„სლოვაკეთი, საპარლამენტო არჩვნების შემდეგ, შეიძლება რუსეთის კიდევ ერთი ევროპელი მოკავშირე გახდეს, – ნათქვამია ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „სლოვაკეთი – რუსეთის სავარაუდო მოკავშირე ევროპაში: არჩევნებში, შესაძლოა, ვიქტორ ორბანის მომხრე რობერტ ფიცომ გაიმარჯვოს“ (ავტორი – ჯონ კამფნერი). გამოკითხვების მიხედვით, 30 სექტემბერს დაგეგმილი არჩევნების წინ რეიტინგით ლიდერობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი რობერ ფიცო, რომელიც აქებს მოსკოვის პოლიტიკას და უნგრეთის პრემიერს ვიქტორ ორბანს ბაძავს.
გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:
სლოვაკეთს ევროკავშირი სერიოზულად არ უყურებს, მაგრამ ამ ქვეყანას სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე ამას ბრიუსელი უყურებს. სექტემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები გავლენას მოახდენს არამხოლოდ სლოვაკეთის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.
თუ გამოკითხვებს დავუჯერებთ, არჩევნებში მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის SMER-ის („კურსი – სოციალ-დემოკრატია“) გამარჯვების შემთხვევაში ქვეყნის მმართველობაში რობერტ ფიცო დაბრუნდება – სწორედ ის პოლიტიკოსი, რომლისთვისაც უნგრელი „ალტერნატიული მემარჯვენეების“ ლიდერი ვიქტორ ორბანი სამაგალითო და მისაბაძ პოლიტიკოსს წარმოადგენს. მოკლედ, სულ მალე ევროკავშირისა და ნატოს შიგნით შეიძლება „სიმშვიდის კიდევ ერთი დამრღვევი“ გაჩნდეს.
როგორც კი რუსეთი უკრაინას თავს დაესხა, სლოვაკეთმა მხარი კიევს დაუჭირა და პრაქტიკულად ყველანირად ეხმარებოდა. სწორედ ბრატისლავამ მისცა კიევს უანგაროდ საბჭოური ავიაგამანდგურებლები. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი მიმდინარე წლის მაისამდე პარტია „დემოკრატების“ წარმომადგენელი – ედუარდ ჰეგერი იყო, ამჟამად კი მთავრობას ლიუდვიგ ოდორი ხელმძღვანელობს. თუ რობერტ ფიცო გახდება პრემიერ-მინისტრი, სლოვაკეთის კურსი 180 გრადუსით შებრუნდება, რუსეთის სასარგებლოდ.
ქვეყანა, რომელშიც სულ ხუთი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, დღეისათვის დასავლეთისა და რუსეთის პოლიტიკური პროპაგანდის ერთგვარ პოლიგონს წარმოადგენს, რომელშიც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებიც არიან ჩაბმულნი, რაც ტავის მხრივ, საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს. მაგალითად, გამოკითხვების შედეგები მოწმობს, რომ სლოვაკეთის მოსახლეობის მხოლოდ 40% თვლის, რომ უკრაინასთან ომში რუსეთი მთავარ პასუხისმგებელს წარმოადგენს.
როცა 1993 წელს ყოფილი ჩეხოსლოვაკია ჩეხეთად და სლოვაკეთად გაიყო, ბრატისლავას კურსი დასავლეთში ეჭვს ბადებდა. სლოვაკეთი ნატოში და ევროკავშირში, სხვებთან შედარებით, საკმაოდ გვიან მიიღეს. ყველას ეგონა, რომ ქვეყანა უკვე დამშვიდდა და სრულად იქნა ინტეგრირებული დასავლეთთან. მაგრამ გამოჩდა რობერტ ფიცო, რომელმაც პოპულისტური ლოზუნგების ქადაგება დაიწყო. იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ორჯერ გახდა – 2006-2010 და 2012-2018 წლებში. იმ პერიოდებში რობერტ ფიცო დასავლეთს კი აკრიტიკებდა, მაგრამ არ არღვევდა საერთაშორისო პოლიტიკაში შექმნილ ბალანსს.
მაგრამ რაც სემდეგ მოხდა, მთელი სლოვაკეთი შეარყია: ახალგაზრდა ჯურნალისტმა იან კუციაკმა კორუფციის ფაქტების გამოკვლევა დაიწყო, რომელთანაც რობერტ ფიცოს მთავრობას ჰქონდა გარკვეული კავშირი. 2018 წლის თებერვალში კი დაქირავებულმა პირებმა ჟურნალისტი იან კუციაკი და მისი საცოლე, არქეოლოგი მარტინა კუშნიროვა დახოცეს. მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლების ფონზე რობერტ ფიცოს მთავრობა იძულებული გახდა რომ გადამდგარიყო.
2019 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, ქვეყნის მეთაური იურისტი ზუზანა ჩაპუტოვა გახდა. ჩატარდა საპარლამენტო არჩევნებიც, ჩამოყალიბდა ახალი მთავრობა, მაგრამ… როგორც კი ხელისუფლება მუშაობას შეუდგა, პანდემია დაიწყო, რასაც თანამდევი პრობლემები მოჰყვა. სლოვაკეთში ოთხ წელიწადში ოთხი პრემიერი შეიცვალა. დღეს ქვეყანა ერთ ადგილს ტკეპნის.
ასეთი სიტუაცია რობერტ ფიცოსათვის სიგნალი გამოდგა, რომ იგი დიდ პოლიტიკაში საოცრად სწრაფად დაბრუნებულიყო. იგი ბაზავს ვიქტორ ორბანს, სულ უფრო მარჯვენა მხარეს იხრება, გმობს „უკრაინელ ფაშისტებს“ და აკრიტიკებს ხელისუფლებას კიევისათვის იარაღის მიწოდების გამო. ახლახანს რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვა „აშშ-ის აგენტია“. ფიცო მხარს უჭერს დონალდ ტრამპს და სოციალურ ქსელში აქტიურობს – ანტიდასავლური პოზიციის გამოხატვის სახით. ამ ყველაფერმა პრეზიდენტის ფიალა აავსო და მან განაცხადა, რომ ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია „ყელში ამოუვიდა“ და უარს ამბობს მეორე ვადით არჩევნებში მონაწილეობაზე.
გამოკითხვების შედეგების თანახმად, რობერ ფიცოს პარტია სლოვაკეთში ყველაზე მეტი პოპულარობით სარგებლობს. მე შევხვდი პარტია „სმერ“-ის ლიდერს ლიუბოშ ბლახას, რომელიც დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარე კონფლიქტს კულტურების გავლენის ამსახველ ომად განიხილავს. „ჩვენ რუსეთ-უკრაინის ომს აშშ-ის ომადაც განვიხილავთ, რომელსაც ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მიწაზე აწარმოებს. დემოკრატია ამ შემთხვევაში არაფერ შუაში არ არის. საქმე ეხება იმას, რომ რუსეთი თავის კულტურულ და ეროვნულ იდენტურობას იცავს [თავის ისტორიულ ტერიტორიაზე], იმ ლიბერალური სიგიჟისაგან, რომლითაც დასავლეთია შეპყრობილი“, – ამბობს პარტიის ლიდერი.
რა თქმა უნდა, სლოვაკეთში მიმდინარე საარცევნო კამპანიამ შედეგად საბოლოო მომენტში შეიძლება სიურპრიზიც მოიტანოს და ყველაზე პოპულარული პარტია ქვეყნის მმართველი არ გახდეს, თუმცა უდაო ის ფაქტი, რომ რობერტ ფიცო „ფერფლისგან აღსდგა“, მსხვილი პოლიტიკური მოთამაშე გახდა და ის პოლიტიკა, რომელსაც მისი პარტია ატარებს, ისევ მოდაშია. ეს ყველაფერი იმას მოწმობს, რომ ევროპის შუაგულში ლიბერალური დემოკრატიის მიმართ რწმენა საკმაოდ შერყეულია.
წყარო