Home Blog Page 1643

ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს მეხანძრე-მაშველი იყო ასახული არის ე.წ. ფეიკი- მღებრიშვილი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს მეხანძრე-მაშველი იყო ასახული არის ე.წ. ფეიკი.

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გაშუქდა და გაჟღერდა, თითქოს მეხანძრე-მაშველებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა. მოყვანილი იყო რამდენიმე ფოტო, რომელ ფოტოზეც აღბეჭდილი იყო მოხალისეები და სწორედ, ეს იყო ჩვენი ამოცანა და იმ მოხალისეების მიმართ მოწოდება, რომ ქაოსურად და უკონტროლოდ არ შემოსულიყვნენ ტერიტორიაზე სტიქიის ეპიცენტრში, არ მომხდარიყო რაიმე გაუთვალისწინებელი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ მოხალისეს, იმ გულანთებულ ადამიანს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და პირველ ეტაპზე ეცადა თავის საშუალებებით, როგორც თვითონ შეეძლო ისე ემოქმედა და ამ ყველაფერს გულისხმიერებით მოეკიდა. დღეს იქ მოხალისე არ იმყოფება და ის ფოტო იყო წმინდა წყლის „ფეიკი“ და მარტივი ტესტი და ინდიკატორი იყო, ადამიანი რომელიც მარტო კიდურები უჩანდა თუ ეს იქნებოდა მეხანძრე-მაშველი დარწმუნებული ვარ სრულად იქნებოდა ფოტო გადაღებული. ნურავის ნუ დაავიწყდება, რომ ეს ის ბიჭები არიან და ეს ის სამსახურია, რომლებმაც თებერვლის თვეში თურქეთში მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყანა ასახელეს, თავიანთი გმირობით, დაუღალავი შრომით და თავდადებით. ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ნურავის და ნუ დავწყვეტთ გულს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

,,როგორც ჩანს, ეს არის „ნაცების“ ყოფაქცევითი ტაქტიკის დატრენინგებული მოცემულობა”- ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძის განცხადების გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძემ მის მიერ გაკეთებული განმარტებით ყოველგვარ სპეკულაციას ბოლო მოუღო.

„გულწრფელად გეუბნებით, არ ვიცი, რა შეეშალა თუ არ შეეშალა ირაკლი კობახიძეს ერთ-ერთი ფოტოსურათის ნახვისას. გამომრჩა, მომიტევეთ. ამის დასტურად, ვერ ნახავთ ამ კონკრეტულ თემაზე ჩემს რაიმე გამოხმაურებას, მაგრამ ახლა ვნახე ირაკლი კობახიძის კომენტარი, რომელმაც სადეზინფორმაციო „კომაში“ ჩააგდო მედია სვავები: გაუგებრობის ობიექტთან სატელეფონო საუბარიც მქონდაო, პირადადაც შევხვდიო, მაგარი ჯიგარი რაჭველი ვაჟკაცი აღმოჩნდაო და ჩვენს შორის ყველანაირი გაურკვევლობა ამოწურულიაო. მედია სვავებს იმდენად არ მოეწონათ მრავალდღიანი საინფორმაციო სპეცოპერაციის ჩავარდნა, რომ კიდევ ერთხელ, სასოწარკვეთით სთხოვეს განმარტება. კობახიძემ ვერც განმეორებით დაუტოვა მათ გადარჩენის შანსი: „ყველაფერი გაირკვა, ხდება ხოლმე, ჯელაძე მაგარი კაცია“…

ერთხელ მაინც თუ გახსოვთ სახელისუფლებო თუ ოპოზიციური ჩამოსხმის ნაცების მხრიდან რომელიმე ორაზროვან ვითარებაზე მსგავსი კომენტარი: „შესაძლოა შეგვეშალა…შევხვდით…გავერკვიეთ…გაუგებრობა აღმოიფხვრა…საკითხი მოიხსნა…ცხოვრება გრძელდება“. მე მსგავსი ეპიზოდი არ მახსენდება. როგორც ჩანს, ეს არის „ნაცების“ ყოფაქცევითი ტაქტიკის დატრენინგებული მოცემულობა იმ აგენტოკრატიული მმართველობის მხრიდან, სადაც ვიეტნამის, ლიბიის, ერაყის, ავღანეთის, სირიის, უკრაინის და ა.შ. წინაშე არავინ, არავის და არასდროს არათუ დაშვებული დანაშაულის, შეცდომის გამოც კი ბოდიშის თუ ახსნა-განმარტების მიცემა აზრადაც არ მოსვლია არც წარსულში, არც აწმყოსა თუ მომავალში“, – წერს ქართველიშვილი.

,,ისინი რუსებს ებრძვიან, სინამდვილეში კი რუსეთის მონები არიან”- თამარ ჩიბურდანიძე

„ნაცების“ ფასადური პოლიტიკა გრძელდება ახლა უკვე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად. ვითომ ანტირუსები, სინამდვილეში კი სამშობლოს ყველაზე დიდი გამყიდველები, მართლა რუსეთის მონები სულითაც და საქმითაც, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის “ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ოპოზიცია ცდილობს, რომ საზოგადოება კვლავ მოატყუოს, რომ ისინი რუსებს ებრძვიან, სინამდვილეში კი რუსეთის მონები არიან.

„ნაცების“ ფასადური პოლიტიკა გრძელდება ახლა უკვე დანარჩენ ოპოზიციასთან ერთად. ვითომ ანტირუსები, სინამდვილეში კი სამშობლოს ყველაზე დიდი გამყიდველები, მართლა რუსეთის მონები სულითაც და საქმითაც.

მაგრამ ხალხი ხომ უნდა მოატყუონ, ისე, როგორც ატყუებდნენ ძველად? ქუჩაში თუ სცენაზე რუსების დევნით თითქოს რუსეთს ებრძვიან, არადა, აგვისტოს ომის გმირები გაციებულიც არ იყვნენ საფლავში, რომ მათი ბელადი, მიხეილ სააკაშვილი რუსებს მოუძღოდა ლარსით, ეს მონები კი ტაშს უკრავდნენ თავისი ჟურნალისტებით.

იმ ჟურნალისტებით, რომლებიც დღეს საზოგადოებას დეზინფორმაციას აწვდიან უწყვეტ ნაკადად და რომლებსაც ელემენტარული პროფესიული ეთიკაც კი არა აქვთ, პროფესიულ განათლებაზე აღარაფერს ვამბობ.

ასეა, როდესაც პოლიტიკის ტვინი არა გაქვთ, ჯამბაზებად იქცევით. პოლიტიკურ ჯამბაზებს კი მხოლოდ დიდი ბატონები წვრთნიან და შემდეგ საცირკო სპექტაკლებში უშვებენ. უბრალოდ, გავიწყდებათ რომ ჯამბაზები ხალხს მხოლოდ ცირკში უყვარს.

სიმართლე კი ის არის, რომ აქ რუსებს დასდევთ ხან გემზე, ხან სცენაზე და ხან კიდევ ქუჩაში, მერე ჩუმად ჩადიხართ რუსეთში და იქ რუს პოლიტიკოსებს დასდევთ კაბინეტებში, იქნებ როგორმე მიგიღონ თავიანთ კარზე. რაც შეეხება რუსეთის ბაზარზე თქვენს ბიზნეს-ინტერესებს, როგორც მითხრეს ისევ თქვენიანებმა (გამყიდველებიც ბევრი გყავთ შიგნით საბედნიეროდ), აატალახეთ თურმე მოსკოვის ქუჩები…

ბევრი ღელავს, მაგრამ მე ძალიან მშვიდად ვუყურებ ამ პროცესებს, რადგან მჯერა, რომ მალე საბოლოოდ დამთავრდება თქვენი ჯამბაზური პოლიტიკა აქაც და იქაც, სადაც ის წყდება. საცირკო წარმოდგენას ხომ თავისი განკუთვნილი დრო აქვს“, – წერს ჩიბურდანიძე.

„ეს იყო შეცდომა” – სტიან იენსენი

„ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის შესახებ  წინადადების შეთავაზება შეცდომა იყო“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის შტაბის უფროსმა სტიან იენსენმა, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.

ცნობისთვის, სტიან იენსენმა 15 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინას აქვს ვარიანტი – უარი თქვას რუსეთის მიერ ოკუპირებულ გარკვეულ ტერიტორიებზე და სანაცვლოდ, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა მიიღოს, რაც ფართო დისკუსიის საგანი გახდა და ამასთან, უკრაინელი მაღალჩინოსნების მხრიდანაც მწვავე გამოხმაურება მოჰყვა.

იენსენის ამ განცხადებასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ „ცუდი მშვიდობის“ დამყარების მცდელობები პუტინის ტრიუმფით, მსოფლიოს არა მშვიდობას, არამედ სირცხვილს და ომს მოუტანს.

,,აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება” – კობახიძე

ეს მიდგომა მიუღებელია, ჩვენ შეგვიძლია იგივე მოცემულობა წარმოვიდგინოთ საქართველოზეც, მსგავს მდგომარეობაშია ქვეყანა, –  ასე უპასუხა პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინამ ნატოში გაწევრიანება რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ შეიძლება მოახერხოს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, მისთვის გასაგებია უკრაინის ხელისუფლების პოზიცია, რომელმაც ნატოს წარმომადგენლის აღნიშნული განცხადება ნეგატიურად შეაფასა.  “ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტიც არის ოკუპირებული, ჩვენ რომ გვითხრას ვინმემ, რომ ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ მიგვიღებენ ნატოში, ჩვენი პასუხიც იქნება კატეგორიული და ეს პასუხიც იქნება ბუნებრივია, უარი აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად მესმის უკრაინის ხელისუფლების აღშფოთება ამასთან დაკავშირებით.” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

,,გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ”- კობახიძე

გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. თუმცა, ამისათვის კომპეტენტური ორგანი არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, თუ რა ვითარება იყო ადგილზე, როგორი იყო ნაპოვნი ადამიანების ცხედრების მდგომარეობა და ა.შ. – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ შოვში, სტიქიის ზონაში განაცხადა.

„ყველაფერთან დაკავშირებით პირველ რიგში პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საქართველოში ეს არის პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რის გამოც ჩვენ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ. თუმცა, სრულად იქნება უზრუნველყოფილი ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე პირველ რიგში პასუხისმგებელია ხელისუფლება“. – განმარტა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევები ფიქსირდება

საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის EG.5-ის შემთხვევები ფიქსირდება. სპეციალისტები საზოგადოებას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ და ქვეყანაში დაავადების გავრცელებას პროგნოზირებენ.

„ჩვენი ლაბორატორიის მონაცემებით, საკმაოდ მაღალია დადებითობის მაჩვენებელი. ვინც ჩაიტარა ტესტირება იმათ შორის, 50%-ზე მეტია დადებითობის მაჩვენებელი. თუ ადამიანს აქვს სიმპტომები, მან თავი უნდა შეიკავოს სხვა პირებთან კონტაქტისგან“, – აცხადებს კლინიკა „ნეოლაბის“ დირექტორი გიორგი კამკამიძე. 

EG.5 ომიკრონის ერთ-ერთი ქვეშტამია და მას სწრაფი გავრცელება, მაღალი სიცხეები, მშრალი ხველა და სახსრების ტკივილი ახასიათებს.

კოვიდის ახალი შტამის შემთხვევები მსოფლიოს 51 ქვეყანაშია გამოვლენილი. დასავლური მედიის ცნობით, 10 ივლისიდან 6 აგვისტომდე, ჯამში 1.5 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, რაც 80%-ით მეტია, ვიდრე წინა 28 დღეში.

,,ეს განცხადება არც შემთხვევით გაკეთებულია და არც წამოცდენაა”- მაჭარაშვილი

ნატო-ს ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ ტერიტორიების დათმობით უნდა მოხდეს ალიანსში მიღება, ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს დღის წესრიგის გადანაწილება და ამ ომში, რომელიც პირველ რიგში, უკრაინისთვისაა საზიანო, ხელს ითბობენ სულ სხვა ქვეყნები და ძალები, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილს კითხვა დაუსვეს ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის იმ განცხადებაზე, სადაც იენსენი აღნიშნავს: „ვფიქრობ, უკრაინის გამოსავალი შეიძლება იყოს ტერიტორიის დათმობა და სანაცვლოდ ნატო-ში გაწევრიანება“.

მაჭარაშვილის თქმით, ეს განცხადება არც შემთხვევით გაკეთებულია და არც წამოცდენაა.

„ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, რომ, სამწუხაროდ, ომი, რაც მიმდინარეობს ახლა უკრაინაში, არ არის, მათ შორის უკრაინის სასარგებლო და ამას იყენებს არაერთი ძალა მსოფლიოში, მათ შორის უკრაინის საწინააღმდეგოდ. ნატო-ს ხელმძღვანელობაში ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადება, რომ ტერიტორიების დათმობით უნდა მოხდეს ნატო-ში მიღება და ეს იქნებოდა კარგი, ზუსტად იმის მტკიცებულებაა, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ, სამწუხაროდ, ხდება მსოფლიოს დღის წესრიგის გადანაწილება და სამწუხაროდ, ამ ომში, რომელიც პირველ რიგში, არის საზიანო უკრაინისთვის და უკრაინელი ხალხისთვის, ხელს ითბობენ აბსოლუტურად სულ სხვა ქვეყნები და სხვა ძალები.

ეს მოცემულობაა დღეს და ნატო-ს ხელმძღვანელობაში მაღალჩინოსნის ასეთი განცხადება შემთხვევით არ კეთდება, ეს წამოცდენაც არაა, რადგან ასეთი წამოცდენა არამცთუ ხელმძღვანელს, რიგით წევრსაც არ შეუძლია. რა თქმა უნდა, ეს გათვლილია შორს მიმავალ გეგმებზე, რაც, სამწუხაროდ, აქვთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს და ხელმძღვანელებს, რომლებსაც ახლა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, სურთ ომი უკრაინაში და სურთ მეორე ფრონტი საქართველოში.

ამას ვამტკიცებდით მტკიცებულებებით და ახლა იქიდან მოდის მტკიცებულებები, ჩვენ მოპოვება აღარ გვჭირდება, ერთადერთი, ხალხს უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია. სამწუხაროდ, ნატო-ს ხელმძღვანელობაც აღარ მალავს, რომ ქვეყნებმა ტერიტორიების დათმობის ხარჯზე უნდა გააკეთონ არჩევანი ნატო-ში და ისიც გარანტირებული არ არის, არავინ ეუბნება უკრაინას, რომ თუ დათმობთ ტერიტორიებს, ნატო-ში მიგიღებთო. უბრალოდ, საუბარია, რომ როგორც ნატო-ს ხელმძღვანელობაში აცხადებენ, მოხდეს როგორმე ამ კონფლიქტის გაყინვა, ტერიტორიების დათმობის ხარჯზე. მითუმეტეს მასშტაბურად ისეთი მცირე ქვეყნები, როგორიც საქართველოა, არ უნდა მოექცნენ  გლობალური კონფლიქტის არეალში, რადგან უკრაინა ათჯერ მეტია საქართველოზე, მაგრამ ხომ ხედავთ, რას უკეთებენ და საქართველოსთან მიმართებაში 10-ჯერ უარესი იქნებოდა. ამიტომ საჭიროა ფრთხილი, პრაგმატული პოლიტიკა, რაც აქვს ქართულ საზოგადოებას“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

,,აშშ ახალ პანდემიას ამზადებს” – იგორ კირილოვი

რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელის გენერალ-ლეიტენანტ იგორ კირილოვის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ახალ პანდემიას ამზადებს.

„შეერთებულმა შტატებმა გლობალური ბიოლოგიური კონტროლის დამყარებისთვის შემდეგი სტრატეგიული ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. პანდემიისთვის მზადყოფნისა და რეაგირების ოფისი შექმნეს. საუბარია იმაზე, რომ ახალი სტრუქტურა პასუხისმგებელი იქნება კურსის განსაზღვრასა და უცნობ ბიოლოგიურ გამოწვევებთან საბრძოლველად.სწორედ ამან შეიძლება გამოიწვიოს კიდევ ერთი გლობალური საგანგებო მდგომარეობა“, – აცხადებს კირილოვი.

კირილოვის თქმით, ამ გზით შეერთებულმა შტატებმა ვირუსის მუტაციების ძიებით ახალი პანდემიისთვის მზადება დაიწყო.

„ჩვენ არ გამოვრიცხავთ შეერთებული შტატების მიერ ეგრეთ წოდებული თავდაცვითი ტექნოლოგიების გამოყენებას შეტევითი მიზნებისთვის, ისევე როგორც გლობალური მართვის მიზნებისთვის ბიოლოგიური ხასიათის კრიზისული სიტუაციების შექმნით“, – თქვა რუსმა გენერალმა.

 

“უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ” – ანა ნაცვლიშვილი

მშვენიერია! უნდოდათ შხამის შემოპარება ხელოვნების სახელით და ხელით და უარესი მიიღო ხელისუფლებამ – ქართველი ხალხის ხმა მსოფლიოს მისწვდა – რუსეთი ოკუპანტია, არავითარი ძმა!, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება Black Sea Arena-ს დარბაზში, The Killers-ის კონცერტზე მომხდარს და მსოფლიო მედიის გამოხმაურებას.

ნაცვლიშვილის თქმით, მორიგი „რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა“, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„ბევრი განსხვავებული აზრი მოვისმინე ამ კონცერტზე წასვლა-არწასვლასა და სხვა საკითხებზე და სრულად მესმის კრიტიკის პათოსი, თუმცა ფაქტია, რომ მორიგი რუსული პროვოკაციული გეგმა ჩაფლავდა, ესა ძალიან მნიშვნელოვანია!

მადლობა თითოეულს ვინც ყური არ დაიხშეთ და დუმილი არ აირჩიეთ!!!

ახლა დავუბრუნდეთ იმ რეალობას, რომ -რუსეთი გამალებულ ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ჩვენს ქვეყანაში და ტალახში ვეძებთ გარდაცვლილ თანამემამულეებს. გვაქვს სიკვდილიანობის კატასტროფული მაჩვენებელი ისეთ ვითარებებში, სადაც ნორმალურ ქვეყნებში ადამიანები არ იღუპებიან! ( სტიქიური უბედურების დროსაც კი გაცილებით ნაკლებია ან საერთოდ არ არის, აღარაფერს ვამბობ წყალში სიკვდილიანობაზე და ა.შ.)

ეს ქვეყანა ჩვენია და ჩვენი მისახედია!“, – წერს ნაცვლიშვილი “ფეისბუქზე”.

გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს მსმენელთა პროტესტი მოჰყვა. კონცერტზე მისულთა ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა.

“სტუმრებისთვის კონცერტამდე უნდა აეხსნათ პოლიტიკური კონტექსტი” – გიგი წერეთელი The Killers-ის კონცერტზე

სტუმრებისთვის კონცერტამდე უნდა აეხსნათ პოლიტიკური კონტექსტი, ამით შეიძლებოდა ეს უსიამოვნება თავიდან აგვეცილებინა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც შეკვეთილში, ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე მომხდარს გამოეხმაურა.

როგორც გიგი წერეთელმა აღნიშნა, შეკვეთილში, კონცერტზე მომხდარი ინციდენტი უსიამოვნოა, „მაგრამ ამან კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის რუსული სტრატეგია მიუღებელია და წითელ ხაზს წარმოადგენს“.

„რაც შეეხება კონცერტზე გამოცხადებულ „ძმობას და სიყვარულს“, ეს ასე არ ხდება და არ გვარდება. თვითონ მასპინძლებსაც გაუჩნდათ პასუხისმგებლობის გრძნობა და მოიბოდიშეს. ბუნებრივია, როცა ასეთი დონის სტუმრები არიან და დარწმუნებული ვარ, ასეთ რეზონანსულ კონცერტს წინ უძღვის სუფრის ტრადიციების ახსნა ან კულტურის ნიუანსებზე საუბარი. ამ დროს უნდა აუხსნა პოლიტიკური კონტექსტიც, თუ რა პირობებში მოუხდება კონცერტის ჩატარება. ასეთ მიდგომას შეიძლებოდა თავიდან აეცილებინა ეს ამბავი“,- განაცხადა გიგი წერეთელმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, Black Sea Arena-ზე კონცერტის დროს, The Killers-ის სოლისტმა აუდიტორიიდან სცენაზე რუსი დრამერი აიყვანა. აღნიშნულს საზოგადოების პროტესტი მოჰყვა. ხალხის ნაწილმა კონცერტი პროტესტის ნიშნად დატოვა. მომხდართან დაკავშირებით Black Sea Arena-მ განცხადება გაავრცელა, საზოგადოებას ბოდიში მოუხადა და აღნიშნა, რომ სცენაზე სოლისტის მოქმედება Black Sea Arena პოზიცია არაა. თავის მხრივ, საზოგადოებას მოუბოდიშა თავად ბენდმაც. მუსიკოსების განმარტებით, მათი განზრახვა ვინმეს შეურაცხყოფა არ ყოფილა.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 აგვისტოსთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6226 ლარი ეღირება, ევრო – 2.8634 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3407 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.6209 ლარი ღირდა, ევრო – 2.8665 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.3322 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 17 აგვისტოს ამოქმედდება.