სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც ზომები იქნება მიღებული -ირაკლი კობახიძე

40
spot_img

სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ ბაღდათში, სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

„ვიყავით სტიქიის, ტრაგედიის ადგილზე. გავეცანით ადგილზე ვითარებას. როგორც იცით, მიმდინარეობს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები. სოფელ ნერგეეთში საჭიროა განსახლება და კომპენსაციები, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დასრულდება დღეს, ხვალ. სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას, პირადად მოვუსამძიმრეთ დაღუპულების ოჯახის წევრებს. ძალიან დიდი ტრაგედია მოხდა.

რაც შეეხება პრევენციას, ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ, რათა მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. ამ შემთხვევაშიც იყო ძალიან რთული შემთხვევა, თუმცა ზოგადად, ყველა ზომა იქნება მიღებული იმისათვის, რომ მოხდეს ნებისმიერი ტიპის ბუნებრივი კატასტროფის პრევენცია, სადაც ეს შესაძლებელია“, – განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში ჩავიდა, სადაც სტიქიის შედეგად დაღუპულების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვალს გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა.