხვედრები, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული სპიკერები, Stand-up-ები;
  5. იმფაქთ ჰაბის საერთო სამუშაო სივრცით სარგებლობა (მოთხოვნის შესაბამისად);
  6. დემო დღე – მონაწილე სტარტაპები წარდგებიან ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით.

პრე-აქსელერატორში მონაწილე სტარტაპები გაიღრმავებენ ცოდნას რამდენიმე მიმართულებით: პროდუქტის განვითარება და ვალიდაცია, მომხმარებლის სეგმენტაცია, ფასეული შეთავაზება, მარკეტინგი, ბრენდინგი, რეკლამა, გაყიდვები, Growth Marketing, MVP – ტექნიკური პროდუქტის შექმნა, ბიზნესმოდელი და ფინანსები, Pitch Deck, დაფინანსების წყაროების მოძიება.

პროგრამის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ: ბიზნესგეგმა, ბიზნესმოდელი, ფინანსური გეგმა, საკომუნიკაციო სტრატეგია, პროდუქტის პროტოტიპი ან მისი შესრულების ტექნიკური გეგმა, Pitch Deck, საინვესტიციო წინადადება დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.

სტარტაპ პრე-აქსლერატორი 2021 წელს, Impact Hub Tbilisi-ის საინიციატივო გუნდის მიერ დაარსდა, რომელმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარა წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში და მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ჩამოაყალიბა ლოკალური პრე-აქსელერაციის პროგრამა, რომელიც ადგილობრივი სტარტაპ ეკოსისტემის გამოწვევებს პასუხობს.

მეტი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ აქ: https://preacceleration.com    

სტარტაპ პრე-აქსელერატორის მხარდამჭერები: Entreprenership Academy, სტარტაპერი.

 

R

ცესკო ამომრჩევლებს სიაში თავის გადამოწმებისკენ მოუწოდებს

პირველი ოქტომბრის არჩევნებამდე ზუსტად 1 თვე დარჩა. გორის, კასპისა და გურჯაანის საარჩევნო ოლქებში საუბნო საარჩევნო კომისიებმა მუშაობა დღეიდან დაიწყეს.

შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის 133 საარჩევნო უბანია გახსნილი და კომისიების წევრებმა კანონით მინიჭებული ფუნქციების შესრულება უკვე დაიწყეს. ერთ-ერთი პირველი საქმიანობა, რომელსაც ისინი დღეიდან განახორციელებენ, ამომრჩეველთა ინფორმირებაა. საუბნო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ამომრჩევლის ბარათთან ერთად დაარიგებენ საინფორმაციო ფლაერებს და ამომრჩევლებს მიაწვდიან ინფორმაციას ხმის მიცემის პროცედურების, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული სერვისების და სიაში თავის გადამოწმების შესახებ.

„შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილების მოთხოვნა 13 სექტემბრის ჩათვლით არის შესაძლებელი. სწორედ ამიტომ, მოვუწოდებთ ამომრჩევლებს დროულად გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები, რისთვისაც ცესკო მათ არაერთ სერვისს სთავაზობს. მათ შორის, ამომრჩეველთა ერთიან სიაში მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტისა და მობილურის საშუალებით.

ამომრჩეველს შეუძლია ეწვიოს ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდს cesko.ge, შესაბამის ველში შეიყვანოს პირადი ნომერი და გვარი და გაეცნოს მისი და მისი ოჯახის წევრების მონაცემებს, ასევე რუკის საშუალებით ნახოს საარჩევნო უბნის მისამართი, ან დაუკავშირდეს ცესკოს კონტაქტ-ჰაბის ნომერზე – 2 51 00 51.

გარდა ამისა, ამომრჩეველს შეუძლია მივიდეს იმ საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართზე, სადაც არის რეგისტრირებული და ადგილზე გადაამოწმოს მონაცემები ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ვერსიაში. უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში კი განცხადებით მიმართოს საუბნო ან საოლქო საარჩევნო კომისიას და მოითხოვოს ამომრჩეველთა სიაში ცვლილების შეტანა.

შეგახსენებთ, რომ ამომრჩევლები პირველ ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის გორი-კასპის მაჟორიტარ დეპუტატსა და გურჯაანის მერს აირჩევენ. შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის შექმნილი 133 საარჩევნო უბნიდან 103-ზე არჩევნები ელექტრონული აპარატების გამოყენებით ჩატარდება. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო გორის, კასპისა და გურჯაანის ამომრჩევლებს – გადაამოწმეთ თქვენი მონაცემები და მიიღეთ მონაწილეობა ელექტრონულ არჩევნებში. თქვენ შეგიძლიათ იყოთ ერთ-ერთი პირველი, ვინც 2024 წლის პარლამენტის არჩევნებამდე შეძლებს პრაქტიკაში ნახოს თუ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები. იაქტიურეთ, რადგან არჩევნები საერთო საქმეა,“- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.

“იმპიჩმენტის პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა” – ვატო შაქარიშვილი

უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მკაცრ რეაგირებას იმსახურებდა! ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს! – წერს სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი.

შაქარიშვილის აზრით, მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საბოლოო განხორციელების შანსი ფაქტიურად არ არის, პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა, ამით, მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას.

„მიუხედავად იმისა, რომ იმპიჩმენტის საბოლოო განხორციელების შანსი ფაქტიურად არ არის, პროცესის წამოწყება აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილებაა! ამით მმართველი პარტია პასუხობს ქართული საზოგადოების ნებას!

სალომე ზურაბიშვილსა და კოლექტიურ ხაბეიშვილებს შორის ზღვარი წაიშალა, ის პრეზიდენტის სავარძლიდან ავანგარდში ჩაუდგა ქვეყნის არევის და ხელისუფლების რევოლუციის გზით ცვლილების პროცესს. ამ ყველაფრის შემდეგ, მას უნდობლობა გამოუცხადა იმ ხალხმა, ვინც ის პრეზიდენტად აქცია!
ახლა უკვე ის პარტია იწყებს იმპიჩმენტის პროცედურებს, რომელსაც ძალიან დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდა ზურაბიშვილის გაპრეზიდენტება. ყველაზე მეტად დაზიანებული იმ პროცესებიდან სწორედ „ქართული ოცნება“ დარჩა და დიდი დრო დასჭირდა ამ პრობლემებთან გამკლავებას.

უცხო ქვეყნების ინტერესების გატარება და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედება მკაცრ რეაგირებას იმსახურებდა! ზურაბიშვილმა უნდა იცოდეს, რომ მას არანაირი ლეგიტიმაცია აღარ აქვს!“ , -წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა აღიძრას.

“ევროკავშირის გაფართოებაზე იყო ბუნდოვანება როგორც მიშელის, ასევე ბორელისა და ევროკომისიის განცხადებებში”- მიხეილ სარჯველაძე

სარჯველაძე

გარკვეული ბუნდოვანება იყო როგორც მიშელის, ასევე ბორელისა და ევროკომისიის განცხადებებში. ყველაზე მეტად ის დროა, როცა სწრაფი გადაწყვეტილებები უნდა იყოს მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების ვადები რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს.

„ევროკავშირის გაფართოებისთვის დასახელებული 2030 წელი ზედმეტად გაწელილი ვადაა. ახალი ბუნდოვანება გაჩნდა ევროკომისიის განცხადების შემდეგ, როცა ითქვა, რომ რელევანტური თარიღი, შეიძლება, 2030 წელი არ იყოს. ყველაზე მეტად იმედის მომცემი ბორელის განცხადება იყო, თუმცა დამატებით უნდა თქმულიყო, რომ არა მხოლოდ კონკრეტული ვადებია საჭირო, არამედ ეს ვადები რაც შეიძლება მოკლე უნდა იყოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ვროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა 21 აგვისტოს „ტვიტერის“ გვერდზე დაწერა, რომ საჭიროა, ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დააახლოონ. ასევე, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად უნდა იყოს 2030 წლისთვის ახალი წევრების მისაღებად. ამავე თემაზე განცხადება გააკეთა ევროკომისიის პრესსპიკერმა, დანა სპინატმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ორიენტირებული არ არიან ევროკავშირში ახალი ქვეყნების გაწევრიანების თარიღზე. ამასთან, 31 აგვისტოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირს სჭირდება საორიენტაციო თარიღი ახალი წევრებისთვის, რომელთა რაოდენობა, შესაძლოა, ათი იყოს.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტი არათუ შეუშლის ხელს, არამედ პირიქით, აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას” – შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტის იმპიჩმენტი არათუ შეუშლის ხელს, არამედ პირიქით, აჩვენებს ჩვენი ქვეყნის ევროპულობას. რომ ვუფრთხილდებით კონსტიტუციას, ეს არის სწორედ ევროპულობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო საკუთარ კონსტიტუციაზე დგას.

„აქ საუბარია ნებისმიერი სახელმწიფოს უმარტივეს, საბაზისო პრინციპებზე. ნებისმიერი თანამედროვე სახელმწიფო დგას საკუთარ კონსტიტუციაზე. ეს არის ძირითადი კანონი, რომელიც კრავს მთელ საზოგადოებას. შესაბამისად, აქ ჩვენ საკითხი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, დაირღვა თუ არა განზრახ ჩვენი კონსტიტუცია. ეს არის მნიშვნელოვანი. წინასწარ განსაზღვრული იყო თუ არა ეს დარღვევა და უნდა ჰქონდეს თუ არა რეაქცია სახელმწიფოს, რომელიც პატივს სცემს საკუთარ კონსტიტუციას, დემოკრატიას და ხალხის მმართველობას. ამიტომ ეს არათუ ხელს შეუშლის, არამედ პირიქით, აჩვენებს კიდევ ერთხელ ჩვენი ქვეყნის ევროპულობას, რომ ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს კონსტიტუციას. ეს არის სწორედ ევროპულობა და არა – პირიქით, რომ კონსტიტუციის დარღვევას შეიძლება რაიმე საერთო ჰქონდეს ევროპულ მისწრაფებასთან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში.

“შარშან ვიხილეთ უსამართლო გადაწყვეტილება, როცა სტატუსი არ მიენიჭა ლიდერ ქვეყანას, ამიტომ გვიჭირს ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა”

შარშან ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ, როცა კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა ლიდერ ქვეყანას. ამიტომ გვიჭირს ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ხელისუფლება პასუხისმგებლობაა, ქვეყანა იყოს მზად ევროკავშირის წევრობისთვის და ამ პასუხისმგებლობით მოქმედებს.

„ევროკავშირის გაფართოებას და გაწევრიანების პერსპექტივას რაც შეეხება, აქ არის ორი მხარე. ერთი მხარეა ევროკავშირი, რომელმაც უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ჩვენ ვხედავთ, რომ გადაწყვეტილებას აქვს როგორც ობიექტური განზომილება, ასევე პოლიტიკური. შარშან ქართულმა საზოგადოებამ ეს განზომილება ძალიან მწარედ იწვნია, როდესაც ევროკავშირის აბსოლუტურად უსამართლო გადაწყვეტილება ვიხილეთ – კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა ლიდერ ქვეყანას და ლიდერს უკან მყოფ ქვეყნებს სტატუსი მიენიჭათ. ამიტომ გვიჭირს ევროკავშირის გადაწყვეტილებების წინასწარ განჭვრეტა. გარდა ობიექტური, გაზომვადი კრიტერიუმებისა, შემოდის ხოლმე სხვადასხვა პოლიტიკური თემა სხვადასხვა ქვეყნიდან, სხვადასხვა მოსაზრებიდან გამომდინარე. ამის წინასწარ არც განჭვრეტა შეგვიძლია და სამწუხაროდ, არც ზოგიერთ საკითხზე რაიმე ზემოქმედება.

მეორე მხარეს დგას ჩვენი სახელმწიფო და ამ შემთხვევაში, ხალხის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა კეთილსინდისიერად მოვამზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის. აქამდე ნებისმიერი შეფასება აჩვენებდა, რომ საქართველო იყო და არის ლიდერი ყველა იმ ქვეყანასთან შედარებით, რომელიც კანდიდატი, მომავალში ევროკავშირის სავარაუდო წევრია. ჩვენ ვართ ლიდერი ბევრი მიმართულებით, იქნება ეს ინსტიტუციური მოწყობა თუ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა და ამ პასუხისმგებლობით ვმოქმედებთ. მთავარია, პირნათელი ვიყოთ ჩვენი საზოგადოების წინაშე, ქვეყანა იყოს მზად. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ვხედავთ, რომ ამაზე გავლენა არ გვაქვს და ასევე, სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ევროკავშირის მხრიდან უსამართლო გადაწყვეტილებებიც ხდება ხოლმე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, თუ მიშას არ გამოუშვებს, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

„ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება, თუ მიშას არ გამოუშვებს, იმპიჩმენტს მხარს დაუჭერენ, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ ვითარებაში, შესაძლოა, პრეზიდენტი დათმობაზე წავიდეს და სააკაშვილი შეიწყალოს.

„„ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ ბუა სჭირდება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ მიხეილ სააკაშვილი გამოუშვას, რადგან ციხეში პოლიტიკურად ძალიან სუსტად გამოიყურება და ახლა ყველაფერს აკეთებენ, რომ თავად არ გამოუშვან და ეს პრეზიდენტის ხელით გააკეთონ. იმპიჩმენტს „ნაცმოძრაობის“ ხმების გარეშე ვერ შეძლებენ, 13 ადამიანს ვერ მოისყიდიან. ასეთ კონფიგურაციაში „ნაცმოძრაობას“ პრეზიდენტზე ზეწოლის ბერკეტი უჩნდება – თუ მიშას არ გამოუშვებთ, იმპიჩმენტს მხარს დავუჭერთო. ამ სიტუაციაში პრეზიდენტმა შეიძლება, იმპიჩმენტის გამო დათმოს და მიშა შეიწყალოს. მას ბოლომდე „ნაცობა“ „შეეტენება“, „ქართულ ოცნებას“ კი საარჩევნოდ ბუა ეყოლება და მიშას გათავისუფლებაც არ დაბრალდება.

კონსტიტუციის დარღვევა არასერიოზულია, საკუთარი თავით დაიწყონ, რაც საგამოძიებო კომისიაზე გააკეთეს. უნდა დაამტკიცონ, რომ პრეზიდენტის ქმედებები პროცესს აზიანებდა და ამის დამტკიცება შეუძლებელია. ეს „ნაცებსა“ და „ქოცებს“ შორის შეთანხმებას არ ჰგავს, ეს არის „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო სტრატეგია. მიშა ციხეში ზის და საფრთხეს საერთოდ არ წარმოადგენს, მისი სახელით სოფო ჯაფარიძე დადის და ხალხს ეხუტება, რაც არ შეიძლება, პრობლემა იყოს. „ქართულ ოცნებას“ მეტი დაძაბულობა სჭირდება. მიშაა, ვინც შეიძლება ხელისუფლების ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს და მას თავად ვერ გამოუშვებენ, თავისივე მხარდამჭერები შეჭამენ და ეს გზა მოიფიქრეს. თუ პრეზიდენტი მართლა აპირებს, სერიოზულ დაპირისპირებაში შევიდეს, მას შეუძლია, „ქართულ ოცნებას“ ცხოვრება გაურთულოს – შეწყალებები დაიწყოს და ვეტოები დაადოს კანონპროექტებს. პრეზიდენტი რომ ვიყო, „ქართულ ოცნებას“ მაქსიმალურად დავაზიანებდი და ვნახავდი, ოპოზიცია იმპიჩმენტს როგორ დაუჭერდა მხარს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო ვიზიტების სერია საზღვარგარეთის ქვეყნებში. მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მხოლოდ საქართველოს მთავრობაა უფლებამოსილი, განახორციელოს ქვეყნის როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა და საქართველოს პრეზიდენტს მხოლოდ მთავრობის თანხმობით შეუძლია განახორციელოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებები საგარეო ურთიერთობებში. „ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივ სახელმწიფოს, სამართლის უზენაესობასა და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თბილისის მერიამ „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამა დაიწყო

დედაქალაქის მერიამ დღეიდან „სახსრების ენდოპროთეზირების“ პროგრამის განხორციელება დაიწყო – მუნიციპალიტეტი მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრის ხელოვნური იმპლანტით შეცვლის საჭიროების მქონე პირებს დააფინანსებს.  ახალი პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარი იქნება.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ახალი პროგრამის მოსარგებლეები იქნებიან: მერიისთვის განცხადებით მიმართვამდე, ბოლო ორი წლის განმავლობაში უწყვეტად და ამავდროულად, პროგრამაში ჩართვის დროისთვის, თბილისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აღნიშნული მომსახურება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში არ უფინანსდებათ.

პროგრამით სარგებლობისთვის პირმა ან მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურს განცხადებით უნდა მიმართოს, რასაც თან უნდა ერთოდეს:

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ან პასპორტის ასლი, ხოლო იძულებით გადაადგილებული პირის შემთხვევაში, შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა №IV-100/ა – პაციენტის დიაგნოზის, ჩარევებისა და გამოკვლევების მითითებით ICD10 კლასიფიკატორების შესაბამისად); სამედიცინო დაწესებულებიდან მომსახურების ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინვოისი); თბილისის მუნიციპალიტეტში ბოლო ორი წლის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დაფინანსების შესახებ ცნობა კერძო სადაზღვევო კომპანიიდან (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

თბილისის მერია ერთი მოქალაქის დასაფინანსებლად 6 000 ლარს გამოყოფს. კერძოდ, მომსახურების დაფინანსება განხორციელდება მატერიალიზებული ვაუჩერის/თანხმობის წერილის მეშვეობით, არაუმეტეს 6 000 (ექვსი ათასი) ლარის ოდენობით. პაციენტის თანაგადახდა განისაზღვრება ფაქტობრივი ხარჯის გათვალისწინებით.

პროგრამით მოსარგებლეს სამედიცინო დაწესებულებისა და პროთეზის სახეობებს შორის თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა ექნება.

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებენ, არიან დაღუპულები და დაჭრილები

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა დღეს დილით სომხეთის პოზიციებს ცეცხლი გაუხსნა, რის შედეგადაც ორი სომეხი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა და ერთი დაიჭრა, – ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ სოტკის სექტორში სომხური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის შედეგად ორი დაიღუპა და ერთი დაიჭრა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მანამდე აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ სომხური დრონით თავდასხმის შედეგად სამი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიჭრა. კერძოდ, აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, ქელბაჯარის რაიონში მდებარე აზერბაიჯანული არმიის პოზიციებზე სომხური დრონით თავდასხმის შედეგად ორი ჯარისკაცი დაშავდა. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხური მხარის მიერ ბასარკეჩარის (ვარდენისი) რაიონის ზოდის დასახლებაში მდებარე პოზიციებიდან ცეცხლის გახსნის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო დაშავდა.