Home Blog Page 1666

პოლონეთიდან საქართველოს 15 მოქალაქე დაადეპორტეს

პოლონეთის სასაზღვრო გვარდია წერს, რომ საქართველოს 15 მოქალაქის დეპორტაცია ჩაატარეს და მოქალაქეობის ქვეყანაში დააბრუნეს.

უწყების განცხადების მიხედვით, დეპორტირებული პირებიდან 3 საფრთხეს წარმოადგენდა პოლონეთის სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო წესრიგისთვის, ხელს უწყობდნენ საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევებს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურმა 15 ადამიანი საქართველოში ჩარტერული რეისით დააბრუნა.

განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ოპერაცია ჩატარდა ევროკავშირის სასაზღვრო უსაფრთხოების სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით, “Collecting Return Operation”-ის ფორმულის ფარგლებში. საქართველოს მოქალაქეების გარდა ჩატარდა იმ უცხოელების დეპორტაცია, რომლებიც პოლონეთში შევიდნენ გერმანიიდან, შვედეთიდან, ესპანეთიდან და ჩეხეთიდან.

ამას გარდა, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მსგავსი დეპორტაციის ოპერაცია სასაზღვრო გვარდიამ 2023 წლის ოქტომბერშიც ჩაატარა და საქართველოში 10 მოქალაქე დააბრუნა.

,,დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება”- მაია სანდუ

არ გამოვრიცხავ, რომ მომავალ რამდენიმე წელიწადში დნესტრისპირეთის პრობლემის მოგვარების “გეოპოლიტიკური შესაძლებლობა” გაჩნდება, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ტელეარხ Moldova 1-თან საუბარში განაცხადა.

“ჩვენთვის ძირითად მიზნად ჯერ კიდევ რჩება ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება. საკითხების ეტაპობრივად მოგვარებას ვცდილობთ, განსაკუთრებული ხმაურის გარეშე…

მარცხენა სანაპიროს [დნესტრისპირეთის] მაცხოვრებლებს ასევე მშვიდობა სურთ, ახლა შეშინებულები არიან, ვინაიდან რეგიონი უკრაინას ესაზღვრება. უკვე ვნახეთ ომის დასაწყისში ახალგაზრდა ადამიანები როგორ გადმოდიოდნენ მარცხენა სანაპიროდან მარჯვენაზე, იმის შიშით, რომ უკრაინის წინააღმდეგ საომრად გაგზავნიდნენ. იქ ისევე სურთ მშვიდობა, როგორც აქ.

ევროინტეგრაციის [დადებითი] ეფექტების დემონსტრირებას მოვახდენთ – და ვერ წარმოვიდგენ, იქ როგორ შეიძლება თქვან უარი ევროინტეგრაციაზე,” – განაცხადა სანდუმ.

მოლდოვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძირითად პრობლემად დნესტრისპირეთში რუსი სამხედროების ყოფნა რჩება.

“ვხედავთ, “კრემლის მსახურები” აქ დილიდან საღამომდე როგორ გამოხატავენ შეშფოთებას მოლდოვის ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით. მაგრამ მოლდოვის ნეიტრალურ სტატუსს მხოლოდ რუსეთის ფედერაცია არღვევს. არც ერთი სხვა ქვეყანა არ არღვევს ნეიტრალიტეტს,” – განაცხადა სანდუმ.

„ღვინის ეროვნული სააგენტო“ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2023 წელს სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 59 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 286 ნიმუშში დარღვევა 49-ში აღმოჩნდა.

„საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 66 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 1 332 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 51-ში. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება 74 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 601 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 27-ში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 289 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 1 3091 ნიმუში; აქედან, 12 584 ნიმუში შეფასდა დადებითად, 507 – უარყოფითად.

ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ. 2023 წელს ადგილობრივი ბაზრისთვის გაცემულია 7 874 სერტიფიკატი. 2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე, სარეალიზაციო პუნქტებში, ინსპექტირების პროცესი კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.

,,ზურაბიშვილს ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს”- ბექა ოდიშარია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებს, რომელსაც ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცია.

„სტრატეგიული პარტნიორის მიმართ ასეთი დუმილი, პრაქტიკულად, დემარშს დავარქმევდი, ეს არის მორიგი დესტრუქცია და საქართველოს პრეზიდენტს, თუ ის მართლაც ქვეყნის პრეზიდენტია და არა ოპოზიციის, ასეთი რამ არ შეშვენის. ვფიქრობ, ეს ყოველგვარ ეტიკეტს, ურთიერთობების ყოველგვარ ფორმას უხეშად სცდება და ორ ხალხს შორის, ვფიქრობ, გარკვეულ ბზარს აჩენს“, – აღნიშნა ოდიშარიამ.

სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.

,,საპრეზიდენტო ოფისში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის ყოველი დღე არის ერთგვარი ხათაბალა ჩვენი ქვეყნისთვის”- გია ცაგარეიშვილი

საპრეზიდენტო ოფისში სალომე ზურაბიშვილის ყოფნის ყოველი დღე არის ერთგვარი ხათაბალა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

„ევროკავშირის პრეზიდენტმაც კი მიულოცა ილჰამ ალიევს გამარჯვება, არ დაახანა ბატონმა შარლ მიშელმა, მაგრამ რატომღაც ქალბატონმა ზურაბიშვილმა გადაწყვიტა, რომ მას ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები აქვს მოსაგვარებელი ქვეყნის შიგნით, ვიდრე ის, რომ მეზობელ ქვეყანას დიდი წარმატება მიულოცოს და ბატონ ალიევს მიულოცოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევა“, – აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს.

აშშ უკრაინის მხარდაჭერას იმ შემთხვევაშიც გააგრძელებს, თუ პრეზიდენტი ტრამპი გახდება – არახამია

აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის ხელმეორედ არჩევის შემთხვევაშიც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ“. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქციის „ხალხის მსახურის“ ლიდერმა დავით არახამიამ განაცხადა. ინფორმაციას “უნიანი“ ავრცელებს.

„აშშ-ში არსებობს სისტემები, დეპარტამენტები და სამსახურები, რომლებიც ბალანსს იცავენ. არა მგონია, რომ დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემთხვევაში რაიმე შეიცვალოს, თუმცა უმნიშვნელო რისკები არსებობს“, – განაცხადა დავით არახამიამ.

არახამიას თქმით, აშშ-ის სენატსა და კონგრესში უკრაინის მხარდაჭერის ორპარტიული სისტემა არსებობს. „უკრაინას „რესპუბლიკელებიც“ და „დემოკრატებიც“ მხარს უჭერენ. ეს ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ისინი პოლიტიკოსები არიან და საკუთარი ამომრჩევლის აზრს ითვალისწინებენ“, – განაცხადა მან.

უკრაინელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ უკრაინისთვის დახმარების გამოყოფის საკითხზე აშშ-ში ჩატარებული კვლევები  მიუთითებს, რომ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა უკრაინას აგრესიის მსხვერპლს უწოდებს და მისთვის დახმარების გაგრძელებას მხარს უჭერს.

არახამიამ იმედი გამოთქვა, რომ თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ის უკრაინის მიმართ დღევანდელ სამართლიან პოლიტიკას გააგრძელებს.

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

თოვლის ნამქერის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ავრცელებს.

ამავე საავტომობილო გზის კმ110-კმ147 (ფარავანი-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ94 (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ბორჯღალოსნებმა ნიდერლანდების ნაკრები დაამარცხეს

საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში ნიდერლანდების ნაკრები ანგარიშით 31:10 დაამარცხა.

შეხვედრა თბილისში, ავჭალის სტადიონზე გაიმართა. მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გიორგი კვესელაძე დასახელდა, რომელმაც ორი ლელო დადო.

2 მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრები 9 ქულით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება.

საარჩევნო კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში, ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი -ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებით პარლამენტი სამართლებრივად გამართულ კანონს მიიღებს.

მისი თქმით, კანონმდებლობაში ყველაფერი უნდა იყოს საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაში.

„ჩვენ ვიღებთ სამართლებრივად გამართულ კანონს. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრინციპი. ყველაფერი უნდა იყოს სამართლებრივად გამართული და შესაბამისობაში საერთაშორისო პრაქტიკასთან“, – აღნიშნა კობახიძემ.

პარლამენტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილება მეორე მოსმენით, 81 ხმით გუშინ მიიღო.

კანონპროექტი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო, იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას ხუთი წლის ვადით დაიწყებენ. თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერცერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ცვლილებების თანახმად, პრეზიდენტს კენჭისყრიდან ერთ კვირაში კონკურსში მონაწილე პირთა სია და საკონკურსო დოკუმენტაცია გაეგზავნება. პრეზიდენტი უფლებამოსილი იქნება, აღნიშნული სიისა და დოკუმენტაციის მიღებიდან ერთ კვირაში სიაში შემავალ პირთაგან ხუთი წლის ვადით დანიშნოს კანდიდატები.

ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა უქმდება, რომელზეც ცესკო-ს პარტიულ წევრთაგან ინიშნება პირი და ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს.

გეოლოგების 8 ჯგუფი სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს -გარემოს ეროვნული სააგენტო

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო იმერეთში – მეწყრები.

„6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამ დროისათვის შიდა ქართლში (სოფ. ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნებ აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები.

აღსანიშნავია, ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება“, – აცხადებენ სააგენტოში.

სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც ზომები იქნება მიღებული -ირაკლი კობახიძე

სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე. გავეცანით ადგილზე ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს, ხვალ. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას, პირადად მოვუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.

რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.

10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს

10 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია ეფრემ ასურის ხსენების დღეს აღნიშნავს.
ღირსი ეფრემ ასური, სინანულის მოძღვარი, IV საუკუნის დასაწყისში დაიბადა ქალაქ ნიზიბიაში.
მშობლები ღარიბი მოწათმოქმედები – კეთილმსახურებით ზრდიდნენ შვილს, მაგრამ ეფრემი ფიცხი ბუნების გამო ხშირად ჩხუბობდა, დაუფიქრებლად იქცეოდა და ღვთის განგებულებაშიც კი ეჭვი ეპარებოდა. დაუდევარი ჭაბუკი თვით უფალმა გაწვრთნა: ერთხელ მას ცხვრების მოპარვა დასწამეს და საპყრობილეში გამოამწყვდიეს, სადაც ჩაესმა ხმა, რომელიც სინანულისა და გამოსწორებისაკენ მოუწოდებდა. განთავისუფლების შემდეგ ეფრემი განეშორა ამ ქვეყანას და ნიზიბიის მთებში დაეყუდა. აქ მისი მოძღვარი შეიქნა ცნობილი ასკეტი იაკობი – ნიზიბიის ეპისკოპოსი (ხს. 13 იანვარს). მღვდელმთავრის მადლმოსილი ხელმძღვანელობით ღირსი მამა სხვადასხვა ქრისტიანულ სათნოებას იხვეჭდა და სულიერებაშიც წარემატებოდა. იაკობი მის ღირსებებს ეკლესიის საკეთილდღეოდ იყენებდა: ავალებდა ქადაგებების წარმოთქმას, ბავშვების სწავლებას სასწავლებელში. წმიდანი მოძღვარს თან ახლდა 325 წელს ნიკეაში გამართულ I მსოფლიო კრებაზეც. ეფრემი იაკობის მორჩილებაში იმყოფებოდა 14 წლის განმავლობაში მის აღსასრულამდე.
363 წელს, როცა ნიზიბია სპარსელებმა დაიპყრეს, ეფრემმა დატოვა უდაბნო და ერთ-ერთ მონასტერში დაემკვიდრა ქალაქ ედესის მახლობლად. აქ მის გვერდით მოსაგრეობდნენ დიდი მამები, რომლებიც ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში ატარებდნენ დროს. მათი თავშესაფარი გამოქვაბული იყო, ერთადერთი საკვები კი – მცენარეულობა. ასკეტურ ღვაწლს ღირსი მამა საღვთო წერილის დაუცხრომელ შესწავლას უთავსებდა. უფალმა იგი მოძღვრობის ნიჭით დააჯილდოვა: ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ სულიერი რჩევა-დარიგების მსურველები. ეფრემის ქადაგებებს მსმენელებზე განსაკუთრებული ზემოქმედება ჰქონდა, რადგან ღირსი მამა დარიგებებს საკუთარი თავის მხილებით იწყებდა. წმიდანი მსმენელებს სინანულისაკენ, სარწმუნოებისაკენ და კეთილმსახურებისაკენ მოუწოდებდა, ამხელდა ფართოდ გავრცელებულ არიანელთა ერესს. მისმა მადლმოსილმა სწავლა-მოძღვრებამ მრავალი წარმართი მოაქცია ქრისტეს სჯულზე.
ღირსმა მამამ იღვაწა საღვთო წერილის, კერძოდ კი, მოსეს ხუთწიგნეულის განმარტებისთვის. მას ეკუთვნის მრავალი ლოცვა და საგალობელი. განსაკუთრებით ცნობილია ლოცვები წმიდა სამების, ძე ღვთისას, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიმართ, საგალობლები ათორმეტი საუფლო დღესასწაულის განსადიდებლად. ეფრემ ასურის ლოცვა „უფალო და მეუფეო“ დიდმარხვაში იკითხება და ქრისტიანებს სულიერი განახლებისაკენ მოუწოდებს. ეკლესია უძველესი დროიდანვე ფრიად აფასებდა ღირსი მამის ნაშრომებს; მიღებული იყო მათი კითხვა მართალთა ლიტურღიაზე, სახარების შემდეგ. ეფრემის ნაწერები ადრევე ითარგმებოდა სხვადასხვა ენებზე.
წმიდა მამა, სიმდაბლის გამო, თავს ყველაზე უღირსად თვლიდა. სიცოცხლის მიმწუხრზე იგი ეგვიპტეში გაემგზავრა დიდი მეუდაბნოე მამების ღვაწლის გასაცნობად. უკან გამობრუნებულმა კაბადოკიის კესარიაში გამოიარა, ბასილი დიდთან (ხს. 1 იანვარს). დიდ მღვდელმთავარს მისი ხუცესად კურთხევა უნდოდა, მაგრამ ეფრემმა დაიჟინა და დიაკვნად დაასხა ხელი ღირს მამას. ამ ხარისხში იმყოფებოდა იგი აღსასრულამდე. წმიდა მამას მღვდელმთავრობაც შესთავაზეს, მაგრამ მან, თავიდან რომ აეცდინა ეს მძიმე ჯვარი, სალოსობა დაიწყო. როცა ედესაში საშინელი შიმშილობა მძვინვარებდა, ეფრემმა თავისი შთამაგონებელი სიტყვით მდიდრები გლახაკების დასახმარებლად აღძრა. მორწმუნეთა შემოწირულობით მან დავრდომილთა თავშესაფარი ააგო. შემდეგ კი ედესის მახლობლად, გამოქვაბულში განმარტოვდა და აქ მოღვაწეობდა აღსასრულამდე.
ლოცვა ეფრემ ასურისა

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე (მეტანია).

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა (მეტანია).

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).

ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას და შემიწყალე მე (მცირე მეტანია 12-ჯერ).

უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო, სულსა უქმობისასა და მიმოწვლილველობისასა, მთავრობისმოყვარებისასა და ცუდად მეტყველებისასა ნუ მიმცემ მე.

ხოლო სული სიწმიდისა, სიმდაბლისა, მოთმინებისა და სიყვარულისა მომმადლე მე მონასა შენსა.

ჰე, უფალო და მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა, რამეთუ კურთხეულ ხარ შენ უკუნითი უკუნისამდე, ამინ (მეტანია).