Home Blog Page 1629

22 აგვისტო ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შინაგანი სიმტკიცე ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარებათ, თუმცა სწრაფი შედეგის ან მნიშვნელოვანი ჯილდოს იმედი არ უნდა გქონდეთ.
საყვარელ ადამიანებთან ურთიერთგაგებას ადვილად აღწევთ, მაშინაც კი, თუ მათ თვალსაზრისს არ იზიარებთ. სურვილის შემთხვევაში კომპრომისის მიღწევა ან ყველასთვის მოსაწონი გადაწყვეტილების პოვნა შესაძლებელია.

კურო

ეს დღე დაგეხმარებათ, კოლეგებთან და ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობა გააუმჯობესოთ და გუნდში პოზიცია გააძლიეროთ. შეგიძლიათ ახალი პროექტების განხორციელება დაიწყოთ – დახმარების მსურველები საკმაოდ გამოჩნდებიან. ხელსაყრელი დღეა შოპინგისთვის, რემონტის დაწყებისა ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლისთვის.

ტყუპები

ადვილი გამარჯვებების დღეა. თითქმის ყველაფერში გაგიმართლებთ, რასაც ხელს მოჰკიდებთ. შესანიშნავი ინტუიციის წყალობით არც კონკურენტების დაგებულ მახეში გაებმებით და არც სერიოზულ შეცდომებს დაუშვებთ. უფრო მეტიც, შეიძლება გავლენიანი ადამიანების მფარველობა მოიპოვოთ.
კაცებმა ყურადღება მიაქციეთ ქალბატონებთან ურთიერთობას – ამ დღეს უთანხმოების დასრულების და მშვიდობის აღდგენის შანსი გექნებათ.

კირჩხიბი

თქვენი პროფესიული წარმატების საფუძველი სერიოზულობა, მიზანდასახულობა და პასუხისმგებლობაა. ახალ ამოცანებს სწრაფად უმკლავდებით, ხოლო ძველის გადასაჭრელა ორიგინალურ გზებს პოულობთ. მზად ხართ იმისთვის, რომ ტრადიციები დაარღვიოთ და თამამი ექსპერიმენტები ჩაატაროთ, რაც განსაკუთრებით მიმზიდველს გხდით საპირისპირო სქესის წარმომადგენლებისთვის.

ლომი

სირთულეები ან სხვა ადამიანების მცდელობები ვერ გაიძულებთ, რომ არჩეულ გზას გადაუხვიოთ. დაწყებული საქმის დასრულებისთვის სიმტკიცე და ნებისყოფა დაგჭირდებათ, მაგრამ შედეგი მოლოდინს გაამართლებს.
ამ დღისთვის შეგიძლიათ მნიშვნელოვანი შეხვედრები, საჯარო გამოსვლები და საპასუხისმგებლო მოლაპარაკებები დაგეგმოთ.
ყურადღება მიაქციეთ საკუთარ გარეგნობას – მშვენიერი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისთვის. საღამოს მოულოდნელი სტუმარი ან სასიამოვნო სიახლე გელით.

ქალწული

ამ დღეს ჩიხურ სიტუაციებში წარმოსახვა დაგეხმარებათ – სწორედ ის გიკარნახებთ, რომელი გზა მიგიყვანთ მიზნამდე. გარდა ამისა, შეგიძლიათ, გარშემო მყოფთა სურვილები და უნარები თქვენ სასარგებლოდ გამოიყენოთ. ძველი მეგობრები თქვენს ნებისმიერ თხოვნას სიამოვნებით შეასრულებენ. საღამოს საყვარელ ადამიანებზე ზრუნვას დაუთმობთ. უთანხმოება წარსულში დარჩა, შეგიძლიათ ურთიერთობებში ჰარმონიით ისიამოვნოთ

სასწორი

მიუხედავად იმისა, რომ მოვლენები მოულოდნელად განვითარდება, სიტუაციას აკონტროლებთ და სწორ გადაწყვეტილებებს იღებთ. გარშემო მყოფები ყურადღებით გისმენენ და თქვენს აზრს ითვალისწინებენ. ეცადეთ, ამ შანსით ისარგებლოთ, რათა მენეჯმენი თქვეენთვის ხელფასის მომატებაზე დაფიქრდეს.
მარტოხელა სასწორებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. თუ სერიოზულ ურთიერთობას ეძებთ, მოვლენები არ უნდა დააჩქაროთ.

მორიელი

ინტუიციის დახმარებით მზაკვარ ადამიანებს შორიდანვე ცნობთ და ადვილად უმკლავდებით. გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობა არა მხოლოდ ძლიერ მფარველებს და მოკავშირეებს გაპოვნინებთ, არამედ ახალ მიზნებსაც გაგიჩენთ.

მშვილდოსანი

ხელსაყრელი დღეა პრაქტიკული საკითხების გადასაჭრელად. გირჩევთ, მთელი ყურადღება მიმდინარე საქმეებზე გაამახვილოთ და გრანდიოზული პროექტების დაწყებისგან თავი შეიკავოთ. შესაძლოა, შორეული საქმიანი პარტნიორისგან მნიშვნელოვანი სიახლე შეიტყოთ.
ხელსაყრელი დღეა მეგობრული შეკრებებისა და რომანტიკული პაემნებისთვის, თუმცა ზოგჯერ განმარტოება და ფიქრიც გჭირდებათ.

თხის რქა

წარმატების მისაღწევად ძველი გზიდან უნდა გადაუხვიოთ და რაღაც ახალი მოსინჯოთ. ინტუიცია გიკარნახებთ, უკეთესი შედეგების მისაღწევად საით მიმართოთ ძალისხმევა. ამ დღეს არა მხოლოდ პროფესიულ სფეროში, პირად ურთიერთობებშიც ლიდერის თვისებებს ავლენთ.
ხელსაყრელი დღეა შორიდან ჩამოსულ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. გამორიცხული არ არის უცხოელთან რომანის დაწყება.

მერწყული

ვერავინ და ვერაფერი გაიძულებთ, რომ არჩეულ გზას და ცხოვრებისეულ პრინციპებს უღალატოთ. პირად ცხოვრებაში ცვლილებების მოახლოებას გრძნობთ, მაგრამ ეს უფრო გაშინებთ, ვიდრე გახარებთ. ვარსკვლავების აზრით, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს – ნებისმიერ შემთხვევაში, სიტუაცია თქვენთვის ხელსაყრელი მიმართულებით განვითარდება.

თევზები

დროა, გეგმების განხორციელება დაიწყოთ. ენდეთ საკუთარ ინტუიციას და ზუსტად იქ მიგიყვანთ, სადაც გსურთ. შეიძლება მცირე სირთულეები შეგხვდეთ, მაგრამ არ უნდა დანებდეთ. მთელი ყურადღება პროფესიულ საქმეებზე გაქვთ გადატანილი და პირადი ცხოვრებისთვის ვეღარ იცლით.
საბედნიეროდ, ახლობელ ადამიანებს თქვენი ესმით

რატომ უნდა შეეძლოს თაღლით ჯო ბაიდენს, მაიძულოს დრო და ფული დავხარჯო სასამართლო პროცესებზე, ყალბი ბრალდებების გამო? – ტრამპი

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ წაყენებული ოთხი ბრალდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაა.

„რატომ უნდა შეეძლოს თაღლით ჯო ბაიდენს, მაიძულოს დრო და ფული დავხარჯო სასამართლო პროცესებზე, განსაკუთრებით არჩევნების წინ, მისი უსამართლობის დეპარტამენტის [იუსტიციის დეპარტამენტი] მიერ წაყენებული ყალბი ბრალდებების გამო?

რა საშინელი პრეცედენტია მომავალი საპრეზიდენტო კამპანიისთვის. ყველაფერი ეს არჩევნებში ჩარევაა და უნდა შეწყდეს!“ – წერს ტრამპი. 

https://truthsocial.com/@realDonaldTrump/posts/110918173717605996

“ხაზარაძის და „ლელოს“ მიმდევრებმა დაიწყეს თავის მართლება და კივილი, რა მოსკოვის რეისი, ბათუმიდან ჩამოფრინდაო”-ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მხარდამჭერების განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება. ქადაგიძის თქმით, ხაზარაძის მიმდევრები მხოლოდ იმ ფაქტზე იმართლებენ თავს, რომ მათი ლიდერი ბათუმიდან ჩამოფრინდა, მოსკოვის რეისთან კი შეხება არ ჰქონია, თუმცა, არაფერს ამბობენ იმის შესახებ, რომ მამუკა ხაზარაძე შოვის ტრაგედიის მეორე დღეს თურქეთში დასასვენებლად გაფრინდა.

“მამუკა ხაზარაძეზე დღეს ორი ამბავი გვაქვს: ერთი ის, რომ როდესაც მოსკოვის რეისი დაფრინდა, ჩამოფრენის დარბაზში პირველი ხაზარაძე გამოვიდა. ამ დროს დაფრინდა ბათუმის რეისიც და იმას ჩამოყვაო. თუ ეს მართალია, არ არის გამორიცხული, რომ მართლაც ბათუმიდან ჩამოსულიყო. კი ბატონო, ამოიღოს ხმა, ბათუმიდან ჩამოფრინდა, მოსკოვიდან თუ სულაც არ უფრენია და რუს სტუმრებს დახვდა. მეორე ამბავი – შოვის ტრაგედიიდან მეორე დღეს ხაზარაძე დასასვენებლად გაფრინდა თურქეთის ერთ-ერთ კურორტზე. და ჰოი საოცრებავ, ხაზარაძის და “ლელოს” უპირობოდ მორწმუნე მიმდევრებმა მხოლოდ პირველ ამბავზე დაიწყეს თავის მართლება და კივილი, რა მოსკოვის რეისი, ბათუმიდან ჩამოფრინდაო. ბოლო წლების განმავლობაში ქვეყნის უდიდესი ტრაგედიიდან მეორე დღესვე მათი კუმირი “საგულაოდ” რომ გავარდა, მაგაზე ხმას არ იღებენ. აბა გისმენთ… ლელო საქართველოსთვის • Lelo For Georgia მამუკა ხაზარაძე” – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ სჭირდება – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატო-ში

ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ სჭირდება – კიევი მკაფიოდ გვეუბნება, რომ მას სჭირდება შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების თავდასხმითი სისტემები – იგივე ამერიკული „ატაკამსები“, – ამის შესახებ შეერთებული შტატების არმიის თადარიგის გენერალ-ლეიტენანტმა, ყოფილმა ელჩმა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში დაგლას ლუტიმ “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინას სურს დაარტყას რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრებს, რუსეთის ლოჯისტიკურ ნაწილებს, სატრანსპორტო კვანძებს, მოქმედ ქსელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს ობიექტები მისი თავდასხმის რადიუსში, რისკის ქვეშ მოაქციოს.

„ჩვენ უნდა მივაწოდოთ უკრაინას ყველაფერი, რასაც ის ამბობს, რომ სჭირდება. ის გამუდმებით გვაწვდის თავისი სამხედრო მოთხოვნების სიას. რა არის ამ სიაში? პირველ ყოვლისა, ესაა უკვე მიწოდებული აღჭურვილობისთვის ტექნიკური უზრუნველყოფა და მომარაგება… უმნიშვნელოვანესია ამუნიციაც ამ შესაძლებლობებისთვის, კერძოდ კი საარტილერიო ჭურვები. ამერიკამ მიიღო გადაწყვეტილება, კიევისთვის „კასეტური ბომბების“ მიწოდების თაობაზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საარტილერიო ჭურვები უკვე მზადაა და შეიძლებოდა მათი უკრაინისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება.

უკვე მიწოდებული იარაღისა და სისტემების გარდა, კიევი მკაფიოდ გვეუბნება, რომ მას სჭირდება შორი რადიუსის ზუსტი დამიზნების თავდასხმითი სისტემები – იგივე ამერიკული „ატაკამსები“. უკრაინას სურს დაარტყას რუსეთის მართვისა და კონტროლის ცენტრებს, რუსეთის ლოჯისტიკურ ნაწილებს, სატრანსპორტო კვანძებს, მოქმედ ქსელებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ეს ობიექტები მისი თავდასხმის რადიუსში, რისკის ქვეშ მოაქციოს. ეს კი იმისთვის, რომ ომი მიმდინარეობდეს არა მხოლოდ ბრძოლის ველის წინა ხაზზე, უშუალო შეხებით, ახლო დისტანციაზე, არამედ ოკუპირებული ტერიტორიების სიღრმეშიც.

მე მხარს ვუჭერ უკრაინელებისთვის „ატაკამსების“ მიცემას. მეტიც, F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიცემასაც… დროა ეს გავაკეთოთ. ომი 18 თვეა, რაც გრძელდება. გულწრფელად რომ ვთქვათ, უკრაინას არ აქვს ის სამხედრო შესაძლებლობები, რაც ომის მოსაგებად სჭირდება. მინდა ვნახო უფრო მეტად აგრესიული პოზიცია ამასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიხილოთ უკრაინის დახმარების პაკეტების გაგრძელებაც ადმინისტრაციისა და კონგრესის ერთობლივი მუშაობის შედეგად“,- აღნიშნა დაგლას ლუტიმ.

მისივე თქმით, ამერიკამ და ნატო-ს სხვა მოკავშირე წევრებმა უკრაინისგან მიიღეს პირობა, რომ მათ მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. როგორც მან აღნიშნა, უკრაინამ ეს პირობა შეასრულა, მას დასავლური სისტემები რუსეთზე თავდასხმისთვის არ გამოუყენებია.

„ეს არ შეეხება რუსეთის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიას. ეს ეხება 2014 წლამდე უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. ამ დრომდე უკრაინელთა პირობა, რომ ბრძოლა ამ ტერიტორიაზე აწარმოოს და დასავლური იარაღი მის მიღმა, რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენოს, დაცულია. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა დავუჯეროთ პრეზიდენტ ზელენსკის, უნდა დავუჯეროთ უკრაინის სამხედრო ლიდერებს, როცა ისინი ამ პირობას გვაძლევენ. ჩვენ უნდა გვქონდეს მათდამი რწმენა და მივაწოდოთ შორი რადიუსის მქონე ის სისტემები, რომლებიც სჭირდებათ.

მიმაჩნია, რომ არ არსებობს არანაირი სამხედრო ლოგიკა იმაში, რომ უკრაინას უარს ვეუბნებოდეთ იმ შესაძლებლობებზე, რაც [რუსებისთვის] წინააღმდეგობის გასაწევად სჭირდება.

გაეროს ქარტიის 51-ე მუხლი ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, რომ დაეხმაროს სხვა წევრ ქვეყანას თავის დაცვაში. სწორედ ესაა ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ამავე ქარტიით, ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და მივცეთ უკრაინას ის საშუალებები, რაც მას თავის დასაცავად სჭირდება“,- აღნიშნავს დაგლას ლუტი.

კორონავირუსი ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსია და მასზე ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს -ზურაბ აზარაშვილი

დღეს, მთელს მსოფლიოში, კორონავირუსი აღიქმება, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური ვირუსი, არანაირი განგაშისა და პანიკის საფუძველი არ არსებობს, მასზე განსაკუთრებული ყურადღება აღარც უნდა მახვილდებოდეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ, ცალკეული შემთხვევების აღრიცხვაც კი შევაჩერეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად არ დგას. კოვიდპანდემია რომ დასასრულს უახლოვდებოდა და ერთ-ერთ ჩვეულებრივ, სეზონურ ვირუსად გადაიქცეოდა, ამაზე, ჯერ კიდევ 2022 წელს ვსაუბრობდი. დღეს, ეს მართლაც ასეა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, კორონავირუსის ნებისმიერი ახალი ვარიანტისთვის დასახელების მინიჭება, იქნება ეს EG.5 თუ სხვა, მეცნიერების კვლევების საგანია. მინისტრის განცხადებით, მოსახლეობისთვის, შესაძლოა, ზედმეტი სტრესის მომტანი აღმოჩნდეს ასეთი დეტალების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, რისი რეალური საფუძველიც, დღეს არ არსებობს.

„განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი ხდება. თუ, ამ მხრივ, რაიმე შეიცვლება, მოსახლეობა, პირველი სწორედ ჯანდაცვის სამინისტროსგან მიიღებს ინფორმაციას. ის, რაც კორონავირუსის გავრცელების კუთხით, წინა წლებში ფიქსირდებოდა, წარსულს ჩაბარდა და დღეს, მისი განმეორების არანაირი საფუძველი არ იკვეთება. მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ყველას, ვინც, თითქოს, უფრო მეტ ყურადღებას იჩენს მოსახლეობის მიმართ, ვიდრე – საქართველოს მთავრობა და ამ შემთხვევაში, ჩვენ, ჯანდაცვის სამინისტრო – ნუ შეეცდებიან, საზოგადოებაში, დაძაბულობის შემოტანას, ნუ გაამახვილებენ ყურადღებას ახალი ქვეშტამების დასახელებებზე. დღეს, კორონავირუსი არის ჩვეულებრივი, სეზონური ინფექცია, რომლის მსგავსსაც წელიწადის სხვადასხვა დროს ვხდებით“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის – შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას

ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის – შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას, მიუხედავად “ქართული ოცნების” ამ მცდელობებისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები არის და იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის უერთგულესი პარტნიორი,- განაცხადა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, კელი დეგნანს ძალისხმევა არ დაუშურებია ხელი შეეწყო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონსტრუქციული დიალოგის პროცესის წარმართვაზე.

„საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სტატუსით ყოფნის დროს, როგორც ჩვენი ქვეყნის უახლოესი სტრატეგიული მოკავშირისა და მეგობარი ქვეყნის ელჩს, კელი დეგნანს ძალისხმევა არ დაუშურებია ხელი შეეწყო განსხვავებულ პოლიტიკურ ჯგუფებს – სახელისუფლებო პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსტრუქციული დიალოგის პროცესის წარმართვისათვის.

მას ღრმად სწამდა, რომ ეს დიალოგი ხელს უწყობდა საქართველოში დემოკრატიის განვითარებას, ქვეყნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. სამწუხაროდ, ელჩის ამ ძალისხმევას “ქართულმა ოცნებამ” და მისმა ქვედანაყოფებმა მასზე კოორდინირებული პიროვნული თავდასხმით უპასუხეს. ცხადია, რომ აშშ-ის ელჩზე გამუდმებული თავდასხმა ემსახურება ჩვენი უახლოესი პარტნიორი ქვეყნის – შეერთებული შტატების დისკრედიტაციის მცდელობას. მიუხედავად “ქართული ოცნების” ამ მცდელობებისა, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატები არის და იქნება საქართველოს და ქართველი ხალხის უერთგულესი პარტნიორი და კელი დეგნანის ძალისხმევაც სწორედ ამ პარტნიორობის და მეგობრობის გაღრმავებისკენ იყო მიმართული. მინდა, მადლობა გადავუხადო მას საქართველოში გაწეული საქმიანობისთვის და ვუსურვო წარმატებები მის შემდგომ საქმიანობაში“,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

“თუ ამ დაძაბულ გრაფიკში გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს აუცილებლად პირისპირ შევხვდები”-რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი „მარცვლეულის დერეფნის“ განახლებაზე ისევ მუშაობს. მისი თქმით, უახლოეს მომავალში რუსეთში, შესაძლოა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი შედგეს, ამის შემდეგ კი – თურქეთის და რუსეთის პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა.

აღნიშნული განცხადება რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უნგრეთში ვიზიტის შედეგების შეჯამებისას გააკეთა.

„პუტინთან სატელეფონო საუბრების მიზანს „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით რუსეთის დადებითი დამოკიდებულება წარმოადგენს. სექტემბერში ინდოეთში G20-ის შეხვედრა გაიმართება, შემდეგ კი გაეროს გენერალური ასამბლეა – აშშ-ში. თუ ამ დაძაბულ გრაფიკში გამოვნახავთ შესაძლებლობას, პუტინს აუცილებლად პირისპირ შევხვდები”, – განაცხადა ერდოღანმა.

“კელი დეგნანისგან ელექტრონულ არჩევნებზე აუგის თქმა არის შარლ მიშელის შეურაცხყოფა” – ზურაბ ქადაგიძე

„ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის მიერ ელექტრონული არჩევნების წესთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას აფასებს.

„ყველაფერს რომ თავი დავანებოთ!!!!! სულ ყველაფერი რომ გვერდზე გადავდოთ!!!! კელი დეგნანისგან ელექტრონულ არჩევნებზე აუგის თქმა არის შარლ მიშელის შეურაცხყოფა და თავს ლაფის დასხმა, რამეთუ ელექტრონული არჩევნების წესი სწორედ რომ 19 აპრილის შეთანხმებაში ჩაიწერა!!!!!”, – წერს ზურაბ ქადაგიძე Facebook-ზე.

“საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ”

საჭიროა, რომ ევროკავშირის წევრობის ასპირანტი ქვეყნები ევროკავშირთან უფრო სწრაფად დავაახლოოთ, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენი ათენში ჩავიდა, სადაც ის ევროკავშირის სხვა მაღალჩინოსნებთან და ბალკანეთის სახელმწიფოების ლიდერებთან ერთად, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიერ ორგანიზებულ არაფორმალურ შეხვედრას დაესწრება.

მოლაპარაკებების მთავარი თემა ბალკანეთის ქვეყნების ევროპული ინტეგრაცია იქნება.

„მიხარია ათენში რომ ვარ, რათა განვიხილოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთ ბალკანეთში ჩვენი მეზობლებისა და პარტნიორების ევროპული პერსპექტივა. ჩვენ გავაგრძელებთ ბარიერების მოხნას ჩვენს რეგიონებს შორის“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

უკრაინული მედია წერს, რომ ათენში ასევე ელოდებიან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, სადაც ის საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის მიწვევით ჩავა.

“ბევრს არ დაგვწყდება გული კელი დეგნანის წასვლით” – გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის ინტერვიუს აფასებს, სადაც მან არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარებისას შესაძლო მანიპულაციებზე ისაუბრა.

აბაშიძის თქმით, ელჩს დიპლომატიური ხაზები არაერთხელ გადაუკვეთავს. მისი განმარტებით, დეგნანის განცხადებები პოლარიზაციის დაძლევასა და ამომრჩეველთა ხმების დათვლაზე ცინიკურია იმ ფონზე, როცა თავად აშშ-ში პოლარიზაციამ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია, ხოლო 2020 წლის არჩევნები ეუთო/ოდირმა ნეგატიურად შეაფასა.

„მოკლე კონტენტ-ანალიზი წარმავალი, დიპლომატიური ხაზებს მრავალჯერ გადაკვეთილი ელჩი კელი დეგნანის ინტერვიუდან:

“ვისურვებდი, მეტ პროგრესს ქართველების მიერ ღრმა პოლარიზაციის დაძლევის ხელშეწყობაში. ის არსებობდა მაშინაც, როცა აქ ჩამოვედი. ძალიან ღრმად პოლიტიზებული იყო თითქმის ყველა საკითხი”.

უხერხული და ცინიზმია აშშ-ის წარმომადგენლისგან საქართველოში არსებულ პოლარიზაციაზე ნოტაციები, როცა მის ქვეყანაში დაპირისპირებამ, პოლარიზაციამ, ოპონენტების პოლიტიკურმა დევნამ უპრეცედენტოდ არნახულ მასშტაბებს მიაღწია.

“ჩემი რჩევა უფრო ამომრჩევლებისთვის იქნებოდა განკუთვნილი: გამოდით და მიიღეთ მონაწილეობა არჩევნებში. უზრუნველყავით, რომ თქვენი ხმა იყოს გაგონილი და თქვენი არჩევანი – დათვლილი”.

რას ნიშნავს ამომრჩეველთა ხმების დათვლის უზრუნველყოფა? დეგნანი ცესკოს არ ენდობა თუ საარჩევნო პროცესებს, რომლებსაც ნეიტრალურმა საერთაშორისო შემფასებლებმა არაერთგზის დადებითი შეფასება მისცეს?! ხმების დათვლის უზრუნველყოფა ცესკოს მეტ ობსტრუქციას და პოლიციელებთან უფრო მწვავე დაპირისპირებას ხომ არ ნიშნავს? კვლაც უხერხული და ცინიზმია აშშ-ის ამ კონკრეტული წარმომადგენლისგან ჩვენი ბიულეტენების დათვლაზე საუბარი, როცა მისი ქვეყნის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ეუთო/ოდირმა უკიდურესად ნეგატიურად შეაფასა, ხოლო რიგმა ამერიკელმა პოლიტიკოსებმა პროცესს უწოდეს მესამე სამყაროს ქვეყნებზე უარესი.

ბევრს არ დაგვწყდება გული კელი დეგნანის წასვლით, რადგან მიკერძოებული და ანგაჟირებული სუბიექტი არცერთ ქვეყანაში იმსახურებს საყოველთაო სიმპათიას“, – წერს აბაშიძე Facebook-ზე.

“ეტყობა, სააკაშვილს პარტიულმა ადამიანებმა იმედები ვერ გაუმართლეს და ახლა სოფო ჯაფარიძეს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება” – გია ცაგარეიშვილი

ეტყობა, სააკაშვილს პარტიულმა ადამიანებმა იმედები ვერ გაუმართლეს და ახლა სოფო ჯაფარიძეს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება ქალაქებსა თუ სოფლებში, თავიდან ბოლომდე კომიკური სიტუაციაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

ცაგარეიშვილის თქმით, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობა დაკარგული აქვს თავისივე განცხადების საფუძველზე და მას არც აქტიურ და არც პასიურ პოლიტიკაში ჩართვის უფლება არ აქვს.

„ეტყობა, პატიმარი სააკაშვილის სულმა რეიკარნაცია განიცადა ქალბატონ სოფოში. ვერ გეტყვით, ეს რა პროცესია. ეტყობა, პარტიულმა ადამიანებმა ვერ გაუმართლეს იმედები ბატონ სააკაშვილს და ახლა კონკრეტულად ამ ადამიანს დაავალა თავისი ინტერესების გახმოვანება ქალაქებსა თუ სოფლებში. თავიდან ბოლომდე კომიკური სიტუაციაა და არავითარი შედეგის მომტანი ეს არ იქნება. დააკვირდით პატიმარი სააკაშვილის განცხადებების დინამიკას, შეიძლება, მომავალ კვირას გააკეთოს განცხადება, რომ ის არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას და უკრაინის მოქალაქეა, აუცილებლად დაეხსნება საპატიმროს, წავა უკრაინაში და გააგრძელებს პოლიტიკურ კარიერას. ერთი კვირა გაივლის და იტყვის, რომ მისი ადგილი აქ არის, ეს არის მისი ჯვარი და მისია. გავა ერთი თვე და იტყვის, არა, ისევ უკრაინაში ხედავს თავის თავს ოდესის გუბერნატორად ან რომელიმე სახლის სახურავზე მორბენალი. შემდეგ იტყვის, რომ არა, საქართველოში უნდა მას პოლიტიკური კარიერის გაგრძელება. ეს პოლიტიკური მეტეორიზმი მუდმივად ხდება მის თავს. ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროს, უნდა ქალბატონმა სოფომ იაროს კარდაკარ, უნდა ხაბეიშვილმა, უნდა რომელიმე სხვა ლიდერმა იაროს. ეს მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ პოლიტიკაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქეს. ისიც თავიდან ბოლომდე მანიპულაცია და სიყალბეა, რასაც მისი მშობელიც ავრცელებს და თავად ეს ვაჟბატონიც ავრცელებს ხოლმე საპატიმროდან, როდესაც ამბობს, რომ მე წამართვეს საქართველოს მოქალაქეობა. სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობა არავის წაურთმევია. პრეზიდენტ მარგველაშვილის პრეზიდენტობის დროს მას უნდოდა ოდესის გუბერნატორობა და გამორიცხული იყო, უკრაინის კანონმდებლობით უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაეკავა ადმინისტრაციული თანამდებობა და პოლიტიკური თანამდებობა უკრაინაში. ამიტომ მან გამოაგზავნა განცხადება, უარყო საქართველოს მოქალაქეობა, მიიღო უკრაინის მოქალაქეობა და მყისიერად, ფაქტობრივად, მეორე დღეს დაინიშნა ოდესის გუბერნატორად. ახლა რატომ უნდა, შეთხზას რაღაც ლეგენდა, რომ თურმე ის არის დევნილი და მას მოქალაქეობა წაართვეს. არავის წაურთმევია მისთვის მოქალაქეობა. გამომდინარე აქედან, უნდა ქალბატონმა სოფომ იაროს, უნდა სხვამ იაროს ქალაქ-ქალაქ და სოფელ-სოფელ, ამ საქმიდან არაფერი გამოვა, რადგან ყოფილ პრეზიდენტს მოქალაქეობა დაკარგული აქვს თავისივე განცხადების საფუძველზე და მას არც აქტიურ და არც პასიურ პოლიტიკაში ჩართვის უფლება არ აქვს. ასეა ჩვენი კანონმდებლობით, ეს არის ევროპული სტანდარტით და ამას ყველა უნდა შეეგუოს“, – აღნიშნა გია ცაგარეიშვილმა.

სოფო ჯაფარიძემ დღეს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სახელით საარჩევნო კამპანიას იწყებს.

“ოპოზიცია გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული” – მამუკა მდინარაძე

ოპოზიცია, რომელიც არჩევნებამდე ერთი წლით ადრე არჩევნების დისკრედიტაციის კამპანიას თავისივე მოთხოვნილი და მხარდაჭერილი საკითხით იწყებს, გარდაუვალი მარცხისთვისაა განწირული როგორც არჩევნებში, ასევე ასეთ კამპანიებში, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

„უფრო კონკრეტულად:

1. ელექტრონული წესით არჩევნების ჩატარებას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების ელჩების გარდა (მათ შორის კელი დეგნანი), კატეგორიულად ითხოვდა რადიკალური ოპოზიცია, როდესაც შარლ მიშელის შეთანხმება იქმნებოდა. შესაბამისად შეთანხმებაში ეს დათქმა მოხვდა.2. შეთანხმების გარეშეც, წლებია ოპოზიცია ითხოვს არჩევნების დროს ელექტრონული სისტემით ხმის მიცემის შესაძლებლობას. უამრავი განცხადება და რეკომენდაციაა ამ თემაზე.
3. კანონში შევიტანეთ ცვლილება, რომელსაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი.
4. ელექტრონული არჩევნების დროს:
ა) არ იქნება დისტანციურად ხმის მიცემა!
ბ) ამომრჩეველი ხმას აძლევს საარჩევნო უბანზე, ელექტრონული აპარატის მეშვეობით, რომელიც არ არის მიერთებული ქსელთან!
გ) შედეგის გადაკონტროლება ხდება ბიულეტენების ხელით გადათვლით!
კითხვა: ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს მანიპულაცია, თუ აპარატი არც ქსელშია ჩართული, არც მოქალაქე აძლევს დისტანციურად ხმას და გადათვლა ხელითაც ხდება? თუ ვინმე მანიპულაციაზე მანიპულაციურად საუბრობს, ესეც უნდა ახსნას…
5. ცრუ ნარატივებით ნასაზრდოები, სასოწარკვეთილი პოლიტიკური ჯგუფები წინასწარვე ხვდებიან გარდაუვალ მარცხს. ამავდროულად იციან, რომელიმე მდიდარი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან პარალელური ხმის დათვლის მონაცემების გაყალბებას ან არჩევნების სხვა სახით მადისკრედიტირებელ, აგენტურულ სპეცოპერაციას აზრი აღარ ექნება.

შეიძლება მეხუთე სიმბოლური პუნქტი იყოს სწორი პასუხი, ყველაფერზე“, – წერს მამუკა მდინარაძე.