“მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა”-ანდრია გვიდიანი

67
spot_img

პარლამენტში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ,,საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება” და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ორგანიზებით, დაძმობილების პროექტის შუალედური ღონისძიება გაიმართა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, აშშ-ის კონგრესის საბიუჯეტო ოფისის მთავარმა ოპერაციულმა ოფიცერმა – მარკ ჰედლიმ და ევროკავშირის ელჩმა საქართველოში – პაველ ჰერჩინსკიმ.

ღონისძიების სტუმრებს მიმართა პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ახალმა ხელმძღვანელმა ანდრია გვიდიანმა. მან ყურადღება გაამახვილა ღონისძიების მნიშვნელობაზე საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების და საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარების კუთხით.

„პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბიუჯეტის დაგეგმვის და მისი შესრულების ეფექტური ანალიზი. ამასთან, მნიშვნელოვანია საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში გაძლიერდეს და მეტად ეფექტური გახდეს საბიუჯეტო ოფისის მუშაობა. შესაბამისად, საბიუჯეტო ოფისის განვითარებისთვის ევროპული საუკეთესო გამოცდილების გაზიარება და მისი დანერგვა ჩვენი შეხვედრის ძირითად მიზანს წარმოადგენს”,- განაცხადა ანდრია გვიდიანმა. საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ევროკავშირის წარმომადგენლებს ეფექტური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაზე ხაზგასმით აღინიშნა ბიუჯეტირებისა და ზედამხედველობის პროგრესი CESEE რეგიონში, რის შესახებაც ისაუბრა CESEE ქვეყნების ბიუჯეტის უფროს საჯარო მოხელეთა ქსელის ხელმძღვანელმა ბრაიან ფინმა.