ასტროლოგი ზოდიაქოს სამ ნიშანს აფრთხილებს

335
spot_img

ასტროლოგების პროგნოზით, 2024 წელი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის მეტ-ნაკლებად მშვიდი და სტაბილური იქნება. მართალია, დრაკონს ძალიან არ უყვარს ფაციფუცი, არავის აპატიებს სულსწრაფობას და მოუთმენლობას, მაგრამ არც ზედმეტად გაზარმაცებას და უსაქმურობას მოიწონებს, რადგან მხოლოდ მათ უწყალობებს, ვინც სირთულეებს არ შეუშინდება და ყველა საქმეს გულდასმით შეასრულებს.

თხის რქა (22 დეკემბერი – 20 იანვარი)

კარიერა – მართალია, თხის რქის ნიშნით დაბადებულთა უმეტესობა სხვა ქალაქში ან ქვეყანაში გადაწყვეტს გადაბარგებას, ამიტომ აქტიურად შეუდგება ახალი სამსახურის ძებნას, მაგრამ დრაკონი ნაკლებად მოიწონებს მის გადაწყვეტილებას და მაქსიმალურად შეაფერხებს ყველა წამოწყებას. უმჯობესია მოგზაურობა შემდეგი წლისთვის გადადოთ და ისევ ძველ სამსახურს დაუბრუნდეთ, სადაც მართალია, ნაკლებად გექნებათ განვითარებისა და დაწინაურების შანსი, მაგრამ სტაბილურობას მაინც შეინარჩუნებთ.

პირადი ცხოვრება – ნაკლებადაა მოსალოდნელი ცვლილებები თხის რქის პირად ცხოვრებაშიც, თუმცა, სასიამოვნო სიურპრიზი ელის მეუღლისა ან პარტნიორისგან,  რომელიც ხანგრძლივი ურთიერთობის მიუხედავად მაინც შეძლებს მის გაკვირვებას რომანტიკული ვახშმის მოწყობით. არ გაუმართლებთ არც მარტოხელა თხის რქებს, რადგან თავბრუდამხვევი რომანების მიუხედავად, მაინც ვერავისთან შეძლებენ სერიოზული ურთიერთობის გაბმას.

ფინანსები – სიფრთხილის გამოჩენა მართებს თხის რქას მთელი წლის განმავლობაში, რადგან ხარჯი უფრო მეტი ექნება, ვიდრე შემოსავალი. არაა გამორიცხული სოლიდური თანხის დახარჯვა მოუხდეს საკუთარი ან ახლობლების ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად, დამატებითი შემოსავლის მოძიების შანსი კი, წლის მეორე ნახევარში ექნება და ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორების მოძიებას და საკუთარი პროექტებით დაინტერესებას შეძლებს.

მერწყული (21 იანვარი – 20 თებერვალი)

კარიერა – მერწყულის ნიშნით დაბადებულებს დრაკონი არა მხოლოდ სერიოზულობის და პასუხისმგებლობის გამოჩენას, არამედ გამოფხიზლებას და აქტიურად მოქმედებასაც აიძულებს, რადგან კომფორტული სტაბილურობა, რომელიც სამსახურში მოიწყვეთ დიდი ხანია სტაგნაციას დაემსგავსა. დროა, გაიღვიძოთ და ხმამაღლა განაცხადოთ საკუთარი შესაძლებლობების შესახებ, შეუდექით მუშაობას თებერვლის თვიდან და არ დაივიწყოთ პერიოდულად დერეფანში გასეირნება, რათა თავი შეახსენოთ კოლეგებსა და ხელმძღვანელებს.

პირადი ცხოვრება – დაწყვილებულ მერწყულებს მეტი ლოიალურობის გამოჩენა მართებთ, დროა ისწავლოთ პატიება და მისცეთ საყვარელ ადამიანს შეცდომების გამოსწორების შანსი, რადგან უშეცდომო არავინაა, მარტოხელა მერწყულებს კი, პარტნიორების მიმართ მოთხოვნების გრძელი სიის შემოკლება მოუწევთ, რადგან არც იდეალური ადამიანები არსებობენ.

ფინანსები – მართალია, მერწყული ხელგაშლილობით გამოირჩევა, მაგრამ 2024 წელს ფინანსების დაზოგვა მოუწევს, რადგან წლის მეორე ნახევარში სერიოზული კრიზისი დაემუქრება, მით უფრო, რომ ბევრი ეცდება ისარგებლოს მისი გულუბრყვილობით და გააბას ავანტიურულ მახეში.

თევზები (21 თებერვალი – 20 მარტი)

კარიერა – მეტი მონდომებისა და ენთუზიაზმის გამოჩენა მოუწევთ თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს, რადგან წლების განმავლობაში გაზარმაცებულებს, ძალიან გაუჭირდებათ მობილიზაცია და დრაკონის მიერ შეთავაზებული გამოწვევების დაძლევა. ნუ შეუშინდებით სიახლეებს, რადგან ნებისმიერი ცვლილება, მათ შორის ნეგატიურიც – გამოცდილებაა, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ მომავალში. არ ღირს მნიშვნელოვანი საქმეების გადადება, რადგან წლის ბოლოს ყველა გადადებული პროექტისთვის ერთად მოგთხოვენ პასუხს, ახალი და საინტერესო სამსახურის მოძიების შემთხვევაში კი, სინანულის გარეშე დაემშვიდობეთ ძველს, რადგან სიახლე იმ შემთხვევაშიც სარგებელს მოგიტანთ, თუ ანაზღაურება გექნებათ ნაკლები.

პირადი ცხოვრება – სერიოზული გამოცდა ელით თევზებს პირად ცხოვრებაში, რადგან დრაკონი პირველ რიგში მათ ერთგულებას შეამოწმებს. დაწყვილებულ თევზებს მეტი გულწრფელობის გამოჩენა მართებთ საკუთარ თავთან, აღიარეთ შეცდომები და ნუ ეცდებით ყველაფრის პარტნიორისთვის გადაბრალებას, რადგან უმიზეზოდ თავდასხმას პასუხიც შესაბამისი მოჰყვება და ისევ თქვენ დაზარალდებით. ბევრად სასიამოვნო წელი ელით მარტოხელა თევზებს, რომლებიც გაზაფხულზე შეხვდებიან იმ ადამიანს, ვისთანაც არა მხოლოდ ზაფხულის არდადეგებს გაატარებენ სიამოვნებით, არამედ გამოზამთრებაც მოუნდებათ.

ფინანსები – მართალია, თევზები მუდმივად იოლი ფულის შოვნასა და გამდიდრებაზე ოცნებობენ, მაგრამ ოცნება წელსაც აუხდენელი დარჩება. დროა, დაემშვიდობოთ ილუზიებს და გამოიჩინოთ მეტი პრაქტიკულობა განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში, როცა  ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების საუკეთესო შანსი გექნებათ, თუმცა ისევ თქვენს მოხერხებულობაზე იქნება დამოკიდებული, შეძლებთ თუ არა პოზიტიური შესაძლებლობების თქვენს სასარგებლოდ გამოყენებას.