“შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება” – პაპუნა მარგველიძე

139
spot_img

შოვში, სტიქიის ზონაში მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც საძიებო სამუშაოები გაგრძელდება – მდინარის კალაპოტში კი მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება, – ამის შესახებ რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ძებნის არეალი ამბროლაურამდე არის გაფართოებული.

„ძებნის არეალი, რა თქმა უნდა, გაფართოებულია. ამბროლაურამდე არის ჩასული. დაემატა მძიმე ტექნიკა, რომელიც უკვე კალაპოტშია ჩასული და მძიმე ტექნიკის საშუალებით ხდება ყველა შესაძლო ადგილის მოძიება. იმ ადგილას [სტიქიის ზონაში] მიწის მცირედი ფრაგმენტებია დარჩენილი, სადაც გაგრძელდება საძიებო სამუშაოები. დანარჩენი მთლიანად უკვე მდინარის კალაპოტში გაგრძელდება საძიებო სამუშაოები,“ – განაცხადა პაპუნა მარგველიძემ.

შეგახსენებთ, შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის, მაშველების მიერ სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 27 ცხედარი და საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს 6 პირთან დაკავშირებით.