Home Blog Page 1657

“ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული სფეროსთვის 2023 წელი არის რეკორდული” – შოთა ბურჯანაძე

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტურისტული სფეროსთვის 2023 წელი არის რეკორდული, – აცხადებს რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე.

ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მთავრობის და კერძო სექტორის თანამშრომლებით გადადგმული ნაბიჯებმა გარკვეული შედეგები უკვე მოიტანა და სამომავლოდ ქვეყანამ აქცენტი მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებზე უნდა გააკეთოს.

„ფისკალური კუთხით 4,1 მლრდ დოლარი, როგორც თავად სფეროზე ისე ეკონომიკაზე დადებითად აისახა და აისახება. კი ტურისტული ნაკადები რაოდენობრივად რეკორდული არ არის, მაგრამ მათგან მიღებული შემოსავლები ნამდვილად რეკორდულია. უნდა მოვიზიდოთ ისეთი ტურისტები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს დღესდღეობით ტურისტად, რომელიც მხარჯველუნარიანია. ეს არის ჩვენი მიზანი და შესაბამისად შესაძლებლობაც.

ტურისტული ნაკადების ზრდის მიმართულებით მოლოდინი უნდა გაიზარდოს, რადგანაც 2024 წელს როგორც რაოდენობრივად ისე ფისკალურადაც ზრდა უნდა იყოს. რასაც თან თავისი ობიექტური და სუბიექტური მიზეზები ახლავს. დამატებითი, თუ ახალი ავიარეისების დანიშვნისთვის და ქვეყნის ცნობადობის ზრდისთვის რა ნაბიჯებიც გადაიდგა, ეს ყველაფერი შესაბამის ასახვაში უკვე არის“, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

რესტორანთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, ჰორეკა სექტორისთვის მაღალმხარჯველუნარიანი ტურისტები მრავალ ქვეყანას აერთიანებენ, თუმცა ამ მიმართულებით მაინც არაბული ქვეყნებისა და დასავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები გამოირჩევიან.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ილჰამ ალიევისადმი სალომე ზურაბიშვილის მილოცვას ავრცელებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ილჰამ ალიევისადმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მილოცვა დღეს გაავრცელა.

„თქვენო აღმატებულებავ, ქართველი ხალხის და ჩემი სახელით, მინდა, მოგილოცოთ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა. გულწრფელად გისურვებთ წარმატებებს და გამარჯვებებს თქვენს დაუღალავ მცდელობებში, რომელიც მიმართულია თქვენი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობისკენ.

მტკიცედ მჯერა, რომ ერთობლივი ძალისხმევით ჩვენს ორ ძმურ ქვეყანას შორის კეთილმეზობლურ, მეგობრულ ურთიერთობებსა და სტრატეგიულ პარტნიორობას ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ. ეს უდავოდ გააძლიერებს როგორც საქართველოს, ისე აზერბაიჯანის როლს რეგიონული სტაბილურობისა და განვითარების ხელშეწყობაში.

თქვენო აღმატებულებავ, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩემს უღრმეს პატივისცემას და გისურვებთ წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ვუსურვებ მეგობარ აზერბაიჯანელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის წერილში.

საქართველოს მთავრობის წევრებმა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა დღეს გააკეთეს განცხადება, რომ სალომე ზურაბიშვილს მეგობარი და სტრატეგიული ქვეყნის პრეზიდენტისთვის, ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვება ამ დრომდე არ მიულოცავს. მოგვიანებით საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა ილჰამ ალიევს არჩევნებში გამარჯვება ოფიციალური წერილით 9 თებერვალს მიულოცა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 თებერვლისთვის

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6524 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6543 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0019 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8582 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8584 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0002 ლარი შეადგინა.

რუსეთმა ბრიტანეთის 18 მოქალაქეს სანქციები დაუწესა

რუსეთმა, ლონდონის კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, ბრიტანეთის 18 მოქალაქის წინააღმდეგ სანქციები დააწესა, – ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ლონდონის მუდმივი კონფრონტაციული კურსის საპასუხოდ, რომლის ფარგლებშიც ჩვენი ქვეყნის დემონიზაციის მცდელობა მიმდინარეობს, აქტიურად იგება ანტირუსული ნარატივები საერთაშორისო ასპარეზზე მოსკოვის გავლენის შესამცირებლად და კიევის ნეონაცისტური რეჟიმისთვის იარაღის მიწოდება გრძელდება, მიღებულია გადაწყვეტილება რუსეთის „სტოპ-ლისტში“ დიდი ბრიტანეთის სამხედრო-პოლიტიკური ისტებლიშმენტის და სამეცნიერო და აკადემიური საზოგადოების არაერთი ფიგურის შეყვანის შესახებ“, – აცხადებენ რუსეთის საგარეო სამინისტროში.

უწყების ცნობით, სანქცირებულ პირებს შორის არიან გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჯეიმს კარტლიჯი, წყალქვეშა ძალების მეთაური საიმონ ასკითი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი დასავლეთ ბალკანეთის საკითხებში სტიუარტ პიჩი, რამდენიმე ბრიტანელი პარლამენტარი, მათ შორის თავდაცვის შტაბის უფროსის მოადგილე ჩარლზ როლანდ ვინსენტ უოლკერი, პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მოადგილე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სარა მაკინტოში, ლორდთა პალატის წევრები დანიელ ჯონ ჰანანი, მაიკლ ენტონი ეშკროფტი და რეი ედვარდ ჰარი კოლინზი.

ვინმეს დაკავებაზე გადაწყვეტილებას ვიღებ არა მე, არამედ სომხეთის იურიდიული ინსტიტუტები-ნიკოლ ფაშინიანი

პრემიერ-მინისტრს თავისი უფლებამოსილება აქვს სომხეთის რესპუბლიკაში. არავითარ შემთხვევაში ეს უფლებამოსილება არ შეიცავს საკითხის გადაწყვეტას პირის დაპატიმრების შესახებ. ეს ყველაფერი კანონიერი პროცედურებით ხდება, – ასე უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტის კითხვას, ვლადიმერ პუტინი რომ სომხეთში ჩავიდეს, დააკავებს თუ არა სომხეთის პოლიცია.

ფაშინიანის თქმით, სომხეთის რესპუბლიკა გამოირჩევა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობით.

„პირველ რიგში, გეტყვით, რომ სომხეთის რესპუბლიკამ რომის სტატუტზე შეერთების პროცესი 2022 წლის დეკემბერში დაიწყო და ეს გადაწყვეტილება ჩვენს უსაფრთხოების გარემოში ცვლილებების შეფასებით იყო განპირობებული. ჩვენ რომის სტატუტის რატიფიცირება მოვახდინეთ სხვა საკითხებთან ერთად, გავაანალიზეთ 2022 წლის სექტემბრის ომის შედეგები და აღვნიშნეთ, რომ ჩვენს უსაფრთხოების სისტემაში არის გარკვეული ბზარები. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, რადგან რთული პერიოდი იყო. ეს გადაწყვეტილება სომხეთის უსაფრთხოების დონის ამაღლებას ემსახურება. რაც შეეხება სამართლებრივ ნიუანსებს, ახლა ვერ ვაკეთებ იურიდიულ ანალიზს, რადგან ეს იურისტების საქმეა. ვფიქრობ, როგორც უკვე ვთქვი, სომხეთმა, როგორც პასუხისმგებლიანმა სახელმწიფომ, უნდა შეასრულოს ყველა საერთაშორისო ვალდებულება, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ურთიერთობაში. სხვათა შორის, ამ თემაზე სხვადასხვა მოსაზრება და სამართლებრივი ანალიზი არსებობს. კერძოდ, არიან იურისტები, რომლებიც ამბობენ, რომ სახელმწიფოს ამჟამინდელ მეთაურებს აქვთ იმუნიტეტი მათი სტატუსიდან გამომდინარე. ვგულისხმობ, რომ ეს არის სამართლებრივი და არა პოლიტიკური საკითხი, რომელზეც უნდა ვიმსჯელო და ვუპასუხო. ნება მომეცით, გაგიმხილოთ საიდუმლო. 2018 წლიდან სომხეთში ბევრი ფართომასშტაბიანი დემოკრატიული რეფორმა დაიწყო და მე არ ვიღებ გადაწყვეტილებას, ვინ უნდა დააკავონ და ვინ –  არა. სომხეთში არის სამართლებრივი წესრიგი, არის იურიდიული ინსტიტუტები და ყველა შემთხვევაში სომხეთის იურიდიული ინსტიტუტები არიან ისინი, ვინც იღებენ ასეთ გადაწყვეტილებებს. ამისთვის გვაქვს პროკურატურა, გვაქვს სასამართლოები, გვაქვს საგამოძიებო კომიტეტი და ა.შ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი, სომხეთის რესპუბლიკა გამოირჩევა დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის არსებობით, სომხეთის რესპუბლიკაში არსებობს კანონის უზენაესობა. პრემიერ-მინისტრს თავისი უფლებამოსილება აქვს სომხეთის რესპუბლიკაში. არავითარ შემთხვევაში ეს უფლებამოსილება არ შეიცავს საკითხის გადაწყვეტას პირის დაპატიმრების შესახებ. ეს ყველაფერი კანონიერი პროცედურებით ხდება“, – განაცხადა ფაშინიანმა.

სასამართლომ ტრეფიკინგის ფაქტზე ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ტაილანდის რესპუბლიკაში არსებულმა დასაქმების სააგენტომ, ტაილანდის რესპუბლიკის სამი მოქალაქე თითქოსდა ბათუმში, სილამაზის სალონში სამუშაოდ, საქართველოში მოტყუებით ჩამოიყვანა.

„ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ, დაზარალებულები ზესტაფონში მის დროებით სარგებლობაში არსებულ საცხოვრებელ სახლში მოათავსა, ჩამოართვა პასპორტები და დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა. ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულებს გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის სექსუალური მომსახურების გაწევას აიძულებდა, ხოლო ექსპლუატაციის გზით გამომუშავებული თანხის დიდ ნაწილს თავად ისაკუთრებდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

საგამოძიებო უწყების ცნობით, დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ) წარედგინა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.

კრემლი გარანტიებს ითხოვს სომხეთისგან, რომ პუტინს არ დააკავებენ ჰააგის ორდერის საფუძველზე

რუსეთის პრეზიდენტის სომხეთში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით მოსკოვი ელოდება სომხეთთან შეთანხმებას გარანტიებთან დაკავშირებით, რომ რუსეთის პრეზიდენტს ჰააგის ორდერის საფუძველზე არ დააკავებენ, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებზე.

„ჩვენ უკვე ვთქვით, რომ ახალმა რეალობამ, რომელიც დაკავშირებულია სომხეთის ამ საერთაშორისო წესდებასთან შეერთებასთან, არ შეიძლება, არ იქონიოს ნეგატიური გავლენა ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებზე. რა თქმა უნდა, აქ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი სომეხი პარტნიორებისგან გარკვეული გარანტიების მიღება. ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ორმხრივი დიალოგის ფარგლებში და კრემლი ამაზეა ფოკუსირებული“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კითხვაზე, დააკავებენ თუ არა პუტინს სომხეთში ჩასვლის შემთხვევაში, უპასუხა: „ვინმეს დაკავებაზე გადაწყვეტილებას ვიღებ არა მე, არამედ სომხეთის იურიდიული ინსტიტუტები“.

“როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე პრემიერია, ეს მისასალმებელია კრემლისთვის” -თეონა აქუბარდია

როცა გავრილოვის მასპინძელი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის – მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ ის, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხეილ გალუზინის განცხადებას, რომ “საქართველოს ხელისუფლების პრაგმატული ხაზის წყალობით”, ქვეყნებს შორის ურთიერთობებში რთული პერიოდი დაძლეულია.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, პრობლემაა, როცა ხელისუფლება დუმს ისეთ ფაქტებთან დაკავშირებით, როგორიცაა თამაზ გინტურის მკვლელობა და ანექსიური პროცესები აფხაზეთში.

„ბუნებრივია, როცა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დადებითად აფასებს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საოკუპაციო რეჟიმმა მოგვიკლა თამაზ გინტური, ანექსიური პროცესები აქტიურად მიმდინარეობს ოკუპირებულ აფხაზეთში, “ქართული ოცნება” კი საერთოდ არ იმჩნევს ამ ყველაფერს. ამ მოცემულობაში, როცა გავრილოვის მასპინძელი ბატონი კობახიძე არის პრემიერ-მინისტრი, ეს მისასალმებელია კრემლისთვის. აქ მთავარი პრობლემაა არა ის, თუ როგორ შეაფასებს გალუზინი საქართველოს მთავრობას, არამედ პრობლემა იმაშია, თუ რა ტიპის საგარეო პოლიტიკა აქვს საქართველოს არა მხოლოდ უკრაინის მხარდაჭერის, არამედ საქართველოს ეროვნული მთლიანობის, სუვერენიტიტეტის და ეროვნული ინტერესის განხორციელების ჭრილში, აბსოლუტურად არაადეკვატურია პარლამენტის დუმილი იქნება ეს თამაზ გინტურის მკვლელობა, ანექსიური პროცესები თუ რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების გამოყენება, მათ შორის ანტიდასავლური დეზინფორმაციის და პროპაგანდის სახით, რომელსაც არათუ ებრძვის ხელისუფლება, არამედ ხშირად რუპორია ამ პროპაგანდის,”- განაცხადა აქუბარდიამ.

ის ასევე გამოეხმაურა მთავრობის სხდომაზე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნა, რომ კორუფციასთან დაკავშირებით ივანიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ ამ ტიპის საუბრების მოლოდინი არსებობდა.

„ივანიშვილის ხმამაღალი განცხადება კორუფციის რისკებთან დაკავშირებით ბუნებრივია, გამოიწვევდა იმ განცხადებას, რაც ახლად არჩეულმა პრემიერმა გააკეთა კორუფციასთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე. ამ მოცემულობაში მთავარი კითხვაა არა ის, რომ ახალი პრემიერის განკარგულებები იქნება საჯარო, არამედ ის, თუ რატომ არის დახურული 900-ზე მეტი განკარგულება, რომელიც გამოცემულია წინა პრემიერის პირობებში. სწორედ იმ პერიოდში ყველაზე გახმაურებული სავარაუდო კორუფციული ამბები გვესმოდა საჯაროდ. ხელის დაფარება არ ნიშნავს, რომ პრობლემა მოგვარდა,”- განაცხადა აქუბარდიამ.

სპორტის კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სპორტის კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და მასზე პასუხისმგებელი კომიტეტის წევრები განსაზღვრა. სამოქმედო გეგმაში კომიტეტის წევრებმა კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო საქმიანობის ღონისძიებების ვადები და დონორ ორგანიზაციებთან და აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებთან თანამშრომლობის მიმართულებები ასახეს.

კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი მეძმარიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტირების მომზადებისას შესაბამისი სპორტული ფედერაციების რეკომენდაციების გათვალისწინება მოხდეს, რადგან სრულად დაიცვან ის სტანდარტები, რაც საერთაშორისო ტურნირების ჩატარებისთვის და სპორტის სახეობების განვითარებისთვის არის აუცილებელი.

მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტი ცალკე საკომიტეტო მოსმენას გამართავს, სადაც სპორტული ფედერაციების და შესაბამისი სამინისტროების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.

სპორტის კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმაში, რომელიც კომიტეტმა ერთხმად დაამტკიცა, 40-მდე ღონისძიება და აქტივობაა გათვალისწინებული.

„რუსეთის შიშით, ბალტიის ქვეყნები თავიანთ თავდაცვისუნარიანობას აუმჯობესებენ” – The Economist

ბრიტანული ჟურნალი „ეკონომისტი“ (The Economist) აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთის შიშით, ბალტიის ქვეყნები თავიანთ თავდაცვისუნარიანობას აუმჯობესებენ: ფორტიფიკაციის მიმართ ინტერესი ძლიერდება“, რომელშიც, უკრაინის ფრონტის ხაზებზე აგებული რუსეთის თავდაცვითი ზღუდეების გათვალისწინებით, განხილულია ბალტიის სახელმწიფოების გეგმები თავდაცვის საკითხებში.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„სამხედრო ფორტები ისევ მოდაში შემოდიან. გასულ წელს უკრაინის არმიის კონტრშეტევის წარუმატებლობა დიდწილად „სუროვიკინის ხაზმა“ განაპირობა – რუსეთის არმიის მიერ დანაღმულმა ველებმა, ტრანშეებმა და ღრმა თხრილებმა, ბეტონის საცეცხლე წერტილებმა, ტანკსაწინააღმდეგო „დრაკონის კბილებმა“, ძველმოდურმა მავთულხლართებმა. და სხვა დაბრკოლებებმა. როცა უკრაინის ჯარისკაცებმა შეტევა შეანელეს, რათა დანაღმული გზები და ველები განენაღმათ, ღრმა თხრილები ამოევსოთ და ტანკების გასავლელი ადგილები „დრაკონის კბილებისაგან“ გაეწმინდათ, ისინი რუსულმა „კამიკაძე“-დრონებმა შეამჩნიეს, ზემოდან ბომბები დააყარეს და ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები ესროლეს. რუსული თავდაცვითი ზღუდეები უკრაინელებისათვის იმდენად მოულოდნელი და შეუსწავლელი აღმოჩნდა, რომ იმდროინდელმა სარდალმა ვალერი ზალუჟნიმ თავის თანამშრომლებს დაავალა მოეძებნათ 1941 წელს გამოცემული საბჭოთა გენერლის პავლე სმირნოვის წიგნი სახელწოდებით „გამაგრებული ხაზის გარღვევა“, – ნათქვამია სტატიის დასაწყისში.

რუსული „სუროვიკინის ხაზის“ ეფექტურობით ბალტიის ქვეყნების – ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტუვის თავდაცვის მინისტრებიც დაინტერესდნენ. ერთი თვის წინ გამართულ თათბირზე მათ განაცხადეს, რომ რუსეთთან თავიანთი საზღვრების გასწვრივ მსგავს თავდაცვით ნაგებობების კომპლექსს ააგებენ სახელწოდებით „ბალტიის თავდაცვითი ზონა“ – გათვალისწინებულს რუსული ჯავშანსატანკო ჯარების შესაჩერებლად, კრემლის თავდასხმის შემთხვევაში.

ესტონელი სამხედრო ჩინოვნიკების შეფასებით, რუსეთთან საზღვრის მონაკვეთის გამაგრებისათვის დაახლოებით 600 ბეტონის ბუნკერის აგება იქნება საჭირო, თითოეულის ფართობით 35 კვადრატული მეტრი, საერთო ღირებულებით 60 მილიონი დოლარი, რომლებიც მსხვილკალიბრიანი ჭურვის პირდაპირ მოხვედრას გაუძლებენ. მათი მშენებლობა მომავალ წელს დაიწყება. რასაკვირველია, მათი მიზანი არ არის და არც იქნება რუსეთის არმიის შეჩერება, არამედ მოწინააღმდეგის არმიის წინსვლის შენელება და წინააღმდეგობის გაწევა, დამხმარე ძალების მოსვლამდე.

ამასთან, ექსპერტების შეფასებით, თუ ლატვია და ლიეტუვა მსგავს გამაგრებულ ობიექტებს ააგებენ, მათ შესაბამისად,1116 და 2758 ბუნკერი დასჭირდებათ (საზღვრის სიგრძის გათვალისწინებით).

რა თქმა უნდა, პრობლემები ბევრია. მაგალითად, როგორც გაირკვა, საზღვრისპირა ტერიტორია ბალტიისპირეთის ქვეყნებში პრივატიზებულია, შესაბამისად, სახელმწიფო ორგანოებს კერძო მესაკუთრეებთან მოლაპარაკება და, როგორც ჩანს, გარკვეული კომპენსაციის გადახდაც მოუწევთ.

სტატიის მიხედვით, ფორტიფიკაციების შექმნით დაინტერესებულია პოლონეთიც, რომელსაც საერთო საზღვარი რუსეთთან კალინინგრადის ოლქში აქვს, აგრეთვე ბელარუსთანაც, სადაც რუსეთის ჯარები არიან დისლოცირებულები.

თუმცა გამაგრებული ხაზის პოპულარობა ნატოს გარკვეული დილენის წინაშეც აყენებს: დღემდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ქვეყნებში მოქმედი სამხედრო დოქტრინა ეშელენისებურ თავდაცვის სისტემას ითვალისწინებს, რომლის ჩარჩოებში არმიას შეეძლო ცეცხლის ხაზიდან უკან დაეხია და მეორე სათადარიგო თავდაცვის ზღუდეზე გადასულიყო, ხოლო თუ ნატო პოზიციურ ბრძოლაზე გადავა, მაშინ მას დაჭირდება დარტყმების განხორციელება მტრის ღრმა ზურგში – სამეთაურო პუნქტების, საწყობების, კომუნიკაციებისა და სამხედრო ობიექტების განადგურება და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, რუსეთის ტერიტორიის მასიური დაბომბვა. „მაგრამ ეყოფათ კი პოლიტიკური ნება დასავლელ ლიდერებს მსგავსი ნაბიჯის გადასადგმელად?“, – ასეთი რიტორიკული კითხვაა დასმული სტატიის დასასრულს.

წყარო

“საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც აუცილებლად იმოქმედებს რეგიონის საერთო ატმოსფეროზე” – ნიკოლ ფაშინიანი

ბოლო თვეებში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენი მეგობარი საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის მოვლენა, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს რეგიონის საერთო ატმოსფეროზე. საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს თუ მივულოცე ეს, აშკარაა, რომ დადებით მოვლენად მიმაჩნია, – სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მანამდე ფაშინიანს ჟურნალისტმა მიმართა: „ამბობთ, რომ თქვენი ახალი თანამშრომლობა დასავლეთთან არანაირად არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთმა ამაზე არ უნდა იდარდოს და თქვენ, უბრალოდ, უსაფრთხოების გარემოს დივერსიფიკაციას ცდილობთ. გამოცემა „ტასისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ციტატას მოგიყვანთ, რომელიც ანონიმურ წყაროს ეკუთვნის. ეს ინტერვიუ ოქტომბერშია ჩაწერილი: „17 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ევროპარლამენტში გამოსვლას აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და პროვოკაციულად მივიჩნევთ, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს სომხეთი, გადაიქცეს მესამე უკრაინად. ფაშინიანი კვანტურ ნახტომს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის გზაზე“. თქვენს ადგილას, ძალიან შემაწუხებდა რუსეთიდან ასეთი რიტორიკა, იმის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში“.

ფაშინიანმა საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას სურდა, ყურადღება გაემახვილებინა მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება.

„ზოგადად, მომწონს ციტატებზე კომენტარის გაკეთება, თუ ის თავად მაქვს წაკითხული, მესამე წყაროდან კომენტარის გაკეთება არ მიყვარს, ყოველ შემთხვევაში, ჩემმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ ეს აჩვენა. ევროპარლამენტში ჩემს გამოსვლაში როგორც გარკვევით ვთქვი, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან ღრმავდება. სხვათა შორის, მინდა, ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან ფაქტზე: ბოლო თვეებში ჩვენს რეგიონში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენი უშუალო მეზობელი, მეგობარი საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის დამოკიდებული სენტიმენტებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე, რადგან დამოკიდებულებები, პოლიტიკური შეფასებები შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს. მიმაჩნია, რომ სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოვლენის ირგვლივ თავისი პოზიციის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, მქონდა შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიმელოცა ჩემი კოლეგებისთვის საქართველოდან და ქართველი ხალხისთვის. ვფიქრობ, ეს არის მოვლენა, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს ჩვენი რეგიონის საერთო იმიჯსა და ატმოსფეროზე. სომხეთის რესპუბლიკამ და ჩვენმა მთავრობამ უნდა დაიკავონ გარკვეული პოზიცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით. შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს თუ მივულოცე ეს პოზიტიური მოვლენა, აშკარაა, რომ დადებით მოვლენად მიმაჩნია, თორემ რა აზრი აქვს მილოცვას?“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

ნიდერლანდების სასამართლომ ქვეყნის მთავრობას F-35 საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ისრაელში ექსპორტი აუკრძალა

ნიდერლანდებმა, შვიდი დღის ვადაში, ისრაელში F-35 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების ნაწილების ექსპორტი უნდა შეაჩეროს, რადგან ღაზაში მიმდინარე ოპერაციის გამო, არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი, – CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ნიდერლანდების სასამართლომ განაცხადა.

„სასამართლო ადგენს, რომ არსებობს აშკარა რისკი იმისა, რომ ისრაელის F-35 საბრძოლო თვითმფრინავები შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევების ჩასადენად“, – ნათქვამია ჰააგის სააპელაციო სასამართლოს განცხადებაში.

ეს ნიშნავს, რომ F-35 ნაწილების ექსპორტი ნიდერლანდებიდან ისრაელში უნდა შეწყდეს.

ჰააგის სააპელაციო სასამართლომ განაცხადა, რომ რამდენიმე საერთაშორისო რეგულაციის თანახმად, რომლის მონაწილე ნიდერლანდებიცაა, ქვეყანამ უნდა აღკვეთოს სამხედრო ტექნიკის ექსპორტი, თუ არსებობს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სერიოზული დარღვევის აშკარა რისკი.

სამმა არასამთავრობო ორგანიზაციამ – Oxfam Novib-მა, Pax for Peace-მა და The Rights Forum-მა გაასაჩივრა ნიდერლანდების სასამართლოს წინა გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ისრაელში F-35 ნაწილების ექსპორტის საშუალებას აძლევდა.