Home Blog Page 1662

“ჩვენ გვაქვს საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში – ეს ეხება, როგორც ტანისამოს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას და სპეც-აღჭურვილობას”

ჩვენ გვაქვს ძალიან საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში – ეს ეხება, როგორც ტანისამოს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეც-აღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეც-აღჭურვილობით, – ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც კი დღის წესრიგში დგება სარეზერვო მარაგების გამოყენება, პარალელურ რეჟიმში შესყიდვებს ახორციელებენ, რათა მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს.

„ჩვენ სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, იმ ფორსმაჟორული სიტუაციიდან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ წუთს გახდეს საჭირო ჩვენი სამსახურის ჩართულობით. ჩვენ გვაქვს ძალიან საკმარისი, გონივრული მარაგები საწყობებში. ეს ეხება, როგორც ტანისამოს, ბოტს, ფეხსაცმელს, ცეცხლმედეგ ფორმას, სპეც-აღჭურვილობას და ა.შ. დაწყებული მცირე ხელსაწყოთი, დამთავრებული მძიმე სპეც-აღჭურვილობით, რომელიც საკმარისი რაოდენობა გაგვაჩნია. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გაგვაჩნია მარაგებში. როგორც კი დღის წესრიგში დგება ამ სარეზერვო მარაგების გამოყენება ფორსმაჟორული სიტუაციიდან გამომდინარე, პარალელურ რეჟიმში ვიწყებთ გადაუდებელი შესყიდვის მობილიზებას, რათა ის აუცილებელი მარაგების დონე ქვემოთ არ ჩამოვიდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად, ოპერატიულად ვახორციელებთ შესყიდვებს და ისევ და ისევ მარაგების შევსებას.

ყველას მინდა მოვუწოდო, ყველაზე კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, თუ ვინმეს კითხვა გაუჩნდება, შეუძლიათ დაგვირეკონ, შეგვეკითხონ და მიიღონ პასუხები. რატომ უნდა გააკეთონ წინასწარი დასკვნები და ჩათვალონ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებს, მეხანძრე-მაშველებს ბოტები არ აქვთ?! ეს ხომ არასერიოზული მიდგომაა. რაც ჩვენ ახლა ონში ვიმყოფებით 400 მეხანძრე-მაშველით, უკვე ორჯერ შევცვალეთ ტანისამოსი. რაც შეეხება ბოტებს, ჩვენ არა მარტო ჩვენს მეხანძრე-მაშველებს უზრუნველვყოფთ, არამედ იყო გარკვეული საჭიროებები და ჩვენ სხვა სამსახურებსაც მივაწოდეთ ეს საშუალებები. იმიტომ, რომ ჩვენ მატერიალური რეზერვების მარაგები გვაქვს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

“სტიქიიდან მალევე სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო 400 – მეხანძრე – მაშველი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი”

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.

მისი თქმით, შეტყობინების შემოსვლისთანავე, როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო.

„როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. სტიქიის ზონაში გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრის მოადგილე, შემთხვევის ადგილზე გავემგზავრეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

„ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალებით დათვალიერდა სტიქიის ზონის მიმდებარე პერიმეტრი, პარალელურად პოლიციის თანამშრომლების და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების გამოყვანა და მობილიზება. ამავდროულად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდა დამატებით ცხელი ხაზი, დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

“სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია” – სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფი

მიხეილ სააკაშვილის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია – კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება,- ამ ის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეული ექსპერტთა ჯგუფის მიერ, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ „ვივამედის“ მიერ მიწოდებული დოკუმენტების შეფასებაშია აღნიშნული.

როგორც დასკვნაში წერია, პაციენტს აქვს გამოხატული მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით.

რაც შეეხება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვას კლინიკაში, შეფასების თანახმად, ამ მხრივ, სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს განსაკუთრებული შენიშვნები არ აქვს.

„საქართველოს სახალხო დამცველის მიერ მოწვეულმა სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფმა შეისწავლა და გააანალიზა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მართვის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ მიერ მოწოდებული დოკუმენტები და წარმოადგენს შემდეგ შეფასებას:

პაციენტის ნევროლოგიური სტატუსი პრაქტიკულად უცვლელია და შეედარება სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ ექიმთა ჯგუფის წინა ჩანაწერებს – კვლავ ვლინდება კოგნიტიური დეფიციტი, ატაქსია, ჰიპესთეზია, ძალის დიფუზური დაქვეითება.

გამოხატულია მიკროციტარული ანემია, რომელიც ღრმავდება და კლინიკის მიერ იმართება სისხლის და მისი პროდუქტების ინფუზიებით. თუ გავითვალისწინებთ 2023 წლის 22-23 მაისის მონაცემებს, ჰემატოკრიტი იყო 22%, რეტიკულოციტები 0,5% (5‰), რაც მიუთითებს, რომ რეტიკულოციების პროდუქციის ინდექსი 0,1 და მაღალი ალბათობით ნიშნავს ძვლის ტვინის არაადეკვატურ პასუხს. ექსპერტთა ჯგუფი ფიქრობს, რომ ასეთი მონაცემები მომატებული ფერიტინის და ნორმალური რკინის ფონზე ქრონიკული დაავადების (ამ შემთხვევაში პროტეინდეფიციტური მალნუტრიციის – შიმშილის) მიმანიშნებელია. ამაზე მეტყველებს ჰიპოპროტეინემიაც და ჰიპოფიბრინოგენემიაც;

კვების დეფიციტის გამოხატულებაა ელექტროლიტური დისბალანსიც;

რაც შეეხება მართვას კლინიკაში, ამ მხრივ განსაკუთრებული შენიშვნები სახალხო დამცველის ექიმთა ჯგუფს არ აქვს. გრძელდება სიმპტომური მკურნალობა, რაც მათი მხრიდან პრაგმატულ მიდგომას წარმოადგენს;

პაციენტის მდგომარეობას მკურნალი ექიმები აფასებენ სტაბილურად, საყურადღებოდ, საშუალო სიმძიმედ (მხოლოდ ერთ ჩანაწერში (31.05.2023) ფიგურირებს, რომ მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება );

ასევე, საგულისხმოა, რომ 2023 წლის 14 ივლისის შემდგომ აღინიშნება ლეიკოციტების შემცირება (ლეიკოპენია), რაც შეიძლება იყოს ასევე, ძვლის ტვინის სუპრესიის შედეგი და თუ ეს ტენდენცია ნარჩუნდება და არ არის დათვლის ტექნიკური პრობლემა, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ძვლის ტვინის სუპრესია ამჟამად უფრო მკვეთრად არის გამოხატული, ვიდრე მანამდე იყო, რაც მთლიანობაში მდგომარეობის გაუარესების ნიშანია. ლეიკოპენიის ალტერნატიული პრობლემა ასევე, შეიძლება იყოს ვიტამინ B12 და ფოლიუმის დეფიციტი, როგორც მალნუტრიციის შედეგი, რაც ამ თვალსაზრისით მდგომარეობის გაუარესებაზე მიუთითებს; შესაძლოა, სხვა ალტერნატიული მიზეზებიც იყოს, მაგ. ვირუსული ინფექცია.

ექსპერტთა ჯგუფს მიაჩნია, რომ საერთო ჯამში, ნარჩუნდება თანდათანობითი ნელი დინამიკა გაუარესებისკენ, რაც, სამწუხაროდ, სავსებით ლოგიკურია ჯგუფის მიერ გაკეთებული წინამდებარე დასკვნების კონტექსტში.

აქვე საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ სახალხო დამცველის მანდატის გათვალისწინებით, ექსპერტთა ჯგუფის საქმიანობის მიზანი, შექმნის დღიდანვე, არის პაციენტისთვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების მონიტორინგი. ჯგუფი არ ერთვებოდა და არ ერთვება პაციენტის მკურნალობის უშუალო პროცესში.

ექიმთა ჯგუფი გააგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის პროცესის მონიტორინგს და პერიოდულად, 2-4 თვის შუალედებით განაგრძობს პაციენტთან ვიზიტებს, ასევე, სამედიცინო დოკუმენტაციის შესწავლას. ცხადია, გადაუდებელი აუცილებლობის მდგომარეობაში, ვიზიტი განხორციელდება არაგეგმურადაც.

ექიმთა ჯგუფის მორიგი ვიზიტი პაციენტ მიხეილ სააკაშვილთან იგეგმება სექტემბრის თვეში. სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფის წევრები: გიორგი გრიგოლია; გიორგი კაჭარავა; თენგიზ წულაძე; ნინო ზავრაშვილი; აიდა გოზალოვა“,- ნათქვამია დასკვნაში.

“რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს” – ირაკლი კუპრაძე

მზად ვართ, ჩვენ თავად ჩავერთოთ მონიტორინგის შესაძლებლობებში, თავად გავწიოთ შესაბამისი კურაცია ამ პროცესისა, თუ ამაზე მზაობა იქნება – წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წერილობით მივმართავთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის დაფინანსება და ფინანსური რესურსები არის გადახდილი რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რიკოთის უღელტეხილის რეაბილიტაცია დარღვევებით მიმდინარეობს.

„საქართველო „ქართული ოცნების“ პირობებში ცხოვრობს ტრაგედიებიდან ტრაგედიებამდე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლებამ შექმნა მთავარი ეროვნული ტრაგედია, რაც გამოიხატება იმაში, რომ მძიმე მოვლენების შემდეგ, ამ ქვეყანაში არაფერი იცვლება უკეთესობისკენ, ვერ იხვეწება სახელმწიფო უწყებები, არ არსებობს რეაგირების სწორი მექანიზმები და რაც მთავარია, პრევენცია იმ მძიმე მოვლენებისა, კატაკლიზმებისა, რომელიც შეიძლება ჩვენს ქვეყანაში მოხდეს და ასეთი ლოკაციების შესახებ ჩვენ არა ერთი ინფორმაცია გვაქვს. „ლელოს“ ცალსახად გადაწყვეტილება მიღებული აქვს, რომ არ დაელოდება ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს, რისი მოლოდინიც და იმედიც არც პოლიტიკურ სპექტრში, არც საზოგადოებაში არ არსებობს და ჩვენ პერიოდულად დავიწყებთ შემოწმებას ყველა იმ მნიშვნელოვანი ხარვეზის, პრობლემის, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დგას.

პირველ რიგში, გვინდა გამოვეხმაუროთ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობას, რომელიც შესაძლებელია და სავარაუდოა, რომ იქცევა ერთ-ერთ მძიმე საკითხად ქვეყნის განვითარებისა და ადამიანების სიცოცხლის უსაფრთხოების საკითხად. რა იგულისხმება ამ ყველაფერში? ჩვენ ვხედავთ, რომ რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე მშენებლობები მრავალი დარღვევით მიმდინარეობს. ჩვენ ვხედავთ, რომ საერთაშორისო პარტნიორების და დონორების ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაღებული რესურსები იხარჯება არარაციონალურად. იხარჯება ყოველგვარი კონტროლისა და მონიტორინგის გარეშე. ჩვენ ვხედავთ, რომ ხელისუფლება ვერ მართავს პროცესს და იძულებულია ყოველ საღამოს 19:00 საათზე გადაკეტოს რიკოთის უღელტეხილი, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ შეუძლებელია რისკების კონტროლი და ადამიანების სიცოცხლის დაზღვევა, რომლებიც გადაადგილდებიან რიკოთის უღელტეხილზე. ათიათასობით ადამიანი ყოველდღიურად გადის საფრთხის შემცველ მონაკვეთს რიკოთზე, რაც უნდა იქცეს საზოგადოების მხრიდან და მათ შორის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხრიდან მყისიერი მონიტორინგის გადაწყვეტილება მიღებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მზად ვართ, ჩვენ თავად ჩავერთოთ მონიტორინგის შესაძლებლობებში, თავად გავწიოთ შესაბამისი კურაცია ამ პროცესისა, თუ ამაზე მზაობა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ წერილობით მივმართავთ ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს, რომლის დაფინანსება და ფინანსური რესურსები არის გადახდილი რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში და მოვითხოვთ ადამიანების სიცოცხლის დაზღვევას შესაბამისი კვალიფიციური დასკვნებით. ფაქტობრივი მოცემულობაა, რომ ამ ქვეყნის ავტორიტეტული გეოლოგები, უსაფრთხოების სპეციალისტები ღიად საუბრობენ მძიმე დარღვევებზე რიკოთის მშენებლობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კუპრაძემ.

“მალე მწერალთა სახლიც „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისად გადაიქცევა” – დეა მეტრეველი

მალე მწერალთა სახლიც „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისად გადაიქცევა – სწორედ პარტიული ერთგულების ნიშნით ხელმძღვანელების შერჩევა და მათთვის კულტურული ორგანიზაციების მართვის ჩაბარებაა, რაც ქართულ კულტურას საფრთხეში აყენებს და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესებისგან ცლის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რითაც მწერალთა სახლის ხელმძღვანელად პარლამენტის წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას გამოეხმაურა.

მეტრეველის თქმით, უნდა შეიცვალოს კულტურის მიმართ სახელმწიფოს საკადრო და დაფინანსების პოლიტიკა.

„მანკიერი და მახინჯი პრაქტიკა სახელმწიფო სახელოვნებო ორგანიზაციებში ერთპიროვნულად, ყოველგვარი არჩევითობის პრინციპების გარეშე, ხელმძღვანელების დანიშვნა უნდა დასრულდეს. აუცილებლად უნდა შეიცვალოს კულტურის მიმართ სახელმწიფოს საკადრო და დაფინანსების პოლიტიკა, თუ გვინდა ჯანსაღი, თავისუფალი და წარმატებული კულტურული პროცესების განვითარება.

ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელსაც 2014 წლიდან ვხელმძღვანელობდი, 2019 წელს ხელისუფლებამ დახურა. მწერალთა სახლი იყო ის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც, ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, აგრძელებდა ქართული ლიტერატურის და საგამომცემლო სფეროს მხარდაჭერას და, შეძლებისდაგვარად, ხელისუფლების დიდი წნეხის ფონზე, მისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას. სამწუხაროდ, მწერალთა სახლის დებულება კონკურსის გზით დირექტორის არჩევითობას არ ითვალისწინებდა, რაც სამინისტროს სრულ თავისუფლებას აძლევდა ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება დებულებას გადაწერ-გადმოწერდა და თავისას მაინც გაიტანდა, თუმცა ეს შედარებით უფრო გრძელი და რთული გზა იქნებოდა. მწერლებსაც და გამომცემლებსაც ექნებოდათ უფრო მეტი ბერკეტი ასეთი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის.

ჩემი სრული მხარდაჭერა მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებს, გამომცემლებს და მთარგმნელებს!“- აცხადებს დეა მეტრეველი, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.

ცნობისთვის, სსიპ „საქართველოს მწერალთა სახლს“ 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

“მართალია, ტრაგედიას გლოვა და დუმილი უხდება, მაგრამ დანაშაულს დუმილი არ უხდება”- პაატა მანჯგალაძე

მართალია, ტრაგედიას გლოვა და დუმილი უხდება, მაგრამ დანაშაულს დუმილი არ უხდება – დანაშაულის დროს დუმილი დანაშაულში თანამონაწილეობაა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ შოვის ტრაგედიაზე საუბრისას განაცხადა.

მანჯგალაძის თქმით, მომხდართან დაკავშირებით საზოგადოებაში პასუხგაუცემელი კითხვები არსებობს, მაგრამ ის რაც ახლა ხელისუფლებას აინტერესებს მხოლოდ საკუთარი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებაა.

მისივე შეფასებით, შოვის სტიქიაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს დასკვნა “ქართული ოცნების” პოლიტიკური განაცხადის გამართლების მცდელობაა.

“ისეთ რეალობას აგებენ, რომ ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა არ დადგეს. მე ამას ჩაფარცხვის მცდელობას დავარქმევდი.

არ ვარ სპეციალისტი და ეს არ უნდა იყოს პოლიტიკური სპეკულაციის საკითხი, მაგრამ როგორც მოქალაქეს მეც მაქვს კითხვა იმის თაობაზე, რომ როცა საუბარია 1 მილიონ კუბურ წყალზე, თუ მყინვარი და ყინული იყო, ყინული ამხელა წყლის მასად 8 წუთში როგორ გარდაიქმნა? რომ ყოფილიყო სისტემა, რომელიც მეწყრის დაძვრის პროგნოზს ახდენს და აიდენტიფიცირებს მოძრავ მეწყერს ან ღვარცოფს, რატომ არ იყო საკმარისი 8 წუთი იმ 100 მეტრის გასავლელად რომელიც ხეობაშია? გაუგებარია, 5-8 წუთში ადამიანი კოტეჯის დატოვებას რატომ ვერ მოასწრებდა? წინასწარი შეტყობინების სისტემები რატომ არ იყო შოვში, რომელიც მაღალი რისკის ზონად არის შეფასებული თავად სამინისტროს მიერ.

ეს ის კითხვებია, რომელსაც მოქალაქეები სვამენ და ამაზე პასუხი, რომ შენ პოლიტიკური ინტერესი გაქვს, მიუღებელია.

თურმე ადამიანების ველურ, ქვის ხანაში დატოვება არ არის უზნეობა, ხელისუფლებამ ხელი დაიბანა და უზნეობა ამ ყველაფერზე საუბარი ყოფილა “, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

რუსეთის მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს ვირტუალურ კერძო ქსელებთან წვდომას უბლოკავს – დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის ხელისუფლება VPN-ის გამოყენების შეწყვეტისკენ მიმართულ ქმედებებს განაგრძობს.

უწყების ცნობით, რუსეთის მთავრობა ქვეყნის მოქალაქეებს ვირტუალურ კერძო ქსელებთან წვდომას უბლოკავს, რომლებიც ხალხს ინტერნეტის ქსელში არსებულ შეზღუდვების თავიდან არიდების საშუალებას აძლევს.

„რუსეთის რამდენიმე რეგიონში ბევრი ყველაზე პოპულარული VPN-ი გამოყენებისთვის უვარგისი გახდა“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ VPN-ი რუსეთში დიდი პოპულარობით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქსელები ქვეყნის ტერიტორიაზე 2017 წლიდან არის აკრძალული, რადგან ისინი მომხმარებლებს ახალი ამბების ობიექტურ საერთაშორისო წყაროებთან წვდომის შესაძლებლობას აძლევენ, მათ შორის უკრაინაში ომთან დაკავშირებით.

მკითხველის „საბას“ ჟიურის წევრების ვინაობა ცნობილია!

მკითხველის „საბას“ ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობა ცნობილია. მკითხველები, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო დაუთმეს SABA Reader-ში კითხვას არიან:

ლადო აბულაძე – 1100 წაკითხული საათი;
ქრისტინე კოხია – 1000 წაკითხული საათი;
ნათია ოქრომელიძე – 930 წაკითხული საათი;
ნინო გაფრინდაშვილი – 915 წაკითხული საათი;
ნათია იორდანიშვილი – 500 წაკითხული საათი.

შერჩევის პროცესი 8 მაისიდან დაიწყო და ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკა საჯარო იყო აპლიკაცია SABA Reader-ში. ჟიურის შერჩევის პროცესში 1700-მდე მკითხველი იყო ჩართული, რომლებმაც სამი თვის განმავლობაში, ჯამში 3 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს კითხვას, ხოლო კითხვის ჯამური მაჩვენებელი კონკურსის პირობებში 25%-ით გაიზარდა.

მკითხველის „საბას“ ჟიური შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით:

  • ჟიურის წევრს უნდა შეეძლოს ქართულ ენაზე კითხვა და ამჟამად უნდა ცხოვრობდეს საქართველოში.
  • არ უნდა იყოს მწერალი ან ლიტერატორი.
  • არ უნდა მუშაობდეს საგამომცემლო სექტორში.
  • არ უნდა იყოს „წლის საუკეთესო დებიუტის“ ნომინაციაში ნომინირებულის ოჯახის წევრი.

შეგახსენებთ, ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.

„საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას – კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღეს „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.

R

“რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ბიზნესი ქართველი ოლიგარქის, კეზერაშვილის მონაწილეობით წარმატებით აგრძელებს სარფიან საქმიანობას”

ვინაიდან საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთთან თანხების საბანკო მიმოქცევა დაბლოკილია, ნაძარცვი ფული გადაჰყავთ კრიპტოვალუტაში – მოგება მხარეებს შორის იყოფა 50/50-ის პრინციპით, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა უკრაინულმა ტელეგრამ-არხმა, რომელიც იუწყება, რომ უკრაინა და რუსეთი ეწევა ერთობლივ კრიპტობიზნესს, რომელსაც სათავეში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი უდგას.

“სენსაციურ ინფორმაციას გვაწვდის უკრაინული ტელეგრამ-არხი “Резидент”-ი, თანაც წყაროდ უთითებს პრეზიდენტ ზელენსკის ოფისს. “სუნგარეშე” არა – “არომატული” ფულის ისტორიაა. ევროპაში მიმდინარე “ქოლ-ცენტრების” შემოწმების გამოძიების ფარგლებში გამოვლენილი იქნა რუსეთ-უკრაინის სინდიკატი, რომელიც აქტიურად აგრძელებს მუშაობას ძირძველი სლავური დევიზით: “кому война, а кому – мать родна”.

საკომუნიკაციო ნომრების და თანხების გამოსატანად საჭირო ანგარიშების მომწოდებლები იმყოფებიან რუსეთის ტერიტორიაზე, ხოლო ზარების განსახორციელებელი ძირითადი ოფისები განლაგებულია უკრაინაში. თუ ვინ არის უკრაინული ოფისების დამფუძნებელი, ამის შესახებ არაერთხელ დაგვიწერია. მხოლოდ შეგახსენებთ – “მედიამაგნატი” და “პოლიტპატიმარი” დავით კეზერაშვილი.

ვინაიდან საერთაშორისო სანქციების გამო, რუსეთთან თანხების საბანკო მიმოქცევა დაბლოკილია, ნაძარცვი ფული გადაჰყავთ კრიპტოვალუტაში – მოგება მხარეებს შორის იყოფა 50/50-ის პრინციპით. რუსეთიდანაც თანხების გატანა უკრაინაში ან დასავლურ ბანკებში შეუძლებელია, ამიტომ შუალედური ყალბი საბანკო ანგარიშების მეშვეობით, ხდება ჯერ ფულის “განაღდება”, შემდეგ კი მისი ტრანსფორმირება “ციფრულ” ვალუტაში.

რუსეთ-უკრაინის ერთობლივი ბიზნესი ქართველი ოლიგარქის მონაწილეობით წარმატებით აგრძელებს სარფიან საქმიანობას ომისა და სანქციების მიუხედავად. 2022 წლის ბრუნვამ შეადგინა 12 მილიარდი გრივნა. უკრაინული “კეზერ-ქოლ-ცენტრები”, რუსეთთან პარალელურად, აგრძელებენ თანამშრომლობას დასავლეთთან, ასევე (წყაროს ინფორმაციით), იყენებენ ფულის გათეთრების ანალოგიურ სქემებს საქართველოს და ბალტიისპირეთის მცირე ბანკებთან კოოპერაციაში, რისი მეშვეობით თავისუფლად ახორციელებენ ტრანზაქციებს უკრაინაში.

Nothing personal – just business!,” – წერს ქართველიშვილი.

ქეთევან დუმბაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს და საქართველოს მწერალთა სახლს უხელმძღვანელებს

სსიპ საქართველოს მწერალთა სახლს 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.

„საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ქეთევან დუმბაძეს ულოცავს მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას და უსურვებს წარმატებებს.

შეგახსენებთ: ქეთევან დუმბაძე ამჟამად საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრია.

1978-1983 წლებში ქეთევან დუმბაძე სწავლობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული თარგმანის განხრით. მას პროფესიული საქმიანობის მრავალმხრივი გამოცდილება აქვს.

1977-1993 წლებში იგი მუშაობდა მწერალთა კავშირთან არსებულ მხატვრული თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების მთავარ სარედაქციო კოლეგიაში.

გამოქვეყნებული აქვს არაერთი სტატია ადგილობრივ და უცხოურ პრესასა და პერიოდიკაში. ასევე, მას გამოქვეყნებული აქვს კლასიკური და თანამედროვე ავტორების თარგმანები.

1990-იანი წლებიდან 2013 წლამდე აქტიურად საქმიანობდა სატელევიზიო სფეროშიც. არის არაერთი ტელევიზიის საინფორმაციო, შემეცნებითი, საავტორო გადაცემებისა და პროექტების ავტორი და პროდიუსერი.

1993-1999 წლებში იგი სხვადასხვა პოზიციას იკავებდა საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახუში. 2013-2017 წლებში იყო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი, 2018 წელს – საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ექსპერტი, ასევე, ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტის – „ცოცხალი წიგნები“ – ხელმძღვანელი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გერმანიაში რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის ჩინოვნიკი დააკავეს

გერმანიაში რუსეთისთვის საიდუმლო ინფორმაციის გადაცემაში ბრალდებული ჩინოვნიკი დააკავეს.

ინფორმაციას BBC ავრცელებს.

მამაკაცის ვინაობა ჯერჯერობით არ საჯაროვდება.

ცნობილია მხოლოდ, რომ ის ბუნდესვერის იმ სტრუქტურაში მუშაობდა, რომელსაც სამხედრო აღჭურვილობასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული საკითხები ეხება. სავარაუდოდ, მამაკაცი საკუთარი ინიციატივით მივიდა ბერლინში, რუსეთის საელჩოში და ასევე რუსეთის საკონსულოში ქალაქ ბონში, სადაც თავისი მომსახურება შესთავაზა. გერმანიის ფედერალური პროკურატურის ინფორმაციით, მამაკაცმა ინფორმაცია რუსეთის დაზვერვის სამსახურისთვის მიწოდების მიზნით მოიპოვა და გადასცა. მამაკაცი დასავლეთ გერმანიაში კობლენცში დააკავეს. სამართალდამცავებმა მის სახლსა და სამსახურში ჩხრეკა ჩაატარეს.

“ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო-ანა ნაცვლიშვილი

ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას!, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა შოვის ტრაგდიაზე საუბრისას განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღეს ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

„არ ვიღებ პასუხად “ვინც გადარჩა, გადარჩა”-ს! არ ვიღებ პასუხად “სულ რაღაც სამ საათში ჩავიდა ვერტმფრენი”! არ ვიღებ პასუხად “არაფრის გაკეთება არ შეგვეძლო და ერთადერთი რაც შეგვიძლია, მოქალაქენო, თქვენი გაჩუმება და თემის გადაგორებაა”!

პირველ ყოვლისა, მე ვარ დედა, დედა, რომელიც ათასობით თქვენგანის მსგავსად – უკვე პანიკურ შიშში ვზრდი შვილებს! მეორე, მე ვარ მოქალაქე, რომელსაც ათასობით თქვენგანის მსგავსად, მაქვს პასუხისმგებლობა იმაზე, რაც ჩემს ქვეყანაში ფუჭდება და უნდა ხდებოდეს, თუმცა არ ხდება. მესამე, მე ვარ პარლამენტის წევრი ოპოზიციიდან და მაქვს ჩემი წილი პასუხისმგებლობა და არ ვაპირებ მისგან გაქცევას და თავის დამშვიდებას!

ვდებ პირობას, რომ ყველა მექანიზმს გამოვიყენებ, რომ ეს თემა ხელისუფლებამ ვერ გადააგოროს, ვერ გადაიტანოს რუტინაში, ვერ მისცეს დავიწყებას! ჩადენილია დანაშაული და ამ დანაშაულისთვის მათ მოუწევთ პასუხისგება, ადრე თუ გვიან! მე დამჭირდება თქვენი დახმარება ამაში.

ისე როგორც თქვენ, მეც ამ დღეებში ვარაუდით დავდივარ და მშვიდად ვერ მძინავს, მაგრამ გაჩერება – სიკვდილია, გაჩუმება – სიკვდილია! ეს დღეები ვკითხულობ ყველა სპეციალისტის დასკვნას, ვაკეთებ სამართლებრივ ანალიზს, ვუსმენ ყველა ექსპერტს.

ამ ეტაპზე ყველა შესაბამის უწყებას მივმართე სადეპუტატო კითხვით – რეაგირებაზე, პრევენციაზე, მექანიზმებზე, გამოძიებაზე, საერთაშორისო დახმარებაზე, და ა.შ. (ამას ექნება გაგრძელება!)

ვიცი, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ვერ გავჩერდები, ახლა ეს შემიძლია. ყველა რჩევას, კრიტიკას, აზრს მივიღებ.

ვიცი, რომ ყველაზე დიდი და საშიში ღვარცოფი „ოცნებაა“ დღეს და ეს ღვარცოფი რომ დამთავრდეს, სისტემური, დისციპლინირებული წინააღმდეგობაა საჭირო.

კომპეტენტურად დასმული კითხვები, სისტემატურად, ყველგან, გამუდმებით, პროპაგანდის სიმართლით დამარცხება – ესეც წინააღმდეგობის ფორმაა და აუცილებელი.

 

დაბოლოს, ადამიანური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სისტემური ხედვის შემუშავება, ოპოზიციას მართებს, ხელისუფლებისგან ამის მოლოდინი აღარავის აქვს.

პ.ს. თუ ვინმეს უკეთესი და უფრო სწრაფი გზა გაქვთ ცვლილებების, შემოგიერთდებით, ოღონდ ეს გზა ჯერ არ მინახავს, 11 წელია”, – აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.