Home Blog Page 1671

ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტემბერს ეწვევა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი ამჟამინდელი უფლებამოსილებებით საშუალებას მისცემს, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე, გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.

ვიზიტის ფარგლებში უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს.

„ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე გამოიყენებს შესაძლებლობას, შეხვდეს პარლამენტში მყოფი ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს და გამართოს დისკუსია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

უმაღლესი წარმომადგენელი, ვიცე-პრეზიდენტი ვიზიტის დროს აღნიშნავს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოფნის 15 წელს საქართველოში, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ორგანიზებულ აქტივობაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ“, – ნათქვამია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მადლობა კეთილი სურვილებისთვის, მოუთმენლად ველოდები სახალისო ფოტოებს – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმის შემდეგ სოციალურ ქსელში პირველ ფოტოს აქვეყნებს.

შოლცს ფოტოზე ცალი თვალი ახვეული აქვს. გერმანიის კანცლერი მოქალაქეებს მადლობას უხდის კეთილი სურვილებისთვის და წერს, რომ მოუთმენლად ელოდება სახალისო ფოტოებს (მიმებს) მეკობრეებთან დაკავშირებით.

„ყველას მადლობა კეთილი სურვილებისთვის. უფრო ცუდი შესახედია, ვიდრე სინამდვილეშია. მოუთმენლად ველოდები სახალისო ფოტოებს (მიმებს)“, – წერს შოლცი.

მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ტრავმა ვარჯიშის დროს მიიღო.

18 სექტემბრიდან პარლამენტის სასახლეში შესასვლელი საშვის დაშვებისა და ვიზიტორთა ქცევის ახალი წესი ამოქმედდება

პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ისეთი ნივთების შეტანა, როგორებიცაა ბანერი, პოსტერი, ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობები, დაუშვებელი იქნება. ამის შესახებ აღნიშნულია  პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ბრძანებაში, რომელიც ძალაში 18 სექტემბერს შევა.

დოკუმენტის მიხედვით, ვიზიტორის საშვის დაშვების უფლების მქონე პირი ვალდებული იქნება, საშვის დაშვებისას ვიზიტორის პარლამენტის სასახლეში შესვლის მიზანი მიუთითოს – შეხვედრა ან ღონისძიებაში მონაწილეობა. ბრძანების თანახმად, ვიზიტორის საშვის ღონისძიებაში მონაწილეობისთვის დაშვების უფლება ღონისძიების ჩატარებისთვის პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს ან პირს ენიჭება.

ზემოთ აღნიშნულის გარდა, ბრძანების მიხედვით, პარლამენტის სასახლეში ვიზიტორის ქცევის წესი რეგულირდება. კერძოდ, ვიზიტორი ვალდებული იქნება, პარლამენტის სასახლეში დაიცვას სიმშვიდე და წესრიგი, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებისგან, რომელმაც შეიძლება, საქართველოს პარლამენტის საქმიანობას და პარლამენტში მიმდინარე ღონისძიების მსვლელობას ხელი შეუშალოს.

დოკუმენტის თანახმად, ვიზიტორს აეკრძალება პარლამენტის სასახლეში ტრანსპარანტის გამოფენა და საინფორმაციო მასალის დარიგება, აგრეთვე სადემონსტრაციოდ განკუთვნილი მასალის (პლაკატის, ბანერის, წარწერისა და სხვა) გაკვრა ან სხვაგვარად განთავსება.

ამასთან, ბრძანებაში ნათქვამია, რომ ვიზიტორის ჩაცმულობა პარლამენტის სასახლეში არსებულ სამუშაო გარემოს უნდა შეესაბამებოდეს.

დოკუმენტის მიხედვით, ვიზიტორს, პარლამენტის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე, პარლამენტის წევრებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია ეკრძალება.

ვიზიტორი ვალდებული იქნება, პარლამენტის სასახლეში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლისა და მანდატურის სამსახურის მანდატურის მითითებებს დაემორჩილოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მანდატურებს უფლებამოსილება ექნებათ, ვიზიტორს პარლამენტის სასახლე დაატოვებინონ.

ბრძანების თანახმად, ვიზიტორის მიერ აღნიშნული წესის დარღვევის შემთხვევაში, პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილი იქნება, დარღვევის სიმძიმისა და მისი გამეორების რისკის შეფასების საფუძველზე, პრევენციული ღონისძიება განახორციელოს. კერძოდ, ვიზიტორს პარლამენტის სასახლეში შესვლა ერთ წლამდე ვადით შეუზღუდოს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6248 ლარი გახდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 5 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6248 ლარი ეღირება, ევრო – 2.8356 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3177 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6252 ლარი ღირდა, ევრო – 2.8478 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3282 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 5 სექტემბერს ამოქმედდება.

“ნაცების”ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროს”-გიორგი გაბუნია

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორმა, გიორგი გაბუნიამ არხის გადაცემის „შენი შუადღის“ ეთერში, არხთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, მათ შორის სარედაქციო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვლილებები „არა მარტო კოსმეტიკური“, არამედ „ძირეულია“. მისივე მტკიცებით, სარედაქციო პოლიტიკა დღეს პარტიული გავლენისგან თავისუფალია.

„მთავარ არხზე“ არა მარტო კოსმეტიკურად, არამედ ძირეულად შეიცვალა რაღაცები, რადგან ამ ადამიანებს ბევრი წლის განმავლობაში გარკვეულ სიტუაციასა და მოცემულობაში უწევდათ მუშაობა. რთული იყო საკუთარ თავში გადაკეთება, იმიტომ რომ რეფლექსებად გაქვს ეს ყველაფერი ქცეული, რომ რაღაცნაირად შენს საქმეს არ აკეთებ. რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს ის, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა, რასაც რამდენიც არ უნდა გვეთქვა ჩვენ, რომ ასე არ არის, ყველა ხედავდა.

გასაგები იყო, რომ სამწუხაროდ, ნაცების ტელევიზ„ნაცების“ ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება რომ ხალხმა დაიჯეროსი ის იარლიყი ტყუილად არ გვქონდა აკრული და ახლა რაც შემიძლია ძალიან დიდი სიამაყით და ბედნიერებით ვთქვა, „რუსთავი 2“-დან მოყოლებული ეს არ მომხდარა, ნაცების ტელევიზია აღარ ვართ ნამდვილად, ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს და დააფიქსიროს, უნდა უყურო ეთერს სისტემატურად, რომ მიხვდე, ნაცების ტელევიზია, რომ არ ვართ. დაკვირვებული თვალი მიხვდება, მაგრამ ვინც არ უყურებს, ახსოვს, რომ „მთავარი არხი“ ეს ნაცების ტელევიზიაა. ნაცების ტელევიზია არ ვართ და ამას პირდაპირ, დიდი სიამაყით ვაცხადებ.

პირველად რომ გამოვაცხადე, რომ მორჩა, აღარ ვართ და არ ხართ ვალდებულები, ვინმეს მითითება გაითვალისწინოთ და თქვენ ჟურნალისტები და წამყვანები როგორც ჩათვლით, რა არის საჭირო და რა არის სასარგებლო საზოგადოებისთვის, იმას გააშუქებთ, რომ გენახათ ნიუსრუმში იყო ტაში და ჟრიამული, იმიტომ რომ ყველაზე კარგად იმ სიმძიმეს, როდესაც პოლიტიკური გავლენის ქვეშ ხარ, გრძნობენ ეს ადამიანები“. – თქვა გიორგი გაბუნია.გაბუნიას თქმით, პარტიაში ორი მხარეა და არავის არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მელიას და ხაბეიშვილის საქმე აკეთოს.

„ამ მოცემულობაში, რაც „ნაცებს“ სჭირთ, ცალ მხარეს არის მელიას მხარე – „ვაი“ და აქეთ ხაბეიშვილის მხარე, „ვუი“ და პარტია არის „ვაი-ვუი“. არავის აქვს სურვილი, „ვაი-ვუის“ საქმე აკეთოს.

მიმაჩნია, რომ მელიას, როგორც დიდი პოლიტიკოსის საქმე, არჩევნებამდე ბევრად უფრო ადრე იყო დასრულებული და ის უბრალოდ ვერ მიხვდა და ვერც ახლა ხვდება, რომ მნიშვნელოვან როლს პოლიტიკაში ვერ შეასრულებს. კაპიტალი, რომელიც მან პატიმრობაში დააგროვა და შარლ მიშელის მცდელობით გამოუშვეს, გაფლანგა.

იგივე ხდება ხაბეიშვილის მხარეს. მას დიდი პრობლემები აქვს. არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც ხაბეიშვილი მოსწონს. არავინ აპირებს მისთვის ხმის მიცემას. კიდევ უარესი, ნეიტრალურიც არ შემხვედრია. მას არასერიოზულად აღიქვამენ. დასცინიან..

ხაბეიშვილს რაღაც „ვაუს“ გაკეთება სჭირდება, რის შემდეგაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში „ქურქუმალ ვაითს“ აღარ დაინახავ“, – ამბობს გიორგი გაბუნია და დასძენს, „ყველასთვის უკეთესი იქნებოდა მიშაც, რომ მიხვდეს, რომ პატიმრობაში ყველაზე კარგი იქნებოდა, ყველასთვის თავი დაენებებინა და თავისი თავი თავიდან შეექმნა“.

ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება, რადგან ჩვენ ევროკავშირში გვინდა – დავით უსუფაშვილი

შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი იხილებოდა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის საქმე იმ მომენტში ჩაჩეხილიყო. ახლაც, როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, მთავრობა კონსოლიდაციის ნაცვლად, დესტრუქციაზე მუშაობს, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბორელს და სხვებს ქართველი ხალხის სურვილი ესმით და შუაში ბარიერად აღმართული „ქართული ოცნება“ ევროპული ოჯახის წევრობისკენ პროცესს ვერ შეაფერხებს.

„საქართველო და ქართველი ხალხი ჯოზეფ ბორელს წელში გამართული ხვდება, რადგან ჩვენ ევროკავშირში გვინდა და აქეთ მივდივართ, საქართველოს მთავრობა და „ქართული ოცნება“ კი, პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ლაპარაკით ხვდებიან, რომელიც ევროპაში სწორედ იმიტომ წავიდა, რომ ბორელსა და სხვებს შეხვედროდა, საქართველოს იმ საკითხებში დახმარებოდა, რომლის სტატუსს სჭირდება. შარშან, როცა კანდიდატის სტატუსი იხილებოდა და სტატუსი უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს, საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რომ ქვეყნის საქმე იმ მომენტში ჩაჩეხილიყო და ახლაც, როცა ახალი დედლაინი ახლოვდება, ნაცვლად იმისა, რომ მთავრობა კონსოლიდაციაზე მუშაობდეს, დესტრუქციაზე მუშაობს. ასე ხვდებიან ბორელს. კარგი ამბავი ისაა, რომ ბორელს და სხვებს ესმით ქართველი ხალხის სურვილი, რომ ჩვენ ევროპული ოჯახის წევრობა გვინდა, ევროპა ამისთვის მზად არის და შუაში ბარიერად აღმართული „ქართული ოცნება“ ამ პროცესს ვერ შეაფერხებს“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს ქნესეთის სპიკერს ამირ ოჰანას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს. ამ კონტექსტში ხაზი გაუსვეს ისრაელის სახელმწიფოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წარმატებულ ვიზიტს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ისრაელის სახელმწიფოსთან მეგობრული და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის განვითარებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ მიესალმება ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის გააქტიურებას.

„განსახილველი საკითხებიდან ერთ-ერთი იყო ქვეყნებს შორის ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა, რომელიც მზარდი დინამიკით ხასიათდება. მხარეებმა ამ მიმართულებით არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დადება ახალ შესაძლებლობებს გაუხსნის ორივე ქვეყანას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ისრაელის სახელმწიფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში – ჰადას მიეცადი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი – რევაზ ჯაველიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ისრაელის სახელმწიფოში – ლაშა ჟვანია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იმპიჩმენტის საკითხს საღად, ნაკლები ემოციებით უნდა შევხედოთ -შალვა პაპუაშვილი

მთავრობის უარის მიუხედავად, პრეზიდენტი მაინც გაემგზავრა ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან არის სერიოზული დარღვევა და მიიღეს გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება.

„იმპიჩმენტის საკითხს ნაკლები ემოციებითა და საღად უნდა შევხედოთ. პირველი, ვფიქრობ, რა თქმა უნდა, საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, მაგრამ დისკუსიას რაც ვაკვირდებით, არავინ უარყოფს, რომ საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტის განხორციელება იყო კონსტიტუციის დარღვევა; მეორე – ეს იყო კონსტიტუციის გაზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა მიმართა ამ თანხმობისთვის, მიიღო უარი და მიუხედავად უარისა, მაინც გაემგზავრა ამ ვიზიტით, რაც არის კონსტიტუციის განზრახ დარღვევა; და მესამე, ეს არის არსებითი დარღვევა კონსტიტუციის, რადგან საქმე გვაქვს აღმასრულებელი ხელისუფლების ერთ-ერთი შტოს კომპეტენციებში შეჭრაში, როდესაც, კონსტიტუციის მიხედვით, უნდა იყოს მთავრობის თანხმობა, თანხმობის არმიღების მიუხედავად ხდება ამ კომპეტენციის განხორციელება. ჩვენი გადმოსახედიდან, ამ მხრივ არის სერიოზული დარღვევა და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, მოხდეს იმპიჩმენტის პროცესის ინიცირება.

რაც შეეხება შემდგომ პროცესს, მომზადდება წარდგინება. 50 დეპუტატის ხელმოწერა არის საჭირო, რათა წარდგინება გაეგზავნოს საკონსტიტუციო სასამართლოს. სასამართლოს აქვს ერთი თვე, რათა საკუთარი სამართლებრივი დასკვნა შეადგინოს ამ საკითხზე და მოაწოდოს პარლამენტს. იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლო ჩათვლის, რომ სამართლებრივად ჩვენ საქმე გვაქვს კონსტიტუციის დარღვევასთან, პარლამენტში იქნება კენჭისყრა იმპიჩმენტთან დაკავშირებით. მართალია, მესმის ოპოზიციის კომენტარები, რომ არ აპირებენ მხარის დაჭერას, მაგრამ იქნება კენჭისყრა და მაშინ მოუწევთ ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. როგორც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო საზღვარგარეთის ქვეყნებში ვიზიტების სერია.

“ნუ გეშინიათ ამ “ჩმორების” და ლაჩრების – სად არიან ახლა, გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ? -ლევან ხაბეიშვილი

„რუსულმა ოცნებამ“ და რუსმა ფეოდალმა ჩიგოგიძემ გადაწყვიტა, ჩოხატაურში ნოდარ დუმბაძის სკვერი ადგილობრივებს წაართვას. ამოიღეთ ხმა, ნურაფრის გეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი, რომ ამ რუსებმა და ლაჩრებმა შეგვაშინონ. თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჩოხატაურში განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ჩოხატაურში მოსახლეობას საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს და როგორც თავად ამბობენ, დუმბაძის სახელობის სკვერის გასხვისებასთან დაკავშირებით მიაწოდეს ინფორმაცია.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, თუ საჭირო გახდება, აღნიშნულ სკვერს ფიზიკურად დაიცავენ.

“გაკადნიერდნენ და ნოდარ დუმბაძის სახელი რომ ჰქვია სკვერს, იქ გადაწყვიტა ჩიგოგიძემ კიდევ დამატებით ჯიბეები გაისქელოს. გუშინ, ჩვენ ყველამ ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ლიდერებს როგორ დაესხნენ თავს და ფიზიკურად როგორც გაუსწორდნენ. ლაჩარი, „ჩმორი“ ხალხი, რომელიც რამდენიმე ადამიანს მიუვარდა და მათ შორის ქალბატონებს აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ეს „ჩმორები“ და „ბანძები“ დღეს დამალულები არიან. ამ ფლაერებს, სადაც რუსი ჩიგოგიძე, ჩოხატაურის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არიან, აუცილებლად დავარიგებთ ჩოხატაურში, ამ სკვერში, სადაც ვდგავართ, რომელიც ნოდარ დუმბაძის სახელობისაა და აუცილებლად დავიცავთ, თუ მშენებლობას დაიწყებენ, ფიზიკურადაც მოგვიწევს ამის დაცვა. ყველამ კარგად უნდა იცოდეს და მინდა მოვუწოდო საზოგადოებას, ჩოხატაურელებს, გურულებს, ყველას აბსოლუტურად – ჩემო მეგობრებო, ნურაფრის გეშინიათ, ნუ გეშინიათ ამ „ჩმორების“ და ამ ლაჩრების. სად არიან ახლა, გუშინ რომ კუნთებზე იყურებოდნენ, გადახედეთ აბა, რამდენი ვართ ჩვენ და როგორ იმალებიან დღეს. დარწმუნებული ვარ, რომ ვერც გაბედავენ და ვერც გამოჩნდებიან. თითოეულ მოქალაქეს მინდა ვუთხრა, არამარტო ჩვენს ადგილობრივ პარტიულ ლიდერებს, თითოეული თქვენგანის ინტერესს დავიცავ, ჩასასვლელი სადაც ვიქნები, ყველგან ერთ გუნდად მოვალთ და დაგიცავთ თითოეულ თქვენგანს. ჩოხატაურელებს მოვუწოდებ, ამოიღეთ ხმა, ნურაფრის ეშინიათ და ნუ ჩურჩულებთ, რომ რაღაცები არ მოგწონთ. ხმამაღლა თქვით, ამ „ბანძებს“ ნუ დააჩმორებინებთ თავს. არ ვართ ჩვენ ის ხალხი, რომ რუსებმა, ლაჩრებმა და მართლა „ჩმორებმა“ შეგვაშინონ. ამოიღეთ ხმა! თითოეულ თქვენგანთან ვიქნები, ყველა რაიონში, ქალაქში, სოფელში, თითოეულ ოჯახში, ვისაც დასჭირდება, ჩვენ ერთ გუნდად მოვალთ და დავიცავთ თითოეული თქვენგანის ინტერესს”,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები გუშინ ჩოხატაურში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე სავარაუდო თავდამსხმელების დაკავებასაც გამოეხმაურნენ და განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება ფორმალურია და დაკავებულებს მალე გაათავისუფლებენ.

“არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი”- ირაკლი ღარიბაშვილი

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო ყურძენს 90 თეთრად ჩაიბარებს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ შევიკრიბეთ და განვაცხადეთ, რომ სუბსიდიას შევინარჩუნებდით და ვთქვით, რომ დაზიანებულ ყურძენს სახელმწიფო ჩაიბარებდა 90 თეთრად. რამდენიმე დღის წინ კახეთში საკმაოდ ძლიერი სეტყვა მოვიდა, დაისეტყვა ვენახები, ხალხს გამზადებული ჰქონდა ყურძენი ჩასაბარებლად და, სამწუხაროდ, სეტყვა მოვიდა. ამის მიუხედავად, მინდა, მკაფიოდ განვაცხადო და დავამშვიდო ჩვენი ძვირფასი მოქალაქეები, რომ არცერთი კილოგრამი ყურძენი, დაზიანებული იქნება, დასეტყვილი თუ ჩვეულებრივი ყურძენი, არ დარჩება ჩაუბარებელი. სახელმწიფო ჩაიბარებს 90 თეთრად, მათ შორის დასეტყვილ ყურძენს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“პრეზიდენტის შემაშფოთებელი განცხადების შემდეგ, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება” – პრემიერი

პრეზიდენტმა რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი დემონსტრაციულად არღვევს კანონს.

„ქალბატონმა პრეზიდენტმა, სამწუხაროდ, არ გაითვალისწინა მთავრობის მიერ გაგზავნილი უარი და მან დემონსტრაციულად დაარღვია კონსტიტუცია. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია განმარტავს, რომ საგარეო პოლიტიკას ახორციელებს საქართველოს მთავრობა. თუ პრეზიდენტს მიანიჭებს მთავრობა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეუძლია მას, ეს უფლებამოსილება შეასრულოს. დაახლოებით ერთი თვის წინ გავუგზავნე ოფიციალური უარი ამ ვიზიტებზე და აქვე მინდა, ჩვენი არგუმენტაცია მოვიყვანო. მან რამდენიმე თვის წინ თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ვალდებულებას, რომელიც არის დაწესებული და ასევე თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი, რომ საქართველო არ იმსახურებდა შარშან კანდიდატის სტატუსს. ამის შემდეგ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა მტკიცებულება არ გვჭირდება, რომ, უბრალოდ, სანდოობა დაიკარგოს. ჩვენ არ გვქონდა არავითარი მოტივაცია, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის რაღაც გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება. სამწუხაროა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არღვევს კანონს დემონსტრაციულად. ამ დროს ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითის მიმცემები. ამიტომ ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღოს მმართველმა პარტიამ, იყო გამართლებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს რა უნდა ვთხოვოთ -კახა კალაძე

პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას,  -ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა დაარღვია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია.

„როდესაც პარტიის თავმჯდომარემ გააკეთა განცხადება, მან თავიდანვე აღნიშნა, რომ იმპიჩმენტი ვერ განხორციელდება გარკვეული მიზეზების გამო. ვიცით, რა არის ეს მიზეზები. პირველი ჩვენ პოლიტიკოსებმა, თანამდებობის პირებმა პატივი უნდა ვცეთ საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, საკუთარ ქვეყანას, კონსტიტუციას და კანონმდებლობას. თუ ჩვენ დავარღვევთ კანონსა და კონსტიტუციას, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს და თუნდაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რა უნდა ვთხოვოთ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას“, – განაცხადა კალაძემ.

კითხვაზე, როგორი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი, კახა კალაძემ აღნიშნა: ქვეყნის მოსახლეობამ უნდა შეაფასოს, ვინ როგორ მუშაობს. ჩემი მხრიდან გაკეთებული შეფასება არ იქნება სწორი. შეიძლება, ობიექტური არ ვიყო, ამიტომ სჯობს ეს შეაფასოს მოსახლეობამ“.