Home Blog Page 1642

“პოლიტიკური პარტია რომ გაქვს, დასავლეთმა კი არა, პირველ რიგში, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას პირველ რიგში ქართველი ამომრჩეველის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და არა უცხოელი პარტნიორების.

ამის შესახებ მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დასავლეთის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა.

„არ დავიწყებ რამის სწავლებას, ეს მათი არჩევანია, თუმცა ნახეთ, რამხელა უბედურების წინაშე დგანან ეს ადამიანები: ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ და გაუანალიზებიათ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, რა გაუკეთეს ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს. არც იმის ჩამოთვლას დავიწყებ, როგორი მმართველობა იყო. ეს დღესაც ვერ გაუაზრებიათ. ნახეთ თუნდაც მათი განცხადებები – „მხარს არ დაუჭერს დასავლეთიო“. დასავლეთმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, პოლიტიკოსი რომ ხარ და პოლიტიკური პარტია რომ გაქვს. ეს არის მიმანიშნებელი იმისა, რომ ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ჩვენს ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე და რა ამით? ვიღაც უცხოელი კუბილიუსი თუ ვინმე მისი მსგავსი, ევროპაში დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქართულ ოპოზიციაში არიან, ამით გამარჯვებას მიაღწევენ თუ რა მოხდება? რისი მანიშნებელია?“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებაში წარმოდგენილ გუნდს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წარმატების განმსაზღვრელი უპირველესი ნიშანია.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერაა პირველი. დღეს „ქართული ოცნება“ რატომ არის ასე ძლიერად წარმოდგენილი? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია – გუნდი, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

13-15 სექტემბრის პერიოდში საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 სექტემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან შესაძლებელია სეტყვა, ხოლო 15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.

მათივე ცნობით, თბილისში 13-14 სექტემბერს შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, 15 სექტემბერს- უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსია მოსალოდნელი.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ფოთი): 13 სექტემბერს ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +23, +25 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25, +27 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი. შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +21, +23 გრადუსი.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +17, +19 გრადუსი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 13 სექტემბერს შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო,): 13 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, შესაძლებელია სეტყვა, 14-15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +24, +26 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა იქნება დღისით +22, +24 გრადუსი.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 13-14 სექტემბერს დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა ელჭექით, 15 სექტემბერს უმეტესად უნალექოდ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

“იკვეთება, რომ მიხეილ სააკაშვილის ფრენებზე ბიუჯეტიდან არის დახარჯული თანხა, ამით გამოძიება უნდა დაინტერესდეს”

თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადი ფრენებისთვის მილიონობით საბიუჯეტო თანხა იხარჯებოდა. კახა კალაძე მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა დაინტერესდეს მიხეილ სააკაშვილის პირადი მიზნებისთვის განხორციელებული ფრენებისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების მიზანშეწონილობით.

„არაერთხელ გვსმენია, რომ წინა ხელისუფლების პირობებში, მაღალი თანამდებობის პირების ოჯახებისთვის ბიუჯეტიდან იხარჯებოდა თანხები. პირადად მიხეილ სააკაშვილი ხარჯავდა ბიუჯეტიდან თანხებს საყვარლებისთვის, შვილების სწავლის დაფინანსებისთვის, ბოლო პერიოდში კი გამოიკვეთა, რომ მის ფრენებზეც არის დახარჯული თანხა. ვფიქრობ, გამოძიება უნდა დაინტერესდეს ამით. ყველაფერს უნდა გაეცეს შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ვიცი, რამდენად მნიშვნელვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის” – ურსულა ფონ დერ ლაიენი

მე ვიცი, რამდენად მნიშვნელვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ძალიან ბევრი ადამიანისთვის, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა და მოლდოვის ადგილი ევროკავირშია, რასაც დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.

„ამ პარლამენტში ხმამაღლა ითქვა, რომ უკრაინის მომავალი ჩვენს კავშირშია, რომ დასავლეთ ბალკანეთის ადგილი ევროკავშირშია, მოლდოვის მომავალი ჩვენს კავშირშია. და მე ვიცი, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივა საქართველოში ბევრი ადამიანისთვის“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

“არავითარი ბაზა ზოგადად არ არის უსაფრთხოების გარანტია” – ირაკლი კობახიძე

არავითარი ბაზა ზოგადად არ არის უსაფრთხოების გარანტია, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რატომ უთხრა უარი 2 წლის წინ საქართველოს ხელისუფლებამ საქართველოში ჩამოსულ აშშ-ის თავდაცვის მდივანს საქართველოში ამერიკული ბაზის გახსნაზე. აქვე კობახიძემ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო, სასაცილოა, რაც ამ საკითხს არასერიოზულს ხდის.

„ლიკა ვიღაც გვარი ეწერა, რომელიც არის ამ ამბის გამავრცელებელი, ეს ხომ არასერიოზულია. მეორე, ერთადერთი, რამაც საქართველოს შეიძლება მისცეს უსაფრთხოების გარანტია, არსებულ ვითარებაში, ეს არის ნატო-ს წევრობა. თქვენ იცით, რომ მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნებს, ცენტრალური ევროპის ქვეყნებს იცავს სწორედ ნატო-ს ქოლგა. რა თქმა უნდა, არავითარი ბაზა, ზოგადად, არ არის უსაფრთხოების გარანტია. რაც შეეხება ამ ინფორმაციას, წყარო არის სასაცილო, დანარჩენზე კომენტარის გაკეთება არ ღირს. ბაზამ როგორ უნდა დაგიცვას შენ? ნატო-ს ქოლგა არის ერთადერთი გარანტი, ამიტომ არის ეს ყველაფერი აბსოლუტურად არასერიოზული“,- განაცხადა კობახიძემ.

“სააკაშვილი ალბათ „ნაციონალური მოძრაობის“ სისუსტეზე საუბრობს, უკვე აღარ ვიცი, რამდენ ნაწილად არიან დაშლილი” – ანა ბუჩუკური

მიხეილ სააკაშვილი ალბათ საკუთარ პარტიაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ სისუსტეზე საუბრობს, რამდენ ნაწილად არიან დაშლილები, აღარ ვიცი, – ამის შესახებ „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო კვლევებით, ამომრჩეველი ამბობს, რომ მათთვის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იგივეა.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები ჩემს გუნდს ბევრი აქვს, მაგრამ ბევრი ზეწოლისა და დაშინების მიუხედავად, რამდენიმე თვის დაფუძნებულმა პარტიამ ბოლო არჩევნებზე დიდი წარმატების მიღწევა შეძლო. ზოგიერთ საკრებულოში „ქართული ოცნება“ ოპოზიციაში გავუშვით, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი ერთპიროვნულად რევანშის უფლება არ მივეცით. რაც შეეხება სისუსტეს, ამ ყველაფერს მის პარტიაზე უნდა ამბობდეს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებული დაპირისპირება გარეთ გამოიტანეს და ამას ვხედავთ. ბოლო კვლევებით, ამომრჩეველი ამბობს, რომ მათთვის „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი და იმავეა, – განაცხადა ბუჩუკურმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: „ევროპულ და ამერიკულ გულშემატკივრებში ყალიბდება აზრი, რომ ქართულ ოპოზიციას არ შესწევს ერთიანობის უნარი და ასეთი სუსტი ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერა აზრს მოკლებულია“.

“იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 16.8 პროცენტით გაიზარდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14 001.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 16.8 პროცენტით მეტია.

საქსტატის ცნობით, აქედან, ექსპორტი 4 075.4 მლნ. აშშ დოლარი იყო, ანუ გაიზარდა 14.3 პროცენტით, ხოლო იმპორტი 9 925.7 მლნ. აშშ დოლარი – ზრდამ 17.8 პროცენტი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-აგვისტოში 5 850.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.8 პროცენტია.

“ტრანსატლანტიური ტენდენციები-2023” – German Marshall Fund

აშშ-ში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის – გერმანიის მარშალის ფონდის (GMF – German Marshall Fund) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრანსატლანტიური ტენდენციები-2023: საზოგადოებრივი აზრი ცვალებად მსოფლიო წესრიგში: ჩინეთის გავლენა გლობალურად იზრდება“, რომელშიც გადმოცემულია მსოფლიოს 14 ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ახალი კვლევის შედეგები.
როგორც გამოკითხვა აჩვენებს, უსაფრთხოების მიმართულებით, შეშფოთების მთავარ საკითხებად, ევროპელები და ჩრდილოეთ ამერიკელები კლიმატის ცვლილებებსა და იმიგრაციას ასახელებენ. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს გამოკითხული 14 სახელმწიფოს მოსახლეობის აზრით, ჩინეთი მსოფლიოში გავლენის მოსაპოვებლად, შეერთებულ შტატებთან კონკურენციას ცდილობს და მისი გავლენა მზარდია.
გერმანიის მარშალის ფონდის გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ ნატოს მოსახლეობაში ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ექსპერტთა ნაწილის შემაშფოთებელი მოსაზრებების მიუხედავად, ევროპელები და ამერიკელები ასევე უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
გამოკითხულთა შორისაა შეერთებული შტატების, კანადის, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის, ბრიტანეთის და თურქეთის მოსახლეობა. კვლევის შედეგების მიხედვით, მათ სურთ, რომ სახელმწიფოს მთავრობებმა უფრო მეტად ითანამშრომლონ ჩინეთთან.
მიუხედავად იმისა, რომ 10-დან 6 ადამიანი მთლიანობაში უარყოფითად უყურებს პეკინს და ერთი მეოთხედი მიიჩნევს, რომ ჩინეთი არაფერს აკეთებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად, 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდა რესპონდენტთა მნიშვნელოვან ნაწილს შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში ჩინეთზე დადებითი შეხედულებები აქვთ.
გამოკითხული ახალგაზრდები ამერიკის გავლენას მსოფლიოში უფრო უარყოფითად უყურებენ, რუსეთის და ჩინეთისას კი – შედარებით დადებითად.

„როგორც ჩანს, მხურვალე ტრანსატლანტიციზმის ფაზა დასრულდა. ასევე, მოწმე ვხდებით სწრაფად ცვალებადი მსოფლიო წესრიგის და საზოგადოებისთვის ეს ცნობილია”, – აღნიშნავს გეზინე ვებერი, გერმანიის მარშალის ფონდში რისკების და სტრატეგიის სპეციალისტი. მისი თქმით, გასული წლის გამოკითხვასთან შედარებით, ოკეანის ორივე მხარეს, წელს ნაკლებად შეინიშნება სტატუს-ქვო ატლანტიკური კავშირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„დასკვნა, რომელსაც მე გამოვიტანდი”, – დასძინა გეზინე ვებერმა, – „არის ის, რომ [მთავრობები] ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ შექმნან დღის წესრიგი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოქალაქეებისთვის და უკეთ მოერგება ამ მსოფლიო წესრიგს“.
კლიმატის ცვლილების შემთხვევაში, გამოკითხულთა უმრავლესობას სჯერა, რომ სამეცნიერო საზოგადოება ყველაზე მეტად ზრუნავს პრობლემის მოგვარებაზე, და არა მათი ქვეყნის მთავრობა. კანადაში, საფრანგეთში, იტალიასა და პორტუგალიაში გამოკითხული მოსახლეობის მეოთხედიდან მესამედამდე ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. შეერთებული შტატების შემთხვევაში, ასეთ მოსაზრებას მხოლოდ 14% ეთანხმება, თუმცა, ის მაინც ნომერ პირველ გამოწვევად სახელდება.
კვლევაში მიგრაცია გლობალურ გამოწვევებს შორის მეორე ადგილზეა დასახელებული. მიგრაციამ წელს, ამ რანგში უკრაინის ომი ჩაანაცვლა. მაგრამ, რუსეთი კვლავ რჩება ნომერ პირველ უსაფრთხოების საზრუნავად ლიეტუველი და პოლონელი რესპონდენტებისთვის.

წყარო

“ოპოზიცია სუსტი კი არა, მართლა დაშლილია” – ირაკლი კობახიძე

ჩვენ გვაქვს სუბიექტური მიზეზი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გავმაგრდებით კიდევ უფრო მეტად სტატუსის მიღების პირობებში. ოპოზიციას ჭირივით ეშინია კანდიდატის სტატუსის, იმიტომ, რომ ჩვენ გავმაგრდებით,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან სუბიექტურია კანდიდატის სტატუსის მიღების საკითხში, რადგან სხვა ყველაფერთან ერთად, ის მმართველი ძალის რეიტინგსაც გააუმჯობესებს.

„ჩვენ გვაქვს სუბიექტური, ძალიან მიკერძოებული ინტერესი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. ბოლომდე მიკერძოებული ვართ ამაში, ძალიან სუბიექტურები ვართ, სუბიექტურად გვინდა, რომ მივიღოთ კანდიდატი სტატუსი, იმიტომ, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, მარტივად რომ ვთქვათ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან გაამაგრებს, ჩვენ რეიტინგზეც აისახება და ა.შ. სუბიექტურად ვართ დაინტერესებულები. რაც შეეხება ოპოზიციას, დააკვირდით მათ რიტორიკას, მათი მედიასაშუალებების რიტორიკას, მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოს არ ეკუთვნის სტატუსი, შესაბამისად, არ უნდა მივიღოთ ეს სტატუსი. ძალიან კარგად ჩანს ვის რა სუბიექტური ინტერესები აქვს. ჩვენ გვაქვს სუბიექტური მიზეზი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, გავმაგრდებით კიდევ უფრო მეტად სტატუსის მიღების პირობებში. ოპოზიციას ჭირივით ეშინია კანდიდატის სტატუსის, იმიტომ, რომ ჩვენ გავმაგრდებით. ჩვენ მიზეზი გვაქვს მივიღოთ და ზუსტად იმავე მიზეზის გამო, ოპოზიციას არ უნდა, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მარტივად არის ეს ყველაფერი, დანარჩენი არის ცარიელი სპეკულაციები“,– განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია სუსტი კი არა, „მართლა დაშლილია“.

“კონკურენცია, რომელიც, ხაბეიშვილს, ლომჯარიას და სხვებს შორის არის, შიდაპარტიული კონკურენციაა „ნაცმოძრაობის“ შიგნით, ჩვენ ამაში არ ვერევით, რატომ უნდა ჩავერიოთ, რაც მეტი იქნება შიდა დაპირისპირებები – ხაბეიშვილი, სხვებიც არიან, თვითონ სააკაშვილია ამ დაპირისპირების მონაწილე, იქ არის მელია, იქ არის უგულავა, ლომჯარია, რაც მეტი იქნება მათ შორის შიდა დაპირისპირება, მით უკეთესი, მათ შიდა საქმეებში არ ჩავერევით, პირიქით, მე მგონი, ძალიან კარგია შიდა დაპირისპირებები და მაქსიმალურად თავისუფლება უნდა მივცეთ. ოპოზიცია სუსტი კი არა, მართლა დაშლილია, მოშლილი, ჩაშლილი, ყველა სიტყვა უხდება მათ. თვითონ ლომჯარიას რომ წარმოაჩენ შუაშისტად, რასაც მათი პატრონები აკეთებენ, ეს უკვე იმაზე მიუთითებს, რომ დაგეგმვაში აბსოლუტურად უსუსურები არიან. მერე ჩვენზე ბრაზდებიან, რატომ ვიგებთ არჩევნებს, რატომ აგებენ „ნაცები“ ყოველ ჯერზე არჩევნებს. ლომჯარია რომ გამოგყავს და ამ მართლა „ნაცს“ წარმოაჩენ შუაშისტად, რა თქმა უნდა, წაგებული დარჩები. ვის უნდა წაართვას ლომჯარიამ ხმები? მაქსიმუმ, ხაბეიშვილს წაართვას. შესაბამისად, მუდმივად ცდებიან დაგეგმვაში, მერე ჩვენზე ბრაზდებიან, როცა დიდი უპირატესობით ვიგებთ არჩევნებს. რა თქმა უნდა, შემდეგ არჩევნებსაც დიდი უპირატესობით მოვიგებთ, ლომჯარია ბევრად უფრო სუსტი პროექტია, ვიდრე თავის დროზე „ლელო“ და გახარია იყო. ლომჯარია რა არის? არის ერთ-ერთი ყველაზე ურეიტინგო „ნაცი“ საქართველოში. აქედან გამომდინარე, როგორი ასეთი პროექტიც არ უნდა დააინიცირონ, დღეს ლომჯარია იქნება, ხვალ შეიძლება რომელიმე სხვა გვარი იყოს, ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ქართულ საზოგადოებას უბრალოდ ვერ შეასაღებ მას „არანაცად“ და იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მის გარშემო არიან შეკრებილი, ისინი არიან ჩვეულებრივი „ნაცები“, – განაცხადა კობახიძემ.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ახალი, 2023-2024 სააღმზრდელო წელი 18 სექტემბერს დაიწყება. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სააღმზრდელო წელს სამი ახალი საბავშვო ბაღით ხვდება – სამგორის რაიონში გაიხსნება N130 საბავშვო ბაღის შენობა, ჩუღურეთის რაიონს N125 ბაღის შენობა შეემატება, კრწანისის რაიონში კი, აღსაზრდელებს პირველად N108 საბავშვო ბაღი მიიღებს.

ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში ჩატარდა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები, რათა ახალი სააღმზრდელო წლიდან  პატარებს კიდევ უფრო კეთილმოწყობილი და უსაფრთხო გარემო დახვდეთ.

„აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ აღსაზრდელთა რეგისტრაცია ახალი წესით განახორციელა, რის შედეგადაც მაქსიმალურად დავაკმაყოფილეთ მოთხოვნა საჯარო ბაგა-ბაღებზე და ახალი სააღმზრდელო წლისთვის 15 000-ზე  მეტი  აღსაზრდელია უკვე დარეგისტრირებული, დედაქალაქს კი, ჯამში, 188 ბაღი ემსახურება“, – განაცხადა თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გოგი ჩიქოვანმა.

18 სექტემბერს თბილისის ყველა საბავშვო ბაგა-ბაღში პატარა აღსაზრდელებს საზეიმო და მხიარული ღონისძიებებით დახვდებიან.

“ვარსკვლავთა კონცერტები საქართველოში- ხელისუფლების პიარი ბიუჯეტის ხარჯზე?”-Deutsche Welle

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვარსკვლავთა კონცერტები საქართველოში: ხელისუფლების პიარი ბიუჯეტის ხარჯზე?“, რომელშიც კრიტიკულადაა განხილული მთავრობის პროექტი უცხოელი ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების საქართველოში მოწვევისა და კონცერტების ჩატარების თაობაზე, პროგრამა Starring Georgia-ს რეალიზების ჩარჩოებში.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
საქართველოში, ფესტივალ Starring Georgia-ს ჩარჩოებში გამართულმა დასავლელ ვარსკვლავთა კონცერტების სერიამ არამარტო აღფრთოვანება გამოიწვია როკ-მუსიკის ათი ათასობით მოყვარულში, არამედ სკანდალებიც. ასე, მაგალითად, ბათუმში ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე რუს მოქალაქესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქართველმა მაყურებლებმა მომღერლებს სტვენა დაუწყეს, ბევრმა კონცერტი მიატოვა, ხშირი იყო ლანძღვა-გინება… მუსიკოსებსა და კონცერტის ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ. კიდევ ერთი მსგავსი სკანდალური მომენტი: თბილისში ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტის დროს დაცვის თანამშრომლები, მაყურებლებს, უკრაინის დროშებს ართმევდნენ.
ბოლო დროს მომხდარმა შემთხვევებმა ქართულ საზოგადოებას კითხვები გაუჩინა და გაახსენა, თუ ვის და რის ხარჯზე იმართება Starring Georgia-ს ეგიდით კონცერტები და რა თანხა იხარჯება საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს შესანახად, რომელიც ექს-პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით იქნა აშენებული.

ფესტივალი ბიუჯეტის ფულით?

ორწლიანი მუსიკალური ფესტივალის Starring Georgia-ს დაწყება ცნობილი გახდა 2023 წლის აპრილში. ხელისუფლების მტკიცებით, „კონცერტების ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარობის მატებას მსოფლიოს მასშტაბით, გაიზრდება აგრეთვე ქვეყნის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი“. იდეის ავტორი, როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია. პროექტის რეალიზებისათვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი (თითქმის 25 მილიონი ევრო) იქნა გამოყოფილი. ამ ფულით საქართველოში მოიწვიეს ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიცაა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic. „ტურიზმისათვის ეს სრულიად ახალ პროდუქტს წარმოადგენს.
ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ის ტურისტებიც კი მოვიზიდოთ, რომლებიც საქართველოში არასდროს არ ჩამოვიდოდნენ. ჩნდება შესაძლებლობა, რომ ეს კონცერტები ტურისტულ პოტენციალში ჩავრთოთ და მოგზაურობის მსურველებს ერთიანი პაკეტით შევთავაზოთ“, – განაცხადა ინტერვიუში მაია ომიაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწვეულ ვარსკვლავთა კონცერტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები მაინცდამაინც იაფი არ ღირს (40-დან 550 დოლარამდე), დარბაზები და სტადიონები მთლიანად ივსება. ამასთან, პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოებას ეჭვები გაუჩნდა – რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ღონისძიებებისათვის მსხვილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვა? მაგალითად, Transparency International-ის ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძე აღნიშნავს, რომ ფული ისეთ მუსიკოსებს და მომღერლებს გადაუხადეს, რომლებიც საკმაოდ მდიდრები არიან და თვითონ ეწევიან ქველმოქმედებას – ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას ეხმარებიან, ბილეთები კი რიგითი ქართველებისათვის ძვირი და ხელმიუწვდომელია.
„არავის არ გამოუთვლია, თუ რამდენ ტურისტს მიიზიდავს ეს 70 მილიონი და რამდენი იქნება მიზიდული, თუ ეს ფული სხვა მიმართულებით უფრო გონივრულად დაიხარჯებოდა. შეიძლებოდა, რომ ფესტივალის ორგანიზატორებისათვის ამ ფულის ნაცვლად მთავრობას, საგადასახადო შეღავათები შეეთავაზებინა. გარდა ამისა, კონცერტები ტარდება ისეთ დროს (აგვისტოში), როცა ტურიზმი საქართველოში ისედაც პიკურ დონეზეა“, – დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე ბესო ნამჩავაძემ. მისი აზრით, „ამ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრები იხარჯება მთავრობის პიარზე და იმ წამგებიანი, ზარალიანი დარბაზის შენახვაზე, სადაც კონცერტები იმართება – რათა აჩვენონ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა, ვმღერივართ და ვცეკვავთ“.

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?

ფესტივალის ჩატარების ადგილის – Black Sea Arena-ს ირგვლივ ბევრჯერ ატეხილა დავა-კამათი. ეს საკონცერტო დარბაზი გათვლილია ათი ათას მაყურებელზე და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ფონდის „ქართუს“ ინიციატივით აშენდა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრიცაა, მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების“ დამაარსებელი. ზოგიერთები მილიარდერს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს უწოდებენ.
Black Sea Arena-ს მშენებლობისათვის 115 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ხოლო გახსნის შემდეგ, 2016 წელს, შენობა უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „სახელმწიფო მართვის მონიტორინგის ცენტრის“ (GMC) თანამშრომლის, კორუფციის მკვლევარ ლიზა ქორიძის თქმით, Black Sea Arena-ს შენახვაზე ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება, თანაც საკონცერტო დარბაზი უმოქმედოდ არის დიდი დროის განმავლობაში. „საქართველოს მოქალაქეები დიდ ფულს ხარჯავენ, რომ Black Sea Arena-ში მიწვეული მსახიობებისა და მუსიკოსების კონცერტებს დაესწრონ, ამ დროს კი თვითონ დარბაზის შენახვა მნიშვნელოვანი ხარჯები ჯდება. ფესტივალებმა მოგება უნდა მოიტანონ, რეალურად კი პირიქით ხდება“, – ამბობს ლიზა ქორიძე.

GMC-ის ანგარიშის მიხედვით, Black Sea Arena-ს შენახვა-მომსახურებაში სახელმწიფომ, 2017-2021 წლებში 36 მილიონი ლარი დახარჯა, თანაც ამ საქმეში ჩართულნი არიან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის ფირმა „ელიტა ბურჯი“ (Elita Burj). „კონტრაქტები იდებოდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც, როცა კონცერტები არ ტარდებოდა და დარბაზი უქმად იყო“, – ამბობს ლიზა ქორიძე.
ჯერ-ჯერობით, Black Sea Arena-ს დირექციას „დოიჩე ველეს“ მიერ დასმული კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
ამასობაში კი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოპონენტები მთავრობას იმაშიც ადანაშაულებენ, რომ ფესტივალები ტარდება, როგორც ხელისუფლების პიარ-კამპანია შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს. „ყველაზე მეტად სამოქალაქო საზოგადოებას ის აწუხებს, რომ ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა და ამ დროს მილიონები იხარჯება საკონცერტო დარბაზის შესანახად“, – ამბობს ლიზა ქორიძე.

წყარო

“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და სალომე ზურაბიშვილს ჰყავთ საერთო პატრონი” – ირაკლი კობახიძე

თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ეს მისი საქმეა, 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად.

„რა გამოდის? თუ არ გადააყენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს, თუ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ 2018 წელს სამ მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი. ტყუილი იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი. ხვალ შეიძლება მათ იმის აღიარებაც მოუწიოთ. როცა ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და ა.შ. ესეც არის ცარიელი ტყუილი. იტყუებიან, მერე აიძულებენ, რომ საკუთარი ტყუილი უკან წაიღონ. როცა ხარ აგენტი, სხვა რესურსი უბრალოდ არ გაქვს. აგენტის თავისუფლების სივრცე არის აბსოლუტურად შეზღუდული. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და სალომე ზურაბიშვილს ჰყავთ საერთო პატრონი. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი დეპუტატები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის მობილიზებული. ეს არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვზრუნავთ. არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან მუშაობა ამ თემაზე. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა უკვე, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან ეს თვითონაც აღიარა, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში ჩავიდა საკუთარი სახსრებით. თუ ლეგიტიმური იყო ვიზიტი და კონსტიტუციური, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული? თვითონვე უკვე აღიარა, რომ კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელოც კი არაფერი დაუტოვა. ყველამ იცის დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არად დაგიდევთ ქვეყნის ძირითად კანონს, რაზეც მან ფიცი დადო თავის დროზე. ის უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს საზოგადოებამ დაინახა და ამაზე დასკვნები უნდა გამოიტანოს. რაც შეეხება ვადებს, რეალურად, კონსტიტუციით არის დადგენილი ვადები. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ წარდგენების შესვლიდან ერთ თვეში უნდა განიხილოს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლომ. 12 ში შევიდა, შესაბამისად 12 ოქტომბრამდე აქვს ვადა კონსტიტუციის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს ვადა არის კონსტიტუციით დადგენილი. დაველოდოთ 12 ოქტომბერს. ამის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო განხილვა“, – განაცხადა კობახიძემ.