Home Blog Page 1601

“მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია” – ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია

რუსეთსა და საქართველოს შორის ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში პატივისცემას გამოხატავს ომის შედეგად დაზარალებულთა მიმართ, ჩვენ გვახსოვს დაკარგული სიცოცხლეები და სირთულეები, რომლებიც წილად ერგო მშვიდობიან მოსახლეობას, ჩვენი ფიქრები მიმართულია იმ ოჯახებისკენ, რომლებიც დღესაც განიცდიან მათი დანაკარგის ტკივილს, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მტკიცედ განაგრძობას ძალისხმევას, შექმნას ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის.

„მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ შეიარაღებული კონფლიქტების შედეგები გრძელვადიანია და შერიგებისა და აღდგენის გზა შეიძლება იყოს რთული. განსაკუთრებით, როგორც ცხელი ხაზის მექანიზმის მართვის განმახორციელებლები და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) დისკუსიების თანათავმჯდომარეები, ჩვენ ურყევად ვუჭერთ მხარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მოსაძიებლად კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემებისთვის სარგებლისმომტან ყველა ძალისხმევას, ამ წლისთავის აღვნიშვნისას, ჩვენი მისია კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში სტაბილურობის, მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობისადმი. როგორც მიუკერძოებელი სადამკვირვებლო მისია, ჩვენ უზრუნველვყოფთ ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ ადგილზე მუდმივ ყოფნას და გავაგრძელებთ ჩვენს საქმიანობას ნდობის აღდგენის მიმართულებით. ჩვენ მტკიცედ განვაგრძობთ ჩვენს ძალისხმევას, შევქმნათ ხელსაყრელი გარემო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

“საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს”- გრიგორი კარასინი

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა გრიგორი კარასინმა, რომელიც 2008 წელს, როგორც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებს კურირებდა, TASS-თან საუბარში განაცხადა, რომ „2008 წლის აგვისტოს მოვლენები სამხრეთ კავკასიაში არის ნათელი მაგალითი იმისა, თუ დასავლეთის მიერ ე.წ. ახალგაზრდა სახელმწიფოებში პოლიტიკურ წრეებში ე.წ. ფოკუსირებული ჯგუფების მეთოდური დამუშავება, ამ სახელმწიფოების და ზოგიერთი ლიდერის როგორ აგრესიულობას იწვევს არსებული პრობლემების გადაჭრის საკითხში და სხვისი წინადადებით მიღებული გადაწყვეტილებების ცდომილების გაცნობიერების პერიოდს როგორ ახანგრძლივებს“.

მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობდა „დაერღვია მშვიდობიანი რეგულირების ლოგიკა, დაემხო საერთაშორისო სამართალი და საკუთარი პოლიტიკური სიძლიერე გამოეჩინა“, მაგრამ „დამარცხდა ამ ავანტიურისტულ ომში“.

ფედერაციის საბჭოს კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, გასული პერიოდის განმავლობაში საქართველომ გაიარა „დასკვნების საკმაოდ მკაცრი სკოლა“.

„საქართველო ახლა შედარებით მშვიდი ცხოვრებით ცხოვრობს, ამყარებს კონსტრუქციულ ურთიერთობებს ყველა მეზობელთან, მისი კურსი პრაგმატულია საკუთარი ეკონომიკის განვითარებისკენ. თბილისში ხელისუფლება დაინტერესებულია რეგიონის სტაბილურობით, მონაწილეობს ე.წ. ჟენევის დისკუსიებში. ეს არის ძალიან კარგი, მომწიფებულია და კარგი შედეგების მომტანი. ეს არის აშკარა გაკვეთილი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მრავალი სხვა ქვეყნისთვისაც, რომლებიც ცდილობენ გააუმჯობესონ საკუთარი იმიჯი ნაციონალიზმზე დაყრდნობით და წარმოჩნდნენ დიდ ძალად“, – განაცხადა კარასინმა.

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 19 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 16 ადამიანს ეძებენ.

“ეს ომი საქართველოსათვის კატასტროფული იყო, თუმცა მას გლობალური მნიშვნელობა ჰქონდა” – დავით ზარდიაშვილი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

“თითქოს გუშინ იყო, მაგრამ უკვე 15 წელი შესრულდა აგვისტოს ომის დაწყებიდან. ეს ომი საქართველოსათვის კატასტროფული იყო, თუმცა მას გლობალური მნიშვნელობა ჰქონდა და დიდწილად განაპირობა დღევანდელი ტურბულენტობა; შექმნა ის დღევანდელობა, რასაც ბევრი “დიფუზას” უწოდებს და მეც ვიზიარებ ამ შეხედულებებს: საერთაშორისო წესრიგს, რომელიც ასე თუ ისე, ავად თუ კარგად მუშაობდა, საფუძველი გამოეცალა. ცხადია, 8 აგვისტო გარდამტეხ, კრიტიკულ მომენტს, რასაც “ბიფურკაციის წერტილს” ეძახიან, წარმოადგენდა. გლობალურად, 8 აგვისტომდე არსებობდა მოვლენათა განვითარების ორი გზა, გარემოებათა ორი შესაძლო ლოგიკა – ომი, უწესრიგობა, ტურბულენტობა, სამართლის ნგრევა და მეორე გზა – სამართალზე, სამართლიანობაზე, სიმართლეზე დაყრდნობით წესრიგისა და მშვიდობის შენარჩუნება; შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება? ეს კითხვა არა მხოლოდ საქართველოსათვის , არამედ, უფრო მეტადაც – მთელი მსოფლიოსთვის კატასტროფული ბედისწერის მთავარ საჭირბოროტო საკითხს უკავშირდება. როგორც დღეს ჩანს – არ შეიძლებოდა, რადგან მოხდა ის, რაც მოხდა: საერთაშორისო ურთიერთობებმა ამ ომით გადალახა ის მიჯნა, ის წითელი ხაზები, რამაც დღევანდელ “დიფუზურ” მდგომარეობამდე მიგვიყვანა და არც მომავალი გამოიყურება უკეთ: საუბედუროდ, უარესობა უფროა მოსალოდნელი, ვიდრე უკეთესობა.

ამ ომის შესახებ არსებობს ერთგვარი საერთაშორისო რეფლექსია – ოფიციალური დოკუმენტიც, ფაქტების დამდგენი მისიის, “ტალიავინის კომისიის” ვრცელი დასკვნა. ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს დასკვნა არ გახლავთ კონიუნქტურული (რის დამტკიცებასაც ამაოდ ცდილობენ), ობიექტურია, დადგენილ ფაქტებს ეყრდნობა და მოვლენები შეფასებულია მიუკერძოებლად, მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო სამართლის პოზიციით და შესაბამისი სამართლებრივი კრიტერიუმებით.

ვინც ამ დასკვნას იცნობთ, უნდა იზიარებდეთ შეხედულებას, რომ მას პრევენციული ხასიათი ჰქონდა: იგი აფრთხილებდა მხარეებს, რომ სამართლის ფეხს ქვეშ გათელვა, რამაც მიგვიყვანა აგვისტოს ომამდე, თუკი მხარეები სათანადო პასუხისმგებლობებს არ გამოიჩენდნენ და განაგრძობდნენ იგივე დაჟინებით სამართლისათვის ძირის გამოთხრას – გარდაუვლად გამოიწვევდა უარეს კატასტროფებს და მსოფლიოს შეიყვანდა ჩიხში. ისეთივე ჩიხში, როგორშიც მაშინ ყველაზე მეტად საქართველო აღმოჩნდა ამ ომის შედეგად.

ტლიავინის დასკვნის ერთ-ერთი მთავარი ღირსება ისაა, რომ აგვისტოს ომის გამო პასუხისმგებლობას, მათი ქცევის შესაბამისი დოზებით, აკისრებს ყველა მხარეს: რუსეთს იმიტომ, რომ სწორედ მან შექმნა წლების განმავლობაში სეპარატიზმის გაღვივებითა და აქტიური მხარდაჭერით საქართველოსათვის ეგზისტენციალური საფრთხე და მის მიზანს წარმოადგენდა ამ სეპარატიზმის გამოყენებით საქართველოზე მუდმივი ზეწოლა, მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის გამუდმებით სადავო საგნად გადაქცევა, რამაც შეუქცევად ესკალაციამდე და ბოლოს აგვისტოს ომამდე – რუსეთის სამხედრო აგრესიამდე, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციამდე და ამ ტერიტორიების სეცესიამდე, კვაზი-სახელმწიფოების ე.წ. დამოუკიდებლობის ცალმხრივ, უკანონო აღიარებამდე მიგვიყვანა; საქართველოს იმიტომ, რომ მან არ მიიღო სათანადო სამართლებრივი და დიპლომატიური ზომები ესკალაციის სხვაგვარად შესაჩერებლად და კონფლიქტის დემილიტარიზებულ ზონაში წამოიწყო შეტევითი სამხედრო ოპერაცია, რამაც იგი რუსეთთან ფართომასშტაბიან ომამდე მიიყვანა; საერთაშორისო თანამეგობრობას (უწინარესად დასავლეთსა და ნატოს, რომელიც იმ დროინდელი მსოფლიო წესრიგით ზიდავდა პასუხისმგებლობის უდიდეს ტვირთს საერთაშორისო სამართლისა და მშვიდობის უზრუნველყოფაზე) იმიტომ, რომ მან წლების განმავლობაში ვერ შეაჩერა და უარესიც, ყველა საშუალება დაუთმო რუსეთს, რათა სეპარატიმის მხარდაჭერითა და აქტიური გამოყენებით მუდმივი პრესის ქვეშ ჰყოლოდა საქართველო, რაც იყო კიდევაც – გარდაუვალი ესკალაციის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი.

საუბედუროდ, ეს დასკვნები “წერე და იკითხე” აღმოჩნდა მათთვის, ვისაც მისი აუცილებლად გათვალისწინება მართებდა. გაგრძელდა საერთაშორისო სამართლის, ზოგადად – სიმართლისა და სამართლიანობის, კიდევ უფრო ინტენსიურად ნგრევა, ხოლო 2014 წლის შემდგომ – გარდაუვალი გახდა ომი უკრაინაში.

დღეს მდგომარეობა სერიოზულად, რამდენიმე თანრიგით, ხარისხობრივად არის გაუარესებული: აგვისტოს ომის შეჩერება, მაშინ საერთაშორისო ძალისხმევით და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დე ფაქტო გაწირვის ხარჯზე, მოხერხდა. რეფლექსიისა და დასკვნების გამოსატანადაც ტალიავინის კომისია შეიქმნა. სწორი დასკვნებიც იქნა გამოტანილი, მაგრამ: კვლავაც ისევე და უარესადაც უგულებელყოფილი, როგორც მანამდე საერტაშორისო სამართალი, რამაც ის აგვისტოს ომი განაპირობა. ახლა – არანაირი პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს, რეფლექსიაც არ შეინიშნება, რომ სამართალზე, სამართლიანობასა და სიმართლეზე დაყრდნობით მოხერხდეს ჯერ ესკალაციის შეჩერება და შემდგომ, საერთაშორისო წესრიგის აღდგენა. კატასტროფა, რაც მოსალოდნელია, კიდევ უარესად მასშტაბური შეიძლება აღმოჩნდეს, რადგან ამ კონფლიქტში მონაწილე მხარეთაგან არავინაა – არც რუსეთი, არც უკრაინა და არც საერთაშორისო თანამეგობრობა, უწინარესად – არც დასავლეთი მზად ობიექტურად შეაფასოს ვითარება და თვალი გაუსწოროს სიმართლეს, როგორც ეს ტალიავინის კომისიამ გააკეთა. ამიტომ: 15 წლის წინ დაწყებული კატასტროფა მისი გაღრმავების კრიტიკულ სტადიაზეა.

“შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არა, 3 საათში მივიდა – 1 საათი ფრენას უნდა”

შოვში ვერტმფრენი 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, 3 საათში მივიდა. 1 საათი ფრენას უნდა, შეტყობინების შემდეგ გადამოწმება სჭირდება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი, ზუსტად ამ პერიოდით, სულ რაღაც, 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მან ასევე ისაუბრა ადრეული გაფრთხილების სისტემებთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი, ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ არ იყო აღნიშნული მოწყობილობა შოვში დარიალის ხეობის მსგავსად დამონტაჟებული, პაპუაშვილმა ასე უპასუხა: „რამდენადაც ვიცი, დარიალში არ ყოფილა შემთხვევა, რომ მისი ამუშავება საჭირო ყოფილიყო“.

„მას შემდეგ, რაც დევდორაკის მყინვარზე იყო ბუნებრივი კატასტროფა, გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ამ სისტემით დაიფაროს მთლიანად საქართველო. 200-მდე სხვადასხვა ასეთი სახის მოწყობილობა იქნა შეძენილი და ის მონტაჟდება საჭიროების განსაზღვრის მიხედვით, დღეს, ეს დარიალის ხეობაში, თბილისში – ვერეს ხეობაშია დამონტაჟებული და ეტაპობრივად მიდის, შეიძლება, 3 წელი არ ეყოს მთლიანად დაფარვას, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ეს არის ნაწილი პოლიტიკისა, რომელიც ჩვენს მთავრობას აქვს. 200 ასეთი მოწყობილობა უკვე შეძენილია და მისი დამონტაჟება მიდის, რასაც გარკვეული დრო სჭირდება, გარდა ამისა, სარადარო სისტემა, რომელიც მთლიანად მოშლილი იყო, აღდგენილია, 2 რადარია დაყენებული, რომელიც ფარავს საქართველოს და იძლევა ინფორმაციას ამინდთან და სხვადასხვა ბუნებრივ მოვლენებთან დაკავშირებით. გასაგებია, რომ სურვილი იყო, 2-3 წელიწადში ყოფილიყო ეს ყველაფერი, მაგრამ დრო სჭირდება, ვინაიდან ეს ტექნიკურად რთული საკითხებია. ამას გარდა, მნიშვნელოვანია არა სპონტანურად მონტაჟი სხვადასხვა ადგილას, არამედ, საჭიროებს მიხედვით მონტაჟი და პრიორიტეტების განსაზღვრა.

ვინ თქვა, რომ ეს წინასწარ შეტყობინების მოწყობილობები მწყობრიდან არის გამოსული? სამწუხაროდ, ამ კრიტიკულ, კრიზისულ მომენტში, როცა მნიშვნელოვანია მობილიზება, თანადგომა, გადამოწმებული ინფორმაციის გაშვება, სამწუხაროდ, ფაქტობრივად, საინფორმაციო შეტევის ქვეშ იყო საქართველო და დღეს, ბოდიშების მოხდა უწევთ ხან, კახა კალაძესთან დაკავშირებულ საკითხებზე, ხან დღვიორასთან დაკავშირებულ საკითხზე, თითქოს, გარემოს სააგენტოს ანალიზი იყო, რომელიც აჩვენებდა, რომ იმ ხეობაში მოსალოდნელი იყო ღვარცოფი, სინამდვილეში ტყუილი იყო…რამდენჯერმე მივმართე „მწვანე ალტერნატივას“, რომ ტყუილის უარყოფა გაეკეთებინათ, სამწუხაროდ, თითი თითზე არ დააკარეს და ეს ტყუილი შეინარჩუნეს… გასაგებია, რომ ხალხმა გეოლოგია არ იცის, მაგრამ გეოგრაფია მაინც ხომ უნდა ისწავლოს ადამიანმა, არა?“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კითხვაზე, რისკების შესაფასებლად გაკეთდა თუ არა მაქსიმუმი, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ გეოლოგების და სხვადასხვა ექსპერტების დასკვნა, მათ შორის, დამოუკიდებელი ექსპერტების, ყველა თანხმდება ერთ შეფასებაში.

„საქართველოში გვყავს ერთი-ორი გეოლოგია, თუ ვინაა პროფესიით, არ ვიცი, ვინც იმ დღეებში ტელევიზორში ხშირად ჩანდა, განსაკუთრებით, ერთი ქალბატონი, გვყავს ერთი-ორი ასეთი ადამიანი, რომელიც კრიზისის დროს პანიკას ტეხს აბსოლუტური ტყუილით. აბსოლუტური ტყუილი იყო, რასაც ის ამბობდა, თითქოს, 2 დღის განმავლობაში დაგუბება იყო იქ, ამას ამბობდა, „მთის ამბებიც“, რომ თითქოს, 2 დღე წყალი არ მოდიოდა ბუბას ხეობაში, რაც ასევე ტყუილი იყო, მეცნიერულად დასტურდება, სენსორია ჭანჭახზე დაყენებული, რომლის შენაკადიც არის მდინარე ბუბა. თვის მონაცემები მეც ვნახე, არანაირი ცვლილება 3 აგვისტომდე წყალთან დაკავშირებით დაფიქსირებული არ არის. ამიტომ ეს იყო ტყუილი, რომელსაც მეორე ტყუილი დაემატა, თითქოს, ზემოთ რაღაც გუბდებოდა და ღია ტბა იყო, ეს აბსოლუტური ტყუილი ვრცელდებოდა კრიზისის დროს, ეს არის ჩვეულებრივი საბოტაჟი და ქვეყნისთვის ზურგში დანის ჩარტყმა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, „ყველა ამოცანა, რომელიც დასახული იყო სამაშველო სამსახურების მხრიდან, შესრულდა.

„ვერტმფრენი იყო იქ, 3 საათის დაგვიანებით კი არ მივიდა, 3 საათში მივიდა ვერტმფრენი, 1 საათი უნდა ფრენას, შეტყობინების შემდეგ სჭირდება გადამოწმება, რა ტექნიკაა საჭირო, ამის შემდეგ, ტექნიკის მოსამზადებელი პერიოდია, მანქანა ხომ არ არის, დაქოქო და წახვიდე, მას სჭირდება მომზადების პერიოდი, ზუსტად ამ პერიოდით, სულ რაღაც, 3 საათში იყო ვერტმფრენი იქ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ჩვენი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როცა არ ყოფილა ომი” – ჯუანშერ ბურჭულაძე

ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო აგვისტოს ომი. ეს სენსიტიური საკითხია. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ატარებს მშვიდობიან პოლიტიკას და რეგიონში გამოწვევის მიუხედავად, ქვეყანაში კონფლიქტი არ ყოფილა.

„თქვენი კითხვა რაში მდგომარეობს, რას გულისხმობს, ვინმე ხომ არ ფიქრობს, რომ საქართველომ დაიწყო ომი? მთელი ცივილური სამყარო არ სვამს ამ კითხვას. ყოველ წელს თქვენ სვამთ კითხვას, ომი ვინ დაიწყოო. ჩვენ, მათ შორის თქვენი მთავრობა ომის თარიღს აღნიშნავდა 8-ში, განკარგულება არის გამოცემული 8-ში, ამიტომ ჩვენც აღვნიშნავთ 8-ში. თხოვნა მაქვს, ყოველ წელიწადს ნუ სვამთ კითხვას, ვინ დაიწყო ომი. ეს სენსიტიური საკითხია და კარგად დაფიქრდით, რა კითხვას სვამთ. ძალიან დიდი სხვაობაა ტერმინებს შორის – თავიდან ვერ აიცილა და ომი დაიწყო. ჩვენი ხელისუფლების პერიოდი არის ერთადერთი დეკადა, როცა არ ყოფილა ომი. როგორ შეიძლებოდა აცილება? ჩვენ ვატარებთ მშვიდობიან პოლიტიკას, ორიენტირებული ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ რეგიონში არის უზარმაზარი გამოწვევა, არ ყოფილა კონფლიქტი“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

“თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი” – პრემიერი

ჩვენ შედეგით თუ ვიმსჯელებთ, მეგობრებო, თუ ვინმემ გააკეთა რუსეთის საქმე, ეს არის სააკაშვილი. შედეგით ვიმსჯელოთ და მხოლოდ შედეგით ვილაპარაკოთ. ახლა რაც შეეხება შედეგებს, 2008 წლის ომამდე, ომის დაწყებამდე, ჩვენს ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები არ იდგნენ. რუსულმა ჯარმა ოფიციალურად დატოვა ჩვენი ქვეყნის ტერიტორია 2007 წელს. შედეგი რაც მივიღეთ, ეს არის ოკუპაცია, ორი რეგიონის, ძირძველი ტერიტორიის ოკუპაცია, რუსული ჯარი გამაგრდა, ბაზები ააშენეს და ამას გარდა, გახსოვთ ევროპის საბჭოს ცნობილი რეზოლუცია. მე ძალიან გთხოვთ, თქვენ თუ გაქვთ 1 % ობიექტურობისა, აქვე მომეცით საჯაროდ პირობა, რომ ამ რეზოლუციის ჩანაწერს, მე-5 პუნქტს გაუშვებთ თქვენს ტელევიზიაში. დღეს კიდევ ერთხელ უნდა შეახსენოთ საზოგადოებას, როგორ მოღალატეობრივ რეზოლუციაზე მოაწერეს ხელი სააკაშვილის ხელისუფლებამ, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, რაც შეეხება თარიღებს, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს.
„რაც შეეხება თარიღებს, ასევე მინდა მოგიწოდოთ, „ფორმულა”, თქვენი მფლობელი იყო მაშინ მინისტრი, რომელიც ჯარმა ნახა გამოქცეული ბევრჯერ, გაქცეული და გამოქცეული საუბედუროდ და სამარცხვინოდ. თარიღებს რაც შეეხება, თქვენ შეგიძლიათ გაეცნოთ იმდროინდელი პრეზიდენტის ბრძანებას, სადაც პირდაპირ უწერია 8 აგვისტო, 2012 წლამდე 8 აგვისტოს აღნიშნავდნენ ოფიციალურად ომის დაწყების თარიღს. ასე არის, მეგობრებო? – კითხვას გისვამთ. მაშინ ესეც უნდა შეახსენოთ საზოგადოებას,”- განაცხადა პრემიერმა.

„ნაციონალური მოძრაობა“ 2013 წლის ჩათვლით ომის დაწყების თარიღს 8 აგვისტოს აღნიშნავდა და მერე გაიგეს თურმე, რომ 8 აგვისტო არა და 7 აგვისტოა”

8 აგვისტოს, ამ თარიღს აღნიშნავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები 2013 წლის ჩათვლით და მერე გაიგეს თურმე, რომ 8 აგვისტო არა და 7 აგვისტო. აქედან ჩანს, რომ ცდილობენ ყველაფერი გამოიყენონ სპეკულაციებისთვის. ცდილობენ ნებისმიერი საკითხი გამოიყენონ საზოგადოების გასახლეჩად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო.

„ნაციონალური მოძრაობისთვის“ 7-8 აგვისტო უნდა იყოს ის საკითხი, რომელმაც საზოგადოება უნდა გახლიჩოს. ეს არის მარტივი გათვლა და არის ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული გათვლები. წლების განმავლობაში თვითონ აღნიშნავდნენ 8 აგვისტოს და შემდეგ, 2013 წელს, იმის გამო, რომ სააკაშვილს ექმნებოდა უხერხულობა, ამის გამო გადაწყვიტეს რომ 7 აგვისტოს აღენიშნათ ეს თარიღი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 15 წელი გავიდა. 400-ზე მეტი დაღუპული, 2000-მდე დაჭრილი და იძულებით გადაადგილებული 130 000 ადამიანი – ეს რუსული აგრესიის შედეგია.

“პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ქედს ვიხრი მათ წინაშე, ჩვენი მთავარი ფუნქციაა, ყოველთვის გვერდით დავუდგეთ გმირების ოჯახებს” – ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე მივიდა და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

როგორც ბურჭულაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფოს მთავარი ფუნქციაა, გმირების ოჯახებს ყოველთვის გვერდით დაუდგეს.

„დღეს კიდევ ერთხელ ვიხსენებთ და პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს. 400-ზე მეტი მოქალაქე დაკარგა საქართველომ, მათ შორის 170-ზე მეტი იყო თავდაცვის ძალებიდან. კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი ჩვენი გმირების, მათი ოჯახების წინაშე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვართ შერცხვენილი ჩვენი გმირების ოჯახების წინაშე და როდესაც აქ მოვდივართ, კიდევ ერთხელ ვახსენებთ ყველას, რომ ჩვენი მთავარი ფუნქციაა, ყოველთვის გვერდით დავუდგეთ ჩვენს გმირებს და ჩვენი გმირების ოჯახს“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

მაშინდელმა ხელისუფლებამ ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით – შალვა პაპუაშვილი

ყოველი ხელისუფლება არის პასუხისმგებელი საკუთარი ხალხის წინაშე. აგრესორი საზღვრებთან ახლოს თუ საზღვრებიდან შორს ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში საქართველოს ყოველთვის ჰყოლია, ამიტომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, ჰქონდეს ისეთი პოლიტიკა, მათ შორის საერთაშორისო, რომელიც აარიდებს ქვეყანას აგრესიას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

მისივე თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით.

„უკრაინის საკითხი არის უკრაინის ხალხის და ხელისუფლების საკითხი. მე ვსაუბრობ საქართველოზე და ზოგად პრინციპზე. თავისთავად, არის საკითხები, რისი არიდებაც შეუძლებელია, როდესაც ქვეყანას აქვს აგრესიული საგარეო პოლიტიკა. რთულია, მას წინ აღუდგე, თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, მოინახოს ამის ინსტრუმენტები, თუნდაც ის, რომ საერთაშორისო უსაფრთხოების ალიანსში გაწევრიანების სახით და ა.შ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მათ შორის მაშინ, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, მიეღო ისეთივე მხარდაჭერა, რომელსაც დღეს იღებს უკრაინის ხელისუფლება. მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს ომი წააგო არა მხოლოდ სამხედრო თვალსაზრისით, არამედ, სამწუხაროდ, საერთაშორისო პოლიტიკის თვალსაზრისით. ჩვენ ვხედავთ, რა მხარდაჭერა აქვს უკრაინას და ჩვენ გვახსოვს მაშინდელი მხარდაჭერა რა იყო. სამწუხაროდ, ჩვენ მაშინ ვიყავით მარტო და ვიყავით პატარა, ამიტომაც დავმარცხდით. არ გვქონდა მაშინ არანაირი სამხედრო დახმარება, არ მიგვიღია. მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებს უნდა ჰკითხოთ, რა იყო ამის განმაპირობებელი, მაგრამ ფაქტი არის ფაქტი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“ბოლო კონტიგენტი რუსული ჯარის გავიდა ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა”

ეს ტრაგედია, ეს უბედურება, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, შედეგად რა მივიღეთ?! 20% არის დღეს ოკუპირებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მუხათგვერდში განაცხადა, სადაც აგვისტოს ომის მე-15 წლისთავთან დაკავშირებით დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

პრემიერის თქმით, გმირმა ოფიცრებმა იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან, საშინელი ღალატი.

„ის, რომ პასუხისმგებლობა იყო და არის ხელისუფლების, ნებისმიერი ხელისუფლების, რომ ყველაზე დიდი განსაცდელი რაც შეიძლება ქვეყანას მოევლინოს, ეს არის ომი. ომის პარტიამ და მოღალატეთა პარტიამ, მე არ მოვერიდები ამის თქმას იმიტომ, რომ მე ძალიან ბევრი რამ ვიცი, რაც თქვენ არ იცით, რაც ჩვენმა საზოგადოებამ არ იცის, სამწუხაროდ, ვუფრთხილდები რა ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, მე თავს ვიკავებ აი ამ ინფორმაციების გაჟღერებისგან, ისევ და ისევ, ერთადერთი მიზნის გამო, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები.
ახლა რაც შეეხება თქვენს კითხვას. ბუნებრივია, რომ ეს ტრაგედია, ეს უბედურება, ეს ომი მოხდა წინა ხელისუფლების დროს, წინა ხელისუფლებამ არაფერი არ გააკეთა, რომ ეს ომი თავიდან აეცილებინა ჩვენი ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, შედეგად რა მივიღეთ?! 20% არის დღეს ოკუპირებული, რუსული ჯარი გავიდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს მეგობრებო, ბოლო კონტიგენტი რუსული ჯარის გავიდა ქვეყნის ტერიტორიიდან 2007 წელს, ვინ გავაკრიტიკო და ვინ დავგმო თუ არა სამარცხვინო, მტრული ძალა, რომელიც მართავდა ჩვენს ქვეყანას, როცა რამდენიმე თვის შემდეგ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად შემოაბრუნა კიდევ უფრო მეტი მასშტაბით და აღარ მინდა ეხლა საუბარი გავაგრძელო, ჩვენმა გმირმა სამხედროებმა, ყველა სამხედრომ, მაშინდელი სამხედრო მმართველობა ვინც იყო, მე არ ვგულისხმობ რა თქმა უნდა, გენ შტაბის მეთაურს, იგი არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მე მასზე არ ვსაუბრობ, მაგრამ მმართველობა, სამხედრო მმართველობა, აი ეს გმირი ოფიცრები, მათ იბრძოლეს თავდადებით, აჩვენეს გმირობის მაგალითი, სამწუხაროდ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ჩაიდინა ომის დაწყების მომენტიდან, პირველივე წუთიდან, საშინელი ღალატი, საშინელი დეზორგანიზება”, – განაცხადა პრემიერმა.

“15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო” – დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 15 წლისთავს ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთი, როგორც 2008 წელს, მშვიდობას ახლაც თავისი პირობებით მიაღწევს.

ამის შესახებ მედვედევმა „ტელეგრამის“ პირად არხზე დაწერა.

„ზუსტად 15 წლის წინ რუსეთმა მტკიცედ უპასუხა ცხინვალზე განხორციელებულ საზარელ თავდასხმას, აგრესორი მკაცრად უკუაგდო. უტვინო სააკაშვილის უკან იდგა კოლექტიური დასავლეთი, რომელიც მაშინაც ცდილობდა სიტუაციის გაღვივებას რუსეთის საზღვრების უშუალო სიახლოვეს. ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა ხუთ დღეში სწრაფად და სასტიკად დასაჯეს თავხედი ნაციონალისტები. ჩვენ დავიცვათ ჩვენი ხალხი მტრისგან, რომელიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ცხოვრობდა. მათ ახალ სახელმწიფოებს რუსეთის მხარდაჭერით განვითარების შესაძლებლობა მისცეს.

შეერთებულ შტატებსა და მის ვასალებს მაშინ აშკარად არ ჰქონდათ საკმარისი გამოცდილება. დღეს ისევ არასწორი ხელებით აწარმოებენ კრიმინალურ ომს და ცდილობენ რუსეთის პირისაგან მიწისა მოსპობას. ნატო-ს მთელი სისტემა, პრაქტიკულად, ღიად იბრძვის ჩვენს წინააღმდეგ. ჩვენ გვაქვს საკმარისი ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ყველა ამოცანის გადასაჭრელად. როგორც 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი მტრები განადგურდებიან და რუსეთი მშვიდობას თავისი პირობებით მიაღწევს. გამარჯვება ჩვენი იქნება!“, – აცხადებს მედვედევი