“სტიქიიდან მალევე სამაშველო ღონისძიებაში ჩაერთო 400 – მეხანძრე – მაშველი და პოლიციის 100-ზე მეტი თანამშრომელი”

63
spot_img

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა რაჭაში მომხდარი სტიქიის შედეგების აღმოფხვრისთვის მიმდინარე სამუშაოებისა და განვითარებული მოვლენების შესახებ.

მისი თქმით, შეტყობინების შემოსვლისთანავე, როგორც თბილისიდან ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო.

„როგორც თბილისიდან, ასევე ქუთაისიდან, მობილიზდა ვერტმფრენები. მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისში, განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფ მორეაგირე ჯგუფთან ერთად მობილიზებული ვერტმფრენი ვერ ჩაერთო. სამაშველო ღონისძიებაში თბილისიდან გაემგზავრა სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. სამ საათზე ნაკლებ დროში, პირველი ვერტმფრენი უკვე სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებაში იღებდა მონაწილეობას. სტიქიის ზონაში გაემგზავრა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი და მინისტრის მოადგილე, შემთხვევის ადგილზე გავემგზავრეთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი პირები. სამაშველო ღონისძიებებში ჩართული ვერტმფრენი სტიქიის ზონაში, „სანსეტ შოვის“ მიმდებარე მოედანზე, საკმაოდ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში დაფრინდა და უშუალოდ დამეწყრილ ტერიტორიაზე მოყოლილი 70 ადამიანის ევაკუაცია განახორციელა“, – აღნიშნა თემურ მღებრიშვილმა.

როგორც თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, სტიქიის პირველივე ღამესვე, მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო.

„ვერტმფრენისა და სითბური დრონების საშუალებით დათვალიერდა სტიქიის ზონის მიმდებარე პერიმეტრი, პარალელურად პოლიციის თანამშრომლების და მეხანძრე-მაშველების მიერ შეირჩა უსაფრთხო ადგილები, სადაც დამეწყრილი ტერიტორიებიდან ხდებოდა მოქალაქეების გამოყვანა და მობილიზება. ამავდროულად ონის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა საგანგებო თათბირი, შეიქმნა საკოორდინაციო შტაბი და ამოქმედდა დამატებით ცხელი ხაზი, დაკარგული პირების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. აქვე, კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, რომ ღამის განმავლობაში მუშაობდა სითბური დრონები, ხოლო სამძებრო ღონისძიებებში ავიაციის ჩართულობა, რელიეფიდან და სტიქიის არეალში განლაგებული საკომუნიკაციო ანძების გათვალისწინებით, უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.