ბატონო ბორელი, ისევე როგორც ბევრი სხვა თანამდებობის პირი, აბსოლუტურად სხვა რეალობას ელოდებოდა. მას ეტყობა ჰქონდა განცდა, რომ ჩამოვიდოდა და ჭკუის დარიგების კუთხით დაიწყებდა საუბარს – „არ გინდათ იმპიჩმენტი“, „ფრენები არ არის კარგი“ და ა.შ. მაგრამ ცალ ფეხზე მდგომი ვერავინ ნახა საქართველოში, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბორელი საქართველოდან, როგორც ღირსების მოყვარე სახელმწიფოდან, ისე წავიდა.
„არასამართლიან, დაუმსახურებელ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებას საქართველოში არავინ არავის გაუტარებს. ბორელმა პრემიერის სიტყვების უკან დაინახა ის ერი, რომელსაც აქვს ღირსება, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების პატივისცემა.
ბორელმა პასუხი მიიღო ფრენებთან დაკავშირებითაც – ოთხი წლის წინ თავად ევროკავშირი სთხოვდა რუსეთს, რომ საქართველოში ფრენები აღდგენილიყო, ამავდროულად, ეს ფრენები რუსეთმა ახლა ცალმხრივად აღადგინა. ამ პასუხზე ვერაფერი თქვა. მეორე – საერთაშორისო სანქციების ვითომ დარღვევებთან დაკავშირებით, რადიკალური ოპოზიცია შავ ხვრელებს რომ ეძებდა, შემდეგ კი ამერიკელებმა და ევროკავშირის წარმომადგენლებმა წერტილი დაუსვეს ამას – საქართველო ასრულებს საერთაშორისო სანქციების გადაწყვეტილებებსო, ამ პასუხზეც ვერაფერი თქვა და მესამე – პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებითაც პრემიერმა ის უპასუხა, რომ სამართლებრივად კონსტიტუცია ითხოვს ამას, ჩვენ კი არ ვითხოვთ. ვინ თუ არა პარლამენტმა და პარლამენტის წევრებმა უნდა დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია. ჩვენ ტექნიკურად ამას ვასრულებთ, მაგრამ, რეალურად, საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში დახვდება კონსტიტუცია და მას უნდა ესაუბროს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა როცა თქვა, რომ ნახევრად ევროპელი ვარო, ე.ი. მეორე ნახევარს, ქართველისას, ევროპულად არ აღიქვამს. ანუ საქართველო ევროპის ნაწილად არ მიაჩნია. ამას გარდა, მან საჯაროდ, პარლამენტიდან მადლობა გადაუხადა ევროკავშირს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა საქართველოს. ეს სამწუხარო პოლიტიკური განცხადებებია, საკონსტიტუციო სასამართლოში კი მას მოუწევს უკვე არა პოლიტიკური, არამედ სამართლებრივი პასუხი ჰქონდეს კითხვაზე – რატომ დაარღვია კონსტიტუცია?
არ მგონია ბატონ ბორელსაც თავის სახელმწიფოში ესიამოვნოს, მისმა სახელმწიფო მეთაურმა რომ კონსტიტუცია დაარღვიოს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ამ პასუხებმა ვნახეთ, რომ საზოგადოების მხარდაჭერა მოიპოვა. ამიტომ, ბატონი ბორელი საქართველოდან, როგორც ღირსების მოყვარე სახელმწიფოდან, ისე წავიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ის ბრიუსელში იტყვის – ამ ხალხს ან უნდა მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი, ან მათ დავკარგავთო“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.