Home Blog Page 1639

“სამიზნეში ვიღებთ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში” – ენტონი ბლინკენი

სახელმწიფო დეპარტამენტს სასანქციო სიაში რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ოფიცერი და ერთი ქართველ-რუსი ოლიგარქი შეჰყავს, რომელსაც რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაში ჩარევისთვის იყენებდნენ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკები განცხადებაში წერია.

ბლინკენი აღნიშნავს, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და სახაზინო დეპარტამენტი უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრასთან დაკავშირებით კიდევ 150-ზე მეტი კომპანიასა და პირს ასანქცირებენ.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებით აშშ-ის ხელისუფლება სამიზნეში იღებს იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც ჩართული არიან სანქციებისთვის გვერდის ავლაში, ვინც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის წარმოების შესაძლებლობებს აფართოებენ, და ვინც პასუხისმგებელნი არიან რუსეთის ენერგეტიკის სამომავლო წარმოების გაძლიერებაზე.

“სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ასანქცირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურის ერთ ოფიცერს და ერთ ქართველ-რუს ოლიგარქს, რომელზეც რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა (“ეფესბემ”) ქართულ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენისთვის ზემოქმედება მოახდინა”, – წერს ბლინკენი.

ლიბიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა

ლიბიაში დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 11 000-ს გადააჭარბა, 20 000-ზე მეტი კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ BBC წერს.

გაეროში აცხადებენ, რომ გამაფრთხილებელი სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში, ამ შემზარავი სტატისტიკის თავიდან აცილება შეიძლებოდა.

სამოქალაქო ავიაციის მინისტრის, ჰიშემ აბუ ჩკიუატის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი შეიძლება გაორმაგდეს.

“სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს” – ლევან ხაბეიშვილი

აშშ-მა ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა, გაგრძლება იქნება , – წერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში

ხაბეიშვილის თქმით, სია გრძელია და დარწმუნებულია, რომ საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს.

“2022 წლის მაისში, მას შემდეგ, როცა უკვე გამოკვეთილი იყო ივანიშვილისა და მისი კრიმინალური, რუსული პარტიის პუტინისტური მისწრაფებები, ვთქვით და დავიწყეთ მუშაობა ოლიგარქებზე, რომლებიც პუტინს ეხმარებიან ომში და რუსულ ეკონომიკაში ასხამენ მილიარდებს. ივანიშვილის გარემოცვაში გამოვკვეთეთ, თავად პუტინის ხელდასმული ბორენკა და კიდევ 5 ოლიგარქი. მალევე უკრაინამ, ზელენსკიმ ყველა ეს პირი დაასანქცირა. მას შემდეგ, წელიწადზე მეტი გავიდა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამ 6 – დან ერთი, ბოტასების ქურდი, ივანიშვილის რჩეული პროკურორი დაასანქცირა. ცხადია, გაგრძელება იქნება და ბევრად უფრო საინტერესო, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია. მახსოვს, 2022 წლის მაისში გაკვირვებით და ცოტათი ირონიულად კითხულობდნენ, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები : მართლა გგონიათ, რომ დაასანქცირებენ თქვენს მიერ დასახელებულ პირებს ? დიახ, დიახ ასე იქნება და არის! სია გრძელია და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ყველა მოღალატე, პუტინის მოკავშირე აუცილებლად აგებს პასუხს, ბიძინა ხედავ ? გიახლოვდებიან”, – წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

“აშშ-ის სანქციები სცდება მხოლოდ ფარცხალაძის პიროვნებას” – ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება პიროვნულ სანქციას ცდება და მთლიანად „ქართული ოცნების“ მხილებაა.

როგორც ხოშტარიამ ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული სანქციები სერიოზული გაფრთხილებაა ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და ხელს უწყობენ რუსეთს.

„ეს სანქციები სცდება მხოლოდ ფარცხალაძის პიროვნებას, რომელიც თავისთავად არის ივანიშვილის ერთ-ერთი გამოჩენილი კრიმინალი, მაფიოზი, მფარველი, რუსეთის და საქართველოს მოქალაქეობის ერთდროულად მქონე. ეს სანქციები არის მთლიანად „ქართული ოცნების“ მხილება საქართველოში ანტიდასავლური და პრორუსული სპეცოპერაციის ჩატარებისთვის. ეს არის ძალიან სერიოზული გაფრთხილება ყველა იმ ადამიანისთვის, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს ეროვნულ ინტერესებს; რომლებიც ხელს უწყობენ რუსეთს ამ სისხლიან ომში და რომლებიც არიან ბიძინა ივანიშვილის უშუალო მფარველობის ქვეშ“, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-მა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ-ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი ავრცელებს.

მათი ცნობით, ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში სანქციები კიდევ 24 ინდივიდზე გავრცელდება, რომელთა შორის ოთარ ფარცხალაძეც არის.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოთარ ფარცხალაძეს ქართველ-რუს ოლიგარქად მოიხსენიებს, რომელთანაც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) მუშაობდა, რათა რუსეთის სასარგებლოდ გავლენა მოეხდინა ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე.

“სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია და დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება იქნა მიღებული” – ჯუანშერ ბურჭულაძე

სააკაშვილის ჩარტერული რეისების დაფინანსებასთან დაკავშირებით დღეს თავდაცვის უწყებაში შეიკრიბა შესაბამისი კომისია. მიღებული იქნა დოკუმენტების გასაჯაროების გადაწყვეტილება, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი დანაყოფი პარალელურად აწარმოებს მოკვლევით სამუშაოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება საქმე.

„ის, რომ პრეზიდენტის ჩარტერები თავდაცვის უწყებიდან ფინანსდებოდა, მინიჭებული იყო გრიფით საიდუმლო სტატუსი, ვინ იყვნენ თანმხლები პირები, რა ლოკაციებზე იყო ფრენები განხორციელებული – ეს ყველაფერი კომპლექსურად დიდ ეჭვს იწვევს. შესაბამისი დანაყოფი პარალელურად აწარმოებს მოკვლევით სამუშაოებს და პროკურატურასთან ერთად იქნება მიღებული გადაწყვეტილება, როგორ წარიმართება საქმე. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ყველა დეტალი ეტაპობრივად გახდება საჯარო“, – აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

თავდაცვის სამინისტრომ მიხეილ სააკაშვილის საჰაერო ხომალდებით მგზავრობასთან დაკავშირებით დადებული ხელშეკრულებების განსაიდუმლოების პროცესი დაიწყო.

“პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პარტიის წევრთა ქმედებების წინასწარ დაზღვევაში ცუდი არაფერია” – იაგო ხვიჩია

ცუდია არაფერია იმაში, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით პარტიის წევრების ქმედებებს წინასწარ აზღვევს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „თუ გინდა, შარში არ გაეხვიო, ისე უნდა მოიქცე, რომ ყველა რისკი გადაზღვეული გქონდეს“.

„როგორც იტყვიან, ყველა „ნაცი“ დარბაზში არ შეიშვება და ამიტომ პატიოსანი „ნაცები“ დაზარალდნენ, რომელთა დარბაზში შესვლა შეიძლება. ყველა ერთად რომ შედის, ცუდი რაღაცები ხდება და ეტყობა, ისეთმა „ნაცებმაც“ გადაწყვიტეს თავშეკავება, რომელთაც ასეთი პრობლემები არ აქვთ. თუ გინდა, შარში არ გაეხვიო, მაშინ ისე უნდა მოიქცე, რომ ყველა რისკი გადაზღვეული გქონდეს, როცა რისკების გადაზღვევა გჭირდება. ისინი ერთმანეთს არასდროს ენდობოდნენ, თუმცა ყოველთვის მიშას რწმენა აერთიანებდათ, ამიტომ ამ ფაქტორის უგულებელყოფას ნუ მოახდენთ. როცა სხდომათა დარბაზში ის ხალხი არ შედის, ვისაც ფული არ აუღია და შენ შედიხარ „ნაგლად“, ისეთ მიზეზებს ვერ მოიგონებ, როგორიც იყო თითი მიმეჭირა, მწვანეზე დამეჭირა და ასე შემდეგ. პარტია წევრების ქმედებებს წინასწარ რომ აზღვევს, ამაში ცუდი არაფერია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს. ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ კენჭისყრის პროცესში პარლამენტის დარბაზში არ იქნება.

“ილონ მასკი და კიევის შეწყვეტილი იერიში რუსეთის ფლოტზე” -Voice of America

ამერიკულმა სამაუწყებლო კომპანიამ „ამერიკის ხმამ“ (Voice of America) თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ილონ მასკი და კიევის შეწყვეტილი იერიში რუსეთის ფლოტზე – რა მოხდა სინამდვილეში ყირიმში“. მასალაში განხილულია ბოლო დღეებში მომხდარი სკანდალი, რომელიც ამერიკელ ბიზნესმენს, გამომგონებელს და ინვესტორს, SpaceX-ის დამფუძნებელს ილონ მასკს უკავშირდება, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
„უბრალო გაუგებრობა“ – ასე აფასებს უოლტერ აიზეკსონი, ცნობილი ამერიკელი ბიოგრაფი და ჟურნალისტი ეპიზოდს, რომელიც უკავშირდება მისი ახალი წიგნის გმირის – ილონ მასკის როლს, უკრაინის მხრიდან რუსეთის ფლოტზე მიტანილი იერიშის ჩაშლაში.
წიგნის გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანია “სი-ენ-ენმა” (CNN) გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ილონ მასკმა გასულ წელს გასცა ბრძანება, გამოერთოთ კომპანია “სტარლინკის” სატელიტური კავშირი უკრაინაში. შედეგად, უკრაინას ჩაეშალა წყალქვეშა დრონებით წამოწყებული იერიში სევასტოპოლში ბაზირებულ რუსეთის ფლოტზე. მას შემდეგ, რაც უკრაინულმა წყალქვეშა დრონებმა მართვა დაკარგეს, ისინი ზღვამ ნაპირზე გამორიყა.
როგორც ილონ მასკის ბიოგრაფი აღნიშნავს, ბიზნესმენმა ინჟინრებს ინტერნეტ-კავშირის გამორთვა სავარაუდოდ იმიტომ დაავალა, რომ შიშობდა, რუსეთს ყირიმის შავი ზღვის ფლოტზე მიტანილი მასიური იერიშის გამო, კრემლს ბირთვული დარტყმით არ ეპასუხა. კიევში სცადეს ამერიკელი მილიარდერი გადაწყვეტილების შეცვლაში დაერწმუნებინათ, მაგრამ მან საკუთარი პოზიცია არ შეცვალა.
“სი-ენ-ენის” პუბლიკაციას მსოფლიოში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დიმიტრი მედვედევმა, რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ახლა კი უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ილონ მასკს გაბედულება შეუქო და მას უწოდა „ბოლო ადეკვატური ადამიანი“, რომელიც „გენდერულად ნეიტრალურ ამერიკაში“ დარჩა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა კი თქვა, რომ „ზოგჯერ შეცდომა უფრო მეტია, ვიდრე უბრალო შეცდომა“, რადგან რუსეთის ფლოტის გემებიდან გაშვებული რაკეტებით უკრაინაში ბავშვები, მოხუცები და ქალები იხოცებიან. მიხაილო პოდოლიაკმა ილონ მასკს „უვიცობის და დიდი ეგოს ნაზავიც“ კი უწოდა.
ამერიკულ გამოცემა “ატლანტიკში” კარნეგის ფონდის უფროსი მკვლევარი სტივენ ფილდშტეინი წერს, რომ შეერთებული შტატების მთავრობა ილონ მასკის სახით, ერთგვარი დილემის წინაშე აღმოჩნდა. კერძო სატელიტური კომპანია „სტარლინკი“ ისეთ შესაძლებლობებს იძლევა, რომელთანაც სხვა „ვერცერთი მთავრობა ან კომპანია ვერ მივა… მისი ინოვაციები მასკის მიზანდასახულობის და ამბიციების ნაყოფია. მაგრამ ეს ყოველივე ამერიკის საგარეო და ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკასთან გადაიხლართა. ილონ მასკი ფართოდ განიხილება, როგორც არასტაბილური ლიდერი, რომელიც არ შეიძლება ინდობოდეს, როცა საქმე ქვეყნის უსაფრთხოების საჭიროებებს ეხება“ – წერს სტივენ ფილდშტეინი, რომელიც 2014-17 წლებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო დემოკრატიის და ადამიანის უფლებების საკითხებში.
ავტობიოგრაფიული წიგნი ტექნოლოგიურ მაგნატზე “ილონ მასკი” შეერთებულ შტატებში სამშაბათს, 12 სექტემბერს გამოიცა. როგორც მისმა ავტორმა უოლტერ აიზეკსონმა “ვაშინგტონ პოსტის” ჟურნალისტებს უთხრა, პირველ რედაქციაში ძველი ტექსტი უცვლელად დარჩა. მაგრამ, ის “არასწორად” აღწერს მასკის როლს უკრაინის ჩაშლილ შეტევაში, რაც წიგნის შემდგომ გამოცემებში გამოსწორდება. კერძოდ, უოლტერ აიზეკსონი ამბობს, რომ ცდომილება უკავშირდება ყირიმში „სტარლინკის“ სატელიტური კავშირის შეწყვეტის თარიღს. მას ეს თავად ილონ მასკმა განუმარტა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყირიმისთვის ინტერნეტის გამორთვა მან გაცილებით ადრე გადაწყვიტა, ვიდრე უკრაინელები რუსეთის ფლოტზე იერიშის მიტანას დაიწყებდნენ. ილონ მასკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ეს არ იყო პასუხი წყალქვეშა დრონებით სევასტოპოლის პორტზე დაგეგმილ დარტყმაზე.
ამის შემდეგ უოლტერ აიზეკსონმა ყოფილ „ტვიტერზე“, ახლა კი იმავე ილონ მასკის მფლობელობაში მყოფ სოციალურ პლატფორმა „იქსზე“ განაცხადა: „უკრაინელები ფიქრობდნენ, რომ [ინტერნეტი] ჩართული იყო ყირიმამდე, მაგრამ ეს ასე არ იყო. მათ ილონ მასკს სთხოვეს, ჩაერთო ის მათთვის. მასკმა ამის საშუალება არ მისცა, რადგან, ალბათ, სწორად წარმოიდგინა, რომ ეს ომში დიდ გამწვავებას მოიტანდა“.
ილონ მასკის პასუხმაც არ დააყოვნა. მან მადლობა გადაუხადა წიგნის ავტორს და თქვა, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა „უკრაინის მოთხოვნაზე უარის თქმასა და უკრაინის [შეტევის] ჩაშლის მიზნით, „სტარლინკში“ განზრახ შეტანილ ცვლილებაში“.
ილომ მასკის განმარტებით, მათი ინტერნეტ-მომსახურების პირობები ხაზგასმით კრძალავს „სტარლინკის“ შეტევითი სამხედრო მოქმედებისთვის გამოყენებას, რადგან ის მხოლოდ სამოქალაქო სისტემას წარმოადგენს. მასკი იქვე დასძენს, რომ მისი კომპანია ამერიკის მთავრობისთვის აშენებს „სტარშილდს“ (Starshield), რომელიც „სტარლინკის“ მსგავსი იქნება და რომელსაც შეერთებული შტატების მთავრობა გააკონტროლებს.
და ვიდრე გამომცემლები წიგნის მომავალ რედაქციაში ცვლილებას შეიტანენ, ილონ მასკზე 12 სექტემბერს გამოსულ წიგნში, უოლტერ აიზეკსონის მონათხრობი ასე გამოიყურება:
„მთელი საღამო და ღამით, სიტუაციის მართვა მან საკუთარ თავზე აიღო“, წერს ილონ მასკზე მისი ბიოგრაფი. „მისი დასკვნით, “სტარლინკის” შეტევაში გამოყენების დაშვება, შესაძლოა მსოფლიოსთვის კატასტროფული იყოს. ამიტომ მან ფარულად უთხრა თავის ინჟინრებს, რომ გამოერთოთ [ინტერნეტის] კავშირი ყირიმის სანაპიროდან 100 კილომეტრის რადიუსში. შედეგად, როდესაც უკრაინული უპილოტო წყალქვეშა დრონები სევასტოპოლში რუსეთის ფლოტს მიუახლოვდნენ, მათ მართვა დაკარგეს და ნაპირზე უვნებლად გამოირიყნენ“.

წყარო

ამერიკამ ოთარ ფარცხალაძეს სანქციები დაუწესა

აშშ-მა ახალი სასანქციო პაკეტის ფარგლებში “ქართველი-რუსი ოლიგარქი” ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Associated Press აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ცნობით, აშშ რუსეთიდან, თურქეთიდან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებიდან და საქართველოდან 150-ზე მეტ ბიზნესსა და ინდივიდს ასანქცირებს, რათა კრემლის ტექნოლოგიებზე, ფულსა და ფინანსურ არხებზე წვდომა აღკვეთოს უკრაინის წინააღმდეგ ომის საწარმოებლად.

როგორც მედია წერს, სანქცირებულთა სიაში ქართველი-რუსი ოლიგარქი ოთარ ფარცხალაძე მოხვდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (“ეფესბე”) აღნიშნულ ოლიგარქთან მუშაობდა, რათა გავლენა იქონია ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ.

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარ პროკურორად 2013 წლის 7 ნოემბერს დაინიშნა, ამავე წლის 30 დეკემბერს გადადგა.

პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებად ნანა ყეინიშვილი და თეიმურაზ ხომერიკი წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები წარუდგინა.

პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები წარადგინა.

მანამდე, მიმდინარე წლის ივნისში სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი ბაქრაძისა და დიმიტრი ჯაფარიძის კანდიდატურები წარუდგინა, თუმცა პარლამენტმა მათ კანდიდატურებს მხარი არ დაუჭირა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მაშინ განაცხადეს, რომ კანდიდატების კომპეტენციასთან დაკავშირებით შეკითხვები არ ჰქონდათ, მაგრამ პრეზიდენტსა და პარლამენტს შორის კონსულტაციები არ გამართულა და კანდიდატებზე წინასწარ არ შეთანხმებულან.

ეროვნული ბანკის საბჭო სებ-ის უმაღლესი ორგანოა. საბჭო ცხრა წევრისაგან შედგება. ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარეა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის საბჭოს შემადგენლობაში, გარდა საბჭოს თავმჯდომარისა, შედიან ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი და საბჭოს სხვა წევრები. ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი შვიდი წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით. ამჟამად საბჭოში შვიდი წევრია, ორი ადგილი კი ვაკანტურია.

“როგორც ჩანს, რადიკალურ ოპოზიციას სურს, იმპიჩმენტის საკითხით პრეზიდენტთან ივაჭროს” – არჩილ თალაკვაძე

რადიკალურ ოპოზიციას, როგორც ჩანს, სურს, იმპიჩმენტის საკითხით პრეზიდენტთან ივაჭროს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

თალაკვაძე იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ზეწოლას, შანტაჟს არ დაექვემდებარება.

„ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს, რაზე ისაუბრეს პრეზიდენტთან, თუმცა ნათელია, რაზე იყო საუბარი გარეთ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა მედიის საშუალებით პირდაპირ შეუთვალა სალომე ზურაბიშვილს შეწყალება ან იმპიჩმენტიო. რეალურად, ეს იყო გზავნილი, რაც რადიკალურ ოპოზიციას ჰქონდა პრეზიდენტთან. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მასზე ზეწოლაა და რადიკალურ ოპოზიციას სურს, საკითხით ივაჭროს. არაა გამორიცხული, რომ შეხვედრებზე ამ საკითხით ივაჭრეს და ეს თემა ირიბად თუ პირდაპირ დააყენეს. გარკვეული ცნობებია, ამ შეხვედრებიდან გაკეთდა განცხადებები, მაგალითად, „მოქალაქეებმა“ თქვეს, რომ იმპიჩმენტთან დაკავშირებით იყო საუბარი.

ოპოზიციას მეტი გამჭვირვალობა მართებს. ახლა დაიწყება საპარლამენტო სესია, სხდომები და დიდი იმედი მაქვს, ოპოზიციის ის წარმომადგნლები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებაზე, უფრო მეტს იტყვიან, რეალურად, რა საკითხებზე იყო მსჯელობა საქართველოს პრეზიდენტთან. ასევე, იმედი გვაქვს, პრეზიდენტი არ დაექვემდებარება ასეთი ტიპის ზეწოლას, შანტაჟს, მით უმეტეს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, ვინც მას არაკანონიერად არჩეულად მიიჩნევდა, შეურაცხყოფას აყენებდა. მასთან დაკავშირებით ბევრი ასეთი შეფასება გვაქვს მოსმენილი. ვიცით პრეზიდენტის ის პოზიცია, რაც ერთხელ თქვა, რომ შეწყალების გადაწყვეტილებას არ მიიღებს, მაგრამ ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ არის საჭირო მეტი სიცხადე, რადგან ოპოზიციის მხრიდან პირდაპირ მოვისმინეთ გზავნილები – შეწყალება ან იმპიჩმენტი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს საპარლამენტო უმრავლესობას, შეგროვდება თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა, თალაკვაძემ განაცხადა:

„იმპიჩმენტს სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა, გზავნილი აქვს, რომ კონსტიტუციის დარღვევას არანაირი საფუძველი, გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს, ყველამ კონსტიტუციის პრინციპების დაცვით უნდა წარმართოს საქმე. კენჭისყრა მას შემდეგ მოხდება, რაც საკონსტიტუციო სასამართლო თავის შეფასებას დაუბრუნებს პარლამენტს და ყველანი ვნახავთ, რა დამოკიდებულება ექნება ოპოზიციას. უნდა ვთქვათ, რომ ოპოზიცია ამ მიმართულებით რთულ ვითარებაშია – იმპიჩმენტს თუ მხარს დაუჭერს, გამოდის, რომ კონკრეტული პოლიტიკური გეგმა აქვთ, თუ არ დაუჭერენ, გამოდის, რომ თვალს ხუჭავენ კონსტიტუციური პრინციპების დარღვევაზე. სხვათა შორის, ნიშანდობლივია იმათი განცხადებებიც, რომლებმაც თქვეს, რომ დარბაზში არ შევლენ. ეს დილემისგან ერთგვარი თავის არიდებაა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში დაგეგმილ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესში მონაწილეობას არ მიიღებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ფრაქცია პარლამენტში მონაწილეობას არ მიიღებს იმპიჩმენტის პროცესში იმისათვის, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი ინსინუაციები, სპეკულაციები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა- ძალა ერთობაშია“ სხდომას არ დაესწრება.

„ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ ივანიშვილის ბინძურ თამაშში, რომელიც უპირველეს ყოვლისა ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანის საბოტაჟირებას. სწორედ ამ მიზნით, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ არ იქნება დარბაზში მაშინ, როდესაც ივანიშვილი გაითამაშებს იმპიჩმენტად წოდებულ პროცესს, რომელიც რეალურად მიზნად ისახავს, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ჩვენი ევროპული არჩევანის რეალიზება არ მოხდეს. ეს არის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს, პოლიტიკური საბჭოს მიერ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, სხვა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მსგავსი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და სხდომათა დარბაზში არ შევიდნენ.

„ჩვენ ვაძლევთ რეკომენდაციას და მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ არ დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“ მანიპულაციების და სპეკულაციების სივრცე, მიიღონ ანალოგიური გადაწყვეტილება და არ დაესწრონ იმპიჩმენტის პროცედურის განხილვას, ამით ყოველგვარი ინსინუაციები გამოვრიცხოთ. იმავდროულად, ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს იმპიჩმენტის ხელოვნური თემის წამოწევა და პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარ საკითხად წარმოჩინება, ვინაიდან მიზანი ამ კამპანიის არის პრეზიდენტის როლის გამოკვეთა, თითქოს ის არის ერთადერთი სახელმწიფო ინსტიტუცია, რომელიც პროევროპულობისათვის იბრძვის და უნდა ჩაანაცვლოს სხვა ევროპული ოპოზიციური პარტიები, ეს ბუნებრივია, ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ თამაშებშია. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ქოცურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებს.  მოვუწოდებთ ყველა პროდასავლელი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ჯგუფებს, არც მათ მიიღონ მონაწილეობა ამ თემების განხილვაშიც კი. ვინაიდან, ამ თემების განხილვა და გაცოცხლება ნიშნავს მთავარი პოლიტიკური საკითხებიდან ყურადღების გადატანას. ჩვენ პასუხისმგებლობას ვიღებთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაზე და ფრაქციის წევრებზე, სხვა წევრები, რომლებიც ადრე გასულები იყვნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბლოკის სიის, ბუნებრივია, მათზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ და არც ავიღებთ. ამიტომ, მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციონერ დეპუტატს, რომ გამოირიცხოს ინსინუაციები და არ დავიტოვოთ სივრცე კითხვის ნიშნებისათვის, ყველა გამოვიდეთ დარბაზიდან და არ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროცესში“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

“მოსკოვისა და ფხენიანის ავისმომასწავებელი კავშირი”- The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph), რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის კიმ ჩენ ინის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, აქვეყნებს სარედაქციო კომენტარს სათაურით „მოსკოვისა და ფხენიანის ავისმომასწავებელი კავშირი“, რომელშიც ვკითხულობთ:
ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სერიოზული რომ არ იყოს, სასაცილო იქნებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ ყველაფერი რეალურია და ნამდვილი. პარანოიდალურმა ჩრდილოკორეელმა ლიდერმა, რომელსაც ოთხი წელია თავისი სიბნელით მოცული ქვეყნიდან ფეხი არ გაუდგამს, ამჯერად გაბედა და თავის რუსი კოლეგასთან შესახვედრად, ტრადიციულად, ჯავშნიანი მატარებლით გაემგზავრა. როგორც ცნობილი გახდა, მოლაპარაკებამ „წარმატებით ჩაიარა და კრემლს ფხენიანისაგან საარტილერიო ჭურვების მიღება უზრუნველყოფილი აქვს“.
ვლადიმერ პუტინისა და კიმ ჩენ ინის – ორი დიქტატორის – ამჟამინდელი კონტაქტი უკრაინის ომმა გამოიწვია, რომელიც უკვე 19 თვეა გრძელდება. კრემლს ეგონა, რომ უკრაინას რამდენიმე დღეში დაამარცხებდა, მაგრამ მოსკოვის იმედი არ გამართლდა – ომი გაჭიანურდა, რაც დაპირისპირებული მხარეების ენერგიას ფიტავს. რუსეთი, რომელიც თავს ზესახელმწიფოდ თვლის, დასუსტდა და ისეთი ოდიოზური რეჟიმის დახმარება ჭირდება, როგორსაც ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება წარმოადგენს.
კიევისადმი ნატოს ქვეყნების მიერ გაწეული დახმარება რომ გაანეიტრალოს, რუსები იარაღს ისეთი ქვეყნებიდან ყიდულობენ, როგორიც ირანია. მოსკოვს განსაკუთრებით თეირანის მიერ შექმნილი დრონები მოსწონს, მაგრამ რუსეთს საარტილერიო ჭურვებიც ბევრი ჭირდება. კრემლი უმოწყალოდ ბომბავს უკრაინის სამრეწველო ობიექტებს, დიდია მსხვერპლი სამოქალაქო მოსახლეობაში.
უცხოელი ექსპერტების აზრით, ჩრდილოეთი კორეა საბრძოლო ჭურვების უდიდეს რეზერვს ფლობს, რომელიც სრულიად შეესაბამება რუსული და საბჭოთა არტილერიის სისტემებს და კალიბრებს. ფხენიანმა ეს მარაგი იმის შიშით შექმნა, რომ ფიქრობდა – ოდესღაც სამხრეთ კორეა თავს დაესხმებოდა. დღეისათვის, რადგანაც ჩრდილოეთი კორეა გარიყულ ქვეყნად არის გადაქცეული და რომლის მოსახლეობა მუდმივად შიმშილის ზღვარზე იმყოფება, დასავლეთს მის დასახმარებლად პრაქტიკულად არაფრის გაკეთება არ შეუძლია. შესაბამისად, ფხენიანისათვის რუსეთის სამხედრო „დაკვეთა“ ჭურვების საწარმოებლად ერთგვარ შვებას წარმოადგენს – ვლადიმერ პუტინი კიმ ჩენ ინს, იარაღის სანაცვლოდ, სურსათ-სანოვაგეს მიაწვდის.
მაგრამ ჩვენ ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, რადგან „ამხანაგმა კიმმა“, რუსეთს სურსათთან ერთად, ახალი ტექნოლოგიების გადაცემაც მოსთხოვა, ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული იარაღის შემდგომი წარმოების მიზნით“.

წყარო