Home Blog Page 1593

„ღაზას ჩრდილოეთით მხოლოდ რამდენიმე ათასი ტერორისტია დარჩენილი“ – იოავ გალანტი

ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტის განცხადებით, ღაზას სექტორის სამხრეთ ნაწილში ინტენსიური ბრძოლები გრძელდება და ჩრდილოეთით კი მხოლოდ რამდენიმე ათასი ტერორისტი რჩება.

„ჩრდილოეთით ჩვენ გავანადგურეთ „ჰამასის“ 12 ბატალიონი. ტერორისტები ჯერ კიდევ რჩებიან, ამ მხარეში მყოფი 15 000 ან 18 000-იდან რამდენიმე ათასია დარჩენილი. მათი დიდი ნაწილი განადგურებულია, დანარჩენები კი სამხრეთისკენ გაიქცნენ“, – აცხადებს გალანტი.

მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას ჩრდილოეთით უფრო მცირე მასშტაბის ოპერაციებს მანამ გააგრძელებენ, სანამ „ჰამასის“ უკანასკნელი მებრძოლიც არ განადგურდება.

„მიზანია მტრის გამოფიტვა, მისი ბოევიკების მოკვლა და იმ სიტუაციის მიღწევა, რომელშიც ჩვენ გავაკონტროლებთ ტერიტორიას“, – ამბობს ისრაელის თავდაცვის მინისტრი.

ვენეცია ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს

ვენეცია ტურისტებისთვის შეზღუდვებს აწესებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

იტალიის ქალაქში ტურისტულ ჯგუფებში 25-ზე მეტი ადამიანის დაშვება იკრძალება. ასევე იზღუდება აუდიოსისტემების გამოყენებაც.

ტურისტებს აეკრძალებათ ვიწრო ქუჩებსა და ხიდებზე გაჩერებაც. კანონის მთავარი მიზანი ქვეყანაში მასობრივი ტურიზმის თავიდან არიდება და ქალაქის განტვირთვაა. გარდა ამისა, ამით უკეთ იქნება დაცული როგორც ადგილობრივების, ასევე, ტურისტების უსაფრთხოება.

ვენეცია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასობრივად ტურისტული ქალაქია.

ახალი კანონი ძალაში ივლისიდან შევა.

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ტოკიოს აეროპორტში თვითმფრინავების შეჯახების შედეგად გაჩენილ ხანძარს 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

იაპონური მედია ადასტურებს, რომ ტოკიოს აეროპორტში იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა. ავიაკატასტროფის შედეგად სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ეკიპაჟის 5 წევრი დაიღუპა.

ორი თვითმფრინავი ერთმანეთს მას შემდეგ შეეჯახა, რაც იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს ჰანედას აეროპორტში დაეშვა.

ავიაკომპანიის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავში მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის წევრის ევაკუაცია განხორციელდა.

“2024 წლის დადგომასთან ერთად, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმები გრძელდება” – მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა უკრაინის ქალაქებზე რუსეთის მორიგი სარაკეტო თავდასხმები დაგმო.

„2024 წლის დადგომასთან ერთად, უკრაინის ქალაქებზე რუსეთის სასტიკი თავდასხმები, რომელიც სიკვდილსა და ნგრევას იწვევს, გრძელდება. მოლდოვა ამ აგრესიას კატეგორიულად გმობს და უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – წერს მაია სანდუ X-ზე.

მაია სანდუმ აღნიშნა, რომ ახლა უკრაინელებისთვის უცვლელი საერთაშორისო მხარდაჭერა გადამწყვეტია, რათა მათ თავიანთი სუვერენიტეტი და ხალხი დაიცვან.

თურქეთის შს მინისტრის განცხადებით, „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს

თურქეთში „მოსადის“ სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული 33 პირი დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიქაია ავრცელებს.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, ადგილობრივმა პოლიციამ საგამოძიებო სამუშაოები რვა პროვინციის 57 ლოკაციაზე ჩაატარა.

ალი იერლიქაიამ განაცხადა, რომ ეჭვმიტანილების მიზანი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების იდენტიფიცირება, მონიტორინგი, თავდასხმა და გატაცება იყო.

ისრაელის მხარეს დაკავებების შესახებ კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.

ასტროლოგი ზოდიაქოს სამ ნიშანს აფრთხილებს

ასტროლოგების პროგნოზით, 2024 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად მშვიდი და სტაბილური იქნება. მართალია, დრაკონს ძალიან არ უყვარს ფაციფუცი, არავის აპატიებს სულსწრაფობას და მოუთმენლობას, მაგრამ არც ზედმეტად გაზარმაცებას და უსაქმურობას მოიწონებს, რადგან მხოლოდ მათ უწყალობებს, ვინც სირთულეებს არ შეუშინდება და ყველა საქმეს გულდასმით შეასრულებს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

კარიერა – მართალია, თხის რქის ნიშნით დაბადებულთა უმეტესობა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადაწყვეტს გადაბარგებას, ამიტომ აქტიურად შეუდგება ახალი სამსახურის ძებნას, მაგრამ დრაკონი ნაკლებად მოიწონებს მის გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად შეაფერხებს ყველა წამოწყებას. უმჯობესია მოგზაურობა შემდეგი წლისთვის გადადოთ და ისევ ძველ სამსახურს დაუბრუნდეთ, სადაც მართალია, ნაკლებად გექნებათ განვითარებისა და დაწინაურების შანსი, მაგრამ სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებთ.

პირადი ცხოვრება – ნაკლებადაა მოსალოდნელი ცვლილებები თხის რქის პირად ცხოვრებაშიც, თუმცა, სასიამოვნო სიურპრიზი ელის მეუღლისა ან პარტნიორისგან,  რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად მაინც შეძლებს მის გაკვირვებას რომანტიკული ვახშმის მოწყობით. არ გაუმართლებთ არც მარტოხელა თხის რქებს, რადგან თავბრუდამხვევი რომანების მიუხედავად, მაინც ვერავისთან შეძლებენ სერიოზული ურთიერთობის გაბმას.

ფინანსები – სიფრთხილის გამოჩენა მართებს თხის რქას მთელი წლის განმავლობაში, რადგან ხარჯი უფრო მეტი ექნება, ვიდრე შემოსავალი. არაა გამორიცხული სოლიდური თანხის დახარჯვა მოუხდეს საკუთარი ან ახლობლების ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, დამატებითი შემოსავლის მოძიების შანსი კი, წლის მეორე ნახევარში ექნება და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორების მოძიებას და საკუთარი პროექტებით დაინტერესებას შეძლებს.

მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი)

კარიერა – მერწყულის ნიშნით დაბადებულებს დრაკონი არა მხოლოდ სერიოზულობის და პასუხისმგებლობის გამოჩენას, არამედ გამოფხიზლებას და აქტიურად მოქმედებასაც აიძულებს, რადგან კომფორტული სტაბილურობა, რომელიც სამსახურში მოიწყვეთ დიდი ხანია სტაგნაციას დაემსგავსა. დროა, გაიღვიძოთ და ხმამაღლა განაცხადოთ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, შეუდექით მუშაობას თებერვლის თვიდან და არ დაივიწყოთ პერიოდულად დერეფანში გასეირნება, რათა თავი შეახსენოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელებს.

პირადი ცხოვრება – დაწყვილებულ მერწყულებს მეტი ლოიალურობის გამოჩენა მართებთ, დროა ისწავლოთ პატიება და მისცეთ საყვარელ ადამიანს შეცდომების გამოსწორების შანსი, რადგან უშეცდომო არავინაა, მარტოხელა მერწყულებს კი, პარტნიორების მიმართ მოთხოვნების გრძელი სიის შემოკლება მოუწევთ, რადგან არც იდეალური ადამიანები არსებობენ.

ფინანსები – მართალია, მერწყული ხელგაშლილობით გამოირჩევა, მაგრამ 2024 წელს ფინანსების დაზოგვა მოუწევს, რადგან წლის მეორე ნახევარში სერიოზული კრიზისი დაემუქრება, მით უფრო, რომ ბევრი ეცდება ისარგებლოს მისი გულუბრყვილობით და გააბას ავანტიურულ მახეში.

თევზები (21 თებერვალი – 20 მარტი)

კარიერა – მეტი მონდომებისა და ენთუზიაზმის გამოჩენა მოუწევთ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, რადგან წლების განმავლობაში გაზარმაცებულებს, ძალიან გაუჭირდებათ მობილიზაცია და დრაკონის მიერ შეთავაზებული გამოწვევების დაძლევა. ნუ შეუშინდებით სიახლეებს, რადგან ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის ნეგატიურიც – გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ მომავალში. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, რადგან წლის ბოლოს ყველა გადადებული პროექტისთვის ერთად მოგთხოვენ პასუხს, ახალი და საინტერესო სამსახურის მოძიების შემთხვევაში კი, სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ძველს, რადგან სიახლე იმ შემთხვევაშიც სარგებელს მოგიტანთ, თუ ანაზღაურება გექნებათ ნაკლები.

პირადი ცხოვრება – სერიოზული გამოცდა ელით თევზებს პირად ცხოვრებაში, რადგან დრაკონი პირველ რიგში მათ ერთგულებას შეამოწმებს. დაწყვილებულ თევზებს მეტი გულწრფელობის გამოჩენა მართებთ საკუთარ თავთან, აღიარეთ შეცდომები და ნუ ეცდებით ყველაფრის პარტნიორისთვის გადაბრალებას, რადგან უმიზეზოდ თავდასხმას პასუხიც შესაბამისი მოჰყვება და ისევ თქვენ დაზარალდებით. ბევრად სასიამოვნო წელი ელით მარტოხელა თევზებს, რომლებიც გაზაფხულზე შეხვდებიან იმ ადამიანს, ვისთანაც არა მხოლოდ ზაფხულის არდადეგებს გაატარებენ სიამოვნებით, არამედ გამოზამთრებაც მოუნდებათ.

ფინანსები – მართალია, თევზები მუდმივად იოლი ფულის შოვნასა და გამდიდრებაზე ოცნებობენ, მაგრამ ოცნება წელსაც აუხდენელი დარჩება. დროა, დაემშვიდობოთ ილუზიებს და გამოიჩინოთ მეტი პრაქტიკულობა განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო შანსი გექნებათ, თუმცა ისევ თქვენს მოხერხებულობაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა პოზიტიური შესაძლებლობების თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას.

2023 წლის წითელ ხალიჩებზე საუკეთესოდ შემოსილი ვარსკვლავები გამოვლინდნენ – ფოტოგალერეა

მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს ჰოლივუდში (SAG-AFTRA) 4-თვიანი გაფიცვა იყო, 2023 წელს მაინც უამრავი დასამახსოვრებელი ღონისძიება გაიმართა, რომელთა წითელ ხალიჩებზეც ბევრი არაჩვეულებრივი ჩაცმულობა ვიხილეთ. ამის შესახებ CNN წერს.

ჯარედ ლეტოს კარლ ლაგერფილდის კატის კოსტიუმით დაწყებული, მარგოტ რობის ბარბის სხვადასხვა სამოსით დასრულებული, წლევანდელმა წელმა აჩვენა, რომ 2023 წლის მოდაში კრეატიულობა და გემოვნება მაღალ საფეხურზე იყო აყვანილი.

ჰარი სტაილსი. „გრემი“

მარგოტ რობი. „ბარბის“ პრემიერა, ლონდონი.

ქარდი ბი. „ვიემეი“

ჯარედ ლეტო. „მეთ გალა“

ფან ბინბინი. კანის კინოფესტივალი.

ენ ჰეთეუეი. British Fashion Awards

ჯენიფერ ლოურენსი. კანის კინოფესტივალი.

სიენა მილერი. Vogue World

რიზ აჰმერდი. ოსკარები

რიანა. „ოქროს გლობუსი“

 

“უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი”

ამ დროისთვის ცნობილია, რომ უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ამჟამად რუსეთის მორიგი დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.

„ჩართულია ყველა საჭირო სერვისი, 500-ზე მეტი მაშველი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურიდან. კიევსა და ხარკოვის ოლქში ამჟამად 92 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, დაიღუპა 4 ადამიანი. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთმა 31 დეკემბრიდან დღემდე 170-მდე დრონი და ათობით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გამოიყენა, მათი აბსოლუტური უმრავლესობა კი სამოქალაქო ობიექტებისკენ იყო მიმართული.

„მადლობას ვუხდი ყველა იმ პარტნიორს, რომელიც ჩვენ საჰაერო ფარის გაძლიერებაში გვეხმარება. აშკარაა, რომ ეს ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას უწყობს ხელს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდა

სამედიცინო პერსონალისთვის საათობრივი მინიმალური ანაზღაურების რეფორმა გაფართოვდა. კერძოდ, უმცროს ექიმს, ექთნის თანაშემწეს, ბებიაქალს და სანიტარს მინიმალური სახელფასო ზღვარი დაუწესდათ.

სახელფასო ზღვარი შემდეგნაირად გამოიყურება:

უმცროსი ექიმი – თვეში, არანაკლებ 960 ლარი (საათში – 5 ლარი) დარიცხული

ექთნის თანაშემწე – თვეში არანაკლებ 672 ლარი (საათში – 3,5 ლარი) დარიცხული

ბებია ქალი – თვეში, არანაკლებ 844 ლარი (საათში – 4,4 ლარი) დარიცხული

სანიტარი – თვეში არანაკლებ 576 ლარი (საათში – 3 ლარი ) დარიცხული

„ახალი რეგულაციით, ხელფასის ზრდა 6000-მდე პირს შეეხება. შედეგად, მინიმალური ხელფასის დაწესების რეფორმა სტაციონარულ განყოფილებაში ჩართულ ყველა სამედიცინო პერსონალზე აისახება.

რეფორმის პირველ ეტაპზე, 2023 წლიდან, წარმატებით დაინერგა მინიმალური ანაზღაურება ექიმებისა და ექთნებისთვის. შედეგად, 15 000-მდე პირს გაუუმჯობესდა სამუშაო პირობები.

რეფორმის შედეგად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარული კომპონენტით ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება, სამედიცინო პერსონალის სახელფასო ანაზღაურება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი, მინიმალური ზღვრის გათვალისწინებით დაადგინოს.

პროცესს მონიტორინგს შრომის ინსპექციის სამსახური გაუწევს“,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტოს ინფორმაციაში.

იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ჰანედას აეროპორტში დაშვებისას ცეცხლი გაუჩნდა

იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს ჰანედას აეროპორტში დაშვების დროს ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც გამოცემა იაპონურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, არსებობს ვარაუდი, რომ დაშვების დროს იაპონური ავიახაზების თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავს შეეჯახა.

ავიაკომპანია იტყობინება, რომ ბორტზე მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად განხორციელდა.

„ამჯერად ჩვენ ვაფასებთ ზარალის ოდენობას“, – ამბობს ავიაკომპანიის წარმომადგენელი იაპონურ მედიასთან.

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა

სტომატოლოგიური კლინიკებისთვის ახალი სტანდარტები ამოქმედდა, რომლის თანახმადაც სტომატოლოგიური საქმიანობის დაწყებისა და ოპერირების წესები მკაცრდება.

კერძოდ, როგორც ცნობილია, სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ. ამასთან, გაიწერა დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები.

„ცვლილების მიხედვით, სტომატოლოგიური დაწესებულებებისთვის განახლდა, დაზუსტდა და უფრო დეტალურად გაიწერა ინფექციის პრევენციის, კონტროლის, სტერილიზაცია -დეზინფექციისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის აუცილებელი კრიტერიუმები. პროცესის უკეთ სამართავად სავალდებულო გახდა დაწესებულებაში ინფექციების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის გამოყოფა. სტომატოლოგიური დაწესებულება ვალდებული ხდება, უზრუნველყოს თანამშრომელთა პროფილაქტიკური იმუნიზაცია B ჰეპატიტზე და სკრინინგი C ჰეპატიტზე, ექვს თვეში ერთხელ.

ცვლილებებით განსაზღვრული მოთხოვნები, არსებული სტომატოლოგიური კაბინეტებისა და კლინიკებისთვის, სავალდებულო 2024 წლის იანვრიდან იქნება. ახალი დაწესებულებები კი მხოლოდ ამ სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეძლებენ საქმიანობის დაწყებას”,- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაცია

“პუტინის შესაჩერებლად უკრაინას უნდა დავეხმაროთ” – უკრაინაში აშშ-ის ელჩი

პუტინის შესაჩერებლად უკრაინას უნდა დავეხმაროთ, – ამის შესახებ უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯიტ ბრინკმა განაცხადა.

„პუტინი 2024 წელს კიევისა და მთელი ქვეყნის მიმართულებით რაკეტების გაშვებით ხვდება, მაშინ როცა მილიონობით უკრაინელი სიცივისგან დასაცავად თავს თავშესაფარს აფარებს“, – წერს ბრიჯიტ ბრინკი X-ზე.

უკრაინაში აშშ-ის ელჩი დღეს დილით, რუსების მიერ კიევსა და ხარკოვზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო შეტევას გამოეხმაურა.

„პუტინის შესაჩერებლად ახლა უკრაინის მხარდაჭერა უაღრესად მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.