Home Blog Page 1650

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 სექტემბრისთვის

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6238 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6238 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6234 ლარი იყო. დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8109 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8157 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0048 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

„პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“ – Voice of America

აშშ-ის სამაუწყებლო კომპანიამ Voice of America-მ („ამერიკის ხმამ“) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „პრემიერი, რეისი A92771 სამთავრობო Bombardier-ით და უპასუხო კითხვები“, რომელშიც განხილულია საკითხი, თუ რამდენად დაარღვია პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კანონი, როცა მან უცხოეთში კერძო ვიზიტის განხორციელების დროს სახელმწიფოს ბალანსზე არსებული თვითმფრინავით Bombardier Challenger 850-ით ისარგებლა.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი არ ჩქარობს განმარტოს, თუ რა სახსრებით შეძლო ჩარტერული ფრენის დაფინანსება, თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით და უკან. პრემიერმა და მისმა ოჯახმა, ამ მგზავრობისთვის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსზე მყოფი, სახელმწიფო ბორტი, კანადური წარმოების Bombardier Challenger 850 გამოიყენა. ეს ლაინერი 2007 წელს, ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავდაცვის სამინისტროს სახსრებით შეიძინა. ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისის“ ხელმძღვანელმა თამაზ გაიაშვილმა, რომელიც ემსახურება სამთავრობო ბორტს, „ტვ პირველს“ დაუდასტურა, რომ ღარიბაშვილების ოჯახი 19 აგვისტოს თბილისიდან მიუნხენში, რეისით A92771, სწორედ ამ ბორტით გაფრინდა.

სამთავრობო ბორტით კერძო რეისის ორგანიზებაზე ნებართვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ გასცა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის უახლოესი გარემოცვის წევრია.

გერმანიიდან პრემიერი ოჯახის წევრებთან ერთად, აშშ-ში გადაფრინდა, სადაც მის ვაჟს პენსილვანიის უნივერსიტეტში სწავლა დაეწყო. სამთავრობო ლაინერი, თამაზ გაიაშვილის თქმით, ღარიბაშვილებს მიუნხენის აეროპორტში 28 აგვისტომდე დაელოდა და შემდეგ, აშშ-დან გერმანიაში დაბრუნებული პრემიერი, ოჯახის წევრებთან ერთად, უკან, საქართველოში ჩამოიყვანა.

„პირველი და მთავარი აქ არის ის, რომ როდესაც სახელმწიფოს და ხელისუფლების სარგებლობაში არსებული თვითმფრინავი გამოიყენება კერძო მიზნებისთვის, ეს უკვე ცალსახა პრობლემაა“ – უთხრა „ამერიკის ხმას“ პარლამენტის წევრმა თამარ კორძაიამ.

დეპუტატის თქმით, „როდესაც ერთ კვირის განმავლობაში გაჩერებულია ეს თვითმფრინავი (მიუნხენში), წარმოუდგენელია, ეს როგორ შეიძლება მოხდეს… ეს რას ნიშნავს, რომ ქვეყანაში, ხელისუფლებაში ეს ლაინერი არავის არ სჭირდება? ეს მრავალგანზომილებიანი პრობლემაა. შესაბამისად, პირველი, რაც გამოკვლეული უნდა იქნას, ისაა, თუ როგორ გამოიყენეს ბორტი. მეორე – როდესაც საუბრობენ, რომ მან (ირაკლი ღარიბაშვილმა) გადაიხადა ამაში ფული, პირადი სახსრების გადარიცხვის დოკუმენტაცია უნდა გამოაქვეყნონ და უნდა გამოჩნდეს ვინ გადარიცხა და როგორ. და თუ პირადად ღარიბაშვილმა გადარიცხა, მან უნდა დაასაბუთოს ამ ფულის წარმომავლობა – იმიტომ, რომ აშკარაა, რომ ამხელა თანხის გადახდა პრემიერს ჩვეულებრივი ხელფასით არ შეუძლია ან მისი დანაზოგი საიდან მოვიდა, ესეც გამოსაკვლევია“.

“თუ, მას თანხა საერთოდ არ აქვს გადარიცხული, ეს კიდევ უარესი, ეს იმას ნიშნავს, რომ პრემიერი ძალაუფლებას იყენებს თვითნებურად და ავიაკომპანიას, ამ შემთხვევაში, „ჯორჯიან ეარვეიზს“ და ბ-ნ თამაზ გაიაშვილს აიძულებს უფასოდ მოემსახუროს. აქ კორუფციის უფრო ფართო მასშტაბზე შეიძლება გავიდეთ – იმიტომ, რომ სწორედ ვალებში მყოფ „ჯორჯიან ეარვეიზს“ მიეცა რუსეთში ფრენების განახლების შესაძლებლობა. შესაძლოა, სწორედ ასეთი ურთიერთდასავლური დამოკიდებულებით, ირაკლი ღარიბაშვილს პატივი სცა ავიაკომპანიამ, ყველა ეს კითხვა საჭიროებს სათანადო პასუხებს“ – მიაჩნია დეპუტატს.

თამარ კორძაიას აზრით, გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გამოძიება უნდა დაიწყოს, რათა ყველა იმ შეკითხვას, რაც საზოგადოებაში არსებობს, ღარიბაშვილის გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით, ამომწურავი პასუხი გაეცეს. მთავარი პროკურატურა ამ დრომდე დუმს.

მთავარი პროკურორისგან განსხვავებით, ირაკლი ღარიბაშვილის ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი აშშ-ში გადაფრენას, სამი განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის სტარტკომი. სამივე განცხადების სულისკვეთებაა, რომ პრემიერმა ჩარტერული რეისით მიუნხენში ორმხრივი ფრენა და იქ ლაინერის 9 დღით დაყოვნებაც საკუთარი ჯიბიდან დააფინანსა, თუმცა ვერც სტარტკომი აკონკრეტებს იმას, თუ რა დაუჯდა ღარიბაშვილების ოჯახს ძვირადღირებული მგზავრობა და ათობით ათასი დოლარი საიდან ჰქონდათ.

როდის დაიდო ხელშეკრულება საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურსა და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის, გერმანიაში ფრენასთან დაკავშირებით და რა დაჯდა რეისი A92771 , ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსიც.

„გულწრფელად გეტყვით, როდის დაიდო ეს ხელშეკრულება ვერ გეტყვით, სავარაუდოდ, უნდა არსებობდეს (ხელშეკრულება), უნდა მიმართოთ საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს, ხარჯებთან დაკავშირებით უნდა მიმართოთ ანზორ ჩუბინიძის უწყებას… საერთოდ კი განა (პრემიერის) ოჯახის წევრებმა არ შეიძლება მონაწილეობა მიიღონ ამ პროცესში (ჩარტერის დაფინანსებაში)? მთავარი არის ის, რომ ბიუჯეტიდან ერთი კაპიკი არ არის გადახდილი“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე.

პრემიერ-მინისტრს სრული ნდობა გამოუცხადეს მისი გუნდის წევრებმა, ეკონომიკის და განათლების მინისტრებმა ლევან დავითაშვილმა და გიორგი ამილახვარმა. „არცერთი თეთრი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ამ ვიზიტისთვის ირაკლი ღარიბაშვილს არ დაუხარჯავს, ეს ახლა არის იმ პროცესის გამოძახილი, როდესაც ჩვენი ქვეყნის მტრებს და მოღალატეებს, აი ამ ფაქტით უნდათ ირაკლი ღარიბაშვილის დაზიანება“ – განაცხადა განათლების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა.

„განსხვავებით ჩვენი ოპონენტებისგან, დღევანდელი ხელისუფლება თავისი ხალხის მიმართ არის პირნათელი“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

მთავრობის სტრატკომი და „ოცნების“ მინისტრები საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ დაელოდონ პრემიერ-მინისტრის ახალ ქონებრივ დეკლარაციას, სადაც მათი მტკიცებით, გერმანიაში სამთავრობო ბორტით, კერძო რეისის დაფინანსების წყაროები მითითებული „სრულად იქნება“.

„ოცნების“ ლიდერმა და მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ბოლოს ქონებრივი დეკლარაცია 2022 წლის შემოდგომაზე შეავსო. მაშინ პრემიერის წლიური ანაზღაურება 45 ათასი ლარი იყო. ბოლო ორ (2021 და 2022 წლების) ქონებრივ დეკლარაციაში ირაკლი ღარიბაშვილმა მიუთითა, რომ მშობლებმა 150 ათასი ლარი, ანუ ბოლო ორი წლის მანძილზე, საერთო ჯამში – 300 ათასი ლარი აჩუქეს.

წყარო

“წარმოუდგენელია, რომ პრემიერს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა” – ხატია დეკანოიძე

წარმოუდგენელია, რომ პრემიერ-მინისტრს პენსიონერმა მშობელმა 34 ათას ევროდ ჩარტერი უქირავა და მიუნხენში დასვა – ეს არის უკანონობა, კორუფცია და ინფორმაციის დამალვა! – ასე ეხმაურება პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე სახელმწიფო დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის თანახმად, მიუნხენში ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერული რეისით გამგზავრებისთვის 34 ათასი ევროს ეკვივალენტი ლარში პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, არსებული ინფორმაციით, პრემიერს პენსიონერი მშობლები ჰყავს, რომელთაც საკუთარი ბიზნესი არა აქვთ და გამორიცხულია, მიუნხენში ჩარტერული რეისი მათ საკუთარი შემოსავლით ან დანაზოგით დაეფინანსებინათ.

მისივე თქმით, სახელმწიფოს წინაშე ანგარიშვალდებულებისა და წესიერების ვალდებულება მაღალი თანამდებობის პირთა მშობლებსაც გააჩნიათ.

„ეს არის წარმოუდგენლად უტიფარი ტყუილი – ანზორ ჩუბინიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და მთელი ხელისუფლება უტიფარ ტყუილს გვეუბნება, რომ თითქოს ამხელა თანხა პრემიერ მინისტრის პენსიონერმა მამამ გადაიხადა. რა თქმა უნდა, რეალური ინფორმაცია დაფარულია და ადგილი აქვს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. სინამდვილეში თანხა ან ბიუჯეტიდან არის გადახდილი ან ღარიბაშვილს აქვს უკანონო, კორუფციული გარიგებებით მიღებული შემოსავლები. არ არსებობს, საჯარო სამსახურში მომუშავე ადამიანი, ვინც საკუთარი ხელფასით ისეთი დანაზოგი ექნება, რომელიც 40 ათასი ევროს ეკვივალენტია და ამ დანაზოგით ჩარტერს იქირავებს. ინფორმაცია, რაც მოვისმინეთ წარმოუდგენელია – ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული. ნორმალურ ქვეყნებში ასეთ საქმეებზე გამოძიება იწყება და პრემიერ-მინისტრის პასუხისმგებლობა დგება“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“სასიამოვნო არავისთვის არ არის იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება” – მიხეილ სარჯველაძე

არავისთვის არ არის სასიამოვნო იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება, ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ უბრალოდ იძულებულნი ვართ, ეს პროცედურები წამოვიწყოთ, რამდენიმე ახსნა და მიზეზი აქვს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, დასტურდება, რომ პრეზიდენტის ქმედება არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო.

„ეს ყველაფერი მოითხოვს რეაგირებას სამართლებრივი მექანიზმებით და იმპიჩმენტის პროცედურის წამოწყება სწორედ ეს გახლავთ. ამის შემდეგ იქნება გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოში და იმის მიხედვით, როგორი იქნება ეს გადაწყვეტილება, გაგრძელდება პროცედურა. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს პრეზიდენტი ბოლო ხანებში, საკუთარ რიტორიკაში, ძალიან ხშირად იყენებს იმ მსჯელობას, იმ ლოგიკურ არგუმენტებს, რომელსაც მიმართავს არცთუ კეთილსინდისიერად და არცთუ პოზიტიური მიზნებით გამოწვეულს საქართველოს ოპოზიცია. ამ შემთხვევაში იგულისხმება ის არგუმენტაცია, რომ საქართველო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს ერთი-ერთში ემთხვევა ოპოზიციის რიტორიკას. ვფიქრობთ, სახელმწიფოს სახელით პრეზიდენტის მხრიდან წარმომადგენლობის განხორციელება, თქმა და მტკიცება, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებს, ეს არამც და არამც არ წაადგება კანდიდატის სტატუსის მოპოვებას, შანსებს ეს არ გაზრდის. აქედან გამომდინარე, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ პოზიცია მკვეთრად დაფიქსირებულიყო ყოველგვარი ეჭვის და კითხვის ნიშნის დატოვების გარეშე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“სომხეთი რუსეთს შორდება” – Le Figaro

ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „სომხეთი რუსეთს შორდება: დღეს ერევანში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო“ (ავტორი – რეჟი ჟანტე).

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

სომხეთი, რომელიც თავისი ტრადიციული მოკავშირის – რუსეთის – მხარდაჭერას ვეღარ გრძნობს აზერბაიჯანის [აგრესიულ ქმედების] შესაჩერებლად, პირს ჩრდილოეთიდან დასავლეთისაკენ იბრუნებს.

სომხეთისაგან ასეთი ნაბიჯი თითქმის გაუგონარია: ბოლო დღეებში მთავრობამ მიიღო რამდენიმე (ხუთამდე) გადაწყვეტილება, რომელიც მიანიშნებს ერევნის დისტანცირებაზე მოსკოვისაგან. დღეს სომხეთში რუსეთს „ყოფილ კოლონიურ მეტროპოლიას“ უწოდებენ, რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. არადა ოფიციალურად, ხელშეკრულებების საფუძველზე, სომხეთისათვის რუსეთი „სტრატეგიულ პარტნიორად“ და მისი დამოუკიდებლობის ერთადერთ გარანტორ სახელმწიფოდ ითვლება 1991 წლიდან. მაგრამ ერევნის ამჟამინდელი განცხადებები იმდენად ხისტი და მკაცრია, რომ ბევრ სამხრეთკავკასიელ დამკვირვებლებს კითხვები ებადებათ: ხომ არ კარგავს რუსეთი ერთ-ერთ თავის ყველაზე ახლო მოკავშირეს პოსტსაბჭოთა სივრცეში? მით უმეტეს, რომ რუსი პროპაგანდისტები უკვე გაჰყვირიან სომხეთის „ღალატზე“…

მივყვეთ ქრონოლოგიას:

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, 4-დან 10 სექტემბრამდე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა: 1) იტალიური გაზეთ La Repubblica-სათვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ერევნის დამოკიდებულება მოსკოვზე „სტრატეგიული შეცდომა“ იყო; 2) უკან გაიწვია სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში („ოდკბ“-ში), რომელშიც რუსეთი დომინირებს; 3) დათანხმდა სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას აშშ-სთან ერთად, რომელზეც ადრე უარს ამბობდა ხოლმე; 4) პირველად გაუგზავნა ჰუმანიტარული დახმარება უკრაინას და 5) პრემიერ-მინისტრის ცოლი ანა აკოფიანი სკანდალურ ისტორიაში გაეხვია, როცა კიევში ჩავიდა „პირველი ლედების“ სამიტზე და ვოლოდიმირ ზელენსკის ცოლს შეხვდა.

რასაკვირველია, ეს გადაწყვეტილებები წინა პერიოდში მზადდებოდა, მაგრამ მათი ოფიციალური გამოცხადება გასულ კვირაში მოხდა. პარალელურად ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა განცხადებაც, რომ „აზერბაიჯანი თავისი ჯარის კონცენტრაციას სომხეთის საზღვართან და მთიანი ყარაბაღის შეხების ხაზთან ახდენსო“. გამოდის, რომ სომხეთი მარტოდმარტო რჩება იმ დროს, როცა აზერბაიჯანთან შეიძლება სამხედრო კონფლიქტი განახლდეს…

დრამატული სიტუაცია

ერევანმა რუსეთი უმოქმედობაში დაადანაშაულა, თუმცა მოსკოვმა, როცა სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დასრულდა, 2020 წლის ნოემბრიდან მთიან ყარაბაღში 2000-მდე რუსი მშვიდობისმყოფელი შეიყვანა, პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შუამავლობითა და ძალისხმევით. „ერევანმა, უბრალოდ, თავისი საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირება გადაწყვეტა და მხარდაჭერისთვის დასავლეთს მიმართა და არამარტო მას – მაგალითად, ინდოეთსაც, რომლისგანაც ჩვენ იარაღს ვყიდულობთ“, – განმარტავს ტიგრან გრიგორიანი, ერევანში არსებული დემოკრატიისა და უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი. შესაბამისად, სომხეთის ხელმძღვანელობა, რომელიც ხელისუფლებაში 2018 წელს მოვიდა „ხავერდოვანი რევოლუციის“ შედეგად, დასავლეთს სიგნალებს უგზავნის და ევრო-ამერიკულ ბანაკში გადასასვლელად ემზადება. ერევნის მოქმედებას რუსი პოლიტიკური ლიდერები და ექსპერტები, რბილად თუ ვიტყვით, ნეგატიურად აფასებენ.

ტიგრან გრიგორიანის თქმით, „ორიენტაციის შეცვლის ასეთი სქემა აუცილებლობა გახდა რუსეთის უმოქმედობისა და დუმილის გამო, როცა აზერბაიჯანი სომხეთის ტერიტორიას ემუქრება, კლავს სომხებს და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ლაჩინის დერეფნის ბლოკირებას ახდენს“. ლაჩინის დერეფანი ერთადერთი საავტომობილო გზაა, რომელიც სომხეთს და მთიან ყარაბაღს (სომხებით დასახლებული აზერბაიჯანის რეგიონს) ერთმანეთთან აკავშირებს.

ბლოკადაში მთიანი ყარაბაღის 120 ათასამდე მცხოვრები აღმოჩნდა, რომლებიც სურსათ-სანოვაგის, მედიკამენტებისა და პირველი მოხმარების საგნების დეფიციტს უჩივიან. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ყარაბაღელ სომხებს შეუძლიათ რუსული და საერთაშორისო ჰუმანიტარული დახმარება აგდამის გზით (ანუ აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით) მიიღონ, მაგრამ სომხები ლაჩინის დერეფნის განბლოკვას ითხოვენ, როგორც ეს 2020 წლის ნოემბრის შეთანხმებაშია ჩაწერილი.

ასეთი დრამატული სიტუაცია იმიტომ განვითარდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დღეს რუსეთის სისუსტით სარგებლობს (მოსკოვი ახლა უმთავრესად უკრაინის ომით არის დაკავებული) და სურს ის დათმობები გააუქმოს, რომლებსაც იგი 2020 წლის ნოემბერში დათანხმდა, კერძოდ, დაპირება, რომ მთიანი ყარაბაღის მთელ ტერიტორიაზე ჯარს არ შეიყვანს. ამჟამად აზერბაიჯანს, „უსაფრთხოების ზონაში“ მდებარე შვიდი რაიონის გარდა, რომელთა ოკუპაცია სომხეთმა 1990-იან წლებში განახორციელა, საკუთრივ ყარაბაღის სეპარატისტული პროვინციის მხოლოდ რამდენიმე პუნქტი აქვს დაკავებული.

აზერბაიჯანთან ომში დამარცხებული სომხეთი დათანხმდა, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის იურისდიქციაში დაბრუნებულიყო. ამ საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებები ბრიუსელის ეგიდით, პერმანენტულად გრძელდება. ნიკოლ ფაშინიანი ითხოვს გარანტიებს მთიანი ყარაბაღის სომხებისათვის, რომლებიც აზერბაიჯანის მოქალაქეები უნდა გახდნენ. „სამწუხაროდ, ილჰამ ალიევი ამ გარანტიებს არ იძლევა. ამ კონტექსტში ყარაბაღელებს მხოლოდ ორი ვარიანტი აქვთ: ან შიმშილით დაიხოცნენ, ან გაიქცნენ. ვშიშობ, რომ 2024 თებერვლისათვის ერთ-ერთი ვარიანტი რეალიზებული იქნება, თუ დასავლეთიდან არავინ არ ჩაერევა“, – ამბობს ბენიამინ პოღოსიანი, სომხეთის პოლიტიკური კვლევების ინსტიტუტის თანამშრომელი.

წყარო

“ბოლო პერიოდში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია” – თეიმურაზ კუპატაძე

ენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პოლიციამ ერთი პირი დააკავა.

როგორც მან ჟურნალისტებთან განმარტა, ბოლო პერიოდის განმავლობაში, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით სულ 41 პირი დააკავეს, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია.

„ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკვე დაკავებულია 10-ზე მეტი პირი, მაგრამ ღონისძიება გრძელდება და რის განმავლობაში დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამ პიროვნებებთან საკონტროლო შესყიდვა რამდენიმე ეტაპად განხორციელდა, ასევე აღნიშნული შესყიდვის აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები, ნარკორეალიზაციიდან მიღებული ფულადი თანხა, დაკავებულები არიან სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები. საზოგადოებას მინდა ვაცნობო, ჩვენ მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებების შედეგები. ბოლო პერიოდში ჩვენ მიერ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 41 პირია დაკავებული, მათ შორის 32 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან : იემენის, ნიგერიის, ეგვიპტის, ირანის, რუსეთის, უკრაინის და საქართველოს მოქალაქეები. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, როგორიცაა: „კოკაინი“, „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მარიხუანა“ და ა.შ.“, – განაცხადა კუპატაძემ.

რაც შეეხება ლოკაციებს, თუ სად იყო განთავსებული ნარკოტიკული საშუალებები, როგორც კუპატაძემ აღნიშნა, ეს სეროზულ გამოწვევას წარმოადგენს.

მისვე თქმით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში ამ მიმართულებით ცალკე დანაყოფი მუშაობს.

„ალბათ, საზოგადოებამ იცის,რომ სხვადასხვა ლოკაციებზე ხდება ნარკოტიკული საშუალებებს განთავსება და ეს არის: სადარბაზოები, სასაფლაოები, სკვერები, პარკები და ა.შ. ყველა ასეთ შემთხვევაზე შესაბამის რეაგირებას ვახდენთ, სადაც ტექნიკური საშუალებები გვაძლევს ამის შესაძლებლობას. ამ ადამიანების იდენტიფიცირება და შემდგომში დაკავება ხდება. მინდა, ერთი კონკრეტული ქეისი გამოვყო, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საგამოძიებო კომპლექსური ღონისძიებების შედეგად დავაკავეთ უკრაინის მოქალაქე ქალბატონი, რომელიც სვეტიცხოვლის ეზოში ათავსებდა [ნარკოტიკულ საშუალებას] 9 ლოკაციაზე განათავსა დიდი რაოდენობით ნარკოტიკული საშუალება, რომლის რეალიზაციასაც ახდენდა სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით. დაკავებულია და გამოვლენილია ნარკორეალიზატორთა ორგანიზებული ჯგუფი. ჩვენ მიერ რამდენიმე არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ამ ეტაპზე დაკავებულია სამი პირი.

სპეცოპერაცია მიმდინარეობს რუსთავში, ქუთაისში, თბილისსა და სხვადასხვა რეგიონებში. კონკრეტულად ამ ლოკაციაზე (ფონიჭალა) დაკავებულია ერთი პირი, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებები, რისი რაოდენობა ამ ეტაპზე დადგენილი არ არის. ამას ექსპერტიზა დაადგენს“, -განაცხადა კუპატაძემ.

“პრემიერის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა” – ანზორ ჩუბინიძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.

ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან.

„მინდა, საზოგადოებას დავუდასტურო, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. შენატანი გაკეთებულია კერძო პიროვნების მიერ და ეს თანხა არის 34 ათასი ევროს ექვივალენტი ლარში. თანხა წინსწრებით გადახდილია და შესაბამისად, სავარაუდოა, შესაძლებელია იგი მცირედით დაკორექტირდეს მას შემდეგ, რაც ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ წარმოგვიდგენს დეტალურ ხარჯთაღრიცხვას. წარმოდგენისთვის სჭირდება ხოლმე დაახლოებით რეისის შესრულებიდან თვე-ნახევარი. წარმოდგენისთანავე ჩვენ მივახდენთ ანგარიშსწორებას. გადახდილი თანხა სრულად უზრუნველყოფს მიმდინარე ხარჯს და არის გარკვეული ფასნამატიც.

რაც შეეხება საბიუჯეტო გადასახადებს, საზოგადოებას მინდა, დავუდასტურო, რომ საწყის ეტაპზე, დავალების მიცემის მომენტში, ნათლად იყო მითითებული, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სასხსრებიდან. საზოგადოებას დღეს ვუდასტურებ, რომ ანგარიშსწორება განხორციელდა კერძო პიროვნების მიერ და ეს პიროვნება ტარიელ ღარიბაშვილია“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

12 სექტემბერს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოს მთიან რეგიონებში და კახეთის (განსაკუთრებით გარე კახეთის) ტერიტორიაზე ზოგან მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, – ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაშია ნათქვამი.
“მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს,” – ნათქვამია განცხადებაში.

“ტრამპი არასოდეს მხარს არ დაუჭერს პუტინს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) სათაურით „დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მხარს არასოდეს არ დაუჭერს“, გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს შინაარსი, რომელიც მას კორესპონდენტმა ჩამოართვა კიევში ყოფნის დროს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„მე და ჩემი გუნდი ხანგრძლივი ომისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ეს გავაცნობიერეთ და ემოციური თვალსაზრისით, პრაქტიკულად ამას უკვე შევეგუეთ“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. შარშან, ამ დროისთვის, როცა უკრაინის არმია წარმატებით უტევდა რუსებს და ქალაქს ქალაქზე ათავისუფლებდა, პრეზიდენტს ეიფორიული განწყობა ჰქონდა, ახლა კი… სამი თვის მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლების („კონტრშეტევის“) შედეგად, უკრაინის არმია მხოლოდ ძალზე მოკრძალებულ შედეგებს აღწევს. ეს ხდება სამხრეთით, ზაპოროჟიეს ფრონტზე, სადაც დაგეგმილია სახმელეთო დერეფნის შუაზე „გაჭრა“ და ყირიმ-დონბასის დამაკავშირებელი ხიდის განეიტრალება.

მთავარი კითხვა ამჟამად ისაა, თუ რამდენ ხანს დაიკავებს კონტრშეტევა და საერთოდ, დასრულდება თუ არა წარმატებით. ეს გარემოება დასავლელ ლიდერებს მოსვენებას არ აძლევთ. ისინი ძველებურად აცხადებენ, რომ უკრაინას იმდენად დაეხმარებიან, რამდენადაც საჭირო იქნება, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის – სატელევიზიო გადაცემის ყოფილ მსახიობს, რომელმაც კარგად გრძნობს აუდიტორიის განწყობას – უკვე ეჭვი ეპარება თავისი ზოგიერთი პარტნიორის ქცევაში. „მე კარგი ინტუიცია მაქვს, მათ აზრებს ვკითხულობ, ვხედავ და მესმის… ისინი მეუბნებიან, რომ „ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ“, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩვენთან არ არიან, ან თუ არიან, ჩვენზე არ ფიქრობენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.

ვლადიმერ პუტინს ჩაფიქრებული აქვს, რომ ომი გააჭიანუროს და უკრაინა გამოფიტოს, დაქანცოს და გაანადგუროს. „მას არ ესმის, რომ ომი უკვე პრაქტიკულად წაგებული აქვს. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს მხარს რუსეთის მოსახლეობის 60 თუ 70% მხარს უჭერს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკა გაჭიანურებულ ომს ვერ გაუძლებს და დაინგრევა. დადგება დრო, როცა რუსები პრეზიდენტს არასასიამოვნო კითხვებს დაუსვამენ… მისი რეპუტაცია შერყეულია, მას შეთქმულებებს უწყობენ“.

იმავდროულად უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გრძნობს და აცნობიერებს იმ რისკებსაც, რომლებიც მისი ქვეყნის წინაშე დგას, თუ დასავლეთი დახმარებას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს. ასეთი გადაწყვეტილება უდიდეს დარტყმას მიაყენებს უკრაინის ისედაც ძალიან დაზარალებულ ეკონომიკას და სამხედრო ძალისხმევას. ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისურად სულ უფრო საუბრობს და იგი არ ერიდება მკვეთრ ლაპარაკს: „თუ თქვენ უკრაინის გვერდით არ ხართ, გამოდის, რომ რუსეთის გვერდით ხართ. ან პირიქით. თუ ჩვენ პარტნიორები არ დაგვეხმარებიან, ესე იგი, გამოდის, რომ ისინი რუსეთს ეხმარებიან ჩვენზე გასამარჯვებლად. აი, ესაა ჭეშმარიტება“.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ როცა კიევს ფრონტზე უმნიშვნელო მიღწევები აქვს, დასავლეთს უკრაინისადმი დახმარების გაწევა ურთულდება. იგი ცდილობს, რომ მას, პოლიტიკოსების მიღმა, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობასთან, რომ მათ საკუთარი მთავრობები უკრაინის დახმარებისათვის წააქეზონ. სწორედ ასე მოხდა გასულ წელს, როცა უკრაინამ, დასავლელი მოსახლეობის მხარდაჭერით, სამხედრო და ფინანსური დახმარება მიიღო.

თუ ვლადიმერ პუტინს იმის იმედი აქვს, რომ ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, იგი ძალიან სცდება. „ტრამპი არასოდეს მხარს არ დაუჭერს პუტინს. მან იცის, რომ ასეთ ნაბიჯს ძლიერი ამერიკელები არ აკეთებენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. მას სჯერა, რომ თუ ჯო ბაიდენი მეორე ვადით იქნება არჩეული, იგვე კურსს გააგრძელებს უკრაინის მიმართ („განა ამერიკელებს ავღანეთის მსგავსი სიტუაციის გამეორება სურთ??). ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე იმედი აქვს, ევროკავშირიც კვლავ დაეხმარება კიევს მოსკოვთან ბრძოლაში და და უფრო მეტიც – გაგრძელდება პროცესი უკრაინის ევროკავშირში მისაღებად. „თუ დეკემბრის თვეში ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისათვის დადებითი იქნება, ასეთი მომენტი უკრაინელთა მორალურ სულს განამტკიცებს და ხალხს ენერგიას შთაბერავს“.

დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში არსებულ მითქმა-მოთქმის საპასუხოდ, რომ უკრაინის არმია წარმატებას ვერ აღწევსო, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელ ჯარისკაცების ბედი ბრძოლის დროს უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. „ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შევინარჩუნოთ, რისკები უნდა შევასუსტოთ, თავი უნდა ავარიდოთ პირდაპირ შეტაკებებს, მეტი დაზვერვა ვაწარმოოთ, ვისარგებლოთ დრონებით… ეს ისეთი ომი არ არის, რომლის დროსაც სარდალი ამბობს, რომ დანაკარგების ფასს მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამაშია ჩემი და ვლადიმერ პუტინის მიდგომების განსხვავება. მისთვის [ჯარისკაცის] სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს… ვიცით, რომ ჩვენი გამარჯვება არც ხვალ არ იქნება და არც ზეგ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსები უამრავ ცოცხალ ძალას კარგავენ, ძალების მუდმივ გადაჯგუფებას ახდენენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი აგებენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პასუხის დროს მაგიდაზე ხელს ხმამაღლა აკაკუნებს, კატეგორიულად აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან არავითარ კომპრომისს არ დათანხმდება. „სანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგანან, არავითარი მოლაპარაკება არ იქნება. დღევანდელი ზავი მუდმივი არ იქნება. რუსეთის პრეზიდენტის თვითმიზანი იმაში კი არ გამოიხატება, რომ მან „გაყინული კონფლიქტები“ შექმნას რუსეთის საზღვართან ახლოს (მაგალითად, საქართველოში), არამედ იმაში, რომ ამ გზით მას მთავარი მიზნის მიღწევა უნდა – რუსეთის იმპერიის „ისტორიული“ საზღვრების აღდგენა სსრკ-ის ყოფილი ტერიტორიის მიერთებით. ისინი ვინც კრემლის ბინადარს ელაპარაკებიან, საკუთარ თავს ატყუებენ – იმის მსგავსად, თუ როგორ მოიტყუეს თავის დასავლელმა ლიდერებმა მიუნხენში 1938 წელს, როცა ადოლფ ჰიტლერს ესაუბრებოდნენ და ფაქტობრივად ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციას თანხმდებოდნენ. „შეცდომა დიპლომატიაში კი არ არის, არამედ შეცდომა არის კონკრეტულად პუტინთან დიპლომატიაში“.

წყარო

“პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს საკუთარ ქვეყანას”

მიხაილ პოდოლიაკის საქმე არ არის, საქართველო რას იმსახურებს და რას არა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებაზე, რომ „საქართველოს ერთი შანსიც კი არ აქვს, რომ გახდეს ევროპული თანამეგობრობის წევრი“.

„საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ფასი არაერთხელ აქვს გადახდილი. ქართველმა ხალხმა ზუსტად იცის, სად ხედავს და რას უკავშირებს საკუთარ ქვეყანას – ეს არის თავისუფალი, დასავლური და ევროპული სამყარო“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები საოკუპაციო ხაზთან ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ განაცხადა, მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იქნება.

„წინა შეხვედრიდან დღემდე, საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დააკავეს 12 ჩვენი თანამოქალაქე. აქედან ყველა მათგანი უკვე გათავისუფლებულია და იმყოფება საკუთარ ოჯახში. რაც შეეხება უკანონო ბორდერიზაციას, დაფიქსირდა 14 შემთხვევა. ძირითადად, გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში. შემთხვევათა უმრავლესობა უკავშირდება ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულების გავლებას. ასევე იყო მეტალის ბოძების დამონტაჟების ფაქტი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის მიმდებარედ. ეს არის უკიდურესად დესტრუქციული მოვლენა, რომელიც ისედაც ამძიმებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებას“, – განაცხადა ირაკლი ანთაძემ

ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო

ჰავაის კუნძულზე ვულკანმა კილაუეამ ამოფრქვევა დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად ლავის ნაკადი კრატერის ზედაპირზე ვრცელდება. ჰავაის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ ვულკანის ამოფრქვევის საფრთხის გამო წითელი განგაშის სიგნალი აამოქმედა.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის ვულკანის ამოფრქვევა მოსახლეობას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა, მათივე განცხადებით, შესაძლოა, დამძიმდეს სუნთქვის პრობლემების მქონე ადამიანების მდგომარეობა.

ჰავაიზე მდებარე ვულკანებს შორის, კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია.