Home Blog Page 1668

“3-5 წელიწადში შესაძლოა, რუსეთი ნატო-ს დაესხას თავს” – დანიის თავდაცვის მინისტრი

რუსეთი ხელახლა სწრაფად იარაღდება და 3-5 წელიწადში შესაძლოა, ნატო-ს დაესხას თავს, – ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრმა ტროელს ლუნდ პოულსენმა გამოცემა Jyllands-Posten-თან ინტერვიუში განაცხადა.

„სამხედრო ტექნიკის წარმოებაში რუსეთის პოტენციალი ძალიან გაიზარდა…

არ შეიძლება გამოვრიცხოთ, რომ სამი-ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი სიმყარეზე გამოცდის მე-5 მუხლსა და ნატო-ს სოლიდარობას. ეს არ იყო ნატო-ს შეფასება 2023 წელს. ეს ახალი ცოდნაა, რომელიც ახლა წინა პლანზე გამოდის“, – განაცხადა პოულსენმა.

მისი თქმით, დანიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შესაძლოა, ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე აღმოჩნდეს, რომლებიც მისი წევრი სახელმწიფოს დესტაბილიზაციაზე იქნება მიმართული.

„რუსეთს აქვს პოტენციალურად ამის გაკეთების სურვილი. ახლა მათ შეიძლება შესაძლებლობა ჰქონდეთ სამხედრო პოტენციალი მიიღონ უფრო ადრე, ვიდრე ჩვენ ველოდით. არსებობს საფუძვლები ნამდვილი შეშფოთებისთვის”, – განაცხადა პოულსენმა.

„საკუთარი ავტომობილით დაეჯახა ქვეითს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა“ – შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც შემთხვევის დროს საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა:

„შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა.

თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინება.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი”

„ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ „გამარჯვების კოალიციის“ მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება იმის შესახებ, რომ ის საარჩევნო კამპანიაში „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების პლატფორმის“ წარმომადგენლის სახელით ერთვება და აპირებს, სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, „გამარჯვების კოალიციას“ მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაცია ყოველდღიურ რეჟიმში აქვს.

„მინდა გამოვეხმაურო მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას „ნაციონალური მოძრაობის“ ბორდის ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით. ყველას კარგად გვესმის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება მთავარი ადამიანი, ვინც უდიდეს და მთავარ როლს შეასრულებს გაჭირვებისა და ივანიშვილის დამარცხებაში. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია გააერთიანოს საზოგადოება, რაც ერთხელ უკვე გაუკეთებია. პრეზიდენტ სააკაშვილს შეუძლია ქართველ ხალხს დაეხმაროს ევროკავშირისკენ არა თუ სწრაფვაში, არამედ სწრაფად გაწევრიანებაში და ეს მას გაუკეთებია. ყველას კარგად მოეხსენება მისი შესაძლებლობების შესახებ ივანიშვილისა და მისი გუნდისგან განსხვავებით. ცხადია „ნაციონალური მოძრაობა – გამარჯვების კოალიცია“ მზად არის, რომ გამარჯვების კოალიციის მთავარი ლიდერი იყოს პრეზიდენტი სააკაშვილი და უშუალოდ ჩართული იყოს ყოველდღიურ საქმიანობაში და ფაქტობრივად, ეს ამ დროის განმავლობაში ასეც არის. რა შესაძლებლობაც გვაქვს, ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია. ბიძინა ივანიშვილი ყოფს და აპირისპირებს საზოგადოებას, ჩვენ უნდა დავასრულოთ გათითოკაცება, გაჭირვება და ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი არის ადამიანი, რომელსაც საქართველოში სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და ასევე ქვეყნის ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება შეუძლია.

“1 213 539 ადამიანი არის ოფიციალური მონაცემით, ვინც ითხოვს სოციალურ დახმარებას საქართველოში და სოციალური მიმართულებით, ვისაც ეკონომიკური დოვლათის შექმნას შეუძლია, ივანიშვილს უსამართლოდ ციხეში ჰყავს გამოკეტილი, ვგულისხმობ მიხეილ სააკაშვილს. 1 213 539 ადამიანიდან შემწეობას იღებს მხოლოდ 439 000 ადამიანი და 700 000 ადამიანი ელოდება სოციალურ დახმარებას. უკიდურესად უჭირს ჩვენს მოქალაქეებს. ასევე, ოფიციალური სტატისტიკით 299 000 ადამიანი სამ წელიწადში გავიდა საქართველოდან ემიგრაციაში იმისთვის, რომ საკუთარი შვილები გამოკვებონ, ხოლო ვისაც შეუძლია საქართველოში ინვესტიციების შემოტანა და ეს შეუძლია მიხეილ სააკაშვილს, ეს ადამიანი ჰყავთ უსამართლოდ ციხეში გამოკეტილი და ამას აკეთებს ივანიშვილი. 300 000 ადამიანს ქონება აქვს დალომბარდებული საქართველოში, უკანასკნელი მონაცემებით ეს იყო 2020 წელს, ანუ ფაქტობრივად ყოველ მეექვსე, მეშვიდე ადამიანს დალომბარდებული აქვს ქონება. 1 600 000 ადამიანს აქვს სესხი ბანკებში კაბალურ პირობებში, 10 000 ლარზე იხდიან 18 000 ლარს, 5 000 ლარზე იხდიან 9000 ლარს, ფაქტობრივად ორჯერ უფრო მეტს, ვიდრე სესხს იღებენ და ამ ქვეყანაში ვისაც შეუძლია სამუშო ადგილების შექმნა და ინვესტიციების მოზიდვა ეს ადამიანი უსამართლოდ არის ციხეში“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“მსურს გულწრფელად მოგილოცოთ” – ჩინეთის პრემიერ-მინისტრი ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძეს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერ-მინისტრი, ლი ჩიანგი, ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

როგორც ლი ჩიანგი ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში აღნიშნავს, ის მზად არის, საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრთან ერთად იმუშაოს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

“თქვენო აღმატებულებავ,

მოხარული ვარ, რომ თქვენ მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შესახებ შევიტყვე. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობისა და ასევე ჩემი სახელით, მსურს, გულწრფელად მოგილოცოთ.

ამჟამად, ჩინეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ჯანსაღ იმპულსს იძენს, მყარდება ორმხრივი პოლიტიკური ნდობა, ” ერთი სარტყელი, ერთი გზის” თანამშრომლობა სტაბილურად პროგრესირებს და საერთაშორისო ურთიერთობებში კოორდინაცია უფრო მჭიდრო ხდება.

მზად ვარ, თქვენთან ერთად, თანამშრომლობა გავაღრმაოთ ჩინეთსა და საქართველოს შორის, რათა ერთობლივი ძალისხმევით, ხელი შევუწყოთ ორმხრივი კავშირების შემდგომ განვითარებას.

საქართველოს ვუსურვებ კეთილდღეობას და ქართველ ხალხს ბედნიერებას და ჯანმრთელობას.” – ნათქვამია ჩინეთის პრემიერ-მინისტრის წერილში.

მთავრობის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური სათათბირო შეიკრიბა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ინტერრელიგიური სათათბიროს მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ებრაელთა კავშირის, მუსლიმთა სამმართველოს, ლათინ კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაციის, ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიის, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ბაპტისტური ეკლესიების კავშირის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ამის შესახებ ინფორამციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე იმყოფებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის ა.შ.შ-სა და კანადის სამმართველოს მრჩეველი, კონსტანტინე კაპანაძე.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის, ზაზა ვაშაყმაძის განმარტებით, შეკრების მიზეზი გახდა ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიისა და „ხსნის არმიის” წერილები რელიგიის სააგენტოსადმი, რომელშიც რელიგიური ორგანიზაციების ლიდერები სააგენტოს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან და საკონსულოსთან შუამდგომლობას, კერძოდ, ვიზების მიღების პროცედურაში დახმარებას თხოვდნენ.

„კონკრეტულად, ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიისა და „ხსნის არმიის” წარმომადგენლები ვერ იღებენ ვიზას, რის გამოც რელიგიური ორგანიზაციებს ზიანი ადგებათ საერთაშორისო ურთიერთობების გაღრმავება-განვითარების თვალსაზრისით“,- აცხადებს ვაშაყმაძე.

ინტერრელიგიური სათათბიროს წევრი რელიგიური ორგანიზაციების ლიდერებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები და დამოკიდებულება ხსენებული საკითხის მიმართ.

„როგორც გაირკვა, ანალოგიური პრობლემა მეტ-ნაკლებად, ბევრ მათგანს შეეხო. მათ თხოვნით მიმართეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს, დაეხმაროს საკითხის მოგვარებაში.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ გამოთქვა მოსაზრება, შედგეს და რელიგიის სააგენტოს მიეწოდოს სხვადასხვა რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა სია, რომელშიც აღნუსხული იქნება მხოლოდ ის სასულიერო პირები, რომლებსაც კონკრეტულ რელიგიურ ორგანიზაციაში საგარეო ურთიერთობებისთვის უცხოეთში, კერძოდ, ა.შ.შ-ში მოგზაურობა მოუწევს. ერთობლივი სია, საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, გადაეცემა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საკონსულოს, რამაც, შესაძლოა, დადებითი როლი შეასრულოს პრობლემის მოგვარებაში“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

“სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას” – ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

„პატივცემულო პრემიერ-მინისტრო, მსურს გულითადად მოგილოცოთ. სიხარულით ველი თქვენთან მუშაობას, რათა კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ურთიერთობები და წინ წავწიოთ საქართველო ევროკავშირის გზაზე.

იღბალს და წარმატებებს გისურვებთ თქვენი უფლებამოსილების განხორციელებაში“, – ნათქვამია ოლაფ შოლცის მისალოცში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.

84 ხმით, 10-ის წინააღმდეგ – ასეთი შედეგით დამტკიცდა მინისტრთა კაბინეტი, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს.

“ირაკლი კობახიძის მთელი საქმიანობა მიმართული იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის, ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ”

„დარწმუნებული ვარ ირაკლი კობახიძის არამარტო ბრიუსელის ვიზიტი, არამედ მისი მთელი საქმიანობა მიმართული იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის, ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ.“-წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტის თქმით, ამის საფუძველს მის მიერ განვლილი პოლიტიკური გზა გვაძლევს, რაც მომავალშიც უფრო წარმატებული იქნება!

„დარწმუნებული ვარ ირაკლი კობახიძის არამარტო ბრიუსელის ვიზიტი, არამედ მისი მთელი საქმიანობა მიმართული იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის, ქვეყნის სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისკენ. ამის საფუძველს კი მის მიერ განვლილი პოლიტიკური გზა გვაძლევს, რაც მომავალშიც უფრო წარმატებული იქნება!“-წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

“ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის” – ირაკლი კობახიძე

ბრიუსელში გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის.

„მას შემდეგ, რაც მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, კიდევ უფრო მეტად უნდა გავააქტიუროთ ჩვენი თანამშრომლობა. გვექნება აქტიური კონსულტაციები ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროკავშირთან. დეტალურად განვიხილავთ ასოცირების დღის წესრიგის საკითხებს, მათ შორის განვიხილავთ ცხრა პუნქტის შესრულების გეგმას, ყველა თემაზე გვექნება საუბარი. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაციისთვის. აქეთკენ იქნება მიმართული მთავრობის საქმიანობა“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე პირველი ვიზიტით ბრიუსელში ჩავა. ბრიუსელში ვიზიტი 20-21 თებერვალს შედგება.

ირაკლი კობახიძემ მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოსცა

მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ირაკლი კობახიძესა და მთავრობის  შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გამოსცა ბრძანება მინისტრების თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბრძანების გამოცემიდან ყველა მინისტრი ოფიციალურად უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.
პარლამენტმა ირაკლი კობახიძესა და მთავრობის შემადგენლობას ნდობა გუშინ გამოუცხადა.

უცხოური ვალუტის კურსი 10 თებერვლისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6543 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6543 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6573 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0030 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8584 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8632 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

“ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით პროცესების განვითარების შესაძლებლობას”

ბევრად უფრო რთულ პერიოდში მოვახერხეთ სტაბილურობის შენარჩუნება, ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით პროცესების განვითარების შესაძლებლობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ჟურნალისტებმა კობახიძეს კითხვა დაუსვეს მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა: „სალომე ზურაბიშვილის ადგილზე რომ ვიყო, სახალხო პლატფორმას გამოვიტანდი ქუჩაში, რუსთაველის გავსება შესაძლებელია“.

კობახიძის თქმით, „ეს არის ღია ალიანსი სალომე ზურაბიშვილსა და „ნაცმოძრაობას“ შორის“.

„სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ასე, არც ისე, ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, პროცესების ქუჩაში გადასვლის შესაძლებლობა არ არსებობს.

„ამის რესურსი არ არსებობს. მთავარია, ჩვენ უზრუნველვყოთ ქვეყნის სტაბილურობა, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. ჩვენ მოვახერხეთ, მთელი ამ წლების განმავლობაში, ბევრად უფრო რთულ პერიოდში, შეგვენარჩუნებინა სტაბილურობა. ვპირდებით საზოგადოებას, რომ არავის მივცემთ სხვა სცენარით ქვეყანაში პროცესების განვითარების შესაძლებლობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

“სააკაშვილის განცხადება, რომ „რუსთაველის გავსება შესაძლებელია“, დესტაბილიზაციისკენ მოწოდებაა” – არჩილ თალაკვაძე

ვინც პატიმრობაში არ არის, რუსთაველზე გასეირნების უფლება ყველას აქვს! – სააკაშვილს აქვს გარე მხარდაჭერაც და გამორიცხული არ არის სწორედ ის გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს.

თალაკვაძის თქმით, მისი განცხადება, რომ „რუსთაველის გავსება შესაძლებელია“, დესტაბილიზაციისკენ მოწოდებაა და „მეორე სერია იქნება ის, რომ მოუწოდებს თავს დაესხან სახელმწიფო ინსტიტუტებს“.

„ვინც პატიმრობაში არ არის, რუსთაველზე გასეირნების უფლება ყველას აქვს! მისი განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსთან, რომელიც მუდმივად ცვლის თავის პოზიციას. ხან ამბობს, რომ იმდენად ავად არის, ვეღარ აფასებს სიტუაციას, ხან პოლიტიკას ემიჯნება, ხან უკრაინის პოლიტიკაშია, ხან საქართველოში ჩრდილიდან მართავს თავის პარტიას და დღეს უკვე გამოაცხადა, რომ კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” და მისი პოლიტსაბჭოს ლიდერი ვიქნებიო. უკიდურესად არასერიოზული და არათანმიმდევრულია მისი განცხადებები. პარტიის თავმჯდომარის პოზიციიდან ისეთმა ადამიანებმა გადააყენეს, რომლებსაც თვითონ ჩააცვა და მოიყვანა პოლიტიკაში გაუგებარი სივრციდან, არც გამოცდილებით, არც გაკეთებული საქმით რომ არ იმსახურებენ, არათუ ამ დიდი ოპოზიციური პარტიის, არამედ არც ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერობას, ისეთმა ადამიანებმა ჩამოართვეს სააკაშვილს თავმჯდომარეობა, გავლენები და მისი პოლიტიკური მემკვიდრეობის გაყოფა დაიწყეს. მას ახლა სჭირდება ყოველდღიურად დაამტკიცოს, რომ ისევ ლიდერია და აკეთებს განცხადებებს, რომლითაც მედიის ყურადღების ცენტრში ექცევა. მას სურს ოპოზიციური არხების პირველი ამბავი და ნიუსი თვითონ იყოს. საზოგადოებას მინდა ვუთხრა, რომ არსებობენ ბნელი ძალები, რომლებიც ცდილობენ სააკაშვილი დააბრუნონ პოლიტიკაში და ამისთვის არც ერთი მეთოდის გამოყენებას არ მოერიდებიან. მისი განცხადებებიც ამაზე მეტყველებს, რომ მას აქვს გარე მხარდაჭერაც და არ არის გამორიცხული, სააკაშვილმა დაიბრუნოს გავლენები „ნაციონალურ მოძრაობაში“ და სწორედ ის გახდეს კოლექტიური რადიკალური ოპოზიციის გაერთიანებული ფრონტის ხელმძღვანელი. ამაში ვერავინ შეუშლის ხელს, რადგან ეს ადამიანები მისი ქვეშევრდომები არიან, რომელსაც ერთპარტიულად და ერთპიროვნულად მართავდა ამდენი წელი. ეს იყო ყოველთვის ერთი კაცის პარტია და ახლა ეს ერთი კაცი ამბობს, დავბრუნდები ბორდის თავმჯდომარედო,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

ინფორმაციისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო ჩართვისას განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადგილას, სახალხო პლატფორმას რუსთაველზე გადაიტანდა. “არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი – იპოდრომი, რომელიც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია. თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.