რუსეთმა მოახერხა სანქციების დაძლევა – NYT

303
spot_img

რუსეთმა მოახერხა დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის დაძლევა და სარაკეტო წარმოების გაფართოება, რაც უკრაინას განსაკუთრებით დაუცველს გახდის მომდევნო თვეებში გაზრდილი თავდასხმების მიმართ, – ამის შესახებ RBC-Ukraine The New York Times-ზე დაყრდნობით იუწყება.

აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, სანქციებმა აიძულა რუსეთი, მკვეთრად შეემცირებინა რაკეტებისა და სხვა იარაღის წარმოება 2022 წლის თებერვალში, ომის დაწყებისას, სულ მცირე, ექვსი თვით, თუმცა 2022 წლის ბოლოსთვის მოსკოვის სამხედრო-სამრეწველო წარმოებამ კვლავ დაიწყო წარმოება ჩქარი ტემპით.

The New York Times წერს, რომ რუსეთმა გვერდი აუარა ამერიკის საექსპორტო კონტროლს და გამოიყენა თავისი სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც კონტრაბანდულად ატარებენ ძირითად კომპონენტებს და ახორციელებენ მათ ექსპორტს სხვა ქვეყნებში, საიდანაც მათი რუსეთში მიტანა უფრო ადვილია. რუსეთი, კონტრაბანდის ფართო ქსელის მეშვეობით, იღებს მწირ კომპონენტებს მესამე ქვეყნებიდან, როგორიცაა სომხეთი და თურქეთი.

როგორც გამოცემა წერს, რუსეთში სამხედრო წარმოების განახლება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან მოსკოვმა გამოიყენა რაკეტები ელექტრო ქსელებზე და სხვა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, ასევე ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის დასატერორებლად.

ამერიკელი ოფიციალური პირები შიშობენ, რომ რუსული რაკეტების წარმოების გაზრდამ შესაძლოა, შემოდგომასა და ზამთარში უკრაინის ენერგეტიკულ ქსელზე მეტი თავდასხმა გამოიწვიოს.