Home Blog Page 1581

“2023 წლის ექვს თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა 6 პროცენტითაა გაზრდილი” – თენგიზ ცერცვაძე

საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც მიგრაციის პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით აივ ინფექციის ეპიდსიტუაციასა და საქართველოში სერვისების მიწოდებაზე საუბრობს.

როგორც თენგიზ ცერცვაძე აღნიშნავს, 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია 6%-ით.

„ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებში გამოითქმება შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან, შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებთან, რაც საფუძველს მოკლებული არ არის, თუ გავითვალისწინებთ რუსეთსა და უკრაინაში აივ/შიდსის მაღალ პრევალენტობას და განსაკუთრებით ახალი შემთხვევების ზრდას. ამასთან დაკავშირებით გვინდა გავაკეთოთ შემდეგი განმარტებები:

საქართველო აივ/შიდსით ავადმყოფების მკურნალობისა და მოვლის თვალსაზრისით ერთ-ერთი მოწინავეა (თუ საუკეთესო არა) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასე მაგალითად, გამოვლენილი აივ ინფიცირებულთა 86%-ზე მეტი სტაბილურად იღებს ანტირეტროვირუსულ მკურნალობას და მათი 92%-ზე მეტში მიღწეულია ვირუსის სუპრესია, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა შეზღუდული არ არის, გარანტირებული აქვთ ცხოვრების კარგი ხარისხი და რაც მთავარია ისინი პრაქტიკულად არ წარმოადგენენ ინფექციის გავრცელების წყაროს. ასეთი პაციენტები სრულფასოვნად არიან ინტეგრირებულები საზოგადოებაში, ქმნიან ოჯახებს, აჩენენ ჯანმრთელ შვილებს და ა.შ.

საქართველოში რუსი და უკრაინელი მოქალაქეების მიგრაციის დაწყებიდანვე (2022 წლის გაზაფხული) შიდსის სამსახურმა გააძლიერა აივ ინფექციაზე ეპიდზედამხედველობა და პრევენციის, მკურნალობის და მოვლის სერვისების მიწოდებაზე კონტროლი, რაც მნიშვნელოვანია კეთილსაიმედო ეპიდსიტუაციის შენარჩუნების კუთხით. 2023 წლის პირველი ექვსი თვის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აივ/შიდსის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა გაზრდილია სულ 6%-ით. ამასთან, მათი ანალიზი გვიჩვენებს, რომ ეს ზრდა დაკავშირებულია არა იმდენად მიგრაციის პროცესების გაძლიერებასთან, რამდენადაც COVID-19 პანდემიის დასრულებასთან, რეგულაციების მოხსნასთან და ტესტირების რაოდენობის ზრდასთან. ჩვენ ვმუშაობთ მიგრანტებთან, რომ ყველა აივ ინფიცირებული მიგრანტი დროულად იყოს ჩართული მკურნალობის და მოვლის სერვისებში. შედეგიც კარგი გვაქვს. ბოლო 18 თვის განმავლობაში მკურნალობის სერვისები მიეწოდა უცხოეთის 214 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის 91 მოქალაქეს და უკრაინის 74 მოქალაქეს. ამასთან ამ პაციენტებს გლობალურ ფონდთან შეთანხმებით ანტირეტროვირუსული მედიკამენტები მიეწოდებათ აბსოლუტურად უფასოდ. მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ ეს მედიკამენტები უფასოა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისათვის. გარდა ამისა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით ზემოთაღნიშნული უკრაინის მოქალაქეებიდან 20 პირისთვის ანტირეტროვირუსული მედიკამენტების გარდა ნებისმიერი სამედიცინო მომსახურება არის სრულიად უფასო.

აივ/შიდსის ახალი შემთხვევების პრევენციისათვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს ე.წ. პრეექსპოზიციური პრევენციის (PREP) პროგრამის წარმატებულ სრულფასოვან განხორციელებას, რომელიც გულისხმობს, რომ მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელი (არა აივ ინფიცირებული) პირები, მათი სურვილის შემთხვევაში უფასოდ იღებენ ანტირეტროვირუსულ მედიკამენტებს, რაც აივ ინფიცირებულთან კონტაქტის შემთხვევაშიც კი მათ საიმედოდ იცავს აივ დაინფიცირებისგან. საქართველო ერთადერთია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის, რომელმაც 2017 წლიდან დაიწყო და დღემდე წარმატებით ახორციელებს ამ პროგრამას. დღემდე ამ პროგრამით ისარგებლა 1500-ზე მეტმა მაღალი რისკის ქცევების მქონე ჯანმრთელმა (არა აივ ინფიცირებულმა) პირმა და არცერთ მათგანთან არ დაფიქსირებულა აივ-ით დაინფიცირება. აღსანიშნავია, რომ 2022-2023 წლებში შიდსის ცენტრი PREP-ის ფარგლებში მოემსახურა აგრეთვე უცხოეთის 292 მოქალაქეს, მათ შორის რუსეთის და უკრაინის 253 მოქალაქეს.

ასე, რომ საქართველოს მოსახლეობის აივ ინფექციაზე უსაფრთხოება საიმედოდაა დაცული. მაგრამ ამის მიუხედავად, ვინაიდან გაზრდილი მიგრაციის პირობებში მაინც არსებობს აივ ინფექციის გავრცელების მატების რისკები, ჩვენ მოვუწოდებთ მოსახლეობას, განსაკუთრებით ახალგაზრდობას, რომ ზედმიწევნით დაიცვან აივ უსაფრთხოების წესები და რეკომენდაციები, კერძოდ: თავი აარიდონ შემთხვევით დაუცველ სქესობრივ კონტაქტებს, არ დაუშვან არასტერილური სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენება და საეჭვო კონტაქტის ან კლინიკური გამოვლინების მცირედი ეჭვის შემთხვევაშიც კი მიმართონ ტესტირებისა და კონსულტირებისათვის შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს ან ამ სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს.

მოსახლეობას მინდა შევახსენო, რომ საქართველოს დეკლარირებული აქვს აივ/შიდსის ეპიდემიის დასრულება 2030 წლისთვის, რაც ნიშნავს აივ ინფექციის ახალი შემთხვევების ნულამდე დაყვანას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მიგრაციის პროცესების გაძლიერებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ამ საშვილიშვილო შედეგის მიღწევა”,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

შავი ზღვის დიდი რეგიონი თანამედროვე კონტექსტში: გულახდილი საუბარი

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

(პირველი ნაწილი)

უკმარისობის განცდა…

შავი ზღვის დიდი რეგიონი ევრაზიაში უსაფრთხოების შესახებ მიმდინარე დისკუსიების დღის წესრიგის რეგულარულ საკითხად დამკვიდრდა. ბოლო ათწლეულის განმავლობაში განვითარებული პროცესების ფონზე ეს არც არის გასაკვირი. საკითხი გაცილებით აქტუალური გახდა უკრაინაში დიდ სახელმწიფოთა შორის არაპირდაპირი (proxy) დაპირისპირებისა და პირველი მსოფლიო ეკონომიკური ომის გათვალისწინებით. ფაქტია, რომ აღნიშნულმა დაპირისპირებამ მეტი სიცხადით გამოკვეთა შავი ზღვისა და მიმდებარე არეალზე პოლიტიკურ-სამხედრო დომინაციის მნიშვნელობა. მიზეზი კი ის არის, რომ რეგიონი, რომელშიც საქართველო იმყოფება, განახლებული სტრატეგიული კონკურენციის პირობებში ახალ გამყოფ საზღვრად – თავისებურ „გეოპოლიტიკურ დასავლეთ ბერლინად“ გადაქცევას უახლოვდება (თუ უკვე არ ჩამოყალიბდა ასეთად).

გარდა იმ მნიშვნელობისა, რომელიც მას ზოგადად ევრაზიული უსაფრთხოების კონტექსტში აქვს, შავი ზღვის დიდი რეგიონი არის სამხრეთ კავკასიის გავლით აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებისაკენ, ისე როგორც ახლო აღმოსავლეთისა და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისაკენ მიმავალი კრიტიკული სატრანზიტო მარშრუტების „ჩამკეტი“, ამ ერთიანი ლოგისტიკური დაქსელვის საკვანძო ჰაბი.

ამისდა მიუხედავად, შავი ზღვის რეგიონზე აქცენტირებული ყურადღება მეტწილად აკადემიურ და მკვლევართა წრეებში შეინიშნება. ცხადია, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისათვის ესეც მეტად სასარგებლო და საჭირო ფორუმია. თუმცა მიმდინარე მოვლენების კონტექსტში არსებული გამოწვევების ფონზე მხოლოდ სამეცნიერო პუბლიცისტიკა არ კმარა: აუცილებელია რეგიონის სტატუსის ადეკვატურად გარდაქმნა სტრატეგიული ხასიათის პოლიტიკურ დოკუმენტებში, ისე როგორც შესაბამისი საფრთხეების მართვის მიზნით პრაქტიკული რეკომენდაციების შემუშავება.

ამ თვალსაზრისით, მოდით, თვალი შევავლოთ იმ სტატუს-კვოს, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აქვს. ეს ხომ ის მიმართულებაა, რომელიც, გარდა საკონსტიტუციო დანაწესისა, მტკიცედ არის განსხეულებული ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსის წიაღიდან აღმოცენებულ არჩევანში (სხვა დასკვნას არც 2008 წლის პლებისციტი გვთავაზობს და არც შემდგომში პოლიტიკურ-სამართლებრივ აქტებში გამოხატული ნებელობა). მიგვაჩნია, რომ ამ მხრივ ქართული სახელმწიფოს პარტნიორთა დამოკიდებულება არ ქმნის სასურველის განცდას, ხოლო მათი პრაქტიკული მექანიზმები დროსა და რეალობასთან შესაბამისობაში უსწრაფესად არის მოსაყვანი.

ასე მაგალითად, ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების 2022 წლის ეროვნული თავდაცვის სტრატეგია სულაც გვერდს უქცევს შავი ზღვის რეგიონის საკითხს და ამ მხრივ აცდენილია დროსაც და რეალობასაც. ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ აშშ-ს დოქტრინული მიდგომის ეს ხარვეზი თითქოსდა უნდა დაკომპენსირდეს კონგრესში ინიციირებული აშშ-ს შავი ზღვის უსაფრთხოების კანონპროექტის მოქმედ კანონად გადაქცევით. თუმცა საერთო პოლიტიკის დოკუმენტებში არათანმიმდევრულობის პარალელურად, საფუძვლიან კრიტიკას იმსახურებს კანონპროექტის განხილვის გაჭიანურება.

მიგვაჩნია, რომ აუცილებელ მოთხოვნას ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი უპასუხებს, როდესაც რუსული გაგებით შავი ზღვის რეგიონის „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ საპირისპიროდ, ნატო რეგიონს „ალიანსისათვის სტრატეგიულად სასიცოცხლო მნიშვნელობის“ მქონედ ასახელებს. სიტყვები „სტრატეგიული“ და „სასიცოცხლო“ შესაძლოა ლიტერატურულად დამაკმაყოფილებელ შინაარსს ატარებდეს, მაგრამ ალიანსის კონსტატაცია გეოპოლიტიკური რეგისტრით მაინც ჩამოუვარდება რუსულს. ასეთი შედარებითი ამბივალენტურობა მით უფრო გასაკვირია, როცა 2022 წლის მადრიდის სამიტზე მიღებულ სტრატეგიულ კონცეფციაში ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა განაცხადა, რომ „რევიზიონისტულ, სასტიკ და აგრესიულ რუსეთსა“ და „დემოკრატიულ სამყაროს“ შორის „დიდი კონკურენცია“ შავ ზღვაზე გაივლის. ჩვენი აზრით, შავი ზღვის რეგიონის როლის რეალური გადაფასების მხრივ დიდად არც ვილნიურის სამიტის ტექსტი გამოირჩევა.

ვაღიაროთ ისიც რომ…

…შავი ზღვის რეგიონის მიმართ დასავლეთის ერთიანი და მწყობრი სტრატეგიული მიდგომის დეფიციტი შესაძლოა რიგი ობიექტური სირთულეებით აიხსნას. მაგალითად, უკრაინაში მიმდინარე ომმა დიპლომატიური რესურსი სრულად „შთანთქა“ და დიდი რეგიონალური სურათის მშვიდად განსჯისა და ანალიზის სივრცე თითქოსდა მკვეთრად შეკვეცა. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ პოლიტიკის შექმნის თვალსაზრისით უკმარისობის განცდა არათუ რეგიონალური უსაფრთხოების დიდი სურათის, არამედ თვით უკრაინაში სამხედრო ფაზის პოლიტიკურით დაბოლოების მიმართაც არის – და ეს მიუხედავად უკრაინის გამორჩეული პრიორიტეტულობისა.

შემდეგი გასათვალისწინებელი გარემოებაა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დასავლური რესურსის მაქსიმალური მობილიზება, რამაც, მინიმუმ საშუალოვადიან პერსპექტივაში, შესაძლოა საგრძნობლად შეზღუდოს ინდოეთისა და წყნარი ოკეანის აუზში ჩინეთიდან მომავალი საფრთხეების განეიტრალების საშუალებები. ამგვარი იძულებითი შეზღუდვა განსაკუთრებით საყურადღებოა ამერიკის შეერთებული შტატების – გლობალურად გავლენიანი ქვეყნის გადასახედიდან, რომელიც, გარდა ხსენებულ აუზში ამერიკული „პრივილეგირებული ინტერესებისა“, მრავალი ათწლეული ტრადიციულად ორ გეოპოლიტიკურ არეალში (ევროპა/აზია) აქტიური ზემოქმედებისათვის რესურსულ თვითკმარობას ანიჭებდა თანაბარ პრიორიტეტს.

ამდენად, ერთი მხრივ, რუსეთსა და მის მოკავშირეთა ბანაკს, ხოლო მეორე მხრივ, უკრაინასა და მის მოკავშირეებს შორის ომის გაჭიანურების პირობებში, საფიქრალია, რესურსულად კიდევ რამდენად შეზღუდული შეიძლება გახდეს დასავლეთი შავი ზღვის რეგიონში. ეს საკითხი ისეთივე აქტუალურია, რამდენადაც აქტუალურია აშშ-ს და მოკავშირეთა რეგიონული პარტნიორების თავდაცვისუნარიანობის შემდგომი განმტკიცება. ასეთი აქტუალურობა, სულ მცირე, ორი პრაქტიკული მოსაზრებით საბუთდება: ერთია, რომ იგივე აშშ-ს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია ამბობს, რომ ალიანსები და პარტნიორული კავშირები „ქმნიან აშშ-ს სიძლიერეს, რაც კრიტიკულია მისი ამოცანების მისაღწევად“; ხოლო მეორეა, რომ ევროპასა და აზიას შორის სწორედ რომ რესურსის თანაზომიერი გადანაწილებისათვის შავი ზღვის რეგიონში მოკავშირეთა და პარტნიორთა მედეგობასა და მათი თავდაცვითი შესაძლებლობების ამაღლებას არსებითი როლი ენიჭება.

დასავლეთისაკენ „ხელის გაშვერისას“ არ უნდა დაგვავიწყდეს შავი ზღვის რეგიონის ფრაგმენტირებული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი. აქ ქვეყნების, სულ მცირე, სამი წყებაა და რუსეთთან ურთიერთობასა თუ მიმდინარე ომთან დაკავშირებით სამივეს თავისი განსხვავებული პოზიცია აქვს. ესეც, ცხადია, ხელს უშლის ერთიანი და თანმიმდევრული რეგიონული უსაფრთხოებისათვის მყარი და გასაგები საფუძვლების ჩაყრას. მხოლოდ თურქეთის ფაქტორის თავისებურება რად ღირს, ქვეყნისა, რომლის საგარეო პოლიტიკის აქსიომა – „თურქეთი ყოველთვის მოქმედებს ისე, როგორც ეს თურქეთს აწყობს“ – ერთდროულად არის რეგიონული თანამშრომლობის გასაღებიც და რებუსიც.

და კიდევ ერთი მოსაზრება, რაკიღა ამ სტატიის სათაურში გულახდილობის პირობა დავდეთ. დიახ, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ შავი ზღვის რეგიონზე რუსეთის დომინაცია გამორიცხულია, – ამას გვიკარნახებს არა მარტო უკრაინაში საბრძოლო მოქმედებათა მსვლელობა, არამედ ბოლო წლების რეგიონული თუ სუბრეგიონული დინამიკაც. ეს ის მოცემულობაა, რომელიც „მიწაზე“ ყალიბდება, რაც არ უნდა მტკიცედ აცხადებდეს მოსკოვი შავი ზღვის რეგიონს „საკუთარი პრივილეგირებული ინტერესების ზონად“. ამავდროულად, რეალიზმი მოითხოვს გავაცნობიეროთ და, შესაბამისად, განვეწყოთ და შევემზადოთ კიდეც, რომ რუსული კვალი რეგიონში ბოლომდე არ გაქრება, არ აორთქლდება (შესახსენებელია ისიც, რომ რუსეთის ფედერაციისათვის შავი ზღვა სირიასა და ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში ინტერესების პროეცირების ინსტრუმენტული პლაცდარმიც არის). სხვაგვარად განწყობის წინაპირობად, განჭვრეტად მომავალში, ვერც რუსეთის, როგორც რეგიონული მოთამაშისა და ეკონომიკური აგენტის სტატუსი, ვერც, ელემენტარულად, გეოგრაფია ვერ იძლევა. აქედან გამომდინარე, მით უფრო გარდაუვალია ქართული უსაფრთხოების დოქტრინის მაქსიმალური მოქნილობისა და რეზისტენტულობის აუცილებლობა, მათ შორის, უსაფრთხოების ქმედით სისტემებში მისი რეალური ინტეგრირების გზით.

რამდენიმე „თეორიული“ წანამძღვარი

იმ რამდენიმე მნიშვნელოვანი პრაქტიკული რეკომენდაციის ჩამოყალიბებამდე, რომლებიც, ჩვენი აზრით, თანამედროვე პროცესების კონტექსტით და პრაქტიკული საჭიროებებით არის ნაკარნახევი, სავალდებულოდ მივიჩნევთ ასევე რამდენიმე საბაზისო პრინციპის დასახელებას. ვფიქრობთ, რომ მათი ხაზგასმა დაგვეხმარება კონკრეტული ინიციატივების მონიშვნასა და მათ უკეთ გააზრებაში:

 

რისკების ანალიზი: მხრივ შავი ზღვის პარტნიორი ქვეყნების მხრიდან რისკებისა და საფრთხეების შეფასების უნიფიკაციის გარეშე რეგიონის უსაფრთხოების ერთიანი და ყოვლისმომცველი სტრატეგიის შემუშავება გართულდება.

ამ პროცესში შავი ზღვის დიდი რეგიონის ქვეყნებთან ერთად (განსაკუთრებით კი, უშუალოდ ზღვისპირა ქვეყნების ინტერესების გათვალისწინებით) დასავლურმა კოალიციამ საღად და პრაგმატულად უნდა გაიაზროს:

(ა) კონკრეტულად რა რისკებისა და საფრთხეების წინაშე არიან რეგიონის ქვეყნები?

(ბ) კონკრეტულად რა დახმარება შეიძლება გაეწიოს ამ ქვეყნებს რისკების შესამცირებლად თუ საფრთხეების სამართავად?

(გ) რამდენად საგნობრივი და შედეგზე ორიენტირებული შეიძლება იყოს დასავლური (თანა)მონაწილეობა რეგიონალური უსაფრთხოებისათვის თანამშრომლობაში?

საბოლოდ, რეგიონთან დაკავშირებით ნებისმიერი ყოვლისმომცველი კონცეფცია უნდა მოიცავდეს არა მხოლოდ სამხედრო ხასიათის, არამედ ეკონომიკური, ენერგეტიკული, დიპლომატიური და საინფორმაციო ზომების მწყობრ და ერთიან კომპლექსს. მხოლოდ ასე და ამ პირობით, რეგიონში უსაფრთხოების მოწყვლად ეროვნულ სისტემებს გაუჩნდებათ სრული დაცულობის თუ არა, მინიმუმ, კრიზისის დროს ქმედითი დახმარების პაკეტით გარანტირებული ხელშეწყობის განცდა.

 

ე.წ. „ეთნიკური კონფლიქტები“: არაერთგზის გვითქვამს, რომ ქართულ სივრცეში არსებული კონფლიქტები, აფხაზეთში იქნება ეს თუ ცხინვალში, რეალურად და უმეტესად გეოპოლიტიკური ხასიათისაა და არა ეთნიკურის. სხვა სიტყვებით, ეს კონფლიქტები – მათი გაღვივებიდან „ტერიტორიების აღიარებამდე“ – არის რუსეთის ფედერაციის ხისტი პასუხი საქართველოს საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

აღსანიშნავია, რომ დასავლურ წყაროებში ამ კონფლიქტების ნამდვილი გენეზისის გააზრება ნელა და თანდათანობით იკიდებს ფეხს. თუმცა ჯერ კიდევ მაინც გვხვდება არსიდან გადახვევის შემთხვევები, რაც ერთხელ და საბოლოოდ აღსაკვეთია, რადგან მათი კვლავ „ეთნოკონფლიქტებად“ მოხსენიება რუსული ნარატივის უნებლიე მხარდაჭერა და ამ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ნაწილების ყოფნის „ლეგიტიმაციაა“. გასაგებია, რომ საკითხის ასე სანახევროდ კვალიფიცირება თუ საკუთარ გეოპოლიტიკურ კომფორტზე მორგების მცდელობა, სხვა პრობლემებთან ერთად, აუარესებს შავი ზღვის დიდი რეგიონის უსაფრთხოების გარემოს და დამატებით წინაღობას ქმნის არსებული გამოწვევების დასაძლევად.

არის კიდევ ერთი მოსაზრება, რომელიც ამ „ეთნოკონფლიქტების“ პოლიტიკური საშუალებებით შესაძლო მოგვარებას ეხება. იგი უკავშირდება ჩვენი პარტნიორების არა მარტო არსებულ სამშვიდობო-სამომლაპარაკებლო ფორმატებში თანამონაწილეობას, არამედ ახალი და უფრო ეფექტიანი ფორმატების შეძლებისდაგვარად გამოძებნას. გარდა ქართული სივრცის რეინტეგრირებისა, დასავლეთის მიერ ასეთი აქტივობის მიზანი უნდა მოიაზროს რუსული გეოპოლიტიკური გაგებით „ახლო საზღვარგარეთში“ რუსული გავლენის შემცირება და მისი „პრივილეგირებული ინტერესების ზონის“ მაქსიმალური განეიტრალება. დავძენთ მხოლოდ, რომ ესეც ერთ–ერთი იმ საკითხთაგანია, რომელთა მიმართაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლური გეოპოლიტიკური მიდგომა კიდევ დიდხანს „სცოდავდა“ რუსეთის სამეზობლოს მნიშვნელოვან ნაწილზე რუსული ექსკლუზივის მდუმარე აღიარებით.

უსაფრთხოება რეგიონისათვის: დღეს ხშირად და ბევრი გვესმის, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგი დიდ გავლენას მოახდენს რეგიონის ქვეყნებზე. არ არის საკამათო, რომ ეს ასეა.

ამასთანავე, აუცილებელია, რომ ოფიციალურმა თბილისმა ასევე ხშირად იმეოროს სხვების გასაგონად, რომ შავი ზღვის დიდ რეგიონში უსაფრთხოება და სტაბილურობა არ განისაზღვრება მხოლოდ უკრაინით. სხვაგვარად რომ განვმარტოთ, ქართული უსაფრთხოება, ისე როგორც რეგიონის სხვა მოწყვლადი ქვეყნების უსაფრთხოება, მხოლოდ უკრაინისათვის გაცემული გარანტიებით ვერ შემოიფარგლება. ამდენად, თუნდაც იმ პირობით, რომ რუსეთ-უკრაინის ომი შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში სამართლიანად არის გარდამტეხი ფაქტორი, კრიტიკულია, რომ მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნები რეგიონის უსაფრთხოებას დიდ ფორმატში აღიქვამდნენ და არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნის, თუნდაც უკრაინის პრიზმაში.

 

თურქეთის ფაქტორი: თურქეთის როლი შავი ზღვის დიდ რეგიონში იმგვარია, რომ როგორც არ უნდა სცადო უსაფრთხოების მოდელის აწყობა, ანკარის გაუთვალისწინებლად ყოველგვარი მცდელობა სანახევრო იქნება. თუ რატომ ასე და არ სხვაგვარად, მიზეზი მრავალია და არაერთი არგუმენტის დასახელება შეიძლება, რომლებიც მკითხველს კარგად მოეხსენება.

ცხადია ვაცნობიერებთ, რომ ამ კონკრეტული საკითხის ჭრილში დიდ რეგიონზე საუბარი უთუოდ მოითხოვს მეტად დელიკატურ მიდგომას: თანაც არა მარტო საქმით, არამედ სიტყვით. ჩვენც დელიკატურობას შევინარჩუნებთ და მხოლოდ რამდენიმე „აშკარა“ ასპექტს აღვნიშნავთ. კერძოდ, რეგიონული უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, გასათვალისწინებელია:

(ა) დასავლეთთან თურქეთის მოქმედებათა სინქრონიზაცია, პროცესის მიმდინარეობა, მისი პერსპექტივები, ობიექტური და სუბიექტური გარემოებები;

(ბ) შავი ზღვის აკვატორიაში უსაფრთხო ნაოსნობისათვის დამატებითი გარანტიების შექმნა. საეჭვოა, ახლო მომავალში თურქეთმა მონტროს კონვენციის გადახედვის მზადყოფნა გამოაცხადოს, თუმცა უკრაინის ომმა შეუზღუდავი ნაოსნობის უზრუნველმყოფი „საკომპენსაციო მექანიზმების“ აუცილებლობა გამოააშკარავა;

(გ) თურქეთის დამატებითი, პოლიტიკურ-დიპლომატიური შესაძლებლობების კონტრიბუცია შავი ზღვის რეგიონული უსაფრთხოების განსამტკიცებლად.

პირველი ნაწილის დასასრული..

ვიქტორ ყიფიანი

„ჯეოქეისი“, თავმჯდომარე

“რუსეთში აფეთქებები უფრო ხშირი და ეფექტური გახდება” – მიხაილო პოდოლიაკი

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე აფეთქებები გახშირდება და მათი ეფექტურობა გაუმჯობესდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„მინდა ვთქვა, რომ უკრაინის სპეცსამსახურებს – როგორც მთავარ სადაზვერვო სამმართველოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს – საკმაოდ ეფექტური ქსელი აქვთ რუსეთში. მათ შეუძლიათ გამოიყენონ ეს ქსელი. ვფიქრობ, რომ ასეთი ინციდენტების რიცხვი გაიზრდება”, – აღნიშნა პოდოლიაკმა და დასძინა, რომ დარწმუნებულია, რუსეთში „დაუდგენელი დრონების“ გამოყენებით ინციდენტები გახშირდება.

მისი თქმით, უკრაინა არ იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე და ყველაფერს თავად რუსეთის ფედერაცია აკეთებს.

„ეჭვგარეშეა, რომ თავად რუსეთი იბრძვის რუსეთის ტერიტორიაზე. ის თავის თავს გაინადგურებს. ეს ცალსახაა”, – განაცხადა პოდოლიაკმა.

“ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს” – მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ოპოზიციის მიზანია, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ყალბი აჟიოტაჟი შექმნას.

მისივე თქმით, სამშენებლო პროცესში ყველა საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ხდება და ავტორიტეტული ინსტიტუციების მიერ სათანადო ზედამხედველობა ხორციელდება.

„რიკოთზე არის სამშენებლო პროცესი, რაც იმას ნიშნავს, რომ ცოცხალი პროცესია და ამას ადგილზე გადაწყვეტილებების მიღება სჭირდება. კარგად ვიცი, სამართლებრივად როგორ ხდება, მათ შორის ხელშეკრულებების მოწესრიგება. ეს ზედმიწევნით სრულფასოვანი პროცესია. პროექტის უკან ავტორიტეტული ინსტიტუცია დგას, რაც მშვიდად ყოფნის საფუძველს გვაძლევს, რომ იქ სუფთად და სწორად ხორციელდება პროცესის მართვა. ხელშეკრულება ინსტიტუციურად ისეა გამართული, რომ ყველა საკითხზე სწრაფი გადაწყვეტილების მიღება ხდება, ეფექტიანი სისტემაა, მათ შორის აუდიტი. ურთიერთობების მხარე, ვინც ზედამხედველობას ახორციელებს, იმდენად ავტორიტეტულია, რომ არ მგონია, პოლიტიკურმა ჯგუფებმა კითხვები იქ გააჩინონ, სადაც ობიექტურად ამის საფუძველი არ არსებობს. ოპოზიციის მიზანია, თუ სადმე მეწყერი ჩამოწვა, ყალბი აჟიოტაჟი ატეხოს, რაც გათვლილია იმ ადამიანებზე, ვინც შეიძლება, ამ კონტრაქტებს არ იცნობდეს. ეს არის პოპულიზმის ერთგვარი სახეობა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტში ინფრასტრუქტურის მინისტრის დაბარების საკითხს, მიხეილ სარჯველაძის თქმით, როცა ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკური დივიდენდებისთვის ახალი ასპარეზები გაიჩინონ, ეს აჩვენებს, რომ მათ ჭეშმარიტების დადგენა არ სურთ.

„ვინც ამ ინიციატივით გამოდის, მათი მიზანია ჭეშმარიტების დადგენა თუ პოლიტიკური პერფორმანსის მოწყობა? – კითხვის დასმა სწორია, მაგრამ როცა ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკური დივიდენდებისთვის ახალი ასპარეზები გაიჩინონ, რასაკვირველია, ეს აჩვენებს, რომ აქ არავის ჭეშმარიტების დადგენა არ უნდა“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

“რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით უსაფუძვლო ბრალდებები მოვისმინეთ” – ირაკლი ქარსელაძე

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით არაერთი ბრალდება და ცილისწამება მოისმინა.

მისივე თქმით, განსაკუთრებით მიუღებელი, დაუშვებელია, როცა, შოვის სტიქიის პარალელურად, რიკოთის საკითხით ხალხის შეშინება და დაძაბვა ხდება.

როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს, 06:00 საათზე რიკოთის უღელტეხილზე მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით ისაუბრებს შტაბში, სადაც მედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, მინისტრს კითხვები დაუსვან და პასუხები მიიღონ.

„გუშინ მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო ბრალდებები, ცილისწამება. ასეთი ტიპის კამპანია მანამდეც იყო, მაგრამ შოვის სტიქიასთან პარალელების გავლება აბსოლუტურად უსაფუძვლო და მიუღებელია. იქიდან გამომდინარე, რომ გუშინ ამდენი უსამართლო, უსაფუძვლო ბრალდება, ცილისწამება მოვისმინეთ და თქვენც ამდენი კითხვა გაქვთ, აჯობებს, ამ საკითხის განსახილველად სხვა ფორმატი შევარჩიოთ. ამ ფორმატში საზოგადოებას აუცილებლად მიეწოდება ინფორმაცია. ყველაზე მიუღებელია, რომ ხდება მოსახლეობის ხელოვნურად დაძაბვა, დაშინება, შეშინება. ყველა ერთად განვიცდით, რაც შოვში ხდება და ამ ფონზე ასეთი ქმედება ნამდვილად მიუღებელი და დაუშვებელია. ამიტომ დღეს, 06:00 საათზე შევიკრიბოთ შტაბში, სადაც ვისაუბრებთ ამ საკითხებზე. თქვენ შეგეძლებათ კითხვების დასმა. აუცილებლად გიპასუხებთ ყველა კითხვაზე და მოგაწვდით, რა არის სინამდვილე, რა არის რეალობა, სად არის სიცრუე, სად არის უსაფუძვლო და უსამართლო ბრალდება, სად არის ცილისწამება“, – განუცხადა ირაკლი ქარსელაძემ ჟურნალისტებს.

11 აგვისტო შინდისის გმირების დღეა

დღეს, შინდისის ბრძოლიდან 15 წლის თავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სოფელ შინდისთან გმირულად დაღუპულ ქართველ მეომართა მემორიალი გვირგვინებით შეამკო და საქართველოსთვის ბრძოლის ველზე დაცემულ გმირებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო.

მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად, შინდისში, ასევე, იმყოფებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე, ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის თანამშრომლები, მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ვეტერანები, დაღუპული მებრძოლების ოჯახის წევრები და ახლობლები.

“ეს არის ისტორია, იმ თავდადების და გმირობის, რომელმაც სახე შეუნარჩუნა ჩვენს ქვეყანას და სამშობლოს. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მართვა არ არსებობდა, ეს კაცები იყვნენ ისინი, ვინც თავიანთი მკერდით, სიცოცხლის ფასად, ქვეყანას, თითოეულ ჩვენგანს და თავისუფლებისთვის ბრძოლას სახე შეუნარჩუნეს ჩვენს ქვეყანაში. ეს ქვეყანა აუცილებლად იქნება ძლიერი და თავისუფალი.” – აღნიშნა კობა კობალაძემ. „

2008 წლის 11 აგვისტოს, სოფელ შინდისთან გამართული ბრძოლა, ქართველ სამხედროებსა და რუსეთის რეგულარული არმიის ჯარისკაცებს შორის, რუსეთ-საქართველოს ომის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ეპიზოდია.

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული, ნიქოზიდან გორისკენ გადაადგილდებოდა_შინდისში, მატარებლის ლიანდაგს მიუყვებოდა. ქართველმა მებრძოლებმა, საწინააღმდეგო მხრიდან მომავალ ტანკზე ქართული დროშა შენიშნეს. უეცრად, რკინიგზასთან, გამაყრუებელი ხმა გაისმა, კოლონის პირველი და ბოლო მანქანა ცეცხლის ალში გაეხვია, მანქანებში მსხდომებმა გადმოსვლა ვერ მოასწრეს და 5 ქართველი მებრძოლი ადგილზევე დაიღუპა… ტანკები რუსული იყო, დროშა კი _სატყუარა. ადგილობრივი მოსახლეობა იხსენებს, როგორ გამოჩნდა შეტაკებამდე 2 საათით ადრე რუსული ტანკები ქართული დროშებით, როგორ ჩაუსაფრდნენ ჩვენს ჯარისკაცებს, რკინიგზიდან 200-250 მეტრში, ჩახერგეს გასასვლელები და ააფეთქეს ქართული საბრძოლო შენაერთის მანქანები. სარკინიგზო სადგურთან, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ოცეული რუსულ მოტომსროლელ ასეულთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაება. რუსული საბრძოლო შენაერთის მეთაური გაოგნდა ქართველების წინააღმდეგობით და გადაწყვიტა, რომ მათი ძალები საკმარისი არ იყო, ამიტომ რადიოკავშირის საშუალებით, დამხმარე ჯგუფი და მძიმე ტექნიკა გამოიძახა. ბრძოლამ, დაახლოებით, ერთ საათამდე გასტანა. რუსები თითქმის ყველა სახის იარაღიდან ისროდნენ, მათ შორის, ტანკებიდან და რეაქტიული ცეცხლმტყორცნებიდანაც.

ქართველი ჯარისკაცები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ, მაგრამ რიცხობრივმა უპირატესობამ მაინც თავისი გაიტანა და 17-მა ქართველმა მებრძოლმა, საქართველოს ისტორიას, საკუთარი სისხლითა და თავგანწირვით, გმირობის კიდევ ერთი ფურცელი შემატა! სანამ მტერი მიაგნებდა, დაჭრილები ადგილობრივმა მცხოვრებმა, ახმეტა ხუციშვილმა, ტყეში გადამალა და პირველადი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინა; დაღუპული ქართველი ჯარისკაცების დამწვარ-დასახიჩრებული სხეულები კი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველოს პატრიარქისა და სასულიერო პირების ჩარევის შემდეგ დაუბრუნდა ოჯახებს.

2008 წლის 11 აგვისტოს შემდეგ, შინდისში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვის ადგილი, გმირთა მემორიალად იქცა. 2020 წელს, შინდისის გმირების მემორიალს, უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში კიდევ ერთხელ დაიბადნენ საქართველოსთვის_გმირებად! 17 ქართველი მებრძოლი_ ალექსანდრე ონიანი, რომან ზოიძე, ვეფხია ჯიშკარიანი, მიხეილ დვალიშვილი, ირაკლი ჯანელიძე, ილია შეყლაშვილი, მარლენ ბარამია, ემზარ წილოსანი, რუსლან წულაძე, შმაგი კუპატაძე, ფელიქს კაკაურიძე, ნიკოლოზ ფორჩხიძე, ლევან მელქაძე, ილია გაბუნია, თეიმურაზ ბერიძე, ზვიად კაცაძე, კახა კოშაძე.

“არ უნდა დავივიწყოთ დასავლეთი, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ უნდა დაიკარგოს” – ალექსანდრე ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ევროკავშირის ქვეყნებთან ურთიერთობები უნდა შენარჩუნდეს.

„ახლა ჩვენ ვცხოვრობთ, პირველ რიგში, აღმოსავლეთის – რუსეთის, ჩინეთის ხარჯზე, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ მაღალტექნოლოგიური დასავლეთი. ევროკავშირი – ისინი ახლოს არიან, ისინი ჩვენი მეზობლები არიან და მათთან ურთიერთობა არ შეიძლება დაიკარგოს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის, ოღონდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

11 აგვისტოს დღის ბოლოდან 13 აგვისტოს დილამდე, მაღალი ტემპერატურის ფონზე, დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოს უპირატესად დასავლეთ რაიონებში ზოგან შესაძლებელია ძლიერი, ელჭექი და სეტყვა. მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა შესაძლებელია, გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

“2008 წლის ომს, შინდისის გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც” – სოზარ სუბარი

2008 წელს ჰყავს ძალიან ბევრი გმირი, შინდისის გმირების მაგალითი კი არის გამორჩეული, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

სოზარ სუბარის თქმით, შინდისის გმირობა იმ იმედს ტოვებს ქვეყნისთვის, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება.

„ვიდრე საქართველოს ასეთი გმირები ჰყავს და მათ შესახებ ხსოვნა ცოცხალი იქნება ჩვენს გულებში, მანამდე ყოველთვის იქნება იმედი, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

დეპუტატმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ აგვისტოს ომს, სამწუხაროდ, სიმხდალისა და ღალატის მაგალითებიც ჰქონდა.

„2008 წლის ომს, ამ გმირობის მაგალითებთან ერთად, აქვს ძალიან ბევრი სიმხდალისა და ღალატის მაგალითიც. სიმხდალის ყველაზე სამარცხვინო საქციელი იყო, როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი გორში, მეჯვრისხევის ქუჩაზე, თვითმფრინავის ხმაზე გაიქცა და თავისი სტუმარი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მიატოვა, რომელიც გაოგნებული უყურებდა, ეს კაცი სად გარბისო და სახე წაშლილი ჰქონდა. ასეთ პირობებში მართლა საოცარია საქართველოს ჯარი ამდენი გმირობის მაგალითს როგორ იჩენდა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

“რასაც უკრაინაში ვხედავთ ეს საუკუნის ყველაზე დიდი კონფლიქტია, რომლის ფრონტის ხაზი გადაჭიმულია შავ ზღვაზე და ბელორუსიის საზღვართანაც”

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ჩვენ რასაც უკრაინაში ვხედავთ ეს არის ამ საუკუნის ყველაზე დიდი კონფლიქტი, რომლის ფრონტის ხაზი გადაჭიმულია არა მხოლოდ 1200 კილომეტრიან პერიმეტრზე, სადაც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, არამედ შავ ზღვაზე და ბელორუსიის საზღვართანაც. თავისი მასშტაბებით, თუ ბირთვული არსენალის შემაკავებელ ფაქტორს გავითვალისწინებთ, იგი გვაგონებს გასულ საუკუნეში პირველ და მეორე მსოფლიო ომებსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის მხარეს დგას კოლექტიური დასავლეთი აშშ-ს და ნატოს წევრი ქვეყნების სახით, ფინანსური და სამხედრო დახმარებით. ამ მასშტაბის სხვა კონფლიქტი ძნელი წარმოსადგენია ვის შორის შეიძლება განვითარდეს თუ, რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტში სამომავლოდ ნატოს და მასში შემავალი ქვეყნების ღია ჩართულობას არ ვიგულისხმებთ და რაც დღევანდელი მოცემულობით ცოტა არარეალურია. თეორიულად ამ მასშტაბის დაპირისპირება ვერც თუნდაც ინდოეთ-პაკისტანს შორის შეიძლება განიხილებოდეს, მიუხედავად 2 მილიარდამდე მცხოვრები ადამიანისა.

რუსეთის ულტიმატუმი დასავლეთისადმი, რაც გახდა კიდეც ამ ომის დაწყების მიზეზი, მაგონებს ბიზანტიის მართლმადიდებლური იმპერიის დაშლას ანუ ჩვენ თვალწინ თამაშდება ეპოქალური დრამა რუსეთის ბოლო იმპერიის, პირობითად მესამე რომის, როგორც რუსეთის მესიანური იდეის დაშლის პროცესის. ბიზანტიის დასასრული გარდა მომძლავრებულ ოსმალეთთან სამხედრო მარცხისა, სხვა არაერთმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დაპირისპირებამაც. ბევრი პარალელის გავლება შეიძლება თანამედროვე რუსეთთანაც, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და დიდია შანსი ამ ომში წაგებით საერთოდ დაიშალოს სხვადასხვა სახელმწიფოებად, რაც სხვა ქვეყნების ინტერესშიც შედის და პირველ რიგში მომძლავრებული ჩინეთის.

შემთხვევითი არ არის, რომ კონსტანტინოპოლის დაცემა ზოგჯერ განიხილება, როგორც რომის იმპერიის დასასრული. ამასთან კონსტანტინოპოლის აღებამ, სათავე დაუდო ოსმალეთის იმპერიის, თითქმის 6 საუკუნოვან ბატონობას, ევროპასა და აზიაში, რომელიც საბოლოოდ ევროპულ სახელმწიფოებთან სამხედრო დაპირისპირებების შედეგად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა.

მიმაჩნია, რომ პუტინისტური რუსეთი რომელიც თავის თავს სსრკ-ის სამართალმემკვიდრედ აცხადებს, 100 წლიან მეტად სახიფათო ციკლს ასრულებს და ეს ომი ამიტომაც არის არა მხოლოდ ეპოქალური, არამედ დროში გაწელილიც, და ამ საუკუნის უახლოესი 80 წლის ტენდენციებს და განვითარების ვექტორებსაც განსაზღვრავს, თუ საით წავა მსოფლიო.

ამ სახიფათო ისტორიული გადმოსახედიდან საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ სტაბილიზაცია და ერის კონსოლიდაცია, არამედ გეო სტრატეგიული ხედვა ახალ გლობალისტურ მსოფლიოში საკუთარი ადგილის და როლის გასააზრებლად, თუმცა ეს გაცილებით რთული და ვრცელი თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის სიბეცე, როდესაც ამ გლობალური გადანაწილებისას, როდესაც ისტორიის ერთ- ერთ ყველაზე სახიფათო მონაკვეთს გავდივართ, ერთადერთ სტრატეგიად ყველა გზით და საშუალებით ხელისუფლებაში მოსვლა აქვს აპრიორად ქცეული, ქვეყნის განვითარების ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს. აქვე დავძენ, რომ ნებისმიერი ოპოზიციის მიზანი საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს, მაგრამ არა დროსთან აცდენის და ყველაფრის ხარჯზე!

ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც და 2024 წლის არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაც, ყოველგვარი ისტერიის და დესტაბილიზაციის გარეშე!

სარფში, ზღვაში ახალგაზრდა მამაკაცი დაიხრჩო

სარფში 19 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, გარდავლილი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ლესიჭინეს მკვიდრია. ზღვაში ის გუშინ გაუჩინარდა და მაშველებმა ცხედარი წყლის სიღრმიდან გუშინვე ამოიყვანეს.

“ზუსტად ისევე აპირებს ივანიშვილი გაყიდოს ჩვენი ქვეყანა, როგორც გაყიდა და გაასხვისა „ლაგუნა ვერე“ – გიორგი კაპანაძე

ზუსტად ისევე აპირებს ივანიშვილი გაყიდოს ჩვენი ქვეყანა, როგორც გაყიდა და გაასხვისა „ლაგუნა ვერე“. ხალხს ჰპირდებოდა ერთს და გააკეთა მეორე, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა, რითაც „ლაგუნა ვერეს“ გაყიდვას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ყველასათვის აშკარაა, რომ ერთ მხარეს არის რუსული ოცნება, კორუფცია, სიბნელე, სიღარიბე, ჭაობი და მეორე მხარეს არის საქართველო და ქართველი ხალხი.

„ზუსტად ისევე აპირებს ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის გაყიდვას, როგორც გაყიდა და გაასხვისა ლაგუნა ვერე. ხალხს ჰპირდებოდა ერთს და გააკეთა მეორე. ამ შემთხვევაში, „ქართუ ფონდისა“ და თავისი „ნარუშილოვკიანი” ნათესავის მეშვეობით. მერამდენედ უნდა მოატყუოს საზოგადოება? მერამდენედ უნდა გადააგდოს ხალხი? მერამდენედ უნდა სცადოს ადამიანების გაბითურება? მას მხოლოდ ერთადერთი მიზანი აქვს – რაც შეიძლება მეტი ქონება წაართვას ხალხს, ქვეყანას და მეტი ფული მიიღოს თავად. ამჯერად აღარ გამოუვა „ტრიუკები”, რადგან უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ ერთ მხარეს არის რუსული ოცნება, კორუფცია, სიბნელე, სიღარიბე, ჭაობი და მეორე მხარეს არის საქართველო და ქართველი ხალხი”, – განაცხადა გიორგი კაპანაძემ, რომლის კომენტარსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ფონდმა „ქართუმ“ „ლაგუნა ვერე“ „შპს ნეო სითი დეველოპმენტს“ მიყიდა.

ამონაწერში აღნიშნულია, რომ 12 665 კვ.მ-ის ფართობის მქონე ტერიტორია შპს „ნეო სითი დეველოპმენტის“ საკუთრებაში 2023 წლის 10 აგვისტოდან გადავიდა. შესაბამისი განაცხადის რეგისტრაცია კი 7 აგვისტოს დაფიქსირდა.