Home Blog Page 1623

პრემიერის ინფორმაციით, სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოებში თავდაცვის ძალებიც ჩაერთვებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში, სამძებრო-სამაშველო ღონისძიებებში მაშველებთან ერთად თავდაცვის ძალებიც ჩაერთვებიან.

„მაშველებთან ერთად ამ პროცესში ჩაერთვება ჩვენი ჯარი, თავდაცვის ძალები. თავიანთი სპეცსაშუალებებით ჩამოვლენ და მიეხმარებიან მაშველებს, რომ აქტიური ძიება გაგრძელდეს. მე თავად, პარლამენტის თავმჯდომარესთან და ჩვენს მინისტრებთან ერთად ვნახე სტიქიის ზონა და შეგიძლიათ, ნახოთ კადრები, რა მძიმე ვითარებაა. უზარმაზარი ტალახის მასით დაფარულია კოტეჯები. ძალიან მძიმე ვითარებაა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული

შოვში, სტიქიის ზონაში ამ დროისთვის შვიდი ადამიანის დაღუპვაა დადასტურებული.

ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

სტიქიის ზონაში დაღუპული ორი ადამიანი მაშველებმა გუშინ იპოვეს, დღეს დილით კი, კიდევ ხუთი ადამიანი.

ონის მუნიციპალიტეტში მეორე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიება, რომელშიც ჩართული არიან 400-მდე მეხანძრე-მაშველი და  შსს-ს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები. დღეს, 06:00 საათიდან სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი ჩაერთო, ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკაც.

საქართველოში 7 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათს გლოვის დღედ გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა მსჯელობა დღეს და შაბათ-კვირას გაგრძელდება აქტიური მუშაობა და ჩვენი გადაწყვეტილებით, ორშაბათი გამოცხადდება გლოვის დღედ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში შვიდი ადამიანის გარდაცვალებაა დადასტურებული.

“ვუსამძიმრებთ შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს” – საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია

ევროკავშირის დელეგაცია უსამძიმრებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოში ევროკავშირის დელეგაცია სამძიმარს უცხადებს შოვში გამანადგურებელი მეწყრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მიმდინარე სამაშველო და საევაკუაციო ოპერაციას, ვიმედოვნებთ, სტიქიის ზონაში დაკარგული და ჩარჩენილი ადამიანები უვნებლად დაბრუნდებიან სახლებში“, – ნათქვამია ევროკავშირის დელეგაციის განცხადებაში.

“თითქოს ვიცით, რომ უსამშობლო არარაობები არიან, მაგრამ მსგავსი ტრაგედიების დროს, მათგანაც კი ველით თითქოს ადამიანობას, მაგრამ არა” – თამთა მეგრელიშვილი “ნაციონალურ მოძრაობაზე“

სრულიად გაოგნებული ვარ „ნაცმოძრაობის“ და მათი პროპაგანდისტების მიერ, ამ წარმოუდგენელი სტიქიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების მცდელობის შემყურე – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი facebook – ზე.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, თითქოს ვიცით, რომ უსამშობლო არარაობები არიან, მაგრამ მსგავსი ტრაგედიების დროს, მათგანაც კი ველით თითქოს ადამიანობას.

„სრულიად გაოგნებული ვარ ნაცმოძრაობის და მათი პროპაგანდისტების მიერ, ამ წარმოუდგენელი სტიქიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების მცდელობის შემყურე. თითქოს ვიცით, რომ უსამშობლო არარაობები არიან, მაგრამ მსგავსი ტრაგედიების დროს, მათგანაც კი ველით თითქოს ადამიანობას, მაგრამ არა…

ამ დროს ვერ ვხვდები – უნდა გავბრაზდე თუ უბრალოდ უნდა გავატარო ამ უსამშობლოების სვავობა?“ – წერს მეგრელიშვილი facebook – ზე.

“უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა” – რუსეთის თავდაცვის სამინისტრო

ღამით უკრაინამ რუსეთის საზღვაო ბაზაზე თავდასხმა სცადა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ტელეგრამის“ არხის ცნობით, რუსულმა გემებმა გაანადგურეს უკრაინის საზღვაო ძალების ორი უპილოტო ნავი, რომლებიც ცდილობდნენ თავდასხმას ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე.

„ღამით უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ნოვოროსიისკის საზღვაო ბაზაზე ორი საზღვაო უპილოტო ნავით  შეტევა სცადეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ნოვოროსიისკის პორტმა დროებით აკრძალა გემების მოძრაობა.

ირაკლი ღარიბაშვილი და შალვა პაპუაშვილი ონიდან შოვში გაემგზავრნენ, სადაც ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ონიდან შოვისკენ მიემართებიან.

ირაკლი ღარიბაშვილმა და შალვა პაპუაშვილმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შტაბში თათბირი გამართეს. მათ შტაბის წევრებისგან მიმდინარე სამაშველო სამუშაოებისა და მოქალაქეების საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ისინი შოვში სასაზღვრო ვერტმფრენით გაფრინდებიან და ადგილზე არსებულ ვითარებას გაეცნობიან.

“მიტინგების დაშლისთვის როდესაც მილიონი ლარის საშუალებებია შეძენილი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანთა გადარჩენისთვის სპეცტექნიკის შეძენა?”

ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის დრო, მაგრამ ასევე ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რომელზეც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, პაატა მანჯგალაძემ სტიქიის ზონაში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„აქ სიტყვები უძლურია, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, გვიწევს ამაზე საუბარი. კიდევ უამრავი ადამიანი რჩება სტიქიის ზონაში. მინდა, ეს ადამიანები ძალიან მალე ვიხილო სამშვიდობოს. ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის, ჩასაფრების დრო, მაგრამ ასევე ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რომელზეც აუცილებლად ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი. მთავარი საკითხი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის არის: მაშინ, როდესაც 11 წლის განმავლობაში მიტინგების დაშლისთვის ათობით მილიონი ლარის თანამედროვე საშუალებებია შეძენილი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. დღეს და ხვალ არ გვჭირდება პასუხები, ახლა ხალხს მიხედონ, მაგრამ ამაზე აუცილებლად უნდა დაისაჯოს პასუხისმგებელი პირი. სახელმწიფო არის შექმნილი ადამიანისთვის, ადამიანი და მოქალაქე არის მთავარი საზრუნავი.

როდესაც მოხდა თბილისში დატბორვა, მაშინაც ვსაუბრობდით, რომ არ ჰქონდათ სპეციალური საშუალებები, რომელიც ღამით შეძლებდა ადამიანების სტიქიის ზონიდან გამოყვანას. შემდეგ ჩამოვარდა სასაზღვრო სამსახურის სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც 50 წლის იყო. მაშინვე დაისვა საკითხო ჩვენი მხრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრს არაერთი კითხვა გავუგზავნეთ და მათი ინფორმაციით, დღესაც სამ ვერტმფრენს ელოდებიან საფრანგეთიდან, რომელიც დღემდე არაა შეძენილი. ეს არის დაუდევრობა, ეს არის დანაშაული. ახლა არაა ამაზე საუბრის დრო და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებას მივაქცევთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს

რაჭაში, შოვის სტიქიის სალიკვიდაციო საგანგებო შტაბის სხდომა მიმდინარეობს. თათბირს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

არსებული ინფორმაციით, საგანგებო შტაბის სხდომას მათ შორის, ასევე ესწრება ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე.

მედიისთვის განცხადებები სხდომის დასრულების შემდეგ გაკეთდება.

“ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა” – გიორგი ცუცქირიძე

როდესაც მაღალ საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, მას თუ ვინმე უწყობს ხელს, პირველ რიგში ეს არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მედია საშუალებების საინფორმაციო ბადე, სადაც მიდის მტყუან-მართლის გარჩევის მცდელობა, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და ხელისუფლების კრიტიკა, უხვად გაჯერებული მანიპულაციებით და უკვე მომხდარზე ნიშნისმოგებით საუბარი. როდესაც ვნებები დაცხრება ხოლმე, ამ პოლიტიკურად აჟიტირებულ ადამიანებს რატომღაც აღარც კი ახსოვთ, რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია რომ არ განმეორდეს, – წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე.

მისი თქმით, ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ამ ტიპის ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ამიტომაც აგებს ყველა დონის არჩევნებს და კიდევ დიდხანს მოუწევს ამის შეგუება.

როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, ახლა რომ გაჰკივიან ვერტმფრენებზე და მფრინავებზე, ოპოზიციას ერთხელ მაინც თუ დაუსვამს საპარლამენტო ტრიბუნიდან საკითხი, თუნდაც ათი წლის წინანდელი თბილისური ტრაგედიიდან რა გაკეთდა პრევენციის მიზნით, იქნება ეს დამცავი ჯებირების მშენებლობა, სამაშველო სამსახურის გაძლიერება თუ ტექნიკური აღჭურვა,

„როდესაც ამ სახის სტიქიური უბედურებები ხდება, რასაც თან სდევს ადამიანთა ტრაგედიები, კადრები ან უკომენტაროდ გადის ან კომენტარს მაღალკვალიფიციური ექსპერტები აკეთებენ. ამ კომენტარების მიზანიც გარდა საზოგადოებრივი ინფორმირებულობისა, უკეთესი გამოსავლის ძიებისაკენ არის მიმართული დამატებით თუ რა შეიძლება გაკეთდეს ადამიანთა დასახმარებლად და ზოგადადაც სოციალური ფონის დაწყნარებას ემსახურება. ეს არის დაუწერელი კანონი, პირველ რიგში ეს ევროპის სახელმწიფოებზე ითქმის. ანალიზი და მომხდარის შეფასება შემდეგ ხდება, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია რომ არ განმეორდეს.

სამწუხაროდ, საქართველოში არის ყველაფერი ემოციების დონეზე და პირიქით. როდესაც მაღალ საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე ვსაუბრობთ, მას თუ ვინმე უწყობს ხელს, პირველ რიგში ეს არის ოპოზიციის რადიკალური ნაწილის და მათი მედია საშუალებების საინფორმაციო ბადე, სადაც მიდის მტყუან-მართლის გარჩევის მცდელობა, პოლიტიკური ქულების დაწერის მცდელობა და ხელისუფლების კრიტიკა, უხვად გაჯერებული მანიპულაციებით და უკვე მომხდარზე ნიშნისმოგებით საუბარი. ამ პოლიტიკურად აჟიტირებულო ადამიანებს თუ რა უნდა გაკეთებულიყო და რა უნდა გაკეთდეს მომავალში იგივე ტრაგედია, რომ არ განმეორდეს, რატომღაც აღარც კი ახსოვთ როდესაც ვნებები დაცხრება ხოლმე.

ერთხელ მაინც თუ დაუსვამს ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან საკითხი თუნდაც ათი წლის წინანდელი თბილისური ტრაგედიიდან რა გაკეთდა პრევენციის მიზნით, იქნება ეს დამცავი ჯებირების მშენებლობა, სამაშველო სამსახურის გაძლიერება თუ ტექნიკური აღჭურვა, ახლა რომ გაჰკივიან ვერტმფრენებზე და მფრინავებზე.

ოპოზიცია, რომელიც დღის წესრიგს ამ ტიპის ისტერიაზე და ქულების დაწერაზე აგებს, ვერასდროს გახდება ხელისუფლების ალტერნატივა, ამიტომაც აგებს ყველა დონის არჩევნებს და კიდევ დიდხანს მოუწევს ამის შეგუება“, – წერს გიორგი ცუცქირიძე Facebook-ზე.

“რაჭაში რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია” – მაია ბითაძე

რაჭაში ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია, პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე განაცხადა.

როგორც მაი ბითაძემ აღნიშნა, ერთად ამოქმედებულმა ბუნებრივმა პროცესებმა გამოიწვია ის კატასტროფული შედეგი, რომლის გამოც არის ტრაგიკული მდგომარეობა, დაღუპული ადამიანები, განადგურებული ინფრასტრუქტურა.

„ვუსამძიმრებ იმ ადამიანების ოჯახებს, ვინც ახლობლები დაკარგეს. იმედს გამოვთქვამ, რომ ვინც ამ დროისთვის დაკარგულად ითვლება, გამოჩნდება და დაუბრუნდება თავის ოჯახს. დღეს დილიდან როგორც კი გათენდა, გეოლოგები ადგილზე არიან, ტერიტორია მოინახულეს. პირველი, რისი დადასტურებაც შეიძლება არის ის, რომ ამ ეტაპზე განმეორების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ერთმანეთს რამდენიმე ბუნებრივი მოვლენა დაემთხვა, რამაც პრაქტიკულად უპრეცედენტო მასის ჩამოწოლა გამოიწვია. ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი, ეროზიული პროცესები, რაც კლიმატის ცვლილებების პარალელურად ვითარდება მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში. ასევე იყო ღვარცოფი, მყინვარწვერების დნობა და მეწყერი. დაახლოებით ორი კილომეტრამდე ტერიტორია ხუთ მილიონამდე კუბი ინერტული მასით არის დაფარული. ყველამ მოვლენამ ის საგანგაშო მდგომარეობა შექმნა, რასაც გუშინდელი დღიდან მთელი ქვეყანა აქტიურად ებრძვის. ვინც გუშინ მთელი დღე ცდილობდა, რომ ეს უდიდესი უბედურება რაღაც პოლიტიკურ აქტივად გადაექცია, არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში. გიორგი ვაშაძეა ის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოს მსგავსი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რათა დააკვირდეს, როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს“, – განაცხადა ბითაძემ.

მისივე თქმით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონიტორინგის დაკვირვების ქსელის.

„საქართველოს საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს ორი რადარი გვაქვს. არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება შეუძლებელია. არის კლიმატის ცვლილება. რაჭაში 90-იან წლებში მომხდარი მიწისძვრის გარდა, ასეთი ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა. უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში, რაც არის კლიმატის ცვლილება. ამაზე საუბარი დღეს უდროაა, მაგრამ ჩვენი ხელისუფლების დროს მაქსიმალურად ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ინსტრუმენტალური აღჭურვილობა გვქონდეს პროგნოზირებისთვის. ეს პროგნოზირება გარკვეულ მოვლენებს აზღვევს, მაგრამ არის მოვლენები, როცა მისი დაზღვევა, როგორც მიწისძვრის, პრაქტიკულად შეუძლებელია. სპეციალური გეოლოგიური რუკები არსებობს და გუშინ საუბარი იყო ნებართვების გაცემაზე. როცა კლიმატის ცვლილებაზე ვსაუბრობთ, ეს აბსტრაქცია არ არის და მთელი მსოფლიო არ გაგიჟებულა, რომ მაინც და მაინც კლიმატის ცვლილებას აკავშირებს ეკონომიკას და უსაფრთხოებას. ეს რატომ ხდება? იმიტომ, რომ მსოფლიოში მიმდინარე პროცესები იწვევს ეროზიულ პროცესებს, დათბობას, კლიმატის ცვლილებებს, ქარებს. ბუნება შეიცვალა და ამას უნდა შევეგუოთ. რაჭაში კოტეჯები არის ჯერ კიდევ კომუნისტების დროს აშენებული. კოტეჯებზე ნებართვები ძველი გაცემული იყო. სად მოხდება მიწისძვრა და სად დაემთხვევა ხუთი მოვლენა ერთმანეთს, ამის პროგნოზი შეუძლებელია“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

მისივე თქმით, ხუთი ბუნებრივი მოვლენა ერთად რომ ამოქმედდებოდა, ეს გამოწვეულია ქანების ეროზიით და მყინვარების დნობით, რაც პირდაპირ კავშირშია კლიმატის ცვლილებასთან.

„კვლევები მოგვეპოვება, რაც აჩვენებს, რომ მყინვარები ინტენსიურად დნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ვაპირებთ, სახელმწიფოში მომზადებული გეოლოგიური რუკები საფუძვლად დავუდოთ ყველა სამშენებლო ნებართვას მიუხედავად იმისა, რომ დღეს, სამშენებლო ნებართვების გაცემის დროს, იქ, სადაც გეოლოგიური რუკები უკვე არსებობს, ეს საფუძვლად ედება მშენებლობას. ამ ფერდზე, სადაც პროცესები წარიმართა, ხის ჭრის მასიური მოვლენა არ დაფიქსირებულა“, – განაცხადა მაია ბითაძემ.

“შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს” – პატრიარქი

მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს – რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია,- ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართვაშია ნათქვამი, რომელიც შოვში, სტიქიის ზონაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

პატრიარქი მწუხარებას გამოთქვამს გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო.

„მთელი ჩვენი მოსახლეობა და ჩვენც შეშფოთებით ვადევნებთ თვალს რაჭაში გუშინ მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად განვითარებულ მოვლენებს და, ბუნებრივია, პირველ რიგში, დიდად ვწუხვართ გარდაცვლილთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა გამო.

რა თქმა უნდა, მორწმუნენი ლოცვით შეწევნას გუშინდელი დღიდანვე აღავლენენ, მაგრამ ათეულობით ადამიანის მდგომარეობა კვლავ გაურკვეველია.

ამიტომაც გთხოვთ ყველას, მათ დასახმარებლად 12-ჯერ ვთქვათ: ,,მოწყალებისა კარი განგვიღე, კურთხეულო ღვთისმშობელო, რათა რომელნი ესე შენ გესავთ, არა დავეცნეთ, არამედ განვერნეთ წინააღმდგომთა მტერთაგან, რამეთუ შენ ხარ ცხოვრება ნათესავისა ქრისტიანეთასა” ამინ! ასევე, ერთხელ 90-ე და 50-ე ფსალმუნი.

ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს საქართველო და ყოველნი მკვიდრნი მას შინა“,- აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში, რომელსაც საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

ცნობისთვის, შოვში, მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიის ზონიდან, ამ დროისთვის, 210 ადამიანია გამოყვანილი, გარდაცვლილია 6 პირი.