Home Blog Page 1630

“მინდა „დავამშვიდო“ ხატია დეკანოიძე და ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს არც ერთი ბრძოლა არ წაუგია” – თამარ ჩიბურდანიძე

უპრეცედენტო იყო ჩვენი მოძრაობის დაფუძნება ქართულ პოლიტიკაში. მოულოდნელი მეხის გავარდნა იყო ბევრისთვის, ვინც ცდილობდა ქართველი ხალხის მოტყუებას, გამანადგურებელ ომში ქვეყნის შეთრევასა და სიყალბის სიმართლედ გასაღებას, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციამ აშკარად გაიაზრა, რომ „ხალხის ძალა“ მათი ღირსეული მეტოქეა, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ მოძრაობას ჯერ მუშაობა არ დაუწყია და მათი საქმიანობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ პროლოგი იყო.

„მესმის და ვიზიარებ ოპოზიციის წუხილს „ხალხის ძალის“ სამართლიანი მოთხოვნის გამო, რომ ამერიკის მსგავსად საქართველოშიც კანონიერი პასუხი გაეცეთ არჩევნების გამყალბებლებს. ეს აუცილებლად მოხდება, როგორც არ უნდა შეშფოთდეს თუ აღშფოთდეს ჩვენი ოპოზიცია თავისი უცხოელი ლობისტებით. ამით კი დაზღვეული იქნება მოახლოებული არჩევნები გაყალბებისგან, რისთვის მზადებაც უკვე დაწყებულია ოპოზიციასა და მათ ენჯეოებში.

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის მხრიდან „ხალხის ძალის“ შეფასებას, მის ადგილას უფრო დაკვირვებული ვიქნებოდი, რადგან მის სიტყვებში აშკარად იკვეთება შიში იმ მოსალოდნელ რეალობაზე, რასაც მოახლოებულ არჩევნებზე მიიღებენ სწორედ „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შედეგად. ჩვენი მოძრაობა იმისთვის შეიქმნა, რომ მათთვის მწარე სიმართლე, ხალხისთვის კი აუცილებელი რეალობა გამოააშკარაოს. ბუნებრივია, ეს მტკივნეულია ისედაც სახედაკარგული ოპოზიციისთვის. „ხალხის ძალის“ ატანა მათთვის ნამდვილად ძნელია.

უპრეცედენტო იყო ჩვენი მოძრაობის დაფუძნება ქართულ პოლიტიკაში. მოულოდნელი მეხის გავარდნა იყო ბევრისთვის, ვინც ცდილობდა ქართველი ხალხის მოტყუებას, გამანადგურებელ ომში ქვეყნის შეთრევასა და სიყალბის სიმართლედ გასაღებას.

რაც შეეხება „ხალხის ძალის“ ერთწლიან მოღვაწეობას, თუნდაც იმ ერთი ამერიკული კანონით, რომელიც თავად ამერიკის ელჩმა დიდი შანტაჟით ჩააგდო საქართველოში, ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მიუღებელმა კანონმა მიღებულ კანონზე მეტი გააკეთა.

მინდა „დავამშვიდო“ ხატია დეკანოიძე და ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ არც ერთი ბრძოლა არ წაუგია და თუკი ისინი „ხალხის ძალს“ მის მიერ დაფუძნებულად თვლიან, მაშინ სწორად უგრძნიათ მათთვის მოახლოებული საშიშროება, ქვეყნისთვის კი კიდევ ერთი დიდი გადარჩენა.

როგორც ჩანს, ოპოზიციამ არ იცის, რომ „ხალხის ძალას“ ჯერ არ დაუწყია მუშაობა, ეს მხოლოდ პროლოგი იყო“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“არ მგონია, პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

არ მგონია, პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს. ეს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის მექანიზმი შეიძლება იყოს, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

ალექსანდრე რაქვიაშვილის თქმით, იმედი არ აქვს, რომ ფინანსების გაკონტროლება რამე კარგს მოიტანს.

„ჩვენს ქვეყანაში ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, რომ ყველა პარტია არღვევს მას. არცერთი პარტია – ჩვენით დაწყებული, „ქართული ოცნებით“ დამთავრებული – ლეგალურად არ მუშაობს. თუ საჭირო იქნება, შეიძლება, ყველა დააჯარიმო და დახურო კიდეც, იმხელა ძალაუფლება აქვს სახელმწიფო აუდიტს და შემდეგ ექნება ახალ სააგენტოს, ანტიკორუფციულ ბიუროს, სადაც ეს უფლებამოსილება გადადის. არ მგონია, სერიოზული იყოს და პარტიების დაფინანსებაზე მართლა ვიღაც წუხდეს. ეს კონკრეტულ პარტიებზე ზეწოლის მექანიზმი შეიძლება იყოს. ვიდრე არ გავაცნობიერებთ, რომ ნებისმიერი პარტიის გაუქმება შეიძლება – მთავრობას ისეთი ძალაუფლება აქვს – და არ ვიფიქრებთ, რომ კანონმდებლობა შევცვალოთ, ეს რისკი სულ იარსებებს. პრობლემა ისაა, რომ, ჩვენ გარდა, არცერთი ოპოზიციური პარტია არ ითხოვს ამ კანონმდებლობის შეცლას. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პარტიების ფინანსები ასე უნდა კონტროლირდებოდეს. საქართველოში როცა ვენეციის კომისია იყო და ვთხოვეთ, კანონმდებლობა შეგვეცვალა, ოპოზიციიდან მხარი არავინ დაგვიჭირა. უცნაური სიტუაციაა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პარტიების ფინანსები უნდა კონტროლირდებოდეს. არანაირი იმედი არ მაქვს, რომ ფინანსების გაკონტროლება რამე კარგს მოიტანს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ვერ არიან კარგად, სოფო ჯაფარიძე დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის, რომელ პარტიას წარმოადგენს? – ირაკლი ზარქუა

ვერ არიან კარგად, სოფო ჯაფარიძე დანიშნა წარმომადგენლად, აბა, ჩემი ხაბე ვინ არის, – ასე გამოეხმაურა  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუა, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას, სადაც ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით ხვალიდან საარჩევნო კამპანიას იწყებს.

„ვერ არიან კარგად, ამით შეიძლება შეფასდეს ეს რადიკალური ოპოზიცია და მათი ბელადი. პატივცემული სააკაშვილი საქართველოს მოქალაქე არ არის და კეთილი ინებოს, პატივი სცეს ამ ქვეყნის კონსტიტუციას. ახლა ხომ მაინც შეუძლოა, მოინანიოს და ერთხელ მაინც გადადგას ადეკვატური, საქართველოს ინტერესებისა და კანონმდებლობის შესაბამისი ნაბიჯი. სააკაშვილი უფლებამოსილი არ არის, საარჩევნო კამპანიაში იყოს ჩართული, რადგან თვითონ დახია საქართველოს მოქალაქეობა და უკრაინაში გაიქცა.

რაც შეეხება სოფო ჯაფარიძეს, ეს გოგო მეცოდება, მის მიმართ ძალიან პოზიტიურად ვარ განწყობილი და ახლა წარმომადგენლად დანიშნა. აბა, ჩემი ხაბე ვინ არის? რომელ პარტიას წარმოადგენს, ეს რომ დადის და წამდაუწუმ სააკაშვილს, ბელადს ახსენებენ? სამი ფრთაა, რომელიც სააკაშვილის სახელს იყენებს და ამბობენ, რომ  „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი განუყოფელი ნაწილიაო. ამ დროს სააკაშვილი თავის წარმომადგენლად ნიშნავს ქალბატონ ჯაფარიძეს, რომელმაც უნდა მოიაროს მთელი საქართველო. არ ვიცი, რაზე უნდა ილაპარაკოს, მაგრამ მცდელობა აქვთ. მივმართავ ქართულ საზოგადოებას, ხედავთ, რასთან გვაქვს საქმე?

მთავარი ოპოზიციური პარტია ჰქვია და სამი წარმომადგენელი მოვა თქვენთან, მაგრამ დაუჯერეთ სოფო ჯაფარიძეს, რადგან სოფო ჯაფარიძე არის წარმომადგენელი სააკაშვილის, რომელიც, ქართული კანონმდებლობის შესაბამისად, არალეგიტიმურია, საარჩევნო პროცესში იყოს ჩართული. ასეთ დომხალთან გვაქვს საქმე და რა უნდა გამოვიდეს ამ ხელმოცარულებისგან? ამიტომაც არის, რომ ცდილობენ, ყველა პატარა თუ დიდ ტრაგედიაზე ხელი მოითბონ და პოპულისტური განცხადებები აკეთონ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

საქართველოში წვიმა, მდინარეებზე კი წყლის დონის მატებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21 და 22 აგვისტოს, უმეტესად დღის მეორე ნახევრიდან, საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რაიონებში, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.

მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში კი მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

“დაფინანსების ნებისმიერი წყარო გამჭვირვალეა, ძალიანაც რომ უნდოდეს რომელიმე პარტიას, ამას ვერ დამალავს” – სერგო ჩიხლაძე

დაფინანსების ნებისმიერი წყარო გამჭვირვალეა, ძალიანაც რომ უნდოდეს რომელიმე პარტიას, ამას ვერ დამალავს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა.

ჩიხლაძე გამოეხმაურა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.

„აუდიტის სამსახური ისედაც აკეთებს ამას, ეს მისი საქმიანობის სფეროა და ამიტომ ახლა ეს რაღაც ახალი შეკვეთილი კამპანიაა „ქართული ოცნების“ მხრიდან, რაღაც სიახლე და აურზაური თუ ქარიშხალი ჭიქაში რასაც ჰქვია. აუდიტის სამსახური აკეთებს ამას, გამჭვირვალეა ეს ყველაფერი და მათ შორის „ქართული ოცნების“ ე.წ. ჯიბის ორგანიზაციებს შეუძლიათ, მიიღონ ამაზე ინფორმაცია.

ესეც არის ტყუილი, რადგან გამჭვირვალეა დაფინანსების ნებისმიერი წყარო. ძალიანაც რომ უნდოდეს რომელიმე პარტიას, ამას ვერ დამალავს. ყველაფერი დევს გამჭვირვალედ. იმავე აუდიტის საიტზე შეუძლია შევიდეს ყველას და ნახოს. არ ვიცი, რას ემსახურება ეს ამდენი სისულელის ფრქვევა“,  – განაცხადა სერგო ჩიხლაძემ.

კელი დეგნანის განცხადება პოლიტიკითაა გაჟღენთილი -ირაკლი ქადაგიშვილი

ეს არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი. არჩევნების შესახებ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას

ქადაგიშვილის განცხადებით, კელი დეგნანის განცხადება  პოლიტიკური პარტიებისთვის დამახასიათებელ მოწოდებას შეიცავს. მისივე განცხადებით, ახლა ელექტრონულ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა იწყება.

„ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება თავიდან ბოლომდე პოლიტიკითაა გაჟღენთილი. მოწოდებაა, რომელსაც, როგორც წესი, პოლიტიკური პარტია აკეთებს ხოლმე – „გამოდით არჩევნებზე, დაიცავით თქვენი ხმა!“ ანუ ვიღაც ვიღაცას ართმევს ხმას და წელიწადნახევრით ადრე მოუწოდებს, დაიცავით თქვენი ხმაო. ეს უკვე არის ბიძგი, მითითება, რომ საარჩევნო პროცესი რევოლუციური სცენარით უნდა წარიმართოს.

გვეუბნებიან, რომ არჩევნები ყალბდება არჩევნებამდეც, მაგრამ ფაქტები ვერ მოჰყავთ. 2020 წელს ვუყურეთ, როგორ ხდებოდა ცალყბად არჩევნების აღიარება და მეორე მხრივ, კრიზისის ხელის შეწყობა, მაგრამ ვერც ერთი დოკუმენტი, ჩვენება ვერ იქნა მოტანილი, რომ არჩევნები გაყალბდა. ახლა, როცა მართლაც რევოლუციური საარჩევნო კოდექსი მივიღეთ, რაზეც ყველა მიუთითებდა. ხომ გვახსოვს – ყველა მიუთითებდა, რომ თუ ელექტრონული ხმის დათვლის სისტემა იქნებოდა, მაშინ არჩევნების გაყალბების და შედეგის მყისიერი გამოცხადების პრობლემა არ იქნებოდა. ეს სისტემა მიღებულია, მაგრამ ჩვენ უკვე დავინახეთ, რომ ამ სისტემაზე ორკესტრირებული შეტევა დაიწყო. გააკეთა განცხადება ელჩმა, მერე ერთმა პოლიტიკურმა პარტიამ მოაყოლა, ახლა სხვები მოაყოლებენ და დაიწყება ხალხში იმ აზრის მუსირება, რომ ელექტრონული სისტემით ჩატარებული არჩევნებიც კი გაყალბებულია. „ბანკსაც კი ქურდავენ“ ამ დონის თეორიაზე დაჰყავთ უკვე საქმე, რომ საზოგადოებაში დღესვე დაიწყონ მზადება და წაგებული არჩევნები რევოლუციურ სცენარში გადაზარდონ,“ – განაცხადა ქადაგიშვილმა.

აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ-შიც ნახეს, რომ არჩევნების ელექტრონული სისტემით ჩატარებაც ვერ იძლევა გარანტიას, რომ „ყველაფერი სუფთა და სამართლიანი იქნება“.

როგორც დეგნანი რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში აცხადებს, მისით მანიპულაციაც შესაძლებელია, თუკი ადამიანები არ არიან გაწვრთნილები ამ სისტემის გამოყენებაზე და თუკი ამომრჩევლებს არ ესმით, ის როგორ მუშაობს. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ასევე მონიტორინგის გრძელვადიანი მისია, რადგან ადამიანების დაშინება, ხმების მოსყიდვა, ადამიანების მიმართ მუქარა ხდება არჩევნების დღემდე და ეს ტაქტიკა საქართველოშიც სხვადასხვა ხელისუფლების დროს გამოიყენებოდა.

“უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წინა წლებში საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულების გამო”

2020 და 2021 წლების ცენტრალური და ადგილობრივი არჩევნების შედეგების „გაყალბების“ აგორებული კამპანიის გარშემო ქვეყანაში საბოტაჟისა და არეულობის პროცესების პროვოცირების მსგავსი მოვლენების მომავალში თავიდან აცილების მიზნით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა აეკრძალოს არსებობა და წინასწარ უნდა აღმოიფხვრას იმის საშიშროება, რომ 2024 წლის არჩევნები გაყალბებულად შერაცხოს ამ პარტიამ.

„ფერისცვალებამ თუ „სინოპტიკური“ გარდატეხა მოგვიტანა და აშკარად ვიგრძენით ნანატრი სიგრილე. არ უნდა დაგვავიწყდეს დაანონსებული პოლიტიკური „ცხელი შემოდგომის“ მოახლოებაც, რომელსაც „ხალხის ძალა“ აპირებს ცივი წყალი გადაასხას ორი დაპირებული საშემოდგომო ინიციატივით: 1. კანონგარეშედ გამოცხადდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის საქმიანობა ქვეყანაში და 2. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ჩვენი „ოპოზიციის“ საერთაშორისო ლობისტების მიერ სხვადასხვა მინიშნებებით, არჩევნების შედეგების წინმსწრებად ეჭვის ქვეშ დაყენების თავიდან აცილების მიზნით გატარდეს პრევენციული ხასიათის ზომები.

ამ უკანასკნელი ინიციატივის ფარგლებში 2020 და 2021 წლების ცენტრალური და ადგილობრივი არჩევნების შედეგების „გაყალბების“ აგორებული კამპანიის გარშემო ქვეყანაში საბოტაჟისა და არეულობის პროცესების პროვოცირების მსგავსი მოვლენების მომავალში თავიდან აცილების მიზნით უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე წინა წლებში საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ შეთქმულებისა და ქართველი ხალხის მოტყუების გამო. იმედი გვაქვს, პროკურატურა სერიოზულად დაინტერესდება ამ საკითხით, რასაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვისაც მნიშვნელოვანი პრევენციული ეფექტი ექნება“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“მავნებელი ხართ ქალბატონო ელჩო! როგორც ელჩი ვერ შედექით!” – ირაკლი ზარქუა კელი დეგნანს

მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო, ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელიც უნდა იყოს მხარდამჭერი დემოკრატიული პროცესების, სიმშვიდის, ქალბატონი დეგნანი, რომელიც არის წარმომადგენელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათი რეკომენდაციით დავნერგეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის მიერ „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა, სადაც არჩევნების შესახებაც არის საუბარი.

ირაკლი ზარქუას თქმით, კელი დეგნანმა ვერ გაითავისა, რომ იყო არა პარტიის, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენელი.

„მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო, Goodbye, my darling. ე.ი. რა გამოდის, რომ ჩვენი მთავარი პარტნიორი, რომელიც უნდა იყოს მხარდამჭერი დემოკრატიული პროცესებისა და ქვეყნის განვითარების, სიმშვიდის, ქალბატონი დეგნანი, რომელიც არის წარმომადგენელი, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ელექტრონულ არჩევნებს, რომელიც მათი რეკომენდაციით დავნერგეთ. უფრო მეტიც, პრაქტიკაში გამოვიყენეთ ახლა.

შუალედური არჩევნები გვქონდა, მათ შორის კრწანისში, თერჯოლაში და ასე შემდეგ, ავირჩიეთ მერები და ვაპირებთ, გორში გამოვიყენოთ ოქტომბრის თვეში შუალედურ არჩევნებში. სადაც ჩატარდა ელექტრონულად, არცერთი პრობლემა, ხარვეზი არ დაფიქსირებულა და ყველამ, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლებმაც, ადგილობრივმა არასამთავრობოებმაც თქვეს, რომ კი, ეს გამართულია და მოქმედებს. ახლა ამას რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებ 2024-ში, მავნებელი ხართ თქვენ, ქალბატონო ყოფილო ელჩო, მინდა, ეს მოგმართოთ და პირდაპირ გითხრათ, თქვენ თქვენი ვერ გაითავისეთ, ვერ გაითვალისწინეთ, რომ თქვენ არა პარტიის წარმომადგენელი, არამედ სახელმწიფოს წარმომადგენლი იყავით. იმ სახელმიფოსი, რომელზეც იმედებს ვამყარებთ დღემდე და მომავალში დავამყარებთ, რომ ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში კიდევ უფრო მეტად წინ წავიწიოთ, უფრო მეტად დემოკრატიული საზოგადოება ავაშენოთ და მეტად დემოკრატიული გავხადოთ ეს ქვეყანა და ამით ძლიერი, ეკონომიკურად განვითარებული. თქვენ, სამწუხაროდ, ამ მიმართულებით არცერთი ნაბიჯი არ გადაგიდგამთ, ისევე როგორც დღემდე არ აქვს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და თქვენ ამისთვის არაფერი გაგიკეთებიათ, არც უვიზო მიმოსვლა აქვს საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ამისთვის თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ, არც ინვესტიცია ჩაგიდიათ.

ვსვამ კითხვას – ანაკლიის პორტში რატომ არ დევს ამერიკული ფული, რატომ არ გამოხვედით ინიციატივით თქვენ ან სხვები. ყაზახურ ინვესტიციებს გვტენიდა ის, ვინც იყო იქ შესული. რატომ არ არის? ჩამოდით და ჩადეთ ფული. ხომ არის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თქვენთვისაც. არ გამოვა ასე ორმაგი სტრანდარტით, ვწუხვარ ამის თქმის საშუალება რომ მომეცით, მაგრამ ეს თქვენ ბრძანეთ. ქართველი ერი, უდიდესი ცივილიზაციის, კულტურის, განათლების მქონე საზოგადოება ვართ და რამენაირად იმასაც გავარკვევდით და გავარკვიეთ, ელექტრონულად როგორ შეიძლება მონაწილეობა მივიღოთ არჩევნებში. ძალიან ვწუხვარ, ქალბატონო ელჩო, მაგრამ თქვენ, როგორც ელჩი, ვერ შედექით და ეს უნდა ითქვას.

ვწუხვარ, თქვენ პოლარიზაცია გაზარდეთ ქართულ საზოგადოებაში თქვენი საქმიანობით, თქვენი განცხადებებით და ამის დემონსტრირებაა ის, რაც ბოლოს მოვისმენთ. ჩვენი პარტნიორები, მათ შორის თქვენ და ყველა, საზოგადოება გვირჩევდა, რომ ელექტრონული არჩევნები 100 პროცენტით გაგვეხადა საქართველოში, რომელიც იქნებოდა მყარი და ყოველგვარი მანიპულაციებისგან დაცული, თურმე ესეც არ მოგწონთ.

რატომ? იმიტომ, რომ ალბათ თქვენ იყავით ერთერთი ერთ-ერთი შემოქმედი, რომ აქ რევოლუციური ტალღა აგორებულიყო და 3-4-ჯერ ჩვენ ეს ჩავახშეთ, რადგან საქართველოს და მისი მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებში არასდროს შედიოდა ქაოსი, არეულობა და არც მეორე ფრონტის გახსნა, რასაც ეს ხელმოცარულები და რადიკალები ცდილობდნენ. ვწუხვარ, მაგრამ თქვენ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვით და გააგრძელეთ, ბოლოს ამით დააგვირგვინეთ. მქონდა მცდელობა, ბოლოს ლამაზად, ლამაზი სიტყვებით გამეცილებინეთ, მაგრამ სამწუხაროა, რომ ასე მოხდა. ასე რომ, Goodbye, my darling“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება – არჩევნების გაყალბებას-ნიკა გვარამია

ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება – არჩევნების გაყალბებას . ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს:

“კელი დეგნანის განცხადება ელექტრონული კენჭისყრის რისკებზე აბსოლუტურად ზუსტია. მეტიც, ამ სისტემას ბევრად უფრო მძიმე რისკებიც ახლავს თან. ელექტრონულად ხმის მიცემას თუ რამე მიმართულებით ჩავატარებთ, ეს, პირველ რიგში, უნდა იყოს შესაძლებლობა ყველა ემიგრანტისთვის მისცეს ხმა მისთვის სასურველ პარტიას უსაფრთხო სისტემის მეშვეობით.

ის, რასაც დღეს გვთავაზობს ოცნება, აბსოლუტურად სხვა მიზანს ემსახურება – არჩევნების გაყალბებას.

დეტალურად სექტემბერში.”- წერს გვარამია.

https://www.facebook.com/nika.gvaramia.129/posts/2497685580399753?ref=embed_post

“როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ გამყალბებელი ხარ და საშიშია ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი რუსული პარტიისთვის”

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს ერთ რამეზე – სრული მხარდაჭერა ექნება ქართველ ხალხს და შესაბამისად, ეს საქმე ბოლომდე ქართველი ხალხის მისაყვანი იქნება, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც არჩევნებთან დაკავშირებით, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თმით, „გაფორმება სჭირდება იმას, რომ ქართველ ხალხს რუსული ხელისუფლება არ უნდა“.

„როცა პუტინი, მარგარიტა სიმონიანი, სალავიოვი გაქებს, ეს საქართველოს ხელისუფლებისთვის პრობლემაა. პარალელურად, როცა სტრატეგიული პარტნიორი ამბობს, რომ მანიპულატორი ხარ, გამყალბებელი ხარ, რომ საშიში და სახიფათოა საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნები, ეს არის განაჩენი რუსული პარტიისთვის და შესაბამისად, ქართველმა ხალხმა ეს განაჩენი უნდა აღასრულოს. იმას, რომ რუსული ხელისუფლებაა, იმას, რომ რუსული პარტია არ უნდა ქართველ ხალხს, იმას, რომ ამ რეჟიმში ცხოვრება საქართველოს მოქალაქეს აღარ უნდა, სჭირდება გაფორმება და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების ასეთი ღია განცხადებები მიანიშნებს ერთ რამეზე, სრული მხარდაჭერა ექნება საქართველოს მოქალაქეს, სრული მხარდაჭერა ექნება ქართველ ხალხს და შესაბამისად, ეს საქმე ბოლომდე ქართველი ხალხის მისაყვანი იქნება,“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

” არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას”- კელი დეგნანი

არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ძირი გამოუთხარონ აშშ-სა და საქართველოს შორის ახლო, ძლიერ პარტნიორობას. ამას ისინი გარკვეული მიზეზების გამო და კერძო ინტერესებით აკეთებენ, რაც სწორედ ამაზეა გათვლილი, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ არსად წასვლას არ აპირებს და საქართველოს გვერდით იდგება მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის.

„ისინი არ ცდილობენ მხოლოდ აშშ-ის დისკრედიტაციას, არამედ ნებისმიერი დამოუკიდებელი ხმისა, რომელიც გამოდის საქართველოს ევროპული, დემოკრატიული მომავლის სასარგებლოდ. ვთვლი, რომ საქართველოს ხალხი საკმარისად საზრიანია – მინიმუმ ისინი, ვისაც მე შევხვედრივარ, ძალიან საზრიანად უდგებიან ამას. ისინი მიეჩვივნენ ამ სახის რუსულ და პრორუსულ დეზინფორმაციას და ვფიქრობ, შეუძლიათ დაინახონ – როდის ცდილობენ ადამიანები დააზიანონ საქართველოს პარტნიორობა მის უახლოეს მეგობრებთან, ნამდვილ სტრატეგიულ პარტნიორებთან, რომლებიც იქნებიან აქ საქართველოსთვის, ვინაიდან აქ ვართ საქართველოსთან ერთად 30 წელზე მეტია და არსად წასვლას ვაპირებთ. ვიდგებით საქართველოს გვერდით მანამდე, ვიდრე საქართველოს ხალხი დემოკრატიული მომავლისკენ ისწრაფვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

“გამორჩეული ხელოვანი, ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე დააკლდა საქართველოს” – კახა კალაძე

გამორჩეული ხელოვანი, ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თემო გოცაძე დააკლდა საქართველოს, – ამის შესახებ თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს.

„მის შემოქმედებას უკავშირდება თანამედროვე ეპოქის ქართული მხატვრობის ხაზი, ორიგინალური ხედვით, განსხვავებული მიდგომით და ფაქიზი თემებით.

გარდა შემოქმედებისა, დიდია თემო გოცაძის წვლილი პედაგოგიკაში, ქართველ მხატვართა არაერთი თაობის გაზრდაში.

ვიზიარებ თემო გოცაძის ოჯახის წევრების, ახლობლების, ქართული სამხატვრო საზოგადოების დიდ გულისტკივილს!“, – წერს კახა კალაძე.

ქართველი ფერმწერი, საქართველოს სახალხო მხატვარი თეიმურაზ გოცაძე 82 წლის ასაკში 20 აგვისტოს გარდაიცვალა.