მალე მწერალთა სახლიც „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისად გადაიქცევა – სწორედ პარტიული ერთგულების ნიშნით ხელმძღვანელების შერჩევა და მათთვის კულტურული ორგანიზაციების მართვის ჩაბარებაა, რაც ქართულ კულტურას საფრთხეში აყენებს და თავისუფალი შემოქმედებითი პროცესებისგან ცლის, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა დეა მეტრეველმა განაცხადა, რითაც მწერალთა სახლის ხელმძღვანელად პარლამენტის წევრის, ქეთევან დუმბაძის დანიშვნას გამოეხმაურა.
მეტრეველის თქმით, უნდა შეიცვალოს კულტურის მიმართ სახელმწიფოს საკადრო და დაფინანსების პოლიტიკა.
„მანკიერი და მახინჯი პრაქტიკა სახელმწიფო სახელოვნებო ორგანიზაციებში ერთპიროვნულად, ყოველგვარი არჩევითობის პრინციპების გარეშე, ხელმძღვანელების დანიშვნა უნდა დასრულდეს. აუცილებლად უნდა შეიცვალოს კულტურის მიმართ სახელმწიფოს საკადრო და დაფინანსების პოლიტიკა, თუ გვინდა ჯანსაღი, თავისუფალი და წარმატებული კულტურული პროცესების განვითარება.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელსაც 2014 წლიდან ვხელმძღვანელობდი, 2019 წელს ხელისუფლებამ დახურა. მწერალთა სახლი იყო ის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც, ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას, აგრძელებდა ქართული ლიტერატურის და საგამომცემლო სფეროს მხარდაჭერას და, შეძლებისდაგვარად, ხელისუფლების დიდი წნეხის ფონზე, მისი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯების გადადგმას. სამწუხაროდ, მწერალთა სახლის დებულება კონკურსის გზით დირექტორის არჩევითობას არ ითვალისწინებდა, რაც სამინისტროს სრულ თავისუფლებას აძლევდა ასეთი ერთპიროვნული გადაწყვეტილება მიეღო. რა თქმა უნდა, დღევანდელი ხელისუფლება დებულებას გადაწერ-გადმოწერდა და თავისას მაინც გაიტანდა, თუმცა ეს შედარებით უფრო გრძელი და რთული გზა იქნებოდა. მწერლებსაც და გამომცემლებსაც ექნებოდათ უფრო მეტი ბერკეტი ასეთი გადაწყვეტილებების გასაჩივრებისთვის.
ჩემი სრული მხარდაჭერა მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებს, გამომცემლებს და მთარგმნელებს!“- აცხადებს დეა მეტრეველი, რომლის კომენტარსაც „ლელო“ ავრცელებს.
ცნობისთვის, სსიპ „საქართველოს მწერალთა სახლს“ 2023 წლის 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანება უკვე გამოიცა.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ცნობით, 2023 წლის საშემოდგომო სესიაზე მწერალთა სახლის ახალ ხელმძღვანელს, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.