“ვარსკვლავთა კონცერტები საქართველოში- ხელისუფლების პიარი ბიუჯეტის ხარჯზე?”-Deutsche Welle

532
spot_img

გერმანულმა სამაუწყებლო კომპანიამ „დოიჩე ველემ“ (Deutsche Welle) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ვარსკვლავთა კონცერტები საქართველოში: ხელისუფლების პიარი ბიუჯეტის ხარჯზე?“, რომელშიც კრიტიკულადაა განხილული მთავრობის პროექტი უცხოელი ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების საქართველოში მოწვევისა და კონცერტების ჩატარების თაობაზე, პროგრამა Starring Georgia-ს რეალიზების ჩარჩოებში.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
საქართველოში, ფესტივალ Starring Georgia-ს ჩარჩოებში გამართულმა დასავლელ ვარსკვლავთა კონცერტების სერიამ არამარტო აღფრთოვანება გამოიწვია როკ-მუსიკის ათი ათასობით მოყვარულში, არამედ სკანდალებიც. ასე, მაგალითად, ბათუმში ჯგუფ The Killers-ის კონცერტზე რუს მოქალაქესთან დაკავშირებით მომხდარი ინციდენტის შემდეგ, ქართველმა მაყურებლებმა მომღერლებს სტვენა დაუწყეს, ბევრმა კონცერტი მიატოვა, ხშირი იყო ლანძღვა-გინება… მუსიკოსებსა და კონცერტის ორგანიზატორებს ბოდიშის მოხდა მოუწიათ. კიდევ ერთი მსგავსი სკანდალური მომენტი: თბილისში ჯგუფ Imagine Dragons-ის კონცერტის დროს დაცვის თანამშრომლები, მაყურებლებს, უკრაინის დროშებს ართმევდნენ.
ბოლო დროს მომხდარმა შემთხვევებმა ქართულ საზოგადოებას კითხვები გაუჩინა და გაახსენა, თუ ვის და რის ხარჯზე იმართება Starring Georgia-ს ეგიდით კონცერტები და რა თანხა იხარჯება საკონცერტო დარბაზის Black Sea Arena-ს შესანახად, რომელიც ექს-პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ფონდ „ქართუს“ ინიციატივით იქნა აშენებული.

ფესტივალი ბიუჯეტის ფულით?

ორწლიანი მუსიკალური ფესტივალის Starring Georgia-ს დაწყება ცნობილი გახდა 2023 წლის აპრილში. ხელისუფლების მტკიცებით, „კონცერტების ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარობის მატებას მსოფლიოს მასშტაბით, გაიზრდება აგრეთვე ქვეყნის ტურისტული და ეკონომიკური პოტენციალი“. იდეის ავტორი, როგორც ამბობენ, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილია. პროექტის რეალიზებისათვის ბიუჯეტიდან 70 მილიონი ლარი (თითქმის 25 მილიონი ევრო) იქნა გამოყოფილი. ამ ფულით საქართველოში მოიწვიეს ისეთი ცნობილი შემსრულებლები, როგორებიცაა Imagine Dragons, The Killers, Nile Rodgers & Chic. „ტურიზმისათვის ეს სრულიად ახალ პროდუქტს წარმოადგენს.
ჩვენ შესაძლებლობა გვექნება ის ტურისტებიც კი მოვიზიდოთ, რომლებიც საქართველოში არასდროს არ ჩამოვიდოდნენ. ჩნდება შესაძლებლობა, რომ ეს კონცერტები ტურისტულ პოტენციალში ჩავრთოთ და მოგზაურობის მსურველებს ერთიანი პაკეტით შევთავაზოთ“, – განაცხადა ინტერვიუში მაია ომიაძემ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

საქართველოს ხელისუფლების მიერ მოწვეულ ვარსკვლავთა კონცერტებზე, მიუხედავად იმისა, რომ ბილეთები მაინცდამაინც იაფი არ ღირს (40-დან 550 დოლარამდე), დარბაზები და სტადიონები მთლიანად ივსება. ამასთან, პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოებას ეჭვები გაუჩნდა – რამდენად მიზანშეწონილია ასეთი ღონისძიებებისათვის მსხვილი საბიუჯეტო თანხების ხარჯვა? მაგალითად, Transparency International-ის ანალიტიკოსმა ბესო ნამჩავაძე აღნიშნავს, რომ ფული ისეთ მუსიკოსებს და მომღერლებს გადაუხადეს, რომლებიც საკმაოდ მდიდრები არიან და თვითონ ეწევიან ქველმოქმედებას – ღარიბი ქვეყნების მოსახლეობას ეხმარებიან, ბილეთები კი რიგითი ქართველებისათვის ძვირი და ხელმიუწვდომელია.
„არავის არ გამოუთვლია, თუ რამდენ ტურისტს მიიზიდავს ეს 70 მილიონი და რამდენი იქნება მიზიდული, თუ ეს ფული სხვა მიმართულებით უფრო გონივრულად დაიხარჯებოდა. შეიძლებოდა, რომ ფესტივალის ორგანიზატორებისათვის ამ ფულის ნაცვლად მთავრობას, საგადასახადო შეღავათები შეეთავაზებინა. გარდა ამისა, კონცერტები ტარდება ისეთ დროს (აგვისტოში), როცა ტურიზმი საქართველოში ისედაც პიკურ დონეზეა“, – დაწერა თავის ფეისბუქ-გვერდზე ბესო ნამჩავაძემ. მისი აზრით, „ამ შემთხვევაში საბიუჯეტო სახსრები იხარჯება მთავრობის პიარზე და იმ წამგებიანი, ზარალიანი დარბაზის შენახვაზე, სადაც კონცერტები იმართება – რათა აჩვენონ, რომ საქართველოში ყველაფერი კარგადაა, ვმღერივართ და ვცეკვავთ“.

რა შუაშია ბიძინა ივანიშვილი?

ფესტივალის ჩატარების ადგილის – Black Sea Arena-ს ირგვლივ ბევრჯერ ატეხილა დავა-კამათი. ეს საკონცერტო დარბაზი გათვლილია ათი ათას მაყურებელზე და მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის ფონდის „ქართუს“ ინიციატივით აშენდა. ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრიცაა, მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების“ დამაარსებელი. ზოგიერთები მილიარდერს, საქართველოს ჩრდილოვან მმართველს უწოდებენ.
Black Sea Arena-ს მშენებლობისათვის 115 მილიონი დოლარი დაიხარჯა, ხოლო გახსნის შემდეგ, 2016 წელს, შენობა უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს.

არასამთავრობო ორგანიზაციის – „სახელმწიფო მართვის მონიტორინგის ცენტრის“ (GMC) თანამშრომლის, კორუფციის მკვლევარ ლიზა ქორიძის თქმით, Black Sea Arena-ს შენახვაზე ბიუჯეტიდან დიდი თანხები იხარჯება, თანაც საკონცერტო დარბაზი უმოქმედოდ არის დიდი დროის განმავლობაში. „საქართველოს მოქალაქეები დიდ ფულს ხარჯავენ, რომ Black Sea Arena-ში მიწვეული მსახიობებისა და მუსიკოსების კონცერტებს დაესწრონ, ამ დროს კი თვითონ დარბაზის შენახვა მნიშვნელოვანი ხარჯები ჯდება. ფესტივალებმა მოგება უნდა მოიტანონ, რეალურად კი პირიქით ხდება“, – ამბობს ლიზა ქორიძე.

GMC-ის ანგარიშის მიხედვით, Black Sea Arena-ს შენახვა-მომსახურებაში სახელმწიფომ, 2017-2021 წლებში 36 მილიონი ლარი დახარჯა, თანაც ამ საქმეში ჩართულნი არიან ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიები, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის ფირმა „ელიტა ბურჯი“ (Elita Burj). „კონტრაქტები იდებოდა კორონავირუსის პანდემიის პერიოდშიც, როცა კონცერტები არ ტარდებოდა და დარბაზი უქმად იყო“, – ამბობს ლიზა ქორიძე.
ჯერ-ჯერობით, Black Sea Arena-ს დირექციას „დოიჩე ველეს“ მიერ დასმული კითხვებზე პასუხი არ გაუცია.
ამასობაში კი მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ ოპონენტები მთავრობას იმაშიც ადანაშაულებენ, რომ ფესტივალები ტარდება, როგორც ხელისუფლების პიარ-კამპანია შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პირველ ოქტომბერს უნდა გაიმართოს. „ყველაზე მეტად სამოქალაქო საზოგადოებას ის აწუხებს, რომ ქვეყანაში უამრავი სოციალური პრობლემაა და ამ დროს მილიონები იხარჯება საკონცერტო დარბაზის შესანახად“, – ამბობს ლიზა ქორიძე.

წყარო