“ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ეფექტი პირველ რიგში დასაქმებაზე აისახება” – გიორგი ცუცქირიძე

508
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდის ეფექტი პირველ რიგში აისახება დასაქმებაზე, როგორც უმუშევრობის დონის შემცირებით, ისე სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით.

ბოლო ორი წლის მსგავსად, მაღალი ეკონომიკური აქტივობის პირობებში, მიმდინარე წლის მეორე კვარტალში გაძლიერდა პოზიტიური ტენდენციები შრომის ბაზარზე, უმუშევრობის დონის შემცირებასთან ერთად, გაიზარდა დასაქმება და რაც ასევე მნიშვნელოვანია სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე.

2023 წლის მეორე კვარტალში მნიშვნელოვნად – 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა უმუშევრობის დონე, მეორე კვარტლის მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია და 16.7% შეადგინა.

ამასთან, უმუშევართა რაოდენობა წინა წლის მეორე კვარტალთან შედარებით 14.6 ათასით შემცირდა და 266.9 ათასს გაუტოლდა.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობა წლიურად მნიშვნელოვნად – 57.4 ათასით გაიზარდა და 1,327.4 ათასი შეადგინა. 2023 წლის მეორე კვარტალში დასაქმების დონე 44.3%-ს გაუტოლდა, რაც წინა წელთან შედარებით 2.1 პროცენტული პუნქტით ზრდას წარმოადგენს.

ნიშანდობლივია, რომ დასაქმების ზრდა ფიქსირდება არა სამუშაო ძალის გადინების ხარჯზე, რასაც ოპოზიცია ხშირად აპელირებს, არამედ სამუშაო ძალის ზრდის პარალელურად და ის ადამიანები ვინც ადრე ეკონომიკურ აქტივობაში არ მონაწილეობდნენ, უკვე გადადიან ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში და ამავე დროს საქმდებიან, რაც შრომის ბაზრის მიმართულებით ჯანსაღ ტენდენციებსა და სტრუქტურულ გაუმჯობესებაზე მიანიშნებს და რაც არის დასაქმების სამთავრობო სტრატეგიის, მათ შორის ინფრასტრუქტურულ პროექტებში სოციალურად დაუცველი ადამიანების ინტეგრირების შედეგი.

შესაბამისად, მეორე კვარტალში სამუშაო ძალა 42.8 ათასით გაიზარდა და 1594.3 ათასი შეადგინა, ხოლო სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე 1.6 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და 53.2%-ს უტოლდება.

აღსანიშნავია, რომ დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა განპირობებული იყო როგორც დაქირავებით დასაქმებულების, ასევე თვითდასაქმებულების ზრდით, დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა 48.7 ათასით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა 9.0 ათასით გაიზარდა და შესაბამისად, 916.7 ათასი და 410.2 ათასი შეადგინა.

უმუშევრობის დონე შემცირებასთან ერთად, დასაქმების დონე გაზრდილია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად, 2.1 და 2.0 პროცენტული პუნქტით. დასაქმების დონის
პარალელურად, ქალებში მეტად არის გაზრდილი სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე: 2.2 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 0.9 პროცენტული პუნქტით, რაც ქალების ეკონომიკურ აქტივობაში მზარდ ჩართულობაზე მიუთითებს.
უმუშევრობის დონის შემცირება იმ თვალსაზრისითაც არის მნიშვნელოვანი, რომ შედარებისათვის ევროკავშირის ქვეყნებში ივნის-ივლისის მონაცემებით უმუშევრობის საშუალო დონე კვლავ მაღალი რჩება, საშუალოდ 5.9 %, ხოლო ცალკეული ქვეყნებში გაზრდილია. თურქეთში წინა პერიოდთან შედარებით, გაზრდილია 0.5 %-ით, 9.6 %-მდე, სერბეთში 9.2 %დან 10.1%-მდე, ლიტვაში 8.1% დან 8.6%-მდე, შვედეთში სადაც ტრადიციულად დაბალი უმუშევრობა იყო, გაზრდილია 7.9 % დან 9.2%-მდე, საფრანგეთში7.1% დან 7.2 %-მდე, ესტონეთში 5.3% დან 6.7 %-მდე, სომხეთში 12.7% დან 13.7%-მდეა გაზრდილი.