Home Blog Page 1649

“რადიკალური ოპოზიცია შოვის ტრაგედიას იყენებს -“ნაცმოძრაობამ” დილით ღრუბელი რომ დაინახოს, იტყვის, უმრავლესობამ არ დაუშვა მზის ამოსვლა საქართველოშიო”-გურამ მაჭარაშვილი

რადიკალურ ოპოზიციას სურვილი აქვს, რაღაცნაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს. სამწუხაროდ, ამისთვის შოვის ტრაგედიას იყენებენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს შოვის სტიქიასთან დაკავშირებით პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე.

„რომელ „ნაცმოძრაობაზეა“ საუბარი – ძველზე, ახალზე, დაშლილზე, აწყობილზე თუ? 2024 წლის არჩევნებამდე ერთი წელი რჩება და რადიკალურ ოპოზიციას სურვილი აქვს, რაღაცნაირად პოლიტიკურ ზედაპირზე იყოს და სამწუხაროდ, შოვის ტრაგედიას იყენებენ ხოლმე. მტკიცებულება არც ამ შემთხვევაში აქვთ. „ნაცმოძრაობამ“ შეიძლება, დილით ღრუბელი დაინახოს და იტყვის, უმრავლესობამ არ დაუშვა მზის ამოსვლა საქართველოშიო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

“ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია” – ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, კიევს შეუძლია ბერლინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან გერმანია დარწმუნებულია, რომ „ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია“.

„ბომბების სეტყვის ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა ევროკავშირისკენ გზას. დიდი მამაცობითა და მონდომებით, უკრაინა ასევე იცავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას”, – განაცხადა ბერბოკმა კიევში.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა.

„პუტინის საშინელი ტერორი გამოიხატება არა მხოლოდ უკრაინაში ყოველდღიურად სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში, პუტინს სურს ხალხის გატეხვა, დათრგუნვა და დაძაბუნება. რუსეთი არა მხოლოდ ბომბებით კლავს, ის მომავალს ართმევს ათასობით უკრაინელ ბავშვს. მათ იტაცებენ საბავშვო ბაღებიდან, ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან, რათა გადაასახლონ რუსულ ბანაკებში ან გააშვილონ”, – აღნიშნა ბერბოკმა.

“პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა” – რომან გოცირიძე

პრემიერ-მინისტრმა დანაშაული ჩაიდინა – აშკარაა კორუფციული ფაქტი, რადგან მან სახელმწიფოს რესურსი პირადი მიზნებისათვის გამოიყენა, თან ცინიკურად, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების” დეპუტატმა რომან გოცირიძემ განუცხადა.

გოცირიძის თქმით, კიდევ ერთი დანაშაულია ის, რომ პრემიერმა და მისმა პარტია „ქართულმა ოცნებამ” კონსტიტუცია დაარღვია და პრეზიდენტს იმ კონსტიტუციური ვალდებულების აღსრულებაში შეუშალა ხელი, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხის ლობირებას უკავშირდება.

რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების ინიციატივას, როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ამ თემაზე საპარლამენტო ოპოზიციაში აზრთასხვადასხვაობა არსებობს, თუმცა თუ პრემიერის საიმპიჩმენტოდ 50 ხელმოწერა მოგროვდება, ერთ-ერთი მისი ხელმოწერაც იქნება

„ჩანს, რომ ოპოზიციაში 50 ხელმოწერა ვერ შეგროვდება. საკითხის დრამატიზება საჭირო არ არის. ვნახოთ, სამომავლოდ რა იქნება – იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციურ ფლანგზე ერთსულოვნება იქნება, რა თქმა უნდა, ჩვენ მხარს დავუჭერთ”, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

„ლელო” პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის.

როგორც “ლელოს” დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ შეიძლება დღეს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის, „ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს და საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს“.

სამადაშვილის ინფორმაციით, ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებენ.

“ღარიბაშვილი არათუ უნდა გადადგეს და მერე წულუკიანით ან კობახიძით ჩანაცვლდეს, არამედ უნდა დააკავონ”

ღარიბაშვილს კიდევ ერთი მუხლი უხდება და ესადაგება – ესაა სახელმწიფოს ღალატი და შეიძლება როგორც რუსეთის ჯაშუში, ასეც მოხდეს მომავალში მისი გასამართლება – თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლება მისთვის საჩუქარია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნხენში ჩარტერული რეისით ფრენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მის გადადგომას მხარს უჭერენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მან სისხლისსამართლებრივადაც უნდა აგოს პასუხი.

„ღარიბაშვილი არათუ უნდა გადადგეს და მერე წულუკიანით ან კობახიძით ჩანაცვლდეს, არამედ უნდა იყოს დაკავებული. ის, რომ მის გადადგომას მხარს დავუჭერთ, ეს ყველასთვის გასაგებია, თუმცა ეს ადამიანი უნდა იყოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაშიც მიცემული ამ კონკრეტულ დანაშაულებზე. კიდევ ერთი მუხლი ძალიან უხდება და ესადაგება – ესაა სახელმწიფოს ღალატი და შეიძლება როგორც რუსეთის ჯაშუში, ასეც მოხდეს მომავალში მისი გასამართლება. მისთვის ამ მუხლით გასამართლება, რასაც ჰქვია თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ხარჯების მითვისება- გაფლანგვა, საჩუქარია და მის ადგილას ვთხოვდი კიდევ პროკურატურას, რომ იქნებ ამ ბრალდებით გაასამართლონ,“ – განაცხადა ხაბეიშვილმა.

“მამუკა ხაზარაძე ეცდება ჩამოირეცხოს ბრალდებები, რომ ის წინა ხელისუფლების დროს იყო რეკეტიორი” – დავით ქართველიშვილი

ძალზე საინტერესო სასამართლო პროცესი გველოდება სულ ახლო მომავალში და ამას ყოველგვარი ირონიისა, თუ სარკაზმის გარეშე ვიძახი. მამუკა ხაზარაძემ დააანონსა, რომ საკუთარი ღირსების დაცვას სასამართლო დარბაზში შეეცდება, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და დასძენს, რომ მისთვის გაუგებარია, თუ ვინ იქნება ხაზარაძის მოპასუხე.

„ძალზე საინტერესო სასამართლო პროცესი გველოდება სულ ახლო მომავალში და ამას ყოველგვარი ირონიისა, თუ სარკაზმის გარეშე ვიძახი. მამუკა ხაზარაძემ დააანონსა, რომ საკუთარი ღირსების დაცვას სასამართლო დარბაზში შეეცდება. ბოლომდე ვერ გავიგე, ვინ იქნება მოპასუხე მხარე – ბიძინა ივანიშვილი თუ ირაკლი კობახიძე.
თუმცა ეს უკვე დეტალებია. მამუკა ხაზარაძე ეცდება ჩამოირეცხოს ისეთი ბრალდებები საკუთარი მისამართით, რომ ის წინა ხელისუფლების დროს იყო რეკეტიორი და სხვისი ქონების ჩამორთმევისა, თუ ხელოვნური გზით გაკოტრების ერთ-ერთი ორგანიზატორი თუ არა, თანამონაწილე მაინც. პროცესზე დასასწრებად მის მიერ დაპატიჟებულია ყველა ის მოქალაქე, ვინც ქონების ჩამორთმევაში იმდროინდელ „თი-ბი-სი“ ბანკს ადებს ხელს. დიდი ალბათობით, ამ პროცესს დაესწრებიან ასევე ისეთი ბიზნესმენები, როგორიც მაგალითად ანზორ ქოქოლაძეა, რომლის „ელიტ-ელექტრონიქსის“ გაკოტრების საქმე 2010 წელს უბრალოდ ყველაზე რეზონანსული იყო“, – წერს ანალიტიკოსი.

გარდა ამისა, დავით ქართველიშვილი ორ გარემოებაზე მიანიშნებს, თუ რატომაც იქნება პროცესი საინტერესო და მნიშვნელოვანი. „ასეა თუ ისე, მომავალი სასამართლო პროცესი მისასალმებელია ასევე როგორც მინიმუმ ორი პოლიტიკური გარემოების გამო.

პირველი, ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ენდობა ქვეყნის სასამართლო სისტემას, მიმართავს მას საკუთარი ღირსების დასაცავად და ხელისუფლების მიერ შესასრულებელ 12 რეკომენდაციაში (სასამართლო რეფორმის ნაწილში) ეს აუცილებლად დადებითად აისახება. მეორე გარემოება ასევე ეხება 12 პუნქტს – „დეპოლარიზაციის“ ნაწილში. კარგია, როდესაც ორი, თუნდაც მკვეთრად პოლარიზებული პოლიტიკური ძალა, ყოველგვარი „ქუჩური გარჩევების“, თუ აგრესიული რიტორიკის გარეშე ერთმანეთის მიმართ ცივილიზებურად და საუკეთესო ევროპულ ტრადიციებში, სასამართლოში გაარჩევენ მტყუან-მართალს. მე არა მგონია, მამუკა ხაზარაძემ გადაიფიქროს ეს სასამართლო დავა და ქართულ საზოგადოებას წინ ელის მართლაც რომ საინტერესო და სადღაც, პრეცედენტული პროცესი, სადაც აუცილებლად გაიმარჯვებს სიმართლე“, – წერს დავით დავით ქართველიშვილი.

“ნინო ლომჯარიას წარმოჩენა „არანაციონალად“, ეს მართლა საოცრებაა”-ირაკლი კობახიძე

ნინო ლომჯარიას წარმოჩენა „არანაციონალად“, ეს მართლა საოცრებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძეს „ხალხის ძალის“ დღევანდელ განცხადებაზე ჰკითხეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ „ნინო ლომჯარია ცნობილი „ნაციონალია“ და მას შუაშისტად ვერავის შეასაღებ, იგივე შეიძლება ითქვას მისი თავმჯდომარეობით დაფუძნებული პლატფორმის წევრების უმრავლესობაზეც“.

„ეს ყოველ ჯერზე ხდება, ნამდვილად ასე იყო, რომ მუდმივად ცდილობენ, წარმოაჩინონ „არანაცებად“ „ნაცები“, ასე შექმნან ცალკე ხაზები საარჩევნოდ. გახარია ამის მაგალითი იყო, კიდე ვიზე იყო საუბარი, არ ვიცი, თუმცა ჩავარდა ეს პროექტი, საერთოდ არ არის საინტერესო. რაც შეეხება ლომჯარიას წარმოჩენას „არანაციონალად“ ეს მართლა საოცრებაა, ვინ გეგმავს ასეთ რაღაცებს უბრალოდ წარმოუდგენელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა – მედია

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში დნეპროპეტროვსკის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რეგიონები დაბომბა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დნეპროპეტროვსკის ოლქში ქალაქ კრივოი-როგის რაიონზე რუსმა სამხედროებმა შეტევა განახორციელეს უპილოტო თვითმფრინავებით, სამხედრო ავიაციითა და არტილერიით. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები და გაზსადენი.

გასული ღამის განმავლობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხარკოვის რეგიონის 20 დასახლებულ პუნქტზე არტილერიით მიიტანეს იერიში.

პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, ავდეევკის, მარინკისა და შახტერსკის მიმართულებით უკრაინის შეიარაღებული ძალები წარმატებით აკავებენ რუსეთის თავდასხმებს და მოწინააღმდეგის ყველა შეტევას მნიშვნელოვანი დანაკარგი მოჰყვა ცოცხალი ძალისა და აღჭურვილობის თვალსაზრისით. უკრაინის არმია შეტევით ოპერაციას ახორციელებს მელიტოპოლის მიმართულებით.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – ადგილობრივი ინფლაცია შემცირებას განაგრძობს

აგვისტოში, სამომხმარებლო ფასების ზრდამ 0.7% შეადგინა, რაც ყოველთვიურ ჭრილში საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

ამასთან, ადგილობრივი და მომსახურების კომპონენტი სამიზნესთან ახლო ან უფრო დაბალიც კი იყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ნავთობის გაზრდილი საერთაშორისო ფასები მომდევნო თვეებში ინფლაციაზე გარკვეულ ზეწოლას განაპირობებს, თიბისი კაპიტალში ფიქრობენ, რომ ახლა სწორედ ადგილობრივი კომპონენტის დინამიკაა საყურადღებო, რადგანაც იმპორტული ინფლაცია უკვე ნეგატიურია. აღნიშნული ასევე მნიშვნელოვანია ლარში საპროცენტო განაკვეთების პროგნოზის კუთხით. ამდენად, თიბისი კაპიტალის აზრით, ბოლოდროინდელი საბაზო სცენარი, რომელიც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის სადღეისოდ არსებული 10.25%-დან, წლის ბოლოსათვის 9.5%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, კვლავ ძალაშია.

გასულ კვირას გამოქვეყნებული სხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების მხრივ, საყურადღებოა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მზარდი დინამიკა, თუმცა, ამჯერად უფრო მეტად უკვე განხორციელებული კაპიტალდაბანდებებიდან ამონაგების ინვესტირების, ვიდრე ახალი სააქციო კაპიტალის ხარჯზე. მთლიანობაში, გაზრდილი საინვესტიციო მოთხოვნა, იმპორტში საინვესტიციო საქონლისა და მშპ-ში ინვესტიციების მაღალი ხვედრითი წილის მიხედვითაც არის თვალსაჩინო, რაც დროითი ჩამორჩენის გათვალისწინებით, კოვიდის შემდგომ დაფიქსირებული ეკონომიკური აქტივობის ტემპის გათვალისწინებით, საკმაოდ კანონზომიერი ტენდენციაა.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას შემდეგ ბმულზე. 

 (R)

“შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებული მორიგი ბრალდებები რაღაც ახალი ბოდვაა” – კახა კალაძე

„არაფერი მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გავრცელებულ მორიგ ბრალდებებს უპასუხა, თითქოს მას შოვთან გარკვეული ბიზნესინტერესები აკავშირებს.

მისი თქმით, ეს ისეთივე ტყუილია, როგორც ტრაგედიის პირველივე დღეებში აგორებული ცილისწამება იმასთან დაკავშირებით, რომ საკუთარი შვილები შოვიდან ვერტმფრენით გამოიყვანა.

„ეს რაღაც ახალი ბოდვაა. შოვში მომხდარი სტიქიის სახით, ძალიან დიდი უბედურება დაატყდა ქვეყანას თავს, რასაც შესაბამისი უწყებების მხრიდან რეაგირება მოჰყვა. სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები დღესაც გრძელდება. სამწუხაროდ, გვყავს გარდაცვლილები. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ახლობლებს, ნათესავებს.  არ ვიცი, რა სერიოზული პასუხი უნდა გავცე აღნიშნულ შეკითხვას. არც ის ვიცი, რა ბიზნესინტერესებზეა საუბარი, თუმცა არაფერი მიკვირს თქვენი ტელევიზიებისგან, იმ ადამიანებისგან, ვინც სტიქიური უბედურებით ცდილობს, ხელი მოითბოს, იმიტომ, რომ პირველივე დღეების განმავლობაში მაბრალებდით, თითქოს ვერტმფრენით ვისარგებლე შოვიდან ჩემი შვილების გამოსაყვანად და სხვები მივატოვე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს და არჩევნების გზით, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

„მსგავსი სიბინძურითა და ცილისწამებით იყო თქვენი ტელევიზიები დაკავებული, თუმცა საზოგადოება ყველაფერს ძალიან კარგად ხედავს და ყოველთვის მიიღებთ შესაბამის პასუხს, როდესაც ამის დრო მოვა. ახლოვდება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა გაგცემთ ყველა იმ ცილისწამებასა და სიბინძურეზე პასუხს, რასაც მთელი ამ წლების განმავლობაში, ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდით“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

“ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი” – კახა კალაძე

„თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის  პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან მოყოლებული საქართველოს ხელისუფლებამ არაერთი რეფორმა განახორციელა და წარმატებას მიაღწია, ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსი მაინც არ მოგვანიჭეს, რაც იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„დავიწყებ იმით, რომ საქართველოსთან მიმართებაში არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მაშინ, როდესაც სტატუსი არ მოგვანიჭეს და მისცეს უკრაინასა და მოლდოვას. რა თქმა უნდა, გამიხარდა ამ ორი ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება, მაგრამ საქართველო ამას ნამდვილად იმსახურებდა. ამ სამი ქვეყნიდან თუ ვინმეს რაიმე წარმატებისთვის აქვს მიღწეული, ეს არის ჩვენი ქვეყანა. ეს პერიოდი უკავშირდება 2012 წლის შემდგომ პერიოდს. ამის მიუხედავად, საქართველო და ქართველი ხალხი დაჩაგრეს. სტატუსის არ მოცემა სჭირდებოდათ პოლიტიკური მიზნებისთვის, რომ ქვეყანაში მოეხდინათ არეულობა, ხელისუფლების ცვლილება ყველანაირი მეთოდით და რომ მერე ხალხისთვის ეთქვათ, თქვენ კი კარგები ხართ, ევროპულ მომავალს იმსახურებთ, მაგრამ ხელისუფლება გყავთ ცუდიო.  სამწუხაროდ, მსგავს მესიჯებს დღესაც ვისმენთ, რაც ძალიან მძიმე და დამაზიანებელია.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ თუ ვინმემ რაიმე წარმატებას მიაღწია ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე, ეს არის პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამსახურება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად. გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები – ვიზალიბერალიზაცია, ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება და ა.შ.“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხელისუფლების მთავარი მიზანი არის ევროპული ოჯახის წევრობა და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გრძელდება.

„ჩვენ ევროინტეგრაციის გზაზე სიარულს, რეფორმების განხორციელებას ვაგრძელებთ. ჩვენი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის წევრი, მივიღოთ სტატუსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ვაგრძელებთ მუშაობას და შოვის ტრაგედიაზე აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება გამოვლენილი -ვაშაძე

ვაგრძელებთ მუშაობას და შოვის ტრაგედიაზე აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება გამოვლენილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლატფორმის“ მიერ გამართულ ბრიფინგზე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.

ვაშაძის განცხადებით, არსებობს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ყველა უწყებას აძლევს კონკრეტულ ვალდებულებას, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს – სტიქიამდე რა სამუშაოები უნდა იყოს ჩატარებული და სტიქიის დროს. ვაშაძის განმარტებით ამ კანონის ყველა მუხლი დარღვეულია.

„შოვის ტრაგედიის მეორე დღეს, „გამარჯვების პლატფორმაში“, „ნაციონალური მოძრაობა“-„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად სწავლობდა მიმდინარეობის პროცესში და მანამდე ყველა დეტალს. ლაშა ფარულავა ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს, რომლის ამოცანა იყო, დაგვედგინა, რამ გამოიწვია სტიქია, შეიძლებოდა თუ არა ადამიანების გაფრთხილება, როგორ მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაციები და რაც მთავარია, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ და ზეგ, რომ იგივე არ განმეორდეს. ხელში მიჭირავს კანონი, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ყველა უწყებას აძლევს კონკრეტულ ვალდებულებას, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს – სტიქიამდე რა სამუშაოები უნდა იყოს ჩატარებული და სტიქიის დროს. ამ კანონის ყველა მუხლი არის დარღვეული. ამიტომ ვამბობთ, რომ დამნაშავეა ღარიბაშვილი, რომელმაც უსაფრთხოების საბჭო არ შეკრიბა და თვითონ არ აიღო თავის თავზე სტიქიური უბედურების მართვა. დამნაშავეა გომელაური, რომელმაც სამაშველო ოპერაცია არასწორად მართა, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ – გააჩერა, მიატოვა, ფაქტობრივად, კრიზისში ადამიანები. დამნაშავეა დავითაშვილი, რომელმაც პირობა გასცა 2018 წელს, რომ შეტყობინების სისტემა 2021 წლისთვის უნდა გაშვებულიყო და დამნაშავეა კალაძე-კობახიძის “კლანი”, რომელმაც ხელი მოითბო შოვზე და უნდოდათ პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ შოვი და ფაქტობრივად, 2018 წლის გეგმარებაში ამოაგდეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც იქ იყო. ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ, დასკვნა არის და გამოქვეყნდება და შეგვიძლია დაგირიგოთ შუალედური დასკვნა. ვაგრძელებთ მუშაობას და შოვის ტრაგედიაზე აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება გამოვლენილი“,- განაცხადა ვაშაძემ.

ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, ვეტერანებისთვის მორიგი საქველმოქმედო აქცია შუახევის მუნიციპალიტეტში ჩაატარა

მიმდინარე წლის 9 სექტემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, შუახევში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთათვის, უფასო ოფთალმოლოგიური გამოკვლევები ჩაატარა.

საქველმოქმედო სამედიცინო აქციით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო კვალიფიციურ მედიკოსთა 12 კაციანმა ჯგუფმა (ოფთალმოლოგები, ენდოკრინოლოგი) მაღალტექნოლოგიური აპარატურით, ისარგებლა სამსახურის 124-მა ბენეფიციარმა, რომელთაგან 68 ვეტერანი, ხოლო, 56_ვეტერანის ოჯახის წევრი გახლდათ; განხორციელდა 170 სამედიცინო ვიზიტი; აქციის ფარგლებში, სამსახურის ბენეფიციარებს, უსასყიდლოდ გადაეცათ 248 სათვალე.

აქციის მიმდინარეობას, ადგილზე გაეცნენ: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენელი, ვაჟა დალაქიშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, შუახევის მუნიციპალიტეტის მერი, ომარ ტაკიძე.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს შორის, პირველად, 2016 წელს გაფორმდა და ყოველწლიურად განახლდება. მიმდინარე წელს, ლაიონსების თვალის დიაბეტურმა კლინიკა-საქართველომ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დღეის ჩათვლით, 12 საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც, სამსახურის 1317 ბენეფიციარს, კვალიფიციური, ოფთალმოლოგიური მომსახურება, უფასოდ გაეწია; ამასთან, უსასყიდლოდ ჩატარდა სხვადასხვა სახის მიკროქირურგიული ოპერაციებიც; ვეტერანებს და მათი ოჯახის წევრებს, ასევე, უფასოდ გადაეცათ 1812 სათვალე;

სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებთან არსებული მემორანდუმების ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, კვლავ ჩატარდება, რომელთა შესახებ, ინფორმაცია, ვეტერანებს, წინასწარ მიეწოდებათ.