„საკუთარი ავტომობილით დაეჯახა ქვეითს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა“ – შსს-ს თანამშრომელი დააკავეს

87
spot_img

დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე, საქართველოს პროკურატურამ ერთი პირი დააკავა.

უწყების ცნობით, დაკავებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, რომელიც შემთხვევის დროს საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა:

„შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა.

თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინება.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.