“რასაც უკრაინაში ვხედავთ ეს საუკუნის ყველაზე დიდი კონფლიქტია, რომლის ფრონტის ხაზი გადაჭიმულია შავ ზღვაზე და ბელორუსიის საზღვართანაც”

565
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: გიორგი ცუცქირიძე

ჩვენ რასაც უკრაინაში ვხედავთ ეს არის ამ საუკუნის ყველაზე დიდი კონფლიქტი, რომლის ფრონტის ხაზი გადაჭიმულია არა მხოლოდ 1200 კილომეტრიან პერიმეტრზე, სადაც უშუალოდ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს, არამედ შავ ზღვაზე და ბელორუსიის საზღვართანაც. თავისი მასშტაბებით, თუ ბირთვული არსენალის შემაკავებელ ფაქტორს გავითვალისწინებთ, იგი გვაგონებს გასულ საუკუნეში პირველ და მეორე მსოფლიო ომებსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინის მხარეს დგას კოლექტიური დასავლეთი აშშ-ს და ნატოს წევრი ქვეყნების სახით, ფინანსური და სამხედრო დახმარებით. ამ მასშტაბის სხვა კონფლიქტი ძნელი წარმოსადგენია ვის შორის შეიძლება განვითარდეს თუ, რა თქმა უნდა, ამ კონფლიქტში სამომავლოდ ნატოს და მასში შემავალი ქვეყნების ღია ჩართულობას არ ვიგულისხმებთ და რაც დღევანდელი მოცემულობით ცოტა არარეალურია. თეორიულად ამ მასშტაბის დაპირისპირება ვერც თუნდაც ინდოეთ-პაკისტანს შორის შეიძლება განიხილებოდეს, მიუხედავად 2 მილიარდამდე მცხოვრები ადამიანისა.

რუსეთის ულტიმატუმი დასავლეთისადმი, რაც გახდა კიდეც ამ ომის დაწყების მიზეზი, მაგონებს ბიზანტიის მართლმადიდებლური იმპერიის დაშლას ანუ ჩვენ თვალწინ თამაშდება ეპოქალური დრამა რუსეთის ბოლო იმპერიის, პირობითად მესამე რომის, როგორც რუსეთის მესიანური იდეის დაშლის პროცესის. ბიზანტიის დასასრული გარდა მომძლავრებულ ოსმალეთთან სამხედრო მარცხისა, სხვა არაერთმა ფაქტორმა განაპირობა, მათ შორის რომის კათოლიკურ ეკლესიასთან დაპირისპირებამაც. ბევრი პარალელის გავლება შეიძლება თანამედროვე რუსეთთანაც, რომელიც უპირისპირდება დასავლეთს და დიდია შანსი ამ ომში წაგებით საერთოდ დაიშალოს სხვადასხვა სახელმწიფოებად, რაც სხვა ქვეყნების ინტერესშიც შედის და პირველ რიგში მომძლავრებული ჩინეთის.

შემთხვევითი არ არის, რომ კონსტანტინოპოლის დაცემა ზოგჯერ განიხილება, როგორც რომის იმპერიის დასასრული. ამასთან კონსტანტინოპოლის აღებამ, სათავე დაუდო ოსმალეთის იმპერიის, თითქმის 6 საუკუნოვან ბატონობას, ევროპასა და აზიაში, რომელიც საბოლოოდ ევროპულ სახელმწიფოებთან სამხედრო დაპირისპირებების შედეგად, პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა.

მიმაჩნია, რომ პუტინისტური რუსეთი რომელიც თავის თავს სსრკ-ის სამართალმემკვიდრედ აცხადებს, 100 წლიან მეტად სახიფათო ციკლს ასრულებს და ეს ომი ამიტომაც არის არა მხოლოდ ეპოქალური, არამედ დროში გაწელილიც, და ამ საუკუნის უახლოესი 80 წლის ტენდენციებს და განვითარების ვექტორებსაც განსაზღვრავს, თუ საით წავა მსოფლიო.

ამ სახიფათო ისტორიული გადმოსახედიდან საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ სტაბილიზაცია და ერის კონსოლიდაცია, არამედ გეო სტრატეგიული ხედვა ახალ გლობალისტურ მსოფლიოში საკუთარი ადგილის და როლის გასააზრებლად, თუმცა ეს გაცილებით რთული და ვრცელი თემაა და ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ.

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური კლასის დიდი ნაწილის სიბეცე, როდესაც ამ გლობალური გადანაწილებისას, როდესაც ისტორიის ერთ- ერთ ყველაზე სახიფათო მონაკვეთს გავდივართ, ერთადერთ სტრატეგიად ყველა გზით და საშუალებით ხელისუფლებაში მოსვლა აქვს აპრიორად ქცეული, ქვეყნის განვითარების ეგზისტენციალურ პრობლემას წარმოადგენს. აქვე დავძენ, რომ ნებისმიერი ოპოზიციის მიზანი საბოლოოდ ხელისუფლებაში მოსვლა უნდა იყოს, მაგრამ არა დროსთან აცდენის და ყველაფრის ხარჯზე!

ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსიც და 2024 წლის არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარებაც, ყოველგვარი ისტერიის და დესტაბილიზაციის გარეშე!