უკრაინას მეტი იარაღი სჭირდება რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის. უკრაინის დამოუკიდებლობას საფრთხე ემუქრება, – აცხადებს უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ოლექსი დანილოვი.
ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია აცხადებდა, რომ უკრაინა 2 თვის განმავლობაში საშინაო რესურსებით სარგებლობას შეძლებდა, თუ აშშ დახმარებას დააყოვნებდა. დანილოვმა RTP-სთვის მიცემულ კომენტარში კი განაცხადა, რომ ფრონტზე სიტუაცია უფრო გართულდება, თუ პარტნიორები იარაღს გონივრულ ვადაში არ მიაწვდიან.
„ჩვენ გვჭირდება იარაღი“, – განაცხადა მან.
დანილოვი ირწმუნება, რომ ირანიდან და ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის მიწოდების ჯაჭვმა ბრძოლის ველზე გარკვეული ცვლილებები გამოიწვია. ამიტომ, თუ დასავლეთი მსგავსი მხარდაჭერით არ უპასუხებს, „სიტუაცია ნამდვილად გართულდება“.
„ფრონტის ხაზზე ძალიან რთული ვითარებაა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიტუაცია მარტივია, ეს არის ხალხი, ვისაც არ ესმის რა არის ომი“, – აღნიშნა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა.
მან, ასევე, განმარტა, რომ უკრაინა არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება და გააგრძელებს თავისი ტერიტორიების დაცვას, რადგან სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
დანილოვი დარწმუნებულია, რომ აშშ მალე დაამტკიცებს უკრაინის დახმარების პაკეტს, რადგან სასწორზე რამდენიმე საკითხია: დამოუკიდებლობა, დასავლეთის იმიჯი და მისი ერთიანობა.
„იმედი გვაქვს, რომ პარტნიორები გაიგებენ, რომ საფრთხე ემუქრება ჩვენს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც მთელი დასავლეთის იმიჯს, ავტორიტეტსა და ერთიანობას…“ – დასძინა დანილოვმა.