Home Blog Page 1592

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“გვსურს, გამოვეხმაუროთ დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, თითქოს, საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობის გამო, მოქალაქეები 50-დან 60 ლარით ჯარიმდებიან.

თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ხაზგასმით აცხადებს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და მიმართულია მოქალაქეების შეცდომაში შეყვანისკენ.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 130-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უბილეთოდ მგზავრობა, აგრეთვე, 10-დან 16 წლის ასაკამდე ბავშვების უბილეთოდ წაყვანა საზოგადოებრივი ტრანსპორტით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით. ჯარიმის ნებაყოფლობით გადასახდელად, განსაზღვრულია 30 დღე.

აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, სამართალდამრღვევ პირს დაერიცხება საურავი ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში, დაჯარიმებულმა პირმა თუ კვლავ არ გადაიხადა დაკისრებული ჯარიმა და საურავი, მის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

აქვე განვმარტავთ, რომ უბილეთო მგზავრის დაჯარიმება კანონით განსაზღვრული იძულებითი ღონისძიებაა, ჯარიმებიდან შემოსული თანხა კი საზოგადოებრივი ტრანსპორტის გამართულად ფუნქციონირებას ხმარდება.

ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან და საჭიროების შემთხვევაში, დარეკონ სააგენტოს ცხელ ხაზზე: 13 98,”- ნათქვამია განცხადებაში.

“ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, მძიმე ტექნიკით მოვახერხეთ და მივაღწიეთ კოტეჯების სასადილოსთან” – ირაკლი ქარსელაძე

ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები, დაგვემატა მეცხრე ლოკაცია, მძიმე ტექნიკით მოვახერხეთ და მივაღწიეთ კოტეჯების სასადილოსთან, შესაბამისად, ამ არეალის დამუშავება შესაძლებელი გახდა და მუშავდება, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ასევე დამონტაჟდა ახალი ხიდი.

„ტექნიკის რაოდენობა ყოველდღიურ რეჟიმში იმატებს, რადგან მეტი მისასვლელი იწმინდება, უფრო დიდი არეალის მოცვა ხდება, რაც სამაშველო ოპერაციას ეხმარება. ყველაზე დიდი გამოწვევა არის სამუშაოები პირობები, იმ მასასთან, რომელიც რთულად ექვემდებარება დამუშავებას. ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება სამუშაოები, მაშველების, ჯარისა და მძიმე ტექნიკის ჩართულობით“, – განაცხადა ქარსელაძემ.

“იმ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რუსეთთან ვაჭრობა არ უნდა გააფართოოს” – Danmarks Radio

დანიის რადიოსადგურმა „დენმაკ რადიომ“ (Danmarks Radio) 7 აგვისტოს ეთერში გადასცა სიუჟეტი სათაურით „საქართველო აღმოსავლეთ-დასავლეთის გზაჯვარედინზე: იმ ქვეყანამ, რომელსაც ევროკავშირის წევრობა სურს, რუსეთთან ვაჭრობა არ უნდა გააფართოოს“ (ავტორები – ბრიტა ჰანსენი და სესილია კალესტრუპი).

გთავაზობთ რადიოსიუჟეტის ტექსტს:

ავტოფურის მძღოლი ნუგზარ ბოლქვაძე სიგარეტს ეწევა და ღრმა ნაფაზს აკეთებს, თან რადიოს უსმენს. იგი, უკვე მერამდენედ, ისევ რიგში დგას საქართველო-რუსეთის საზღვარზე გადასასვლელად. ნუგზარ ბოლქვაძე მარტო არ არის: სხვა მსგავსი სატვირთო ავტომობილებიც საათობით და ზოგჯერ დღე-ღამეობით ელოდებიან ნებართვას საზღვრის გადაკვეთისათვის.

ომი და დასაქმება

უკრაინელების მსგავსად, რომლებსაც დღეს რუსეთთან ომი აქვთ, 15 წლის წინათ ქართველებიც რუსეთის თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ. ამიტომ მათ ერთმანეთთან სოლიდარობა აკავშირებთ – თბილისში და საქართველოში ძალიან ხშირად დაინახავთ უკრაინის დროშებს.

თუმცა ნუგზარი ამაზე მაინცდამაინც ბევრს არ ფიქრობს. „ყველა ომი რაღაც მომენტში მთავრდება.. და ისევ ისე იქნება, როგორც ადრე იყო“, – ამბობს იგი. კარგია, რომ ნუგზარი ავტოფურის მძღოლია და საქმით არის დაკავებული – სხვა სფეროებში უმუშევრობის დონე ძალიან მაღალია. ნუგზარს ფული ჭირდება: „ოჯახი მყავს, ცოლ-შვილი… მოვალე ვარ, რომ მათზე ვიზრუნო. ოჯახი ძირითადად ჩემს შემოსავალზეა დამოკიდებული“.

საქართველო არჩევანის წინაშე

სამხრეთკავკასიური სახელმწიფო უკვე დადგა იმ გზაზე, რომელიც რუსეთთან მის ეკონომიკურ დამოკიდებულებას განამტკიცებს. იმავდროულად ქვეყანა ევროკავშირის „კარზეც აკაკუნებს“. გასულ წელს ქართველებმა ოფიციალურად წარადგინეს განაცხადი ევროკავშირის წევრად მიღების თაობაზე. „მაგრამ ამ შემთხვევაში ორმაგი თამაში არ მუშაობს“, – ამბობს ორგანიზაცია Transparency International – Georgia-ს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანი, – „საქართველომ არჩევანი უნდა გააკეთოს – ან რუსეთი, ან ევროკავშირი“.

საქართველო არ მიუერთდა ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ ბევრ ანტირუსულ სანქციას და რუსეთთან ვაჭრობას აგრძელებს. შესაბამისად, ვაჭრობის მოცულობის ზრდა Transparency International-ის („საერთაშორისო გამჭვირვალობის“) შეშფოთებას იწვევს. „ჩვენ არ შეგვიძლია დოკუმენტურად დავადასტუროთ, რომ საქართველოდან რუსეთში აკრძალული (სანქციადადებული) პროდუქცია გადის, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულება ძალიან მატულობს“, – ამბობს გიორგი ონიანი, – ჩვენს ფართო ვაჭრობას შეუძლია დასავლეთის სანქციები შეასუსტოს და საქართველო ისეთ ქვეყნად გადააქციოს, რომელიც რუსეთს ეხმარება“.

სახიფათო გზით

გაზეთ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, იმ დროიდან, როცა რუსეთის არმია უკრაინაში შეიჭრა, საქართველო-რუსეთის ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა რუსეთთან ვაჭრობა იმით გაამართლა, რომ საქართველოს მცირე მოცულობის ეკონომიკა აქვს და რუსეთთან კავშირების გაწყვეტა მოსახლეობას ძალიან დააზარალებს. მაგრამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ თვლის, რომ საქართველო სახიფათო გზაზე იმყოფება: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან ვაჭრობა დღეს ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას ახდენს, გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ ასე გაგრძელდება, ვაჭრობა რისკის ფაქტორი გახდება. „ჩვენ დავრწმუნდით, რომ რუსეთი სავაჭრო ურთიერთობებს პოლიტიკური მიზნების შესასრულებლად იყენებს. წარსულში მოსკოვს არაერთხელ მოუხდენია ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ბოიკოტირება“, – ამბობს გიორგი ონიანი.

ამჟამად საქართველო თავისი ღვინის 60%-ს რუსეთში ჰყიდის. რუსეთს სურს საქართველო თავის ეკონომიკურ მიზიდულობაში ჰყავდეს – პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანებულებით ავიამიმოსვლაც განაახლა და საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი დააწესა.

„საქართველო გრძელვადიანად უნდა აზროვნებდეს“, – თვლის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ დირექტორის მოადგილე, – თუ ჩვენ ევროკავშირის წევრობა გვსურს, მაშინ რუსეთისაკენ არ უნდა ვიხედებოდეთ. საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას დასავლეთთან ინტეგრირება უნდა“.

ისევ იმ მარშრუტით…

ნუგზარ ბოლქვაძის ავტომობილს კი, რომელიც სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით არის დატვირთული, გეზი რუსეთისაკენ აქვს აღებული. დოკუმენტაციას უკვე მესაზღვრეები ამოწმებენ და მალე რუსეთის ტერიტორიაზე გადავა. შემდეგი გაჩერება – ბელგოროდი.

და ეს ბოლოჯერ არ იქნება, იგი ამ მარშრუტზე კიდევ მრავალჯერ გაივლის. „რუსეთში მოძრაობა რთული არ არის. რუსული ენა კარგად ვიცი და არასოდეს რაიმე პრობლემა არ შემქმნია“, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.

წყარო

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

შოვში, სტიქიის ზონაში დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა განუცხადა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი, სტიქიის ზონაში კიდევ რამდენიმე ადამიანს ეძებენ.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

სტიქიის ზონაში 90-ზე მეტი მძიმე ტექნიკა ცხრა პრიორიტეტულ მდებარეობაზე მუშაობას აგრძელებს

რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობას მეშვიდე დღეა, აგრძელებს.

მიმდინარე შველა-ძიების სამუშაოების შესახებ განახლებულ მონაცემებს მინისტრი ირაკლი ქარსელაძე დილით სტიქიის ზონაში მოწყობილ საველე შტაბში გაეცნო.

ამ დროისთვის, სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 90 ერთეული მძიმე ტექნიკა.

ტექნიკის საშუალებით, შველა-ძიების სამუშაოები, მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ ცხრა პრიორიტეტულ მდებარეობაზე.

ასევე დაწყებულია ქუთაისი (ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 136 კმ-ზე, მდინარე ჭანჭახზე, სტიქიის შედეგად წაღებული მეორე დროებითი ხიდის ნაცვლად, ახალი დროებითი სარმის ხიდის აწყობა-მონტაჟის სამუშაოები.

მძიმე ტექნიკის რაოდენობის გაზრდის საჭიროებისთვის, მობილიზებულია დამატებითი რესურსი.

ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. 

“შეიძლებოდა თუ არა 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა”

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წლის აგვისტოს ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი, საქართველო „კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად დარჩებოდა, რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“. აღნიშნულთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

სააკაშვილის თქმით, მას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი პირდაპირ სთხოვდა, ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები დაენიშნა.

„ჩემი პასუხი ივანიშვილის მოლაპარაკე თავებს! შეიძლებოდა თუ არა, 2008 წლის ომის თავიდან აცილება? დიახ, შეიძლებოდა. რა უნდა გაგვეკეთებინა ამისათვის:

1.აჭარაში ასლანი დაგვეტოვებინა და ხელი აგვეღო ბათუმის განვითარებაზე;

2.ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებად მათი აგენტები უნდა დაგვენიშნა, როგორც ამას პირდაპირ მთხოვდა პუტინი;

3.არ უნდა შევბრძოლებოდით კორუფციას, რადგან ძირითადად მათ ეყრდნობოდა რუსული გავლენა საქართველოში;

4.არ უნდა გაგვეტარებინა არც ერთი რეფორმა, ვინაიდან რეფორმებს რუსეთი განიხილავს საშიშ პრეცედენტებად;

5.არ უნდა გვევლო ევროკავშირისა და ნატო-სკენ;

6.არ უნდა გვეთქვა უარი ენერგეტიკაში რუსულ სქემებზე და შესაბამისად, სიბნელეში დაგვეტოვებინა საქართველო;

7.არ უნდა შეგვექმნა ქართული არმია და სამხედრო წარმოება. ერთი სიტყვით, დავჩენილიყავით ჩამორჩენილ, გაუბედურებულ, კრიმინალურ, კორუმპირებულ ქვეყნად, რომლის ბედი მსოფლიოში არავის დააინტერესებდა და რომელსაც რუსეთი ნებისმიერ დროს დამართებდა ყველაფერს, რასაც მოისურვებდა“, – წერს სააკაშვილი.

“ბოლო დღეებში დრამატული ბუნებრივი მოვლენა მოხდა საქართველოსა და სლოვენიაში, ვლოცულობ მსხვერპლთათვის” – რომის პაპი

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოსა და სლოვენიაში მომხდარ სტიქიებს ეხმაურება.

მისი თქმით, ლოცულობს მსხვერპლთათვის და მადლობას უცდის ადამიანებს, რომლებმაც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს.

„ბოლო დღეებში დრამატული ბუნებრივი მოვლენა მოხდა სლოვენიასა და საქართველოში, რამაც სიკვდილი და მატერიალური ზარალი გამოიწვია. ვლოცულობ მსხვერპლთათვის, გამოვხატავ სულიერ სიახლოვეს მათ ოჯახებთან და მათთან, რომლებიც ახლა სტიქიის შედეგებს ებრძვიან. მადლობას ვუხდი მათ, ვინც დაზარალებულებს დახმარება გაუწიეს, განსაკუთრებით მოხალისეებს“, – განაცხადა რომის პაპმა.

„მე ქართველი პოლიტპატიმარი ვარ და თუ მოვკვდები, ჩემი სიკვდილის შედეგი საქართველოს კრემლთან დაახლოება იქნება“

„ჩემი ცხოვრების ერთ წელზე მეტ ხანს ოთხ კედელს შორის ვიმყოფები, პატიმარი ვარ იმ ქვეყანაში, რომელიც ჩემი პრეზიდენტობის ჟამს უდიდეს წარმატებას ვაზიარე. ახლა კი მოწამლული და მკაცრი მოპყრობით გაწამებული, მზის სინათლეს მოკლებული, ავადმყოფი ვარ და ფიზიკური ძალ-ღონე მაკლდება“, – წერ მიხეილ სააკაშვილი ამერიკულ ჟურნალის „ნიუსვიქის“ (Newsweek) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „მე ქართველი პოლიტპატიმარი ვარ და თუ მოვკვდები, ჩემი სიკვდილის შედეგი საქართველოს კრემლთან დაახლოება იქნება“.

სტატიის დასაწყისში მიხეილ სააკაშვილი, როგორც ყოველთვის, წერს თავის მიღწევებზე საქართველოს პრეზიდენტობის პერიოდში: „ჩემს მიერ გატარებული რეფორმების წყალობით საქართველო, რომელიც არშემდგარი სახელმწიფოს წარმოადგენდა, ჩემი სამშობლო რეგიონში ყველაზე მოწინავე ქვეყნად გადაიქცა დემოკრატიის თვალსაზრისით…. ჩვენ დავამარცხეთ კორუფცია… ჩვენ ომი გვქონდა რუსეთთან და ჩემი ხელმძღვანელობით საქართველო გადარჩა… 2013 წელს მე, დემოკრატიული პრინციპების დაცვით, ხელისუფლება მშვიდობიანად გადავეცი ახალ მთავრობას, რაც რეგიონში უპრეცედენტო, პირველი შემთხვევა იყო…“.

შემდეგ მიხეილ სააკაშვილი გადადის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისა და მმარტველი პარტიის დამაარსებელ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკაზე: „მე ახლა საქართველოს ყურება აღარ შემიძლია. ჩემი მემკვიდრეობა გასაოცარი სისწრაფით ინგრევა. ყოველი სახელმწიფო ინსტიტუტი და სტრუქტურა, რაც კი შევქმენი, განადგურების პირას არის მისული. ქვეყნის განვითარების ძირითადი პროექტები შეჩერებული და გაუქმებულია. ახალგაზრდები ქვეყნის გარეთ გარბიან… მე ვთვლი, რომ ქართველ-რუსმა ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ქვეყანა თავის პირად მამულად გადააქცია. უფრო უარესი – მან საქართველოს დასავლური კურსიდან გადაახვევინა და რუსეთის გავლენის სფეროსაკენ მიმართა.

როგორც კი სამუშაოდ უკრაინაში გადავედი, საქართველოს ხელისუფლებამ ქართულ პოლიტიკას ჩამომაშორა. მოქალაქეობა ჩამომართვა და იმედოვნებდნენ, რომ გაყალბებული სისიხლის სამართლის საქმის გამო, დაჭერის შიშით საქართველოში ვერ დავბრუნდებოდი. ვცდილობდი, რომ საქართველოს თავისუფლებისადმი მიძღვნილ მიტინგებში შორიდან მიმეღო მონაწილეობა, ვიდეოკავშირით. მას სემდეგ კი, როცა დავინახე, თუ როგორ მოპარა მმართველმა პარტიამ ოპოზიციას გამარჯვება ზედიზედ ორ არჩევნებში, მე მეტად ვეღარ შევძელი შორიდან მეყურებინა ჩემი ქვეყნის დაცემისათვის – დაუოკებელი სურვილი გამიჩნდა საქართველოს რეგრესი შემეჩერებინა. მე უდიდესმა ნოსტალგიამ შემიპუყრო, ღამღამობით სამშობლო მესიზმრებოდა, მენატრებოდა სახლი, სადაც მე ბავშვობა გავატარე.

რამდენადაც ახლოვდებოდა 2021 წლის არჩევნები, გადავწყვიტე მასში მონაწილეობა მიმეღო. ვიცოდი, რომ საქართველოს მთავრობდა სამშობლოში თვითმფრინავით ჩასვლის ნებას არ მომცემდა, ამიტომ გადავწყვიტე საიდუმლოდ სატვირთო მანქანით დაბრუნება, რომელსაც უკრაინიდან საქართველოში რძის პროდუქტები გადაჰქონდა.

ვიცოდი, რომ დამაპატიმრებდნენ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ ეს არჩევნების შემდეგ მოხდებოდა, თუმცა, როგორც კი მთავრობამ ჩემი დაბრუნების ამბავი გაიგო, სწრაფად დამაკავეს და ციხეში ჩამსვეს“, – წერს მიხეილ სააკაშვილი და აღწერს საპყრობილეში ყოფნის „საშინელ პირობებს“ – როგორც ცდილობდნენ მის მოკვლას, როგორ აწამებდნენ, რა ცუდ სიტუაციაში ჰყავდათ გამომწყვდეული და როგორ გახდა იძულებული საქართველოს ხელისუფლება, დასავლეთის მოთხოვნით, პატიმრისათვის პირობები გაემჯობესებინა.

„მე ახლა ბოლო წლის განმავლობაში სამოქალაქო საავადმყოფოში ვიმყოფები, მაგრამ ჩემი ჯანმრთელობა მაინც უარესდება. თავის დროზე მე ვიყავი ერთ-ერთი ყველაზე დინამიური და მოძრავი, ჰიპერაქტიური პოლიტიკოსი მთელ მსოფლიოში (ახლა ვატყობ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ჩემზე აქტიური გამოდგა). სამწუხაროდ, დღეს მე პატარა ჩაკეტილ სივრცეში ვიმყოფები, სადაც მზეს ვერ ვხედავ… ამ მძიმე პირობებმა ჩემს ხედვებზე გავლენა მოახდინა. პირველად, 50 წლის ასაკში, მე გავაცნობიერე ოჯახის მნიშვნელობა ჩემს ცხოვრებაში. ახლა მე  დიდხანს არ ვუყურებ ტელევიზორს, უფრო დაინტერესებული ვარ იმით, თუ როგორ სწავლობს ჩემი შვილი… დედაჩემის საუბარი მსიამოვნებს და დედა-შვილურ დამოკიდებულებას ვგრძნობ.

და მაინც, როგორც არ ვეცადე ქართული პოლიტიკისგან დაშორებას, ჩემთან პოლიტიკა ისევ ბრუნდებოდა. მე მივხვდი, რომ მიუხედავად პატიმრობისა, მთავარი და გადამწყვეტი როლი უნდა შემესრულებინა საქართველოს მომავლისათვის. მე არ შემიძლია ამ როლზე უარის თქმა.

ევროპარლამენტის პოლონელმა წევრმა პირდაპირ თქვა, რომ თუ მიხეილ სააკაშვილი ციხეში მოკვდება, იგივე ბედი ელოდება საქართველოს ევროპულ პერსპექტივასო“. მე მინდა, რომ მისი ნათქვამი არ გამართლდეს, მაგრამ ვშიშობ, ის მართალია. ჩემი სიკვდილი არამარტო მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურის დაკარგვას ნიშნავს საქართველოსთვის, არამედ იმასაც ნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ არჩევანზე უარს იტყვის და კრემლის მხარეს გადავა.

დღეს ჩემი ბრძოლა გადარჩენისათვის იგივეა, რაც უკრაინის ბრძოლა. ახლა ჩემი მტავარი მიზანია ცოცხლად დავრჩე. იმიტომ, რომ სანამ ცოცხალი ვარ, ყველას, ციხის გარეთ, ამტანობისა და იმედის მაგალითს ვაძლევ, რათა ისინი წინ აღუდგნენ რუსეთის იმპერიულ ამბიციებს დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად – საქართველოშიც და უკრაინაშიც. ყველგან.

ტელევიზორში ვუყურებ უკრაინის პრეზიდენტს და უკრაინელებს, რომლებმაც თავიანთი ქვეყანა დამონებას გადაარჩინეს. ვიცი, რომ ისინი აუცილებელად გაიმარჯვებენ რუსეთზე. საპყრობილეში რომ არ ვიყო, მე ახლა მათთან ერთად ვიქნებოდი და სიტუაციის გაუმჯობესებას შევეცდებოდი. ის, რომ ახლა უმოქმედოდ ვარ, ჩემთვის ყველაზე დიდ სასჯელს წარმოადგენს. დღეს ჩემთვის მთავარია, რომ ეს გადავიტანო…“, – აღნიშნავს სტატიის დასასრულს მიხეილ სააკაშვილი.

წყარო

“აცნობიერებენ, რომ მართებული გადაწყვეტილება არ იყო, როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, იმედი მაქვს, გამართლდება პროგნოზები” – მიხეილ სარჯველაძე

საქართველოს ყველა მოცემულობა აქვს, რომ კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ნებისმიერი გარემოებისა და კრიტერიუმის მიხედვით, საქართველომ მიაღწია კონდიციას, რაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებას განაპირობებს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სტატუსთან დაკავშირებით დადებითი მოლოდინია.

„სტატუსი თუ ეკუთვნოდა მოლდოვასა და უკრაინას, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც ეკუთვნის. ევროპაშიც კარგად ხვდებიან, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიცემა, მათ შორის ევროპისთვისაც მნიშვნელოვანია. მათი მხრიდან გაფართოების პერსპექტივაზე საუბარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია. აცნობიერებენ, რომ თავის დროზე, როცა საქართველოს სტატუსი არ მიენიჭა, ეს მართებული გადაწყვეტილება არ იყო. დიდი იმედი მაქვს, გამართლდება პროგნოზები, რომლებიც, მათ შორის მედიის წრეებში კეთდება. მოლდოვასა და უკრაინას თუ ეკუთვნოდა სტატუსი, რა თქმა უნდა, ეკუთვნოდა საქართველოსაც. აქედან გამომდინარე, მაღალია მოლოდინიც“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ნაწილი მოტივირებულია, რომ კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით ქვეყანას ხელი შეუშალოს.

„ისინი შეფასებებში არა უბრალოდ ტენდენციური, არამედ უსაფუძვლო არგუმენტებით შეიარაღებული არიან. საგნობრივად ვერცერთ ისეთ საკითხზე ვერ საუბრობენ, რაც შეუსრულებელი დარჩა. სასამართლო რეფორმას ფასადურს უწოდებენ, მაგრამ კონკრეტული არაფერი აქვთ სათქმელი. საუბარია რაღაც ეფემერულ ცვლილებებზე, რომლის გაუტარებლობაზე მუდმივად გვესმის კრიტიკა, მაგრამ როცა საქმე საქმეზე მივა, ვითხოვთ და ვსვამთ კითხვას, რა უნდა იყოს ცვლილება. ისინი ან არაფერს გვაწვდიან, ან გვაწვდიან მცდარ და არასწორ ინიციატივებს, როგორიც იყო, მაგალითად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორმაგი, 2/3-ის შემოღების ინიციატივა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან  დეპოლარიზაციის მიმართულებით ყველა ნაბიჯი გადაიდგა.

„დიდი ინიციატივები იქნა წარდგენილი საიმისოდ, რომ ასეთი პროცესი დაწყებულიყო. ირაკლი კობახიძემ ყველა კარი გახსნა, რათა თითოეულ საკითხზე ერთობლივად გვემუშავა და რეკომენდაციების შესრულებაზე ერთად მიგვეღწია წარმატებისთვის. ოპოზიციამ იმთავითვე პროცესის ბოიკოტი შემოგვთავაზა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“წუხელ, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც ისმოდა” – რუსული მედია

რუსული მედიის ცნობით, დღეს ღამე, მოსკოვის და ბელგოროდის ოლქის გარდა, აფეთქების ხმა ვლადივოსტოკშიც გაისმა, სადაც რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზაა განლაგებული.

ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, აფეთქებები კორვეტ „გრომკის“ წვრთნასთან იყო დაკავშირებული.

თუმცა მედიის ცნობით, არ არის გამორიცხული, რომ სამხედრო-საზღვაო ბაზას მოსკოვისკენ მიმავალმა დრონმა შეუტია, რადგან მანძილი ამ ქალაქებს შორის სულ 9 000 კმ შეადგენს.

„აფეთქებების ხმა სამხედრო-საზღვაო ბაზის ტერიტორიიდან ისმოდა. ადგილზე არა მარტო საგანგებო სამსახურები, არამედ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების თანამშრომლებიც მივიდნენ, რომლებმაც ხალხს ამ ფაქტის გაუხმაურებლობისკენ მოუწოდებდნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს

რთველი 2023-ის ფარგლებში, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშების ყურძნის სუბსიდირებას სახელმწიფო განახორციელებს.

აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებს ის კომპანია, რომელიც 2023 წლის რთველის განმავლობაში შეიძენს და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ არანაკლებ 100 ტონა რქაწითელის და/ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს.

„ამასთან, შესყიდული 1 კგ ყურძნის სანაცვლოდ, ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის არანაკლებ 0,90 ლარისა. კახეთის რეგიონში მევენახის მიერ მოწეული ყურძნის შესყიდვის სანაცვლოდ, კომპანიებზე გასაცემი სუბსიდია შეადგენს 1კგ რქაწითელისა და 1 კგ კახური მწვანისათვის 0,20 ლარს.

რთველი 2023-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიანი რეჟიმით იმუშავებს. დაინტერესებულ პირებს რთველთან დაკავშირებული ინფორმაციის მიღება შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1501.

გასულ წელს, სახელმწიფო სუბსიდია 1კგ რქაწითელისა და 1კგ კახური მწვანისათვის 0,35 ლარს შეადგენდა.

აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს მხრიდან უკანასკნელ წლებში მევენახეობა-მეღვინეობის დარგში განხორციელებულმა სწორმა პოლიტიკამ დარგი მნიშვნელოვნად გააძლიერა: გაშენდა ახალი ვენახები, შეიქმნა ახალი საწარმოები, გაუმჯობესებულია ღვინის ხარისხი, გაფართოვდა საექსპორტო ბაზრების არეალი, რეკორდულ რაოდენობამდე გაზრდილია ღვინის ექსპორტი და ყურძნის მოსავალი, მუშაობს აგროკრედიტისა და აგროდაზღვევის სისტემა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ლიბერთი“ ბანკის ფილიალის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებითშსს ინფორმაციას ავრცელებს

თბილისში, გლდანში, „ლიბერთი“ ბანკის ერთ-ერთი ფილიალის დაყაჩაღების ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცავებმა მომხდარიდან რამდენიმე საათში ერთი პირი – 45 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელიც წარსულში ნასამართლევია და ამჟამად, პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.

შსს-ს ცნობით, აღნიშნული მამაკაცი ბანკში შეიჭრა და თანხას უკანონოდ დაეუფლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1978 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ც. ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 8 აგვისტოს, ბრალდებული „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა, სადაც უკანონოდ დაეუფლა ფულს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.

სამართალდამცველებმა თანხის ნაწილი, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეოთხე ნაწილით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.