“ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია” – ანალენა ბერბოკი

185
spot_img

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის განცხადებით, კიევს შეუძლია ბერლინის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს, რადგან გერმანია დარწმუნებულია, რომ „ევროკავშირის გაფართოება რუსეთის ომის აუცილებელი გეოპოლიტიკური შედეგია“.

„ბომბების სეტყვის ქვეშ, რუსული ტანკების წინაშე, უკრაინა თავდაჯერებულად და გადამწყვეტად დაადგა ევროკავშირისკენ გზას. დიდი მამაცობითა და მონდომებით, უკრაინა ასევე იცავს თითოეული ჩვენგანის თავისუფლებას”, – განაცხადა ბერბოკმა კიევში.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა.

„პუტინის საშინელი ტერორი გამოიხატება არა მხოლოდ უკრაინაში ყოველდღიურად სამოქალაქო ობიექტებზე მიზანმიმართულ თავდასხმებში, პუტინს სურს ხალხის გატეხვა, დათრგუნვა და დაძაბუნება. რუსეთი არა მხოლოდ ბომბებით კლავს, ის მომავალს ართმევს ათასობით უკრაინელ ბავშვს. მათ იტაცებენ საბავშვო ბაღებიდან, ბავშვთა სახლებიდან და სკოლებიდან, რათა გადაასახლონ რუსულ ბანაკებში ან გააშვილონ”, – აღნიშნა ბერბოკმა.