„ღვინის ეროვნული სააგენტო“ ინფორმაციას ავრცელებს

25
spot_img

საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, „ღვინის ეროვნული სააგენტოს“ შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ, – ამის შესახებ აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, 2023 წელს სახელმწიფო კონტროლი და სახელმწიფო ზედამხედველობა, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, 59 კომპანიაში განხორციელდა. აღებულ 286 ნიმუშში დარღვევა 49-ში აღმოჩნდა.

„საანგარიშო პერიოდში, ინსპექტირება 66 კომპანიაში განხორციელდა; აღებული 1 332 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 51-ში. ამასთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების „SGS“ და „Bureau Veritas” მიერ გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ინსპექტირება 74 კომპანიის პროდუქციაზე განხორციელდა. აღებული 601 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 27-ში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმლის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.

საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, 289 დეგუსტაცია ჩატარდა. სულ შემოვიდა 1 3091 ნიმუში; აქედან, 12 584 ნიმუში შეფასდა დადებითად, 507 – უარყოფითად.

ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლის გაძლიერების მიზნით, 2023 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციისთვის განკუთვნილი, საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების სავალდებულო სერტიფიცირების შესახებ. 2023 წელს ადგილობრივი ბაზრისთვის გაცემულია 7 874 სერტიფიკატი. 2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე, სარეალიზაციო პუნქტებში, ინსპექტირების პროცესი კიდევ უფრო აქტიურად განხორციელდება“, – აცხადებენ სააგენტოში.