Home Blog Page 1637

„უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, კიევს ყველაფრის ხელახლა დაგეგმვა მოუწევს“ – Politico

აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბელგიაში) აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას სათაურით „უკრაინის კონტრშეტევა შეფერხდა, კიევს ყველაფრის ხელახლა დაგეგმვა მოუწევს“ (ავტორი – ჯეიმი დეტმარი).

უკრაინის არმიის კონტრშეტევაზე თავიდანვე გადაჭარბებულ იმედებს ამყარებდნენ. საომარი მოქმედებები „კონტრშეტევის“ სახელით უკვე მესამე თვეა მიმდინარეობს, მაგრამ არანაირ ისეთ გარდამტეხ შედეგებს ვერ ვხედავთ, რომელიც შემტევი მხარის მიერ მიღწეულ რაიმე მნიშვნელოვან წარმატებებზე მიუთითებდეს. როგორც ჩანს, რუსეთი და უკრაინა (იგივე დასავლეთი) დაბრუნდნენ მძიმე და დამქანცველ „სამუშაოს“, რასაც „ომი გამოფიტვაზე“ ჰქვია, ანუ ვინ დაეცემა პირველი დაღლილობისაგან და ფეხზე ვეღარ ადგება – ამტანი რუსეთი თუ უკრაინა და მისი მოუთმენელი მოკავშირეები. უეჭველია, კრემლს ამის იმედი აქვს.

ამ დღეებში ამერიკელმა სამხედრო სტრატეგოსმა ედვარდ ლუტვაკმა ხატოვნად აღნიშნა: „უკრაინა-რუსეთის ომი შევიდა ისეთ ფაზაში, რომელსაც პირობითად „მოითმინე და გაიცინე“ შეიძლება ვუწოდოთ. კიევი ბრძოლას ისეთი დიდი სახელმწიფოს წინააღმდეგ აწარმოებს, რომელმაც ვერ შეძლო უკრაინის დაპყრობა ერთ კვირაში და ახლა გაჭიანურებული საომარი მოქმედებებისათვის ემზადება“.

უკრაინელი ოფიციალური პირები თავიანთ დასავლელ კოლეგებს გადაჭარბებულ ოპტიმიზმს საყვედურობენ – რატომ გქონდათ დიდი მოლოდინი კონტრშეტევასთან დაკავშირებითო, ხოლო დასავლურ მასმედიას – ზედმეტ ენთუზიაზმს, როცა პრესაში ხშირად სასურველის სინამდვილედ წარმოჩენა ხდებოდა. სწორედ დასავლური პრესა წერდა დემორალიზებულ და მშიშარა რუს ჯარისკაცებზე, რომლებიც ბრძოლის ველიდან თურმე კუდამოძუებულები გარბიან, [უცოდინარ რუს ოფიცრებზე, რომლებსაც მეთაურობის არაფერი გაეგებათ, ჩამოწერილ საბჭოურ ტანკებზე, რომლებიც ძველი მიტოვებული საწყობებიდან გამოათრიეს და ა.შ.]. სტატიებში ოპტიმისტური ვარაუდები იყო გამოთქმული, რომ უკრაინის არმია გასული შემოდგომის წარმატებებს გაიმეორებდა.

დიახ, დასავლეთმა იმედებში გადააჭარბა, მაგრამ კიევსაც პასუხისმგებლობის თავისი წილი მიუძღვის იმ პროგნოზებში, რომელიც მოსკოვის მიერ აგებული თავდაცვითი ზღუდეების სწრაფ გარღვევას ეხებოდა.

მთელი გაზაფხულის განმავლობაში, კონტრშეტევის წინ, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილ ბუდანოვი და სხვა მაღალჩინოსნები თავდაჯერებულად და მტკიცედ აცხადებდნენ შეტევის პერსპექტივაზე, რომ აი, სულ მალე დავიწყებთ გადამწყვეტ შეტევას და რუსებს კუდით ქვას ვასროლინებთო. უფრო მეტიც – კირილ ბუდანოვი აინუნშიაც არ აგდებდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თხოვნებს, რომ თავი დაენებებინა საბოლოო გამარჯვების პროგნოზებისათვის და თავისას აგრძელებდა.

მაგრამ მოდით, შევეცადოთ და რაიმე ახსნა მოვუძებნოთ ასეთ წინასწარმეტყველებას. რით იყო განპირობებული ესოდენ გაბერილი პროგნოზები? სინამდვილეში რისი გაკეთების შესაძლებლობა ჰქონდათ უკრაინელებს?
ქვეყნის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ყველანაირად ცდილობდა არასაიმედო წონასწორობა რაღაცნაირად შეენარჩუნებინა. იგი დასავლეთის გასაგონად და უკრაინისადმი რწმენის განმტკიცების მიზნით ამბობდა, რომ უკრაინა გადამწყვეტი დარტყმისათვის ემზადება, მას მხოლოდ მეტი საბრძოლო მასალისა და ტექნიკის მიწოდება ჭირდება, დანარჩენს კიევი თვითონ გააკეთებდა. მაგრამ იმავდროულად პრეზიდენტის განცხადებებში ისიც გაისმა, რომ მოლოდინი გადაჭარბებული არ უნდა იყოს. მაგრამ დასანანია, რომ მან ამაზე ლაპარაკი საკმაოდ გვიან დაიწყო – ისევე როგორც თავდაცვის მინისტრმა ალექსი რეზნიკოვმა, რომელმაც მაისში „გონს მოუხმო“ და განაცხადა, რომ კონტრშეტევაზე დიდ იმედებს ნუ დაამყარებთო.

უკრაინის მმართველებს და მაღალჩინოსან სამხედროებს „გამამარჯვებელ აჟიოტაჟში“ მხარს უჭერდნენ გადამდგარი ამერიკელი გენერლებიც, რომლებიც საკუთარ აზრებს ხმამაღლა აცხადებდნენ – „აი, სულ მალე უკრაინის არმია [სწრაფად გაარღვევს რუსეთის თავდაცვის ხაზს და აზოვის ზღვის ნაპირებზე გაიჭრება…], დაიკავებს ყირიმს“ და ა.შ. „პრობლემა იმაშია, რომ ჩვენ ხშირად საკუთარი სამხედრო პროპაგანდისა გვჯერა“, – ამბობს ანდრეი ილარიონოვი, ყოფილი რუსი მაღალჩინოსანი, რომელსაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან 2005 წელს მწვავე უთანხმოება მოუხდა და საზღვარგარეთ წავიდა. კრემლის მკვეთრი კრიტიკოსი შიშობს, რომ ომი ხანგრძლივი იქნება, თუ დასავლეთი მეტ გაბედულებასა და აქტიურობას არ გამოიჩენს.

უკრაინის უადგილო და უსაფუძვლო ოპტიმიზმის კიდევ ერთი მიზეზი იმით არის განპირობებული, რომ კიევმა ვერ გააცნობიერა ერთი ჭეშმარიტება: რუსეთის არმია ძალიან სწრაფად სწავლობს საკუთარ შეცდომებს და მოქმედების კურსის კორექტირებას ახდენს. კონტრშეტევის დაწყებამდე სულ რაღაც ორიოდე კვირით ადრე, ლონდონის თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ანალიტიკოსებმა ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეიოლდსი გაფრთხილებით გამოვიდნენ, რომ უკრაინის არმიას წინ ბევრი სავარაუდო სირთულე და პრობლემა ელოდებოდა. ისინი წერდნენ, რომ რუსეთის ჯარი თავისსავე დაშვებულ შეცდომებზე სწავლობს და ცდილობს სწრაფად გამოასწოროს. მათ აგრეთვე აღნიშნეს, რომ რუსული ქვეითი ქვედანაყოფები ტაქტიკას ცვლიან და ამას უკრაინამ ყურადღება უნდა მიაქციოს. ბრიტანელი ანალიტიკოსები ასევე წერდნენ, რომ გაუმჯობესდა რუსული მძიმე არტილერიის მუშაობა, რომელიც უკრაინის არმიის სამიზნის აღმოჩენისთანავე სწრაფად ისვრის და მას ზუსტად ანადგურებს.

ჯეკ უოტლინგი და ნიკ რეინოლდსი მიუთითებდნენ, რომ დღეს რუს ქვეითებს სწრაფად შეუძლიათ სანგრებისა და ტრანშეების გათხრა, საბრძოლო პოზიციების ღრმად და მტკიცედ მოწყობა. მოქმედების ტაქტიკას ცვლიან რუსული მექანიზებული (სატანკო) ქვედანაყოფებიც – ჯავშანტექნიკა უსაფრთხო მანძილზე დგას და იქიდან ეხმარება ქვეითებს. რუსები ისე არ აკეთებენ, როგორც დასავლელები მოქმედებდნენ ოპერაცია „შოკისა და თრთოლის“ დროს. გარდა ამისა, რუსი ტანკისტები თავიანთ ჯავშნიან მანქანას სითბური კამუფლიაჟით ნიღბავენ, რაც ახალ მეთოდს წარმოადგენს.

არის კიდევ სხვა ტაქტიკური ხერხები, რომლებსაც რუსები მიმართავენ და უკრაინელები ყურადღებას არ აქცევენ. მაგალითად, რუსები ტოვებენ პოზიციებს, უკრაინელები მათ იკავებენ, მაგრამ ამ დროს რუსული არტილერია უკრაინელებს მჭიდრო ცეცხლით ანადგურებს და რუსები ისევ იკავებენ დატოვებულ ადგილებს. სწორედ ასეთი მომენტებისადმი უყურადღებობა, აგრეთვე რუსული გამაგრებული ზღუდეების მნიშვნელობის გაუაზრებლობა ამუხრუჭებს უკრაინის კონტრშეტევის განვითარებას.

უკრაინის არმია ამჟამად მრავალფენიან დანაღმულ ველებს აწყდება ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში, სადაც უამრავი ქვეითთა და ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებია ჩაწყობილი.

უკრაინას მცირე დრო აქვს იმისათვის, რომ რუსეთის თავდაცვითი ზღუდეები გაარღვიოს, მით უმეტეს, რომ ბევრ ადგილზე მათი სიღრმე 30 კილომეტრზე მეტია. თეორიულად, თუ უკრაინელები კრემლის მიერ გამაგრებულ ხაზს გაარღვევენ, მათ შეუძლიათ წარმატება განავითარონ, მაგრამ ეს ამინდის გაუარესებამდე უნდა გააკეთონ (შემოდგომის წვიმებამდე სულ თვე ნახევარია დარჩენილი. მაგრამ საქმე ისაა, რომ ბრძოლები კონტრშეტევის ჩარჩოებში უკვე ორ თვეზე მეტია მიდის, უკრაინელებმა კი წინ მხოლოდ ათიოდე კილომეტრით წაიწიეს (ისიც მხოლოდ მთავარ გამაგრებულ ხაზამდე) და ვერცერთი მსხვილი დასახლებული პუნქტი ვერ გაათავისუფლეს. ყოველი კონტრშეტევის წარმატება კი იმაში გამოიხატება, რაც უფრო მეტ ტერიტორიას დაიკავებს შემტევი მხარე და მოწინააღმდეგეს მეტ ზიანს მიაყენებს. პირიქით კი ხდება: კიევმა ნაჩუქარი დასავლური მძიმე ტექნიკის მესამედზე მეტი უკვე დაკარგა, ცოცხალი ძალის მსხვერპლიც, დანაღმული ველების გადალახვის დროს, ძალიან დიდია.

რა თქმა უნდა, ფრონტზე უკრაინელი ჯარისკაცების სამხედრო სულისკვეთება ჯერ კიდევ მაღალია. მათ კარგად იციან, რომ რეზერვში მყოფი მე-10 სადესანტო კორპუსი, რომელიც დასავლეთმა მოამზადა, უკვე ფრონტზეა გადასროლილი და მისი წარმატების იმედი აქვთ. სხვათა შორის, კიევს სურდა ეს კორპუსი უფრო გვიან გამოეყენებინა – როცა ჯარი რუსების ძირითად თავდაცვის ხაზს მიუახლოვდებოდა, მაგრამ სარდლობას მისი ბრძოლაში ჩართვა უფრო ადრე მოუწია. ეს იმის აღიარებას ნიშნავს, რომ უკრაინის არმიის შეტევა ძალიან დაყოვნებით და ნელა მიმდინარეობს.

და გასაკვირიც არ არის, რომ უკრაინელები ღიზიანდებიან, როცა დასავლეთი წინსვლის დაბალ ტემპების გამო კიევს აკრიტიკებს. მაგალითად, ამას წინათ გაიჟონა ბუნდესვერის მიერ მომზადებული დოკუმენტი, რომლის თანახმად, გერმანელი სამხედროები უკრაინელ კოლეგებს საყვედურობენ, რომ ისინი სრულად ვერ იყენებენ მათ მიერ ნატოს სტანდარტებით ნასწავლ ბრძოლის წესებს და უნარ-ჩვევებს, რაზედაც უკრაინელები პასუხობენ, რომ რუსებთან ბრძოლაში მათ სხვა გამოსავალი არ აქვთ, ისინი იძულებულნი არიან უარი თქვან ბრძოლის წარმოების დასავლურ მეთოდებზე – იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ მიერ გაწვრთნილი ქვედანაყოფები შესაბამისი იარაღით არ უზრუნველყო, რის გარეშეც ნატოს სტანდარტებით ბრძოლა შეუძლებელია (მხედველობაშია ახალი ტანკები, რაკეტები და ავიაცია).
მოკლედ, რომ ვთქვათ, დასავლეთმა თავიდანვე გაწირა უკრაინის არმიის კონტრშეტევა ჩაშლისათვის: ჯარისკაცებს ნატოს სტანდარტებით ბრძოლა სწავლა, მაგრამ ასეთი წესებით ბრძოლისათვის საჭირო შესაბამისი იარაღი და ტექნიკა არ მიუცია. გარდა ამისა, დასავლეთს ძალიან უნდოდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის შეტევა გაზაფხულზე დაეწყო და როცა მან ზაფხულისათვის გადაიტანა, ძალიან განაწყენდნენ, თანაც კიევი სულ უფრო მეტად ითხოვდა დაპირებულ იარაღს.

დღეს, როცა გარღვევის ვიზუალური ნიშნები არ ჩანს, მოვიდა დრო უკრაინელები თავიანთ საწყის პოზიციებს დაუბრუნდნენ და მომავალი სეზონის საბრძოლო მოქმედებისათვის მოემზადონ, რომელიც, სავარაუდოდ, გაზაფხულზე უნდა დაიწყოს – თუ ზამთარში ისეთი მნიშვნელოვანი არაფერი მოხდება. ბოლოსდაბოლოს, ის მფრინავები, რომლებიც ახლა დაიწყებენ ამერიკული „ფანტომებით“ (F-16-ებით) ფრენის შესწავლას, მზად იქნებიან მხოლოდ მომავალი გაზაფხულისათვის. მანამდე კი იქნებ ამერიკელებმა შეცვალონ თავიანთი ნეგატიური პოზიცია და კიევს შორი მოქმედების რაკეტები მიაწოდონ (თუმცა ეს საეჭვოა).

იმის გათვალისწინებით, რომ აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება, მიმდინარე წლის ბოლომდე რაიმე პოლიტიკური გათვლების გაკეთება ძნელია. კიევს ისიც უნდა ახსოვდეს, რომ მომავალ წელსაც სწორედ არჩევნების მიზეზით უფრო რთულად იქნება საქმე – თეთრ სახლს ძალიან გაუჭირდება კონგრესთან უკრაინისათვის განკუთვნილი სამხედრო და ეკონომიკური დახმარების საკითხები შეათანხმოს.

როგორც ედვარდ ლუტვაკმა აღნიშნა, „უკრაინას ომიდან გამოსვლისათვის სრულიად არ ჭირდება რუსეთზე დიდი გამარჯვება. მას მხოლოდ შეუპოვრობა და ნებისყოფის სიმტკიცე დაეხმარება“. უკრაინელ ჯარისკაცს მამაცობა და შეუპოვრობა ნამდვილად არ აკლია, მაგრამ აქ საკითხი სხვაგვარად დგას: ეყოფა თუ არა თვითონ დასავლეთს ნებისყოფა და ამტანობა გამარჯვებისთვის?

წყარო

“საქართველოში უმუშევრობა მცირდება რუსეთის მოქალაქეების დასაქმებისა და საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში გასვლის გამო” – რომან გოცირიძე

საქართველოში უმუშევრობა მცირდება რუსეთის მოქალაქეების დასაქმებისა და საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში გასვლის გამო, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, რუსეთის მოქალაქეები საქართველოში ქმნიან ინდივიდუალურ საწარმოებს და საქართველოში დასაქმებულებად ითვლებიან.

„ჩვენ არ გვაქვს 2023 წლის სტატისტიკა, შარშან ასი ათასი ჩვენი მოქალაქე დარჩა უცხოეთში. უმუშევრობის შემცირება ნიშნავს, რომ ამ წელსაც ხდება ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდი რაოდენობით გადინება, ძირითადად იმ ადამიანებისა, რომლებიც სამუშაო ძალას მიეკუთვნებიან, ანუ ახალგაზრდა, შრომოსუნარიანი ჩვენი მოქალაქეები გადიან უცხოეთში. ეს არის მთავარი მიზეზი უმუშევრობის შემცირებისა. გარდა ამისა, უმუშევრობის შემცირების მთავარი ფაქტორი არის რუსეთის მოქალაქეების საქართველოში დასაქმება, ისინი ქმნიან ინდივიდუალურ საწარმოებს. საკმარისია, დარეგისტრირდე ინდმეწარმედ და ერთი დოლარი ჩაგერიცხოს ანგარიშზე, უკვე ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საქართველოში ხარ დასაქმებული. 20 ათასი ინდივიდუალური საწარმო შექმნეს ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში და გარდა ამისა, უკვე სერიოზული ბიზნესები აქვთ, როგორებიცაა შეპესეები, სადაც ასაქმებენ თავიანთ მოქალაქეებს. საქართველოში უმუშევრობა მცირდება რუსეთის მოქალაქეების დასაქმებისა და საქართველოს მოქალაქეების უცხოეთში გასვლის გამო“, – განაცხადა გოცირიძემ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

“მეორე კვარტლის მონაცემებით, დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა” – ვახტანგ ცინცაძე

„მიმდინარე წლის ექვსი თვის შედეგებზე დაყრდნობით, საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდა 7.6 პროცენტს შეადგენს, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ფართო რეგიონის ჭრილში და ასევე ევროპის ქვეყნებთან შედარებით” – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ ცინცაძემ განაცხადა.

„საქსტატის” მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების შეფასებისას მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მეორე კვარტლის მონაცემებით, ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„მაღალი ეკონომიკური ზრდა პოზიტიურად აისახება შრომის ბაზრის მიმდინარე ტენდენციებზე. დღეს გამოქვეყნებულ სტატისტიკურ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შრომის ბაზარზე მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები ფიქსირდება, კერძოდ, მეორე კვარტლის მონაცემებით, ისტორიულ მაქსიმუმზეა დასაქმებულთა რაოდენობა და 1 327.4 შეადგენს, ხოლო წლიურად დასაქმებულთა რაოდენობა, დაახლოებით 57 ათასით არის გაზრდილი” – განაცხადა ცინცაძემ.

მისი თქმით, ასევე მეორე კვარტლის მიხედვით, მინიმუმამდეა შემცირებული უმუშევრობის დონე და ის 16.7 პროცენტს შეადგენს.

„ხაზგასასმელია, რომ უმუშევრობის შემცირება და დასაქმების ზრდა ფიქსირდება სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად, რაც ზოგადად, შრომის ბაზარზე მიმდინარე ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს” – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

“როგორც ადგილობრივები ამბობდნენ ფოთში მას მეტსახელად „მეწილე“ შეარქვეს” – თამთა მეგრელიშვილი ეკა ბესელიაზე

„ეკა ბესელიამ „მთავარი არხის” ეთერში საუბრისას თავმომწონედ დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტი თქვა – ირაკლი კობახიძეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს ბოდიში ივანიშვილმა ძალით მოახდევინა ჩემთვისო”, – წერს “ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, გაუგებარია, რატომ ჰქონდა ირაკლი კობახიძეს ბოდიში მოსახდელი ეკა ბესელიასთვის. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სწორედ ირაკლი კობახიძემ ამხილა სხვადასხვა უკანონო საქმიანობაში ბესელია, რის გამოც მას პარტიის დატოვება მოუხდა.

„ეკა ბესელიამ “მთავარი არხის” ეთერში საუბრისას თავმომწონედ დაახლოებით ასეთი შინაარსის ტექსტი თქვა – ირაკლი კობახიძეს, მაშინდელ პარლამენტის თავმჯდომარეს ბოდიში ივანიშვილმა ძალით მოახდევინა ჩემთვისო.
ირაკლი კობახიძეს რაზე ჰქონდა მასთან ბოდიში მოსახდელი ამას ვერ აკონკრეტებს. ვერ გავიგე რა მაკადრაო ამბობს, მაგრამ ამტკიცებს ბოდიში მოსახდელი ჰქონდაო!

კარგით, ამას თავი რომ დავანებოთ გამოდის, რომ მისი აღიარებით თავად მას, ეკა ბესელიას და სახელისუფლებო გუნდის სხვა წევრებს ბიძინა ივანიშვილი ყურით დაათრევდა და ასეთ ყურაწეულ მმართველობაში თავად ეკა ბესელიამ სახელისუფლებო გუნდთან ერთად არაერთი წელი უპრობლემოდ გაატარა.
მეტიც, ყველა პრივილეგია საკუთარ თავზე მოირგო და ფოთში გავლენიან საქმის მომგვარებლად იქცა.

როგორც ადგილობრივები ამბობდნენ ქალაქ ფოთში მას მეტსახელად “მეწილე” შეარქვეს, რადგან თითქმის ყველა მსხვილი ბიზნეს საქმიანობის წილში იყო (მაგალითად პორტის წილში იჯდა).

თვითმხილველი, რომელიც ფოთის მკვიდრია და პორტში მუშაობდა, დღესაც იხსენებს, როგორ შეხვდა ეკა ბესელია მაშინდელ ქალაქის მერს პორტში, როგორ მოთხოვა მას ფული და მას შემდეგ, რაც მერმა უპასუხა – მე ეგ ფული ქალაქს მოვახმარეო, ეკა ბესელია თითის ქნევით ჩაჯდა მანქანაში და პორტის ტერიტორია გაბრაზებულმა დატოვა.

ასევე, ამბობენ, რომ შეკრული იყო რამდენიმე მოსამართლესთან და დანაშაულებრივ საქმეებს მოგების პერსპექტივით სარფიან ფასად ყიდდა.

კიდევ ბევრ რამეს ამბობენ, მაგრამ აქ აღარ დავწვრილმანდები, უბრალოდ ერთს ვიტყვი – ფაქტია, ეს ქალბატონი სხვის თვალში ბეწვს, საკუთარში კი დირეს ვერ ხედავს და მას შემდეგ, რაც ირაკლი კობახიძემ ის ზემოთჩამოთვლილ უკანონო საქმიანობებში ამხილა და პარტიის დატოვება აიძულა, ირაკლი კობახიძე მისთვის ყველაზე მართალ, მაგრამ საძულველ ადამიანად იქცა.” – წერს თამთა მეგრელიშვილი.

“უმუშევრობის დონის მხოლოდ 1,5 პროცენტით შემცირება ძალიან ცოტაა” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

უმუშევრობის დონის მხოლოდ 1,5%-ით შემცირება ძალიან ცოტაა, რადგან 16-პროცენტიანი უმუშევრობა გვაქვს. იდეალურ შემთხვევაში, უმუშევრობა სულ რამდენიმე პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებში უცნაური არაფერია.

„უკეთესი იქნებოდა, ეკონომიკური ზრდა რაღაც გარე ფაქტორების, რუსეთიდან დოლარების შემოდინების ხარჯზე არ ხდებოდეს, უმუშევრობა კერძო სექტორში დასაქმების ხარჯზე მცირდებოდეს და არა, მათ შორის საჯარო სექტორში სხვადასხვა ფიქტიური დასაქმებით. ფაქტობრივად, ათიათასობით ადამიანი სოციალურ დახმარებაზეა, თუმცა ვამბობთ, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული არიან. თავისთავად ამ მონაცემებში არაფერი უცნაური არ არის, პირიქით, ძალიანაც მოსალოდნელია. უმუშევრობის დონის თუ არ ვცდები, მხოლოდ 1,5%-ით შემცირება ძალიან ცოტაა, რადგან 16-პროცენტიანი უმუშევრობა გვაქვს და იდეალურ შემთხვევაში, უმუშევრობა სულ რამდენიმე პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

“2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 16.7 პროცენტამდე შემცირდა” – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

კვლევის მიხედვით, 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 48.7 ათასი კაცით (5.6%) და 916.7 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 9.0 ათასით გაიზარდა (2.2%) და 410.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 14.6 ათასით (5.2%) და 266.9 ათასი შეადგინა.

საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.6 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 53.2 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე 2.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 44.3 პროცენტი შეადგინა.

„სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 1.0 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.1 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, სოფლის ტიპის დასახლებებში კი – 2.0 პროცენტული პუნქტით, შესაბამისად, 44.9 პროცენტს და 43.4 პროცენტს შეადგენს. 2023 წლის II კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 69.1 პროცენტია“, – ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.

“გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა” – შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარე წერს, გიორგი ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი.

„გიორგი ანწუხელიძის სახელი ჩვენი ეროვნული იდენტობის ნაწილად, თავისუფლებისა და ღირსების სიმბოლოდ იქცა. დღეს საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. საქართველო ერთდროულად გლოვობს და ზეიმობს ამ დღეს, რადგან ის გვამწუხრებს და გვავსებს იმედით, რომ კიდევაც დაიზრდებიან სამშობლოს სიყვარულით გულანთებული თაობები, ვისთვისაც ანწუხელიძის გმირობა მუდამ იქნება ღირსებისა და თავდადების მაგალითი“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

“ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ეფექტი პირველ რიგში დასაქმებაზე აისახება” – გიორგი ცუცქირიძე

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ეფექტი პირველ რიგში აისახება დასაქმებაზე, როგორც უმუშევრობის დონის შემცირებით, ისე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

ბოლო ორი წლის მსგავსად, მაღალი ეკონომიკური აქტივობის პირობებში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე, უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად, გაიზარდა დასაქმება და რაც ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე.

2023 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად – 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე, მეორე კვარტლის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და 16.7% შეადგინა.

ამასთან, უმუშევართა რაოდენობა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 14.6 ათასით შემცირდა და 266.9 ათასს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად – 57.4 ათასით გაიზარდა და 1,327.4 ათასი შეადგინა. 2023 წლის მეორე კვარტალში დასაქმების დონე 44.3%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენს.

ნიშანდობლივია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება არა სამუშაო ძალის გადინების ხარჯზე, რასაც ოპოზიცია ხშირად აპელირებს, არამედ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად და ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ, უკვე გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს და რაც არის დასაქმების სამთავრობო სტრატეგიის, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში სოციალურად დაუცველი ადამიანების ინტეგრირების შედეგი.

შესაბამისად, მეორე კვარტალში სამუშაო ძალა 42.8 ათასით გაიზარდა და 1594.3 ათასი შეადგინა, ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 53.2%-ს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების ზრდით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 48.7 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 9.0 ათასით გაიზარდა და შესაბამისად, 916.7 ათასი და 410.2 ათასი შეადგინა.

უმუშევრობის დონე შემცირებასთან ერთად, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 2.1 და 2.0 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონის
პარალელურად, ქალებში მეტად არის გაზრდილი სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე: 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით, რაც ქალების ეკონომიკურ აქტივობაში მზარდ ჩართულობაზე მიუთითებს.
უმუშევრობის დონის შემცირება იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ შედარებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ივნის-ივლისის მონაცემებით უმუშევრობის საშუალო დონე კვლავ მაღალი რჩება, საშუალოდ 5.9 %, ხოლო ცალკეული ქვეყნებში გაზრდილია. თურქეთში წინა პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 0.5 %-ით, 9.6 %-მდე, სერბეთში 9.2 %დან 10.1%-მდე, ლიტვაში 8.1% დან 8.6%-მდე, შვედეთში სადაც ტრადიციულად დაბალი უმუშევრობა იყო, გაზრდილია 7.9 % დან 9.2%-მდე, საფრანგეთში7.1% დან 7.2 %-მდე, ესტონეთში 5.3% დან 6.7 %-მდე, სომხეთში 12.7% დან 13.7%-მდეა გაზრდილი.

“შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება” – პაპუნა მარგველიძე

შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება – მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება, – ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.

„ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ საწვავის ბაზარზე მოქმედი 5 მსხვილი რეალიზატორი დააჯარიმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, საავტომობილო საწვავის ბაზარზე, ხუთი ეკონომიკური აგენტის მიმართ წარმოებული მოკვლევა დაასრულა.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, საკითხი ეხება – 2022 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდში, კოორდინირებული ქცევის შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე მაღალი ფასების შენარჩუნებას.

„კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად დადასტურდა – შპს „ლუკოილ-ჯორჯიას“, სს „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას“, შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯიას““, შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ და შპს „რომპეტროლ საქართველოს“ მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის დარღვევა. კერძოდ, შესყიდვის ან გაყიდვის ფასის ან სხვა სავაჭრო პირობების პირდაპირ ან არაპირდაპირ დადგენა“, – აცხადებენ სააგენტოში.

სააგენტოს შეფასებით, განსახილველ პერიოდში, კონკრეტული კომპანიების შემთხვევაში ხელმისაწვდომი იყო ევროპულ საწვავთან შედარებით დაბალი თვითღირებულების მქონე არაევროპული საწვავი, ხოლო, რიგ შემთხვევებში, კონკრეტული კომპანიის/კომპანიების მიერ ხდებოდა დაბალი თვითღირებულების მქონე ევროპული საწვავის რეალიზაცია მხოლოდ საბითუმო ბაზარზე, მათ შორის, კონკურენტ კომპანიებზე. ორივე შემთხვევაში (ევროპული და არაევროპული საწვავი), ადგილი ჰქონდა საწვავის თვითღირებულებიდან მომდინარე კონკურენტული უპირატესობის გამოუყენებლობას. შედეგად, საავტომობილო საწვავის საცალო ბაზარზე შენარჩუნებულ იქნა მაღალი ფასი, რაც სააგენტოს გადაწყვეტილებით მოპასუხე 5 კომპანიის კოორდინირებული ქმედების შედეგს წარმოადგენდა.

სააგენტოს გადაწყვეტილებით, ხუთ ეკონომიკურ აგენტს შესაბამისი ფინანსური სანქცია – ჯამში, 4 მილიონ ლარამდე დაეკისრა. კერძოდ: შპს სან პეტროლიუმ ჯორჯია – 1 073 998 ლარი; შპს რომპეტროლ საქართველო – 987 886 ლარი; შპს სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი – 719 310 ლარი; სს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია – 693 576 ლარი; შპს ლუკოილ ჯორჯია – 450 590 ლარი.

„ბაზარზე კონკურენტული გარემოს გაუმჯობესების მიზნით, შესასრულებლად აუცილებელი რეკომენდაცია გაიცა, რაც გულისხმობს – საწვავის ჩასხმის სიზუსტის კონტროლის უფრო ეფექტურად განხორციელებისათვის საჭირო პროცედურული მექანიზმების შემოღებას.

კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება კომპანიებს შეუძლიათ  თბილისის საქალაქო სასამართლოში.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და ბაზრის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, სააგენტო საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს.

მოკვლევა, 2022 წლის 16 აგვისტოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის რეკომენდაციის და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგების საფუძველზე დაიწყო. სააგენტოს შეფასების პერიოდი 2022 წლის იანვარ-აგვისტოს შუალედს მოიცავს“, – აცხადებენ სააგენტოში.

რუსების მიერ კუპიანსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალების მიერ კუპიანსკის დაბომბვას 61 წლის ქალი ემსხვერპლა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიდე ერთი, 60 წლის ქალიც დაშავდა. დაბომბვამ სახლებიც დააზიანა.

შეგახსენებთ, თვის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა, რადგან რუსეთმა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბომბვა გაახშირა.

შრომითი მიგრაციის კანონში შესული ცვლილებები 2023 წლის პირველი სექტემბრიდან ამოქმედდება

შრომითი მიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. სიახლეების მთავარი მიზანია საზღვარგარეთ დასაქმების მსურველი საქართველოს მოქალაქეების უფლებების მაქსიმალური დაცვა. ასევე – საქართველოში მცხოვრები და დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების სისტემური აღრიცხვა და მათი უფლებების დაცვა.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეებს, საზღვარგარეთ დასაქმებაში ეხმარებიან, სერტიფიცირების ვალდებულება უჩნდებათ. ამასთან, სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში მოხდება საქართველოში დასაქმებული უცხოეთის მოქალაქეების აღრიცხვა. გარდა ამისა, ქვეყანაში, შრომითი ბინადრობისა და ემიგრაციის ვიზების ფლობისთვის, სავალდებულო ხდება ამავე სისტემაში რეგისტრაცია.

ცვლილებების მაქსიმალური ეფექტურობისთვის, ახალი კანონი მონიტორინგისა და აღსრულების მექანიზმებსაც ითვალისწინებს, რომელსაც შრომის ინსპექციის სამსახური განახორციელებს

კანონში შესული ცვლილებები, იმ შუამავალ კომპანიებს, რომლებიც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების დასაქმების მიმართულებით მუშაობენ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა, პირადად გააცნეს.

როგორც ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაიამ აღნიშნა, სახელმწიფო მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლებს სექტორის წარმომადგენლებთან, რომ პროცესების გამჭვირვალედ წარიმართოს და ცვლილებები მაქსიმალურად დადებითად აისახოს როგორც დასაქმებულების, ისე – შუამავალი კომპანიების საქმიანობაზე.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ: ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის ინსპექციის სამსახურის, ევროკავშირის, გაეროს მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, ძალაში, 2023 წლის 1-ლი სექტემბრიდან შევა.