Home Blog Page 1663

კანონით, მკაცრად გაკონტროლდება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, კომერციული მიზნით მოშენება-გამრავლება

სად, როგორ და რა წესის დაცვით იქნება შესაძლებელი ცხოველების გაყვანა, ამ მიზნით მომზადებული კანონპროექტის განხილვა პარლამენტში უახლოეს პერიოდში დაიწყება.

დოკუმენტის მიხედვით ერთიანი ბაზა შეიქმნება, სადაც სავალდებულო იქნება შინაურ ბინადართა დარეგისტრირება. კანონით, მკაცრად გაკონტროლდება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობა, კომერციული მიზნით მოშენება-გამრავლება და სხვადასხვა ორთაბრძოლებში ცხოველების მონაწილეობა.

კანონპროექტის ავტორი პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია.

უკრაინის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, იარაღი გვჭირდება – დანილოვი

უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. უკრაინის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, – აცხადებს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.

ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებდა, რომ უკრაინა 2 თვის განმავლობაში საშინაო რესურსებით სარგებლობას შეძლებდა, თუ აშშ დახმარებას დააყოვნებდა. დანილოვმა RTP-სთვის მიცემულ კომენტარში კი განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია უფრო გართულდება, თუ პარტნიორები იარაღს გონივრულ ვადაში არ მიაწვდიან.

„ჩვენ გვჭირდება იარაღი“, – განაცხადა მან.

დანილოვი ირწმუნება, რომ ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის მიწოდების ჯაჭვმა ბრძოლის ველზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. ამიტომ, თუ დასავლეთი მსგავსი მხარდაჭერით არ უპასუხებს, „სიტუაცია ნამდვილად გართულდება“.

„ფრონტის ხაზზე ძალიან რთული ვითარებაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიტუაცია მარტივია, ეს არის ხალხი, ვისაც არ ესმის რა არის ომი“, – აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.

მან, ასევე, განმარტა, რომ უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება და გააგრძელებს თავისი ტერიტორიების დაცვას, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

დანილოვი დარწმუნებულია, რომ აშშ მალე დაამტკიცებს უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგან სასწორზე რამდენიმე საკითხია: დამოუკიდებლობა, დასავლეთის იმიჯი და მისი ერთიანობა.

„იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები გაიგებენ, რომ საფრთხე ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც მთელი დასავლეთის იმიჯს, ავტორიტეტსა და ერთიანობას…“ – დასძინა დანილოვმა.

,,ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი”- იენს სტოლტენბერგი

ნებისმიერ თავდასხმას ნატო-ზე მოჰყვება ერთიანი და ძლიერი პასუხი, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაშია ნათქვამი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა წერილობით განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადება, რომ ნატოს მოკავშირეებს, რომლებიც, არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.

„ნებისმიერი წინადადება იმის შესახებ, რომ მოკავშირეები ერთმანეთს არ დაიცავენ, ძირს უთხრის მთელ ჩვენს უსაფრთხოებას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ ჯარისკაცებს რისკის ქვეშ აყენებს“, – აღნიშნულია ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებაში.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნატო-ს მოკავშირეებს, რომლებიც არ ასრულებენ თავიანთ ფინანსურ ვალდებულებებს, რუსეთის თავდასხმის შემთხვევაში არ დაიცავს.

”ერთ-ერთი დიდი ქვეყნის პრეზიდენტი ადგა და განაცხადა: ”კარგი, ბატონო, თუ ჩვენ არ გადავიხდით და თავს დაგვესხმება რუსეთი, დაგვიცავთ?”, – აღნიშნა ტრამპმა და დასძინა, რომ აღნიშნული ქვეყნის მეთაურს უთხრა:

„მე ვკითხე, არ გადაგიხდიათ? არა, მე არ დაგიცავთ. ფაქტობრივად, მე მათ წავახალისებდი, გააკეთონ ის, რა ჯანდაბაც უნდათ. თქვენ უნდა გადაიხადოთ. თქვენ უნდა გადაიხადოთ თქვენი გადასახადები“, – აღნიშნა ტრამპმა.

,,ისრაელის შეტევა რაფაჰზე გამოიწვევს ენით აღუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას”- ბორელი

ისრაელის შეტევა რაფაჰზე გამოიწვევს ენით აღუწერელ ჰუმანიტარულ კატასტროფას და მძიმე დაძაბულობას ეგვიპტესთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„მძევლების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებების განახლება და საომარი მოქმედებების შეჩერება ერთადერთი გზაა სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად“, – აცხადებს ბორელი.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელმა რაფაჰში სამხედრო ოპერაცია 10 მარტამდე ანუ რამადანის დაწყებამდე უნდა დაასრულოს. მან ასევე სამხედროებს რაფაჰიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის გეგმის შედგენა დაავალა.

ემანუელ მაკრონმა უკრაინაში ვიზიტი გადადო – მედია

საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი გადადო. აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია ფრანგულ გამოცემებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

საფრანგეთის პრეზიდენტი კიევში 13-14 თებერვალს უნდა ჩასულიყო. ვიზიტის გადადების მიზეზად ფრანგული მედია უსაფრთხოებას ასახელებს.

ფრანგული გამოცემის ინფომრაციით, ემანუელ მაკრონი ჯერ „სიმბოლური ვიზიტით“ უნდა ჩასულიყო ოდესაში, რომელიც ნაწილობრივ ფრანგების მიერ აშენებულ ქალაქად ითვლება, შემდეგ კი – კიევში.

ამასთან, როგორც მედია წერს, დღის წესრიგში იყო მნიშვნელოვანი ეკონომიკური კომპონენტიც. საფრანგეთის პრეზიდენტს უნდა გამოეცხადებინა 200 მილიონი ევროს ფონდის შექმნის შესახებ.

განახლებული ინფორმაცია გზებზე არსებულ მდგომარეობაზე

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ147 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო თოვლის და სავალი ნაწილის შევიწროვების გამო, მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და M3 კატეგორიის 22-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია

მათივე ცნობით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

როგორი იქნება „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი?

„ქართული ოცნების“ ოფისი ორთაჭალაში, გორგასლის 20 ნომერში განთავსდება.

მმართველი პარტიის განმარტებით, ოფისის მშენებლობას „ქართული ოცნება“ არ აფინანსებს და მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ. რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ინფორმაცია გასაჯაროვდება.

8-სართულიან თანამედროვე ნაგებობას, სადაც მმართველი პარტიის ოფისი უნდა განთავსდეს, შპს ნიუ ოფისი აშენებს, მისი მფლობელი და დირექტორი დავით ანდღულაძეა.

დარბაზი ძირითად ნაგებობას ხიდით უკავშირდება. შენობას აქვს დახურული ტერასებიც.

სათათბირო სივრცეში განთავსდება მრგვალი მაგიდა მონიტორებით. შენობის ფასადზე ვიტრაჟებს შორის 45 გრადუსიანი ჭრის დეკორატიული კედლებია.

საბოლოო ჯამში, 7 მიწისზედა და 1 მიწისქვეშა სართული განაშენიანების ფართით, K2 კოეფიციენტის 8 383 კვ.მ შენობა 34.95 მეტრის სიმაღლის იქნება.

შენობის შუაგულში გათვალისწინებულია ბირთვი, რომელიც მოიცავს ორ კიბის უჯრედს და სამ ლიფტს თავისი ჰოლით.

ავლაბარში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

მკვლელობა თბილისში – ავლაბარში ახალგაზრდა კაცს ქუჩაში, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს. ის ადგილზე დაიღუპა. შემთხვევის ადგილას სამართალდამცველები მუშაობენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.

ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

,,ზოგჯერ შეიძლება, ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს,”- მიტროპოლიტი შიო

უფალი გვასწავლის, რომ მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს, ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება, ზოგჯერ შეიძლება, ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს, უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას აღნიშნა.

„ძვირფასო მამებო, ძმებო და დებო, გილოცავთ დღევანდელ კვირა დღეს და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევას.

დიდი მარხვის მოსამზადებელ პერიოდში ყოველთვის იკითხება ზაქე მეზვერის შესახებ ეპიზოდი სახარებიდან, რომელიც დღეს წაკითხული იყო ჩვენს ტაძარში.

ამ ადამიანს წმინდა ეკლესია წარმოგვიდგენს, როგორც ღმერთისკენ სწრაფვის მაგალითს და გვასწავლის, რომ აი, როგორც ზაქე მიისწრაფოდა მაცხოვრის დანახვისკენ, მასთან შეხვედრისკენ, ასევე ჩვენც უნდა ვისწრაფოდეთ უფალთან შეხვედრისა და მისი დანახვისკენ.

წმინდა სახარება მოგვითხრობს, რომ უფალი იესო ქრისტე შედის ქალაქ იერიქონში, სადაც იყო ეს ადამიანი, სახელად ზაქე, მდიდარი, მებაჟეთა უფროსი (,,მებაჟე” ნიშნავს გადასახადების ამკრეფს). რომის იმპერიაში ისე იყო დაწესებული, ისეთი კანონები იყო, რომ ეს მებაჟეები ყველანი მდიდრები იყვნენ ამ კანონმდებლობის გამო, ვინაიდან, როდესაც გადამხდელი ვერ იხდიდა თანხას, მაშინ მებაჟეს უნდა გადაეხადა მის ნაცვლად, მაგრამ შემდეგ უფლება ჰქონდა, ამ გადამხდელისთვის ოთხმაგი თანხა გამოერთმია. თუ ამ ფულსაც ვერ იხდიდა ადამიანი, ამ ოთხჯერ მეტს, შემდეგ მას აპატიმრებდნენ, სანამ არ გადაიხდიდა, ჰყავდათ ციხეში, ან კიდევ მონად ყიდდნენ. ამიტომ ეს მებაჟეები ძალიან მალე მდიდრდებოდნენ.

და აი, ამ ზაქემ ძალიან მოინდომა იესო ქრისტეს ხილვა, დანახვა მისი, მაგრამ იმდენად ტანდაბალი იყო, რომ ხალხმრავლობის გამო, ამას ვერ ახერხებდა. ამიტომ მან გააკეთა ის, რაც იყო გმირობის ტოლფასი: მას იმდენად უნდოდა მაცხოვრის დანახვა, რომ ყველა თანამოქალაქის თვალწინ, როგორც პატარა ბიჭი, ისე ავიდა ხეზე, დაძლია თავისი პატივმოყვარეობა, იგი აღარ დაეძებდა იმას, რომ შეიძლება ამის გამო დაეცინათ მისთვის, ოღონდაც ქრისტე დაენახა. რა თქმა უნდა, ამ საქციელმა და მისმა ასეთმა სურვილმა მიიპყრო მაცხოვრის ყურადღება. უფალი შეჩერდა, მოუხმო მას თავისთან და შემდეგ, მიუხედავად ამ ხალხის რისხვისა (იმიტომ, რომ მეზვერეები ძალიან არ უყვარდა ხალხს იმის გამო, რაც გითხარით), მის სახლშიც კი მივიდა.

და აი, ამ ზაქეზე იმდენად იმოქმედა მაცხოვრის სიყვარულმა, გულმოწყალებამ, რომ მის სულში მოხდა ის, რასაც ეწოდება სინანული. მან უთხრა იესო ქრისტეს: „მე აქამდე ცოდვილი კაცი ვიყავი, მაგრამ დღეიდან მინდა, მთელი ჩემი ცხოვრება გამოვასწორო. ჯერ ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს დავურიგებ და თუ ვინმეს ვაწყენინე, ოთხმაგად ავუნაზღაურებ“ .

აი, ასე მოხდა ამ კაცის ფერისცვალება და ამიტომ უფალი იესო ქრისტე მას ეტყვის: „დღეს მოევლინა ხსნა ამ სახლს“. რა თქმა უნდა, უფალმა დაინახა, რომ ასეთი აზრი ზაქეს მხოლოდ სულიწმიდისგან შეიძლება მოსვლოდა, ანუ მხოლოდ ღმერთმა ჩააგონა მას, რომ შეიძლება ქონების ნახევარი დაარიგოს გლახაკებში, იმიტომ რომ მას მრავალი ადამიანის გაღარიბებაში მიუძღოდა ბრალი, ხოლო ვინმეს თუ აწყენინა, ოთხმაგად აუნაზღაუროს. ეს რატომ? – იმიტომ, რომ ამათ, ე.ი. ვისაც აწყენინა, არც კი ახსოვდეთ შემდგომში, რომ ვიღაცა მებაჟემ ისინი გაყვლიფა. თუმცაღა, გაყვლიფა იმჟამინდელი კანონმდებლობის მიხედვით; ანუ ამ უსინდისობას ადგილი ჰქონდა კანონმდებლობის დარღვევის გარეშე.

და აი, ძვირფასო ძმებო და დებო, ღმერთის მსჯავრი და კანონები სულ სხვანაირია. უფალი გვასწავლის, რომ ამქვეყნად საერო კანონებზე ბევრად მნიშვნელოვანი ღირებულებები არსებობს. ეს არის სინდისი, ეს არის სიყვარული და გულმოწყალება.

ზაქეს მაგალითზე მშვენივრად ჩანს, რომ ზოგჯერ შეიძლება ადამიანი იურიდიულად მართალი იყოს, მაგრამ სინდისთან მიმართებით ძალიან სცოდავდეს; მაგრამ ეს რომ გაიგოს ადამიანმა, ამისთვის ეს სინდისი უნდა ჰქონდეს. აი, უფალი სწორედ ამიტომ მობრძანდა დედამიწაზე, რომ ადამიანებში ეს სინდისი აღზარდოს. ზაქეში ამ სინდისმა გაიღვიძა და იგი გახდა ქრისტეს მოწაფე და ხსნა მოევლინა მის ოჯახს.

რატომ იყო შეტანილი ეს ამბავი სახარებაში? – იმიტომ, რომ დღემდე ბევრმა ადამიანმა არ იცის, რას ნიშნავს და რაში მდგომარეობს სულის გადარჩენა. ის მდგომარეობს იმაში, რაც ძალიან კარგად ჩანს ამ სახარებიდან – რომ ადამიანი სრულიად იცვლება, ის სხვანაირი ხდება, ვიდრე იყო ქრისტესთან შეხვედრამდე, ის ხდება ადამიანი, რომლისთვისაც დაწერილ კანონებზე მაღლა დგას სინდისი, სიყვარული და გულმოწყალება. სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის მსახურებაც, მაგრამ ჩვენ ამას რომ მივაღწიოთ, ამისთვის ზაქეს მსგავსად უნდა გვინდოდეს უფლის დანახვა და არა ჩვენი საკუთარი მატერიალური ქონების გამრავლების დანახვა, რაც არის მხოლოდ წუთიერი სიხარული.

აი, ზაქემ მოინდომა მარადიული ნეტარება და მიიღო კიდეც. სწორედ ასეთი ადამიანები, ვინც მიაღწია თავისი პიროვნების ფერისცვალებას, იმკვიდრებენ სასუფეველს ღვთისას, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, უკუნითი უკუნისამდე, ამინ!

დღეს ჩვენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ვლოცავთ  – მარტინენკოების გვარს. ღმერთმა გამრავლოთ, გაგახაროთ და გაგაძლიეროთ“, – განაცხადა მეუფე შიომ ქადაგებისას.

,,პრემიერის განცხადებაში დავინახეთ ის რისი დანახვაც გვინდოდა”- გივი პისარევი

პრემიერის განცხადებაში დავინახეთ ის რისი დანახვაც გვინდოდა. შესაბამისად გვაქვს იმედი და რეალურად გვჯერა, რომ ნელნელა ეს პროცესი ბატონ პრემიერის განცხადებას გაყვება და ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებებს მიიღებს, – ამის შესახებ ექიმმა გივი პისარევმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს აპროტესტებს.

მისი თქმით, პრემიერის განცხადება სრულიად განსხვავდება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებისგან. „პრემიერმა განაცხადა რომ ჩვენს კლინიკაში მუშაობენ დამსახურებული ადამიანები და აუცილებლად გადაწყვეტილება უნდა იყოს კოლექტივთან შეთანხმებით და კოლექტივის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს ჩვენი აღქმით არის სრულიად განსხვავებული პოზიციაა ვიდრე აქ თუნდაც დღევანდელ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში,“- განაცხადა გივი პისარევმა.

ისრაელის ავიაციამ ლიბანის ტერიტორიაზე იერიში მიიტანა

ისრაელის ავიაციამ იერიში ლიბანის ტერიტორიაზე მიიტანა. საჰაერო დარტყმები სამხრეთ ლიბანში, ჯადრას რაიონზე განხორციელდა, რომელიც ისრაელის საზღვრიდან 60 კილომეტრში მდებარეობს.

ცაჰალის სამიზნე მანქანა გახდა, რომელშიც ჰამასთან დაახლოებული პირი და თანამებრძოლები იმყოფებოდნენ. მანამდე ისრაელის ავიაციამ სამხრეთ ლიბანში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ რამდენიმე ობიექტი დაბომბა.

,,დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება”- რუსთავში ე.წ. სტამბოლის ბაზარში მკვლელობის საქმის პროკურორი

რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარში ოთხი პირის მკვლელობისა და ერთი ადამიანის დაჭრის საქმის პროკურორის, ქეთევან სონიძის განცხადებით, დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება, კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა.

პროკურორის თქმით, ჩატარებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ ბრალდებულსა და მის ბიძას შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს, რადგან ის ნასვამ მდგომარეობაში არაადეკვატური ხდებოდა.

ამასთან გამოძიებით დადგენილია ისიც, რომ ახალ წლამდე პერიოდში ბრალდებულს კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა ბაზარში, რის შემდეგ ბიძამისმა ის სამსახურიდან დაითხოვა.

„დანაშაულის მოტივი იყო შურისძიება, კერძოდ, გიორგი ორველაშვილმა შურისძიების მოტივით განიზრახა საკუთარი ბიძის, ნოდარ ორველაშვილის და ბიძაშვილის ნიკოლოზ ორველაშვილის მოკვლა, თუმცა ნიკოლოზ ორველაშვილი სიკვდილს გადაურჩა და ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ჩატარებული გამოძიებით უკვე დადგენილია, რომ მათ შორის კონფლიქტი უკავშირდებოდა ბრალდებულის ცუდ სიმთვრალეს. ის მთვრალ მდგომარეობაში ხდებოდა არაადეკვატური და აყენებდა შეურაცხყოფას როგორც გარშემომყოფებს, ასევე საკუთარი ოჯახის წევრებს. ასევე, დადგენილია ისიც, რომ ახალ წლამდე პერიოდში მას კონფლიქტი მოუხდა ბიძასთან, ნოდარ ორველაშვილთან, რომელთანაც გამყიდველის პოზიციაზე მუშაობდა ბაზარში. ამის შემდეგ ბიძამისმა ის სამსახურიდან დაითხოვა, წავიდა სოფელში და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

როგორც მოწმეები გვეუბნებიან, იყო შემთხვევები, როცა მან დახარჯა ე.წ სავაჭრო თანხა, იყო შემთხვევები, როცა უმიზეზოდ არაფხიზელ მდგომარეობაში შეურაცხყოფას აყენებდა ოჯახის წევრებს და ახლობლებს და ეს იყო ძირითადი მოტივი, რის გამოც განაწყენდა და გაუშვა ბიძამისმა სამსახურიდან.

უახლოეს მომავალში ჩვენ ველოდებით ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნას,რომელმაც უნდა დაადგინოს ბრალდებული შეურაცხადი იყო თუ შერაცხადი, შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საკითხი მისი დასჯის ან იძულებითი ფსიქიატრიული მკურნალობის თაობაზე. ამ ეტაპზე ერთი შეხედვით, ბრალდებულის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა არ იწვევს ეჭვს, ადეკვატურად იქცევა, ნებაყოფლობით მონაწილეობდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში და მათ შორის, აღიარებს დანაშაულს.

გამოძიების პროცესში დადგინდა, რომ ის გურჯაანის ერთ-ერთ სოფელში იმყოფებოდა, იქიდან წამოიღო მისი ძმის მიერ დაუდევრად შენახული სანადირო თოფი, რითაც ჩაიდინა დანაშაული“, – განაცხადა ქეთევან სონიძემ.

რუსთავში 4 ადამიანის მკვლელობის საქმეზე გიორგი ორველაშვილს და მის ძმას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ – სასამართლომ გადაწყვეტილება ცოტა ხნის წინ მიიღო