Home Blog Page 1667

,,ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა”- თიბისი კაპიტალი

ივლისის ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 5.5%-ით განისაზღვრა. ამ ეტაპზე, ეკონომიკური აქტივობის შედარებით ნორმალიზების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი საექსპორტო კატეგორიაში საერთაშორისო სასაქონლო ფასების შემცირებაა. მიგრაციის ეფექტს რაც შეეხება, თიბისი კაპიტალის შეფასებით, ზეგავლენა – წელსაც პოზიტიური, თუმცა გასულ წელთან შედარებითგაცილებით ნაკლები იქნება.

გრძელდება ტრადიციული ტურიზმის აღდგენა. ბელარუსიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან ვიზიტორების გარეშე, მიმდინარე წლის მე-2 კვარტალში წლიურმა მატებამ 63% შეადგინა და ძირითადი წილი თურქეთსა და ევროკავშირზე მოდიოდა.

სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების, იმპორტის, საკრედიტო აქტივობისა და ბიუჯეტის დეფიციტის საპროგნოზო პარამეტრების გათვალისწინებით, 2023 წლისათვის ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის საბაზო სცენარი დაახლოებით 7%-ს შეადგენს.

გაეცანით პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე.

 

„ნაცმოძრაობაში“ ერთმანეთის ნაძარცვ ფულს ვერ იყოფენ” – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არა გაჯანსაღების, არამედ დაშლის პროცესი მიმდინარეობს.

ამასთან, მდინარაძის თქმით, პარტიაში მყოფი ადამიანები თავიანთი პატრონების დავალებების შესაბამისად მოქმედებენ და როგორც დააჯგუფებენ, ისე გადალაგდებიან.

„ვინ ეკითხებათ, ვინ ვისკენ იქნება? რასაც დაავალებენ, იმას გააკეთებენ. არცერთ მათ ტელევიზიას არ ეკითხება, ვისკენ იქნება, ისევე, როგორც ე.წ. პოლიტიკოსებს. მათ როგორც დააჯგუფებენ პატრონები, ისე გადალაგდებიან. ჩოხატაურში ჩავარდნენ და ერთი თავისიანს ლობირებდა, მეორე – თავისიანს და გაწევ-გამოწევა იყო. ისინი ამას გაჯანსაღების პროცესად ფუთავენ და ამაზე ვიმსჯელოთ? კი არ გაჯანსაღდნენ, დაიშალნენ, ჩამოიშალნენ და ერთმანეთის ნაძარცვ ფულებს ვერ იყოფენ. საინტერესოა, რომ მათ ერთი პატრონი ჰყავთ და საარჩევნოდ ის დაალაგებთ, დავალებებს მისცემენ და ასე იმოქმედებენ. მათ არავინ ეკითხებათ, საით იქნებიან. რომ დაავალონ, გახარია, ხაბეიშვილი, ვაშაძე ერთად იქნებიან“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო კეთილდღეობისთვის – საქართველოში ჩინეთის ელჩი

ლოგისტიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ჩინეთსა და ევროპას შორის ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისთვის, შუა დერეფანი მნივნელოვანია ჩინეთ-ევროპის ლოგისტიკისთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, მხოლოდ ჩრდილოეთის ხაზი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

ელჩის განცხადებით, შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა.

„ეს ნიშნავს, რომ ტრანსპორტირების უსაფრთხოება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ, შუა დერეფანი, შესაძლოა, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა, ჩვენ გვსურს, სარგებელი მივიღოთ ტურიზმიდანაც. როგორც ჩინეთში ვამბობთ, თუ გინდათ, გამდიდრეთ, პირველ რიგში, ააშენეთ გზები. ასე რომ, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ელჩმა.

ამასთან, როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, კონფერენცია, რომელიც დღეს თბილისში იმართება, ეხება „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივის მეათე წლისთავს, ჩინეთის მოდერნიზაციას და ახალ შესაძლებლობებს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებში.

„ეს ძალზეც მნიშვნელოვანია, რადგან სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ გამოაქვეყნეს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, კონტაქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება შუა დერეფანს, „ერთ გზას და ერთ სარტყელს“, რომელიც გაძლიერდა ახალ დონემდე. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 7 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6268 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6268 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6279 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8209 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8239 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0030 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

,,არ გამკვირვებია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად”- მდინარაძე

არ გამკვირვებია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად. კი არ მივიდა, სულ მაგასთან ერთად არის, სულ მაგათთან ერთად ითხოვს ხან საქართველოს დასანქცირებას, იმ ადამიანების დასანქცირებას, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებები აქვს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირველ რიგში. რაც უფრო მეტი დამსახურება აქვს ადამიანს ქვეყნის წინაშე, მით უფრო მძლავრია მათი მცდელობის ხარისხი, რომ დასანქცირდეს ასეთი ადამიანი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, შეხვედრაზე, სადაც „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას განიხილავდნენ, გიორგი გახარიაც მივიდა.

მამუკა მდინარაძის თქმით, გიორგი გახარია რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, პარადოქსიც არ ჰქვია, ამას ჰქვია რაღაცის პიკი, რომელ რაღაცას ჩვეულებრივ, ისეთ სიტყვას ვერ დაარქმევ, რაც კამერის წინ ითქმება

მისივე თქმით, ეს არ არის დიდი მოულოდნელობა, რადგან „გახარიას პარტია არის ის ორგანიზაცია, რომელიც წინა არჩევნებზე ცდილობდა, რამენაირად 43%-ს ქვევით ჩამოსულიყო „ქართული ოცნების“ რეიტინგი და შესაბამისი საარჩევნო შედეგი.

„გახარიას პარტია არის ის პარტია, რომელიც მესიჯბოქსში ხშირად იყენებს სიტყვას – ნაცქოცური, ამ დროს „ნაცმოძრაობასთან“ საკრებულოში, სადაც შეუძლიათ, კოალიცია აქვთ დალაგებული. წარმოიდგინეთ, პარტიის წარმომადგენელი, რომელსაც იმ საკრებულოებში, სადაც წარმომადგენლები ჰყავს, კოალიცია აქვთ დალაგებული „ნაცმოძრაობასთან“ და „ნაცმოძრაობასთან“ წარმოსახვით კავშირზე ლაპარაკობენ ხოლმე „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში. ამას ხომ შუბლის ძარღვიც უნდა, გაწყვეტილი შუბლის ძარღვი ამას ვერ იზამს, გაგლეჯილი უნდა იყოს, არც არასდროს უნდა არსებულიყო ალბათ, რომ შენ კოალიცია გქონდეს ვიღაცასთან დალაგებული და იმასთან კონტაქტს „ქართულ ოცნებას“ აბრალებდე. ამიტომ, არ გამკვირვებია თქვენი ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია მივიდა ვაშაძესთან და ხაბეიშვილთან ერთად. კი არ მივიდა, სულ მაგასთან ერთად არის, სულ მაგათთან ერთად ითხოვს ხან საქართველოს დასანქცირებას, იმ ადამიანების დასანქცირებას, ვისაც ამ ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურებები აქვს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პირველ რიგში. რაც უფრო მეტი დამსახურება აქვს ადამიანს ქვეყნის წინაშე, მით უფრო მძლავრია მათი მცდელობის ხარისხი, რომ დასანქცირდეს ასეთი ადამიანი. რაც უფრო ქართველი ხარ მენტალურად, მით უფრო გებრძვიან, რაც უფრო მეტად ცდილობ, რომ შენს ქვეყანაში მიიღებოდეს შენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები, მით უფრო გებრძვიან და გემუქრებიან სანქციებით. ამ შედეგებზე ზრუნავენ, მაგრამ ვერ მიაღწევენ, იმიტომ, რომ არ შეიძლება, რომელიმე თეორიულ გათვლაში, საქართველოში ქართველმა ხალხმა დაუშვას, რომ დაიჩაგროს ლიდერი იქნება თუ სხვა ნებისმიერი ადამიანი იმის გამო, რომ მას პრიორიტეტად აღებული ჰქონდა ეროვნული ინტერესი, მიუხედავად ათასგვარი სპეკულაციური დაბრალებისა, მას პრიორიტეტად ჰქონდა რეალური და ჭეშმარიტი ევროპელობა, მას პრიორიტეტად ჰქონდა აღებული ღირებულება. ამისთვის ვერ დავიჩაგრებით და ვერ დავისჯებით, ამის მცდელობები რა თქმა უნდა არის და ამ მცდელობაში თანამონაწილე, თქვენი ინფორმაციის თანახმად, აღმოჩნდა გიორგი გახარიაც. გიორგი გახარია რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ითხოვს, პარადოქსიც არ ჰქვია, ამას ჰქვია რაღაცის პიკი, რომელ რაღაცას ჩვეულებრივ, ისეთ სიტყვას ვერ დაარქმევ, რაც კამერის წინ ითქმება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,მოსკოვი დეტალურად გააანალიზებს ამ ცნობას და სიტუაციას დააკვირდება”- პესკოვი

სომხეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დაგეგმილი ერთობლივი სამხედრო წვრთნების გამო რუსეთმა შეშფოთება გამოთქვა. კრემლის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, არსებულ ვითარებაში, ასეთი წვრთნების შესახებ ინფორმაცია შეშფოთების საგანია.

„მოსკოვი დეტალურად გააანალიზებს ამ ცნობას და სიტუაციას დააკვირდება“, – განაცხადა პესკოვმა.

ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთობლივი სამხედრო წვრთნების შესახებ განცხადება სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურ ვებგვერდზე დღეს გამოაქვეყნა. სამხედრო სწავლება სომხეთის ტერიტორიაზე 11 სექტემბერს დაიწყება და 20 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას -ჩინეთის ელჩი

ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორ მთავრობას შორის წარსულში გაფორმებულ არაერთ დოკუმენტშია აღნიშნული, – ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, თუ რატომ არ არის მკაფიო ჩანაწერი ჩინეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შესახებ ორ ქვეყანას შორის ახლად გაფორმებულ სტრატეგიული თანამშრომლობის დოკუმენტში.

„ვფიქრობ, ეს გამიზნულად შეცდომაში შეყვანის მცდელობა. ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ეს ორ მთავრობას შორის წარსულში გაფორმებულ არაერთ დოკუმენტშია აღნიშნული. აქვე ყურადღებას გავამახვილებდი იმაზე, თუ რატომ უჭერს მხარს საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“. აღნიშნული იმიტომ ხდება, რომ ინიციატივის უმნიშვნელოვანესი ნაწილი გაეროს წესდების პატივისცემაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამიტომაა საქართველო „გლობალური უსაფრთხოების ინიციატივის“ წევრი. შესაბამისად, იმაზე საუბარი რომ იქ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოხსენიებული არაა, გამიზნულად შეცდომაში შეყვანაა“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

“მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა”-ანდრია გვიდიანი

პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება” და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ორგანიზებით, დაძმობილების პროექტის შუალედური ღონისძიება გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა – მარკ ჰედლიმ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – პაველ ჰერჩინსკიმ.

ღონისძიების სტუმრებს მიმართა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა. მან ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მნიშვნელობაზე საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების და საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით.

„პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბიუჯეტის დაგეგმვის და მისი შესრულების ეფექტური ანალიზი. ამასთან, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა. შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მისი დანერგვა ჩვენი შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენს”,- განაცხადა ანდრია გვიდიანმა. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტირებისა და ზედამხედველობის პროგრესი CESEE რეგიონში, რის შესახებაც ისაუბრა CESEE ქვეყნების ბიუჯეტის უფროს საჯარო მოხელეთა ქსელის ხელმძღვანელმა ბრაიან ფინმა.

“ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში”-ჩინეთის ელჩი საქართველოში

ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართ გვაქვს ინტერესი, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა კონფერენციის ფარგლებში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზოგადად რომ ვთქვათ, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის, „სარტყელისა და გზის“ და „შუა დერეფნის“ მიმართ ჩვენ, ჩინეთის კომპანიებსა და ჩინურ საწარმოებს გვაქვს ინტერესები. ჩვენ თუ გვაქვს კარგი პირობები, ჩინურ კომპანიებს არ აქვთ პრობლემა, ჩაერთონ ანაკლიის პორტის მშენებლობაში ან სხვა პროექტებში“, – განაცხადა ჭოუ ციენმა.

საქართველოში ჩინეთის საელჩოს ორგანიზებით, თბილისში იმართება კონფერენცია თემაზე – „ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ათი წლისთავი, ჩინეთის გზა მოდერნიზაციისკენ, ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობის განვითარების შესაძლებლობები“.

“ჩინეთი და საქართველო დამოუკიდებელი ქვეყნები არიან- ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი”-ჭოუ ციენი

ჩინეთი და საქართველო, ორივე, დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. ჩვენ გვაქვს უფლება, გავაკეთოთ არჩევანი, ვინ არის ჩვენი პარტნიორი, ვინ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ჩინეთსა და ევროკავშირს ასევე აქვთ სტრატეგიული პარტნიორობა.

„ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩინეთსა და ევროკავშირის გარეშე შუა დერეფანში წარმატებას ვერ მივაღწევთ. რატომ? იმიტომ, რომ შუა დერეფანში მნიშვნელოვანია ლოგისტიკა ჩინეთსა და ევროკავშირს შორის. ეს არის საწარმოო ძალა და ის საქონელი, რასაც ჩინეთი აწარმოებს, ასევე სამომხმარებლო სივრცე ევროკავშირში. ეს ნიშნავს, რომ ჩინეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერის გარეშე შუა დერეფანში წარმატება არ იქნება. მაქვს ინფორმაცია, რომ ევროკავშირი შუა დერეფანში ძალიან აქტიურია და ვფიქრობ, რომ ეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობისთვის. ეს პრობლემა არ არის საქართველოსთვის, შესაძლოა, პირიქით“, – განაცხადა საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა.

“ნაციონალური მოძრაობა“ გამოჯანმრთელების გზას ადგას, რადგან ჩვენ ბევრი რამ გადავაფასეთ”- დავით ხაჯიშვილი

სამწუხაროა ჩვენი ზოგიერთი მხარდაჭერის შეფასება. არ ვიტყვი, რომ ეს კარგია, ის პროცესები, რაც იყო, ნაწილობრივ დამაზიანებელი იყო, როცა ჩვენი ცალკეული ლიდერები თუ პარტიის წევრები პირდაპირ პარტიაზე გადავიდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვინც კრიტიკულად აფასებს ამა თუ იმ პროცესს, რამდენიმე თვეში თავიანთ პოზიციას გადააფასებენ.

„ახლა პარტია სწორ გზას ადგას, გამოჯანმრთელების გზას, რადგან ჩვენ ბევრი რამე გადავაფასეთ, შევისწავლეთ და უკვე ვძლიერდებით იმ დონემდე, რომ, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, „ქართული ოცნების“ დამარცხება შეგვიძლია. დარწმუნებული ვარ, ვინც კრიტიკულად აფასებს ამა თუ იმ პროცესს, რამდენიმე თვეში თავიანთ პოზიციას გადააფასებენ. დავსუსტდით და ახლა ვძლიერდებით. ყველა გამოცდილ კადრს, ვინც ქართულ პოლიტიკაშია და ჩვენი ქვეყნისთვის ბევრი აქვს გაკეთებული, რა თქმა უნდა, ჩვენს რიგებში ველოდებით. მათ შეცდომები აღიარეს და შემდეგ დაუბრუნდნენ პარტიას. ჩვენ მეორე შანსის გვჯერა და ჩვენს თანამებრძოლებს მეორე შანსს ვაძლევთ. რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის სტატუსს, 2016 წელს პარტიიდან ბოკერია გავიდა და დღეს ვხედავთ, რომ განულებული არიან. ეს აღწერა სააკაშვილმა და ეს ფაქტია. ვინც მასთან ერთად გავიდა, მათ შეცდომები გადააფასეს“, – განაცხადა ხაჯიშვილმა.

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ ინფორმაციას ორივე პარტიის პრესსამსახურები ავრცელებენ.

„ჩვენ გვაერთიანებს:

– ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან;

– მომავლის მკაფიო ხედვა;

– მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით.

ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – ნათქვამია პარტიების პრესსამსახურების ინფორმაციაში.