“კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და სალომე ზურაბიშვილს ჰყავთ საერთო პატრონი” – ირაკლი კობახიძე

219
spot_img

თავის დროზე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია უხეშად საქართველოს კონსტიტუცია, თუმცა როგორც ჩანს, მაინც აქვს გარკვეული შიშები, თავს იზღვევს, ესაუბრება რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და ეს მისი საქმეა, 100 ხმის რესურსი პარლამენტში არ არის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ დადგება იმ ადამიანის მხარეს, რომელსაც თავის დროზე აცხადებდა მოღალატედ, რეზიდენტად.

„რა გამოდის? თუ არ გადააყენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილს, თუ მხარს არ დაუჭერს მის იმპიჩმენტს, გამოდის, რომ 2018 წელს სამ მილიონ ამომრჩეველს უთხრეს ტყუილი. ტყუილი იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი იყო მოღალატე და რეზიდენტი. ხვალ შეიძლება მათ იმის აღიარებაც მოუწიოთ. როცა ჩვენ გვეძახიან პრორუსებს და ა.შ. ესეც არის ცარიელი ტყუილი. იტყუებიან, მერე აიძულებენ, რომ საკუთარი ტყუილი უკან წაიღონ. როცა ხარ აგენტი, სხვა რესურსი უბრალოდ არ გაქვს. აგენტის თავისუფლების სივრცე არის აბსოლუტურად შეზღუდული. კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და სალომე ზურაბიშვილს ჰყავთ საერთო პატრონი. ჩვენთვის მთავარია, რომ ჩვენი დეპუტატები იყვნენ იმპიჩმენტის პროცედურისთვის მობილიზებული. ეს არის ერთადერთი, რაზეც ჩვენ ვზრუნავთ. არ გვაინტერესებს ოპოზიციასთან მუშაობა ამ თემაზე. მთავარია, საზოგადოებამ დაინახა უკვე, რომ სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მან ეს თვითონაც აღიარა, როდესაც გამოაცხადა, რომ შესაბამის ქვეყნებში ჩავიდა საკუთარი სახსრებით. თუ ლეგიტიმური იყო ვიზიტი და კონსტიტუციური, მაშინ რატომ არ დახარჯა ბიუჯეტის ფული? თვითონვე უკვე აღიარა, რომ კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს სამსჯელოც კი არაფერი დაუტოვა. ყველამ იცის დღეს, რომ სალომე ზურაბიშვილი არად დაგიდევთ ქვეყნის ძირითად კანონს, რაზეც მან ფიცი დადო თავის დროზე. ის უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციას. ეს საზოგადოებამ დაინახა და ამაზე დასკვნები უნდა გამოიტანოს. რაც შეეხება ვადებს, რეალურად, კონსტიტუციით არის დადგენილი ვადები. კონსტიტუციაში მითითებულია, რომ წარდგენების შესვლიდან ერთ თვეში უნდა განიხილოს ყველაფერი საკონსტიტუციო სასამართლომ. 12 ში შევიდა, შესაბამისად 12 ოქტომბრამდე აქვს ვადა კონსტიტუციის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს ვადა არის კონსტიტუციით დადგენილი. დაველოდოთ 12 ოქტომბერს. ამის შემდეგ გაიმართება საპარლამენტო განხილვა“, – განაცხადა კობახიძემ.