,,სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს”- ფაშინიანი

207
spot_img

სომხეთს აღარ შეუძლია რუსეთს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოცემა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, უკრაინაში რუსეთის კატასტროფული შეჭრის გამო სომხეთს აღარ შეუძლია მოსკოვს, როგორც საკუთარი უსაფრთხოების გარანტს, დაეყრდნოს, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანთან ღია კონფლიქტის დაბრუნების შიში იზრდება.

“უკრაინაში მოვლენების გამო რუსეთის შესაძლებლობები შეიცვალა… ჩვენი სტრატეგია ის უნდა იყოს, რომ ასეთ სიტუაციაში მაქსიმალურად შევამციროთ სხვებზე დამოკიდებულება. გვინდა, რომ დამოუკიდებელი ქვეყანა, სუვერენული ქვეყანა გვქონდეს, მაგრამ უნდა გვქონდეს გზები, თუ როგორ ავიცილოთ დასავლეთსა და აღმოსავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის შეჯახებების ცენტრში ყოფნას… არ უნდა არსებობდეს შესაძლებლობა, რომელშიც სომხეთი “პროქსი” გახდება. ეს დაუშვებელია,” – განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის ბლოკირებით “ჰუმანიტარული კრიზისი” შექმნა და რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარი ვალდებულებები ვერ შეასრულეს.

“ეს ყველაფერი… რუსი მშვიდობისმყოფელების პასუხისმგებლობის სფეროში უნდა ყოფილიყო და ვინაიდან ეს პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს, რუსმა მშვიდობისმყოფელებმა საკუთარ მისია ვერ შეასრულეს,” – განაცხადა ფაშინიანმა.

ამავდროულად მან აღნიშნა, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები რომ არ ყოფილიყვნენ, მას არ შეუძლია თქმა, რომ ვითარება უკეთესი იქნებოდა.

Politico-სთან ინტერვიუში ფაშინიანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სომხეთი მთიან ყარაბაღს აზერბაიჯანის ტერიტორიად აღიქვამს, მაგრამ აღნიშნა, რომ ახლა საერთაშორისო საზოგადოების ხელშია უზრუნველყოს, რომ რეგიონში “ეთნიკური წმენდა” არ მოხდება.