“ტრამპი არასოდეს მხარს არ დაუჭერს პუტინს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

396
spot_img

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტში“ (The Economist) სათაურით „დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინს მხარს არასოდეს არ დაუჭერს“, გამოქვეყნებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუს შინაარსი, რომელიც მას კორესპონდენტმა ჩამოართვა კიევში ყოფნის დროს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„მე და ჩემი გუნდი ხანგრძლივი ომისათვის მზად უნდა ვიყოთ. ჩვენ ეს გავაცნობიერეთ და ემოციური თვალსაზრისით, პრაქტიკულად ამას უკვე შევეგუეთ“, – ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი. შარშან, ამ დროისთვის, როცა უკრაინის არმია წარმატებით უტევდა რუსებს და ქალაქს ქალაქზე ათავისუფლებდა, პრეზიდენტს ეიფორიული განწყობა ჰქონდა, ახლა კი… სამი თვის მძიმე და სისხლისმღვრელი ბრძოლების („კონტრშეტევის“) შედეგად, უკრაინის არმია მხოლოდ ძალზე მოკრძალებულ შედეგებს აღწევს. ეს ხდება სამხრეთით, ზაპოროჟიეს ფრონტზე, სადაც დაგეგმილია სახმელეთო დერეფნის შუაზე „გაჭრა“ და ყირიმ-დონბასის დამაკავშირებელი ხიდის განეიტრალება.

მთავარი კითხვა ამჟამად ისაა, თუ რამდენ ხანს დაიკავებს კონტრშეტევა და საერთოდ, დასრულდება თუ არა წარმატებით. ეს გარემოება დასავლელ ლიდერებს მოსვენებას არ აძლევთ. ისინი ძველებურად აცხადებენ, რომ უკრაინას იმდენად დაეხმარებიან, რამდენადაც საჭირო იქნება, მაგრამ ვოლოდიმირ ზელენსკის – სატელევიზიო გადაცემის ყოფილ მსახიობს, რომელმაც კარგად გრძნობს აუდიტორიის განწყობას – უკვე ეჭვი ეპარება თავისი ზოგიერთი პარტნიორის ქცევაში. „მე კარგი ინტუიცია მაქვს, მათ აზრებს ვკითხულობ, ვხედავ და მესმის… ისინი მეუბნებიან, რომ „ჩვენ ყოველთვის თქვენთან ვართ“, მაგრამ ვგრძნობ, რომ ჩვენთან არ არიან, ან თუ არიან, ჩვენზე არ ფიქრობენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი ინტერვიუში.

ვლადიმერ პუტინს ჩაფიქრებული აქვს, რომ ომი გააჭიანუროს და უკრაინა გამოფიტოს, დაქანცოს და გაანადგუროს. „მას არ ესმის, რომ ომი უკვე პრაქტიკულად წაგებული აქვს. რუსული პროპაგანდის მიხედვით, ვლადიმერ პუტინს მხარს რუსეთის მოსახლეობის 60 თუ 70% მხარს უჭერს, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა. მთავარი ისაა, რომ რუსეთის ეკონომიკა გაჭიანურებულ ომს ვერ გაუძლებს და დაინგრევა. დადგება დრო, როცა რუსები პრეზიდენტს არასასიამოვნო კითხვებს დაუსვამენ… მისი რეპუტაცია შერყეულია, მას შეთქმულებებს უწყობენ“.

იმავდროულად უკრაინის პრეზიდენტი მწვავედ გრძნობს და აცნობიერებს იმ რისკებსაც, რომლებიც მისი ქვეყნის წინაშე დგას, თუ დასავლეთი დახმარებას შეამცირებს ან საერთოდ შეწყვეტს. ასეთი გადაწყვეტილება უდიდეს დარტყმას მიაყენებს უკრაინის ისედაც ძალიან დაზარალებულ ეკონომიკას და სამხედრო ძალისხმევას. ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისურად სულ უფრო საუბრობს და იგი არ ერიდება მკვეთრ ლაპარაკს: „თუ თქვენ უკრაინის გვერდით არ ხართ, გამოდის, რომ რუსეთის გვერდით ხართ. ან პირიქით. თუ ჩვენ პარტნიორები არ დაგვეხმარებიან, ესე იგი, გამოდის, რომ ისინი რუსეთს ეხმარებიან ჩვენზე გასამარჯვებლად. აი, ესაა ჭეშმარიტება“.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცნობიერებს იმ გარემოებას, რომ როცა კიევს ფრონტზე უმნიშვნელო მიღწევები აქვს, დასავლეთს უკრაინისადმი დახმარების გაწევა ურთულდება. იგი ცდილობს, რომ მას, პოლიტიკოსების მიღმა, მეტი კომუნიკაცია ჰქონდეს დასავლეთის ქვეყნების მოსახლეობასთან, რომ მათ საკუთარი მთავრობები უკრაინის დახმარებისათვის წააქეზონ. სწორედ ასე მოხდა გასულ წელს, როცა უკრაინამ, დასავლელი მოსახლეობის მხარდაჭერით, სამხედრო და ფინანსური დახმარება მიიღო.

თუ ვლადიმერ პუტინს იმის იმედი აქვს, რომ ამერიკის 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპი გაიმარჯვებს, იგი ძალიან სცდება. „ტრამპი არასოდეს მხარს არ დაუჭერს პუტინს. მან იცის, რომ ასეთ ნაბიჯს ძლიერი ამერიკელები არ აკეთებენ“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი. მას სჯერა, რომ თუ ჯო ბაიდენი მეორე ვადით იქნება არჩეული, იგვე კურსს გააგრძელებს უკრაინის მიმართ („განა ამერიკელებს ავღანეთის მსგავსი სიტუაციის გამეორება სურთ??). ვოლოდიმირ ზელენსკის ასევე იმედი აქვს, ევროკავშირიც კვლავ დაეხმარება კიევს მოსკოვთან ბრძოლაში და და უფრო მეტიც – გაგრძელდება პროცესი უკრაინის ევროკავშირში მისაღებად. „თუ დეკემბრის თვეში ევროკავშირის სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისათვის დადებითი იქნება, ასეთი მომენტი უკრაინელთა მორალურ სულს განამტკიცებს და ხალხს ენერგიას შთაბერავს“.

დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში არსებულ მითქმა-მოთქმის საპასუხოდ, რომ უკრაინის არმია წარმატებას ვერ აღწევსო, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინელ ჯარისკაცების ბედი ბრძოლის დროს უდიდესი საფრთხის წინაშე დგას. „ჩვენ გვინდა, რომ რაც შეიძლება მეტი ჯარისკაცის სიცოცხლე შევინარჩუნოთ, რისკები უნდა შევასუსტოთ, თავი უნდა ავარიდოთ პირდაპირ შეტაკებებს, მეტი დაზვერვა ვაწარმოოთ, ვისარგებლოთ დრონებით… ეს ისეთი ომი არ არის, რომლის დროსაც სარდალი ამბობს, რომ დანაკარგების ფასს მნიშვნელობა არ აქვს. სწორედ ამაშია ჩემი და ვლადიმერ პუტინის მიდგომების განსხვავება. მისთვის [ჯარისკაცის] სიცოცხლეს არანაირი ფასი არ აქვს… ვიცით, რომ ჩვენი გამარჯვება არც ხვალ არ იქნება და არც ზეგ, მაგრამ ვხედავთ, რომ რუსები უამრავ ცოცხალ ძალას კარგავენ, ძალების მუდმივ გადაჯგუფებას ახდენენ. ეს ნიშნავს, რომ ისინი აგებენ“.

ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც პასუხის დროს მაგიდაზე ხელს ხმამაღლა აკაკუნებს, კატეგორიულად აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინთან არავითარ კომპრომისს არ დათანხმდება. „სანამ უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარები დგანან, არავითარი მოლაპარაკება არ იქნება. დღევანდელი ზავი მუდმივი არ იქნება. რუსეთის პრეზიდენტის თვითმიზანი იმაში კი არ გამოიხატება, რომ მან „გაყინული კონფლიქტები“ შექმნას რუსეთის საზღვართან ახლოს (მაგალითად, საქართველოში), არამედ იმაში, რომ ამ გზით მას მთავარი მიზნის მიღწევა უნდა – რუსეთის იმპერიის „ისტორიული“ საზღვრების აღდგენა სსრკ-ის ყოფილი ტერიტორიის მიერთებით. ისინი ვინც კრემლის ბინადარს ელაპარაკებიან, საკუთარ თავს ატყუებენ – იმის მსგავსად, თუ როგორ მოიტყუეს თავის დასავლელმა ლიდერებმა მიუნხენში 1938 წელს, როცა ადოლფ ჰიტლერს ესაუბრებოდნენ და ფაქტობრივად ჩეხოსლოვაკიის ლიკვიდაციას თანხმდებოდნენ. „შეცდომა დიპლომატიაში კი არ არის, არამედ შეცდომა არის კონკრეტულად პუტინთან დიპლომატიაში“.

წყარო