Home Blog Page 1657

“ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები”

ახალი, მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის დაწყება გვინდა, სადაც  ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები,–ამის შესახებ საქარველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება.

„საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად.  უნდა ვიყოთ  კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება”,– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

“2015 წელს სარტყლისა და გზის ინიციატივაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ დავაფუძნე”

პრემიერი–2015 წელს სარტყლისა და გზის ინიციატივაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” დავაფუძნე, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა

ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც პრეზიდენტ სი ძინპინის სარტყლისა და გზის ინიციატივას შეუერთდა, 2015 წელს ამ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” დავაფუძნე,–ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო და ამიტომ, ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.

„სრულად ვუჭერ მხარს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივებს. თქვენ ახსენეთ გლობალური განვითარების ინიციატივა, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივა, გლობალური ცივილიზაციის ინიციატივა. მინდა ასევე გითხრათ რომ, ალბათ, ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ვიყავით, ვინც „სარტყლისა და გზის” ინიციატივას შეუერთდა. ეს პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივა იყო.. ინფორმაციისთვის მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს ამ გადაწყვეტილებაზე გამოხმაურებისა და ჩვენი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით, დავაფუძნე „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი”. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ძველი აბრეშუმის გზის შემადგენელი ნაწილი იყო. ამიტომ, ჩვენთვის, საქართველოსთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ყველა ეს ინიციატივა შესანიშნავია! არაჩვეულებრივი იდეებია, კრეატიული იდეებია და უკავშირდება მხოლოდ მშვიდობას, კეთილდღეობას და სტაბილურობას. სულ უფრო მეტი ქვეყანა მიიღებს ინსპირაციას აქედან და მიემხრობა ამ ინიციატივებს”– განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.

“საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ” – ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება,– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან ( CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტს სი ძინპინს ჩინეთში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისტორიული ვიზიტის შემდეგ, საქართველოში კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ბრუნდება.

„ძალიან წარმატებული და ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა პრეზიდენტ სი ძინპინთან. ეს ჩემი პირველი შეხვედრა იყო მასთან. კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო გულწრფელი მადლიერება მისდამი ჩინეთში მოწვევისთვის. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო არსებული ურთიერთობის შემდეგ დონეზე აყვანის გადაწყვეტილება, რომელიც ერთად მივიღეთ.. ამდენად, საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება ეს ძალიან მნიშვნელოვანი და, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. ამიტომ, ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ძალიან სასიამოვნოა, რომ ეს შესაძლებელი გავხადეთ. დღეს სიამაყით ვამბობ, რომ ჩინეთი და საქართველო უკვე სტრატეგიული პარტნიორები არიან. ამიტომ, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ეს ისტორიული ვიზიტია და შინ კონკრეტული, ხელშესახები შედეგებით ვბრუნდები“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ორსართულიანი სახლი დაიწვა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში, ბუნებრივი აირის აფეთქების შედეგად, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს სახლში ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ, თუმცა ყველა მათგანმა უსაფრთხოდ გამოსვლა შეძლო.

მათივე ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა სამზარეულოში გაზის ანთებას ცდილობდნენ.

ადგილზე მობილიზებული იყო რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადა. ხანძარი ლიკვიდირებულია.

გარემოს ეროვნული სააგენტო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ დასკვნას აქვეყნებს

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში განვითარებული პროცესების შესახებ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა დადო. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

როგორც დასკვნაშია აღნიშნული, მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები.

„დღეის მდგომარეობით, სამიზნე არეალის ფარგლებში, მდინარე ოლორის მარჯვენა შენაკადის ხეობაში მეწყრული პროცესით მდინარის შეგუბების უბანზე, საფრთხის დონე მაღალი არ არის, თუმცა მომავალში ყოველგვარი გართულებების თავიდან აცილების მიზნით, გასატარებელია გარკვეული გადაუდებელი პრევენციული ღონისძიებები, კერძოდ:

საჭიროა მდინარის კალაპოტის უმოკლეს პერიოდში გაწმენდა ფერდობებიდან ჩამოშლილი გრუნტის აღებისგან, ასევე კალაპოტში ჩახერგილი ხე-მცენარეებისგან;

კალაპოტი უნდა ჩაღრმავდეს და გაგანიერდეს შეგუბებამდე არსებული მორფოგეოლოგიური პარამეტრების ფარგლებში;

მითითებული სამუშაოების სრულად განხორციელებამდე, საჭიროა მუნიციპალიტეტის მიერ, უბანზე დაწესდეს მონიტორინგი და სიტუაციის გართულების შემთხვევაში ინფორმირებული უნდა იქნას შესაბამისი უწყებები.

მითითებული სამუშაოები უნდა განხორციელდეს შესაბამისი პროექტის საფუძველზე, ქვეყანაში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების სრული დაცვით”, – ნათქვამია დასკვნაში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შეტყობინებისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელობის საფუძველზე, გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, მუჟავას ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარედ, მდინარე ტებენეს ხეობაში არსებულ ვითარებას ადგილზე 9 აგვისტოს გაეცნენ. გეოლოგებმა და ჰიდროლოგებმა მდინარის ხეობაში გავრცელებული მეწყრული უბანი და დაგუბებაზე არსებული ვითარება შეისწავლეს. ვრცლად დასკვნა იხილეთ ბმულზე: https://szs.gov.ge/geo/news/show/10/3451

“შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა”

შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„შინდისი, 2008 წლის 11 აგვისტო – ამ თარიღის უკან დგას თავგანწირული ბრძოლის ისტორია, რუს ოკუპანტთან მებრძოლი 17 ქართველი გმირის საოცარი ამბავი და მაგალითი მომავალი თაობებისთვის, თუ რაოდენ ძვირფასია სამშობლო და თავისუფლება. შინდისის ბრძოლაში მონაწილე ბიჭებმა ლეგენდად აქციეს ქართველი ჯარისკაცის გაუტეხელობა, მტერთან შეურიგებლობა და სამუდამოდ დარჩნენ თავისუფლების ბრძოლის სიმბოლოდ. ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე!“, – წერს კახა კალაძე.

“ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობის დაკარგვა არ შეიძლება” – ლუკაშენკო

ევროკავშირის ქვეყნები ბელარუსის მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობის დაკარგვა არ შეიძლება, – განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ.

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, უპირველეს ყოვლისა, აღმოსავლეთის ხარჯზე – ვთანამშრომლობთ რუსეთთან, ჩინეთთან. მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან – ევროკავშირი. ჩვენ ვერ დავკარგავთ ურთიერთობას. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ჩვენი ინტერესების გათვალისწინებით. დამიჯერეთ, მოვა დრო, 2024-2025 წლებში, დარწმუნებული ვარ, იქნება სერიოზული ცვლილებები“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბელარუსის პრემიერ-მინისტრს დაავალა, პოლონეთთან დიალოგი განაახლოს.

„პოლონელებთანაც უნდა ვისაუბროთ. მე დავავალე პრემიერ-მინისტრს, დაუკავშირდეს მათ. თუ მათი სურვილია, მოდით ვისაუბროთ, დავალაგოთ ურთიერთობები. ჩვენ მეზობლები ვართ, მეზობლებს კი არ ირჩევენ, ისინი ღვთისგან გვერგო“, – განაცხადა მან.

2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში, რეკორდული რაოდენობის, 100 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა – PMC

„2022 წელს საქართველოდან ემიგრაციაში წასული ადამიანების რაოდენობამ რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია“, – ამის შესახებ მონაცემებს PMC კვლევითი ცენტრი ავრცელებს.

ორგანიზაციის თანახმად, გასულ წელს ქვეყნიდან ემიგრაციაში 100 000-ზე მეტი ადამიანი წავიდა.

„2022 წელს, მიუხედავად ეკონომიკის ზრდისა, საქართველოდან ემიგრანტების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს, 100 000-ზე მეტ ადამიანს მიაღწია. ასევე, 2022 წელს იმიგრანტების რაოდენობა ემიგრანტების ნახევარს გაუტოლდა და 54.4 ათასი ადამიანი შეადგინა.

2022 წელს, მიუხედავად ქართველების მნიშვნელოვანი გადინებისა, წმინდა მიგრაცია პოზიტიური იყო და რეკორდულ მაჩვენებელს, 54.5 ათასი ადამიანს მიაღწია. აღნიშნული წმინდა მიგრაციის დადებითი რიცხვი ძირითადად გამოწვეული იყო იმიგრაციით რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან“, – აღნიშნულია PMC კვლევითი ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ მაკრო მიმოხილვაში.

თიბისისთან პარტნიორობით ქართული რაგბი მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს  

#ერთადგავიმარჯვებთ

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს რაგბის ნაკრები საფრანგეთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამზადისს იწყებს. პირველი ტესტ-მატჩი რუმინეთთან შაბათს, 12 აგვისტოს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. აგვისტოს განმავლობაში სამზადისი სხვადასხვა ფორმატით გაგრძელდება და თიბისი მთელი ამ პროცესის განმავლობაში, სამზადისიდან ჩემპიონატამდე, რაგბის მთავარი მხარდამჭერი და გულშემატკივარია. 

ქართული რაგბისა და თიბისის სტრატეგიული თანამშრომლობა უკვე 8 წელია გრძელდება. მრავალწლიანი პარტნიორობა არაერთ წარმატებას ითვლის და მიზნად ისახავს ქართული რაგბის განვითარებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას. ამჯერად, ქართული რაგბი მსოფლიო ასპარეზზე გამარჯვების მოსაპოვებლად იბრძვის, რისთვისაც მთელი საქართველო ემზადება.

მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 8 სექტემბრიდან 28 ოქტომბრამდე გაიმართება, გლობალურ ასპარეზზე გამარჯვების მოპოვებას კი თითოეული ქართველი მოუთმენლად ელის. ამ გამარჯვებას ქართული რაგბისთვის და ზოგადად საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ეროვნული დატვირთვა აქვს. სწორედ ამიტომ, თიბისი, საქართველოსთან ერთად, გაერთიანებული ძალებით გულშემატკივრობს ნაკრებს.

„თიბისისა და რაგბის მრავალწლიანი მეგობრობის მანძილზე ერთად შევძელით, ქართული რაგბი გვექცია უდიდესი წარმატების მაგალითად და საქართველოს სახელი მსოფლიო ასპარეზზე გაგვეტანა. Გამარჯვების საერთო მიზნის გარშემო მთელი საქართველო გავერთიანდით. თიბისის კამპანია „ერთად გავიმარჯვებთ“ სწორედ ამ ერთიანობის გამოძახილია და გვჯერა, რომ თუ ერთად მოვემზადებით, ერთად ვიბრძოლებთ და ერთად ვუგულშემატკივრებთ, მაშინ აუცილებლად ერთად გავიმარჯვებთ.“ – მაკუნა თავბერიძე, თიბისი ბრენდის გამოცდილების, მარკეტინგის და დიზაინის დირექტორი. 

R

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 24-მდე გაიზარდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, დღეს აღმოჩენილია 3 ცხედარი და სხეულის ფრაგმენტი.

“გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები“, – განაცხადა ქარსელაძემ.

“დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა მათი პირადი აზრია, რომელსაც საპატრიარქო ემიჯნება” – საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო შოვში მომხდარი ტრაგედიის მიზეზებთან დაკავშირებით დეკანოზ დავით ისაკაძისა და სხვა მოძღვრების განცხადებებს ემიჯნება.

საპატრიარქო სასულიერო პირებს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან“.

„დეკანოზ დავით ისაკაძის და ზოგიერთი სხვა მოძღვრის მიერ შოვში მომხდარი ტრაგედიის კონკრეტული მიზეზის განსაზღვრა არის მათი პირადი აზრი, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ემიჯნება და, ამასთან, კიდევ ერთხელ მოუწოდებს სასულიერო პირებს, ასეთ მტკივნეულ და ფაქიზ თემებთან დაკავშირებით თავი შეიკავონ არასწორი შეფასებებისაგან.

ჩვენ კიდევ ერთხელ ვუცხადებთ თანაგრძნობას გარდაცვლილთა და დღემდე დაკარგულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს და შევთხოვთ ღმერთს, სულიერი მხნეობა მიმადლოს მათ, ხოლო სტიქიის შედეგად აღსრულებულთ ცათა სასუფეველი დაუმკვიდროს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზმა დავით ისაკაძემ შოვში მომხდარი სტიქია ერთი წლის წინ შოვში ჩატარებულ მთის ფესტივალს დაუკავშირა. როგორც მან განაცხადა, ფესტივალის 3 დღის განმავლობაში „ეს წმინდა ადგილი წაბილწეს და იქაურობა პირდაპირ დაისაჯა“.

“დაე, შინდისის გმირების მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი”

დაე, შინდისის გმირების მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი, როდესაც ერთად ვდგავართ, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გამაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, 2008 წლის 11 აგვისტოს შინდისთან გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი უნდა მივაგოთ და საქართველოს უკეთესი მომავლისთვის სწრაფვა განვაგრძოთ.

„დღეს ჩვენი ქვეყნის თანამედროვე ისტორიაში, მნიშვნელოვანი წლისთავი აღინიშნება. დღე, რომელიც ჩვენი მამაცი ჯარისკაცების წარმოუდგენელ გამბედაობასა და თავგანწირვას გვახსენებს.

2008 წლის 11 აგვისტოს, ზუსტად 15 წლის წინ, სოფელ შინდისთან, ჩვენი 22 მსუბუქად შეიარაღებული ქართველი ჯარისკაცი დიდი გამოწვევის წინაშე დადგა – უთანასწორო ბრძოლა რუსულ ბატალიონთან. მხოლოდ ტყვიამფრქვევებით და მტკიცე მონდომებით შეიარაღებულები, ერთ საათზე მეტხანს იკავებდნენ თავიანთ პოზიციას. ისინი ჩაერთნენ ვაჟკაცურ ბრძოლაში, რომელიც სამუდამოდ დარჩება ჩვენს გულებში და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!

ჩვენ პატივი უნდა მივაგოთ მათ ხსოვნას, ვინც ასე გმირულად იბრძოდა შინდისში.

მოდით, ყველა დავდგეთ ერთად და გავაგრძელოთ სწრაფვა საქართველოს უკეთესი მომავლისთვის, რომელიც იცავს თავისუფლების, დემოკრატიისა და სამართლიანობის პრინციპებს, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი გმირები!

დაე, მათი მემკვიდრეობა იყოს ჩვენი გზამკვლევი, შეგვახსენოს, რომ არც ერთი გამოწვევა არ არის გადაულახავი, როდესაც ერთად ვდგავართ!

ძალა ერთობაშია! დიდება გმირებს!“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.