“საქართველო გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, რაც აუცილებლად იმოქმედებს რეგიონის საერთო ატმოსფეროზე” – ნიკოლ ფაშინიანი

19
spot_img

ბოლო თვეებში მოხდა მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენი მეგობარი საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს არის მოვლენა, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს რეგიონის საერთო ატმოსფეროზე. საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს თუ მივულოცე ეს, აშკარაა, რომ დადებით მოვლენად მიმაჩნია, – სომხური მედიის ცნობით, ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მანამდე ფაშინიანს ჟურნალისტმა მიმართა: „ამბობთ, რომ თქვენი ახალი თანამშრომლობა დასავლეთთან არანაირად არ არის მიმართული რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთმა ამაზე არ უნდა იდარდოს და თქვენ, უბრალოდ, უსაფრთხოების გარემოს დივერსიფიკაციას ცდილობთ. გამოცემა „ტასისთვის“ მიცემული ინტერვიუდან ციტატას მოგიყვანთ, რომელიც ანონიმურ წყაროს ეკუთვნის. ეს ინტერვიუ ოქტომბერშია ჩაწერილი: „17 ოქტომბერს სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის ევროპარლამენტში გამოსვლას აბსოლუტურად უპასუხისმგებლო და პროვოკაციულად მივიჩნევთ, განსაკუთრებით იმ ნაწილში, რომელიც ეხება სომხეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებს. ჩვენ ვხედავთ, როგორ ცდილობს სომხეთი, გადაიქცეს მესამე უკრაინად. ფაშინიანი კვანტურ ნახტომს აკეთებს ვოლოდიმირ ზელენსკის გზაზე“. თქვენს ადგილას, ძალიან შემაწუხებდა რუსეთიდან ასეთი რიტორიკა, იმის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი აკეთებს უკრაინაში“.

ფაშინიანმა საკითხზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას სურდა, ყურადღება გაემახვილებინა მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება.

„ზოგადად, მომწონს ციტატებზე კომენტარის გაკეთება, თუ ის თავად მაქვს წაკითხული, მესამე წყაროდან კომენტარის გაკეთება არ მიყვარს, ყოველ შემთხვევაში, ჩემმა პოლიტიკურმა გამოცდილებამ ეს აჩვენა. ევროპარლამენტში ჩემს გამოსვლაში როგორც გარკვევით ვთქვი, ჩვენ ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან, ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან ღრმავდება. სხვათა შორის, მინდა, ყურადღება გავამახვილო მნიშვნელოვან ფაქტზე: ბოლო თვეებში ჩვენს რეგიონში მოხდა ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა, ჩვენი უშუალო მეზობელი, მეგობარი საქართველო გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა არ არის დამოკიდებული სენტიმენტებსა და პოლიტიკურ შეფასებებზე, რადგან დამოკიდებულებები, პოლიტიკური შეფასებები შეიძლება, სხვადასხვანაირი იყოს. მიმაჩნია, რომ სომხეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მოვლენის ირგვლივ თავისი პოზიციის დაფიქსირება. რა თქმა უნდა, მქონდა შესაძლებლობა, ეს მნიშვნელოვანი მოვლენა მიმელოცა ჩემი კოლეგებისთვის საქართველოდან და ქართველი ხალხისთვის. ვფიქრობ, ეს არის მოვლენა, რომელიც აუცილებლად იმოქმედებს ჩვენი რეგიონის საერთო იმიჯსა და ატმოსფეროზე. სომხეთის რესპუბლიკამ და ჩვენმა მთავრობამ უნდა დაიკავონ გარკვეული პოზიცია ამ მოვლენასთან დაკავშირებით. შემიძლია, ერთი რამ ვთქვა, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს თუ მივულოცე ეს პოზიტიური მოვლენა, აშკარაა, რომ დადებით მოვლენად მიმაჩნია, თორემ რა აზრი აქვს მილოცვას?“ – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.