,,პრემიერს კანონი არ დაურღვევია”- რევაზ ჯაველიძე

122
spot_img

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის რევაზ ჯაველიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია სახელმწიფოს ხარჯზე.

მისივე თქმით, პრემიერს კანონი არ დაურღვევია.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრს კერძო ვიზიტის დროს არასდროს უმგზავრია – არც ამ კონკრეტულ შემთხვევაში და არც მომავალში აპირებს, რომ სახელმწიფოს ხარჯზე იმგზავროს. მას საქართველოს კანონი არ დაურღვევია. სამთავრობო ბორტის გამოყენების უფლება მას აქვს ისევე, როგორც სახელმწიფო დაცვის უფლება. ამაზე ანზორ ჩუბინიძემ საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა და ის კამპანია, რომელიც დღეს მიმდინარეობს არის ცილისმწამებლური, არის ცრუ და არის ტყუილი. ეს იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის კერძო ვიზიტი და ის არის პასუხისმგებელი იმ ხარჯებზე, რაც დაკავშირებულია ამ ვიზიტთან“, – განაცხადა რევაზ ჯაველიძემ „იმედთან“ საუბრისას.

ცნობისთვის, “ტვ პირველის” ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა.

საპასუხოდ მთავრობის სტრატკომმა დღეს კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა, რითაც გამოეხმაურა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში მგზავრობის შესახებ გასულ სიუჟეტს და დეზინფორმაცია უწოდა.

სტრატკომის ინფორმაციით, რეისი, რომლითაც პრემიერ-მინისტრი მიუნხენში გაემგზავრა, იყო კომერციული და კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა. ამასთან, მთავრობის სტრატკომი განმარტავს, რომ თვითმფრინავი, რომლითაც პრემიერ-მინისტრმა მიუნხენამდე იმგზავრა, იმყოფება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტოს ბალანსზე, რომელსაც აქვს სრული უფლება, მიიღოს შემოსავლები მათ შორის, კომერციული და კერძო პირებისგან.