,,35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება”- გეოლოგიის დეპარტამენტში

109
spot_img

გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, 9 სექტემბრის მონაცემებით, გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების შედეგად, 35 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება.

მისივე თქმით, შესაბამისი კვლევები და საცხოვრებელი სახლების შეფასება გრძელდება, ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გარემოს ეროვნული სააგენტოს რვა საველე ჯგუფია განაწილებული.

„8 სექტემბერს მოსულმა უხვმა ატმოსფერულმა ნალექმა გურიის რეგიონში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვია. კონკრეტულად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის დასახლებულ პუნქტებში. ჩვენი გეოლოგებისა და ჰიდროლოგების ჯგუფი 8 სექტემბრიდანვე ადგილზე იმყოფება და ოპერატიულ რეჟიმში ახორციელებს შესაბამის კვლევებს. საკმაოდ ბევრი საცხოვრებელი სახლია დაზიანებული, ასევე ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურა. 9 სექტემბრის მონაცემებით, 80 ოჯახის საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი შეფასდა. წინასწარი შეფასებით, 35 მათგანი ექვემდებარება გასახლებას.

შესაბამისი კვლევები გრძელდება. შეფასებული საცხოვრებელი სახლების რაოდენობა გაიზრდება. ოზურგეთისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში გარემოს ეროვნული სააგენტოს 8 საველე ჯგუფია განაწილებული. გვაქვს სრული კოორდინაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან და ყველა მომართვაზე ვრეაგირებთ, ადგილზევე ხდება ვითარების შეფასება. თითოეული ამ საცხოვრებელი სახლისთვის და საკარმიდამო ნაკვეთისთვის მომზადდება შესაბამისი დასკვნები.

ყოველწლიურად ვახორციელებთ შესაბამის კვლევებს მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე, მუნიციპალიტეტების და მოსახლეობის მომართვის საფუძველზე, მათ შორის გურიის რეგიონშიც. კვლევები ქვეყნდება შესაბამის საინფორმაციო გეოლოგიურ ბიულეტინში და ეგზავნებათ მუნიციპალიტეტების უწყებებს თითოეულ დასახლებულ პუნქტზე, სად რა ტიპის პროცესია განვითარებული და რა რეკომენდაციები გავატაროთ.

ზიანი საკმაოდ დიდია და 35 ოჯახი ექვემდებარება გასახლებას. მომდევნო რამდენიმე დღე გაგრძელდება შესაბამისი კვლევები. რა თქმა უნდა, ცალკეულ სოფლებში გარკვეული საფრთხე არსებობს და ზუსტად ამისთვის ხორციელდება კვლევები, რომ ეს ყველაფერი დავაფიქსიროთ და შესაბამისი რეკომენდაციები გავცეთ, თუმცა ამ ეტაპისთვის ნაკლებია იმ მასშტაბის სტიქიის საფრთხე, რაც გვქონდა“, – განაცხადა ოთარ ქურციკიძემ.