,,ოპოზიცია ცხრა წლის განმავლობაში დატოვებული ბინძური კვალის გადაფარვას ცდილობს” – ოდიშარია
,,35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება”- გეოლოგიის დეპარტამენტში
გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, 9 სექტემბრის მონაცემებით, გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების შედეგად, 35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება.
მისივე თქმით, შესაბამისი კვლევები და საცხოვრებელი სახლების შეფასება გრძელდება, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გარემოს ეროვნული სააგენტოს რვა საველე ჯგუფია განაწილებული.
„8 სექტემბერს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. კონკრეტულად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის დასახლებულ პუნქტებში. ჩვენი გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი 8 სექტემბრიდანვე ადგილზე იმყოფება და ოპერატიულ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის კვლევებს. საკმაოდ ბევრი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, ასევე ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურა. 9 სექტემბრის მონაცემებით, 80 ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი შეფასდა. წინასწარი შეფასებით, 35 მათგანი ექვემდებარება გასახლებას.
შესაბამისი კვლევები გრძელდება. შეფასებული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა გაიზრდება. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გარემოს ეროვნული სააგენტოს 8 საველე ჯგუფია განაწილებული. გვაქვს სრული კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და ყველა მომართვაზე ვრეაგირებთ, ადგილზევე ხდება ვითარების შეფასება. თითოეული ამ საცხოვრებელი სახლისთვის და საკარმიდამო ნაკვეთისთვის მომზადდება შესაბამისი დასკვნები.
ყოველწლიურად ვახორციელებთ შესაბამის კვლევებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე, მუნიციპალიტეტების და მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, მათ შორის გურიის რეგიონშიც. კვლევები ქვეყნდება შესაბამის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტინში და ეგზავნებათ მუნიციპალიტეტების უწყებებს თითოეულ დასახლებულ პუნქტზე, სად რა ტიპის პროცესია განვითარებული და რა რეკომენდაციები გავატაროთ.
ზიანი საკმაოდ დიდია და 35 ოჯახი ექვემდებარება გასახლებას. მომდევნო რამდენიმე დღე გაგრძელდება შესაბამისი კვლევები. რა თქმა უნდა, ცალკეულ სოფლებში გარკვეული საფრთხე არსებობს და ზუსტად ამისთვის ხორციელდება კვლევები, რომ ეს ყველაფერი დავაფიქსიროთ და შესაბამისი რეკომენდაციები გავცეთ, თუმცა ამ ეტაპისთვის ნაკლებია იმ მასშტაბის სტიქიის საფრთხე, რაც გვქონდა“, – განაცხადა ოთარ ქურციკიძემ.
,,პრემიერს კანონი არ დაურღვევია”- რევაზ ჯაველიძე
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია სახელმწიფოს ხარჯზე.
მისივე თქმით, პრემიერს კანონი არ დაურღვევია.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია – არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არც მომავალში აპირებს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იმგზავროს. მას საქართველოს კანონი არ დაურღვევია. სამთავრობო ბორტის გამოყენების უფლება მას აქვს ისევე, როგორც სახელმწიფო დაცვის უფლება. ამაზე ანზორ ჩუბინიძემ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა და ის კამპანია, რომელიც დღეს მიმდინარეობს არის ცილისმწამებლური, არის ცრუ და არის ტყუილი. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტი და ის არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია ამ ვიზიტთან“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ „იმედთან“ საუბრისას.
ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.
საპასუხოდ მთავრობის სტრატკომმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტს და დეზინფორმაცია უწოდა.
სტრატკომის ინფორმაციით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამასთან, მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე, რომელსაც აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები მათ შორის, კომერციული და კერძო პირებისგან.
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს
პატრიარქი სამძიმრის წერილს ავრცელებს.
„სტიქიურმა უბედურებებმა მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველოც მოიცვა. უხვმა ნალექმა დიდი ზარალი მიაყენა კახეთს, მაგრამ ის, რაც ამ დღეებში გურიაში მოხდა, ფაქტობრივად, შოვის ტრაგედიის გაგრძელებად იქცა.
დიდად ვწუხვართ ყმაწვილების, თორნიკე ჩხარტიშვილისა და იური (გიორგი) გუჯაბიძის, ასევე ქალბატონ თინათინ რუხაძის გარდაცვალების გამო, რომელნიც ჩამოწოლილმა მეწყერმა შეიწირა.
აღვავლენთ ლოცვებს მათ უკვდავ სულთათვის, რათა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ იგინი სავანესა მართალთასა განაწესოს, ხოლო მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს შინაგანი ძალა ამ ტკივილის დასაძლევად და რწმენაში გასაძლიერებლად.
ღმერთმა დალოცოს და მშვიდობით აკურთხოს გურია, მისი მკვიდრნი და სრულიად საქართველო“, – ვკითხულობთ სამძიმრის წერილში.
,,ჭანჭახის კალაპოტში არასრულწლოვნის ცხედარი იპოვეს”- პაპუნა მარგველიძე
უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები. დღეს მდინარე ჭანჭახის კალაპოტში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს, რომელიც გადაგზავნილია ექსპერტიზაზე, – ამის შესახებ განაცხადა რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ.
„ვეძებთ ერთ დაკარგულ მოქალაქეს. ორივე არასრულწლოვანი იყო ვისაც ვეძებდით, მათ შორის ერთ-ერთია ნაპოვნი“, – აცხადებს მარგველიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს
დღეს, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მოხდა მდინარე მაგანას წყალშემკრები აუზის დათვალიერება ვერტმფრენის საშუალებით. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, დათვალიერებისას მდინარის აუზზე, მის შენაკადებსა და არსებულ ფერდობებზე მეწყრულ-გარავიტაციული პროცესების ჩასახვა გააქტიურების კვალი არ ფიქსირდება. ასევე, უშუალოდ მდინარის კალაპიტში ნაკადის შეგუბების კვალი არ არის. სპეციალისტების განმარტებით – მდინარის დონის კლება გამოწვეული უნდა იყოს სეზონური წყალმცირობით. ამ ეტაპზე საშიშროების რისკი მინიმალურია.
„112-ში განხორციელებული სატელეფონო ზარის საფუძველზე, სპეციალისტებმა ასევე დაათვალიერეს მესტიაჭალას ხეობა. მოქალაქეები მესტიაჭალას ხეობაში მდინარის ნაკადის კლების გამო ტერიტორიის შეწავლას ითხოვდნენ. ხეობის დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები განმარტავენ, რომ ტერიტორიაზე საფრთხე არ არის. შეგახსენებთ, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ჯვარში მდინარე მაგანას მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა მდინარის ნაკადის შემცირებას ხეობაში წყლის შესაძლო დაგუბებას უკავშირებდა. პირველივე დღეს ადგილზე სიტუაციის გასაცნობად სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონულ უფროსთან და წალენჯიხის მერთან ერთად იმყოფებოდა. პირველივე დღესვე მოხდა ხეობის აეროგადაღების კამერით დათვალიერება, ამინდის გამოსვლისთანავე კი ხეობის დათვალიერება შსს-ის ვერტმფრენით მოხერხდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში პროცესში ჩართული იყო და სამუშაოებს კოორდინაციას უწევდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულო რწმუნებული“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
კიევი „დიდი ოცეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციის ტექსტით იმედგაცრუებულია
კიევი „დიდი ოცეულის“ მიერ მიღებული დეკლარაციის ტექსტით იმედგაცრუებულია. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ ისაუბრა. მისი თქმით, დოკუმენტში რუსეთის აგრესია მკაცრად უნდა ყოფილიყო დაგმობილი.
„დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი დეკლარაციის ტექსტი გუშინ შეათანხმეს. დეკლარაციის საბოლოო ვარიანტში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია დაგმობილი არ არის. დოკუმენტი მოიცავს მოწოდებებს კონფლიქტის მონაწილე მხარეების მიმართ, გაეროს პრინციპები დაიცვან.
მთავრობის სტრატკომი განცხადებას ავრცელებს
გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს. ტელეკომპანიამ მიზანმიმართულად გაავრცელა ცრუ ინფორმაცია, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. საზოგადოების ინფორმირების მიზნით, არაერთხელ გაკეთდა განმარტება იმის შესახებ, რომ რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამის მიუხედავად, სიუჟეტში მტკიცებით ფორმაში იყო ნათქვამი, რომ აღნიშნული რეისი სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე შესრულდა. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ სიუჟეტის ეთერში გასვლამდე განმარტა, რომ აღნიშნული რეისი იყო კომერციული და რეისის ანაზღაურება არ მომხდარა ბიუჯეტიდან. ამის მიუხედავად, ეთერში გასულ სიუჟეტში ეს ინფორმაცია მიზანმიმართულად იყო უგულებელყოფილი საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირი სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე. აღნიშნულ სააგენტოს აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები როგორც სამთავრობო და საბიუჯეტო სტრუქტურებიდან, ასევე არასამთავრობო, კომერციული და კერძო პირებისგან. მსგავსი კომერციული ტიპის რეისი მანამდეც არაერთხელ შესრულებულა.
,,დასავლეთის ქვეყნებმა დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს”- ლავროვი
ნიუ-დელიში “დიდი ოცეულის” სამიტი წარმატებით დასრულდა , – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.
“სამიტი უპირობო წარმატებაა მოქმედი თავმჯდომარე ქვეყნისთვის, ინდოეთისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. “დიდი ოცეული” შიდა რეფორმირებას განიცდის. ეს გამოიხატა იმაში, რომ “დიდი ოცეულის” წევრები გლობალური სამხრეთიდან მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ”, – აღნიშნა ლავროვმა.
მისი თქმით, დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს. ”ძირითადად, გლობალური სამხრეთის კონსოლიდირებული პოზიციის წყალობით, შესაძლებელი გახდა დასავლეთის მცდელობის აღკვეთა, მოეხდინათ სამიტის დღის წესრიგის უკრაინიზაცია განვითარებადი ქვეყნების გადაუდებელი ამოცანების განხილვის საზიანოდ”, – აღნიშნა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, გუშინ, “დიდი ოცეულის” ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია.
,,ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი” – ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის დაპატიმრებას ითხოვს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“გუშინ ტვ პირველმა გაასაჯაროვა კონკრეტული დოკუმენტაცია, საიდანაც ირკვევა, რომ ეს ფრენები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ და მისი [ღარიბაშვილის] ვოიაჟი დაახლოებით 200 000 ლარამდე დაუჯდებოდა ბიუჯეტს. ასევე ციხე-რესტორანში, სადაც მან მის მეუღლეს გადაუხადა დაბადების დღე, დაახლოებით 700 000 ლარი დაჯდებოდა. საუბარია ორ ღონისძიებაზე, მის დასვენებაზე და დაბადების დღეზე, რაშიც 900 000 ლარამდე დახარჯავდა ირაკლი ღარიბაშვილი.
ეს კაცი, ირაკლი ღარიბაშვილი ნამდვილად არის დასაჭერი. ამიტომ, პროკურორი რომ ჰქვია, ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი თანაშემწე რომ გახლავთ, შოთაძეს ვგულისხმობ, უამრავი სისხლის სამართლის დანაშაული აქვს მას ჩადენილი ამ დრომდე და მინდა მას ვუთხრა, რომ თუ ახლა, ამ წუთებში კონკრეტულ ღონისძიებებს არ დაიწყებს ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ და მას ბორკილებს არ დაადებს, ისიც ისეთივე თანამონაწილეა ამ დანაშაულების, რაც ჩამოვთვალე, რაც ვნახეთ, როგორც ირაკლი ღარიბაშვილი. ამიტომ, ჩვენი მთავარი მოთხოვნა მდგომარეობს ირაკლი ღარიბაშვილის ციხეში გაშვებაში, რომ ის უნდა იყოს დაკავებული”,-თქვა ხაბეიშვილმა.