“მიტინგების დაშლისთვის როდესაც მილიონი ლარის საშუალებებია შეძენილი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანთა გადარჩენისთვის სპეცტექნიკის შეძენა?”

spot_img

ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის დრო, მაგრამ ასევე ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რომელზეც ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა გასცეს პასუხი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა?, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, პაატა მანჯგალაძემ სტიქიის ზონაში გარდაცვლილი ადამიანების ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

„აქ სიტყვები უძლურია, მაგრამ ჩვენ, სამწუხაროდ, გვიწევს ამაზე საუბარი. კიდევ უამრავი ადამიანი რჩება სტიქიის ზონაში. მინდა, ეს ადამიანები ძალიან მალე ვიხილო სამშვიდობოს. ახლა არ არის ერთმანეთთან ნიშნის მოგებით საუბრის, ჩასაფრების დრო, მაგრამ ასევე ვერ ვიქნებით ჩუმად იმ საკითხებზე, რომელზეც აუცილებლად ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი. მთავარი საკითხი ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის არის: მაშინ, როდესაც 11 წლის განმავლობაში მიტინგების დაშლისთვის ათობით მილიონი ლარის თანამედროვე საშუალებებია შეძენილი, რატომ ვერ მოხერხდა ადამიანების გადარჩენისთვის სპეციალური ტექნიკის შეძენა? ეს არის მთავარი კითხვა, რომელსაც უნდა უპასუხოს ღარიბაშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“. დღეს და ხვალ არ გვჭირდება პასუხები, ახლა ხალხს მიხედონ, მაგრამ ამაზე აუცილებლად უნდა დაისაჯოს პასუხისმგებელი პირი. სახელმწიფო არის შექმნილი ადამიანისთვის, ადამიანი და მოქალაქე არის მთავარი საზრუნავი.

როდესაც მოხდა თბილისში დატბორვა, მაშინაც ვსაუბრობდით, რომ არ ჰქონდათ სპეციალური საშუალებები, რომელიც ღამით შეძლებდა ადამიანების სტიქიის ზონიდან გამოყვანას. შემდეგ ჩამოვარდა სასაზღვრო სამსახურის სპეციალური ვერტმფრენი, რომელიც 50 წლის იყო. მაშინვე დაისვა საკითხო ჩვენი მხრიდან. შინაგან საქმეთა მინისტრს არაერთი კითხვა გავუგზავნეთ და მათი ინფორმაციით, დღესაც სამ ვერტმფრენს ელოდებიან საფრანგეთიდან, რომელიც დღემდე არაა შეძენილი. ეს არის დაუდევრობა, ეს არის დანაშაული. ახლა არაა ამაზე საუბრის დრო და რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ყურადღებას მივაქცევთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.